სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025
16 დეკემბერი, სამშაბათი, 2025

ჩვენი „სულის“ პოვნას ვცდილობთ…

„სულებზე“ ალქიმიკოსები საუბრობდნენ. არ შეშინდეთ, სული სხვა არაფერია, თუ არა დამახასიათებელი სურნელი ჩვეულებრივი ქიმიური ნივთიერებები და თუ ისინი ღრმად ჩაისუნთქე, მოწამვლა ან სასუნთქი გზების გაღიზიანება არ აგცდება. მაგალითად, ამონიუმი და მისი მარილები, დარიშხანი, წითელი დარიშხანი, იგივე არომატული ცვილი, ოპერმენტი, იგივე დარიშხანის სულფიდი, ყვითელი გოგირდი, წითელი გოგირდი და თეთრი გოგირდი. გამოდის, რომ ყველაფერი „სულია“, რასაც მძაფრი სურნელი აქვს და დიფუზიით შეუძლია გავრცელება. მაშინ სუნამოც „სული“ გამოდის და ამ სულს თანამედროვე ადამიანი ძველ ადამიანზე არანაკლებ ეტანება.

 

ზოგ ნივთიერებას სუნი აქვს, ზოგს კი – არა. მაგალითად, რკინა უსუნოა, იოდს კი თავისი აქროლადობის გამო გამოკვეთილი სუნი ახასიათებს. ჩვენი ცხვირი სხვადასხვა მოლეკულას „იჭერს” და სუნს ვგრძნობთ. ცხვირში 50 მილიონი უჯრედია, რომლებიც მოლეკულებს „გრძნობენ” და თავის ტვინში ამა თუ იმ სუნის აღქმის შესახებ სიგნალს აგზავნიან. ჩვეულებრივი ადამიანის ცხვირი დაახლოებით 10 ათას სუნს არჩევს, დეგუსტატორისა – 30 ათასს. ცხვირში მოლეკულა იმ რეცეპტორს უკავშირდება, რომელსაც მისი მსგავსი ფორმა აქვს. ეს ჯერ კიდევ ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა ლუკრეციუსმა ივარაუდა და თანამედროვე მეცნიერებმა დაუდასტურეს.

 

ყნოსვის ცენტრი თავის ტვინის ლიმბურ სისტემას უკავშირდება, რომელსაც ემოციების მართვის ცენტრსაც უწოდებენ, ამიტომ სურნელმა შესაძლოა სხვადასხვა ემოცია აღგვიძრას და მოგონებები აგვიშალოს.

 

სუნის მქონე მოლეკულებს ოდოროვექტორებს, ოდოროფორებს ან ოსმოფორებს უწოდებენ. ოსმოფორი აქროლადი უნდა იყოს, სხვაგვარად ცხვირამდე უბრალოდ ვერ მიაღწევს. გარდა ამისა, ოდნავ მაინც უნდა იყოს წყალში ხსნადი, თორემ ცხვირის ლორწოვანში ვერ გაიხსნება. ლორწო, თავის მხრივ, ცილებისა და ნახშირწყლების წყალხსნარია, რომელსაც ცხვირის ეპითელიუმი გამოყოფს და რომელიც ნერვულ დაბოლოებებს ფარავს. თუმცა ლორწოს ორგანულ მოლეკულებს უნარი შესწევთ, გაუხსნელი მოლეკულები რეცეპტორებამდე მიიტანონ. ოსმოფორს უნდა შეეძლოს ლორწოს ცილის მოლეკულასთან ურთიერთქმედება და ნერვული რეცეპტორიდან თავის ტვინამდე სიგნალის გადაცემის პროვოცირება.

 

ჩვენი რეცეპტორები ტვინს სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიან და ყველა ჩვენგანი ერთნაირ სურნელს სხვადასხვაგვარად აღიქვამს. მაგ. ბეტა იონონის მოლეკულას ადამიანების 50% აღიქვამს იის სურნელად, 30% საერთოდ ვერანაირ სუნს ვერ გრძნობს, 20% კი მას შეიგრძნობს, როგორც ობის სუნს. სურნელი ტვინში იბადება, ზედ ემატება პირადი გამოცდილება, მეხსიერება-ასოციაცია და ეგაა.

 

ძველ დროში არომატები რელიგიასთან იყო კავშირში. მაშინ ადამიანები ბალახებს და ცვილს წვავდნენ, რომ არომატით ღმერთებისთვის ესიამოვნებინათ.

 

თავად სიტყვა „Parfume“ სიტყვა „Per Fumum“-ისგან მოდის. ეს ნიშნავს კვამლის გავლითო… დიახ, ღმერთებისადმი მიძღვნილი კვამლი იგულისხმებოდა.

 

შეიძლება ითქვას, სურნელი ერთი დიდი ნარევია. უფრო, რომ დავაკონკრეტოთ: სპირტის სუნი, სპირტის სუნია. აი, ვარდის სურნელში კი ნივთიერებების ნარევი მოიაზრება – Beta-damascenone 0.01-1.85%; Beta-damascone <1%; Beta-ionone <1%.

 

კიდევ უფრო ძველ დროში მცენარიდან სურნელის მისატაცებლად მას ხელში სრესდნენ. ამ დროს მცენარეში არსებული არომატული ნივთიერებები ხელში არსებულ ტენსა და ცხიმში იხსნებოდნენ. ასე ძველი ბერძნები და ეგვიპტელები იქცეოდნენ.

 

ასე იღებდნენ ცვილს და ცეცხლში წვავდნენ. გარშემო საოცარი არომატი ვრცელდებოდა. იყენებდნენ არომატულ მერქანს, მაგ. სანდალის ხეს და მისგან ავეჯს ამზადებდნენ. ხის მერქნის ცვილი წყალში არ იხსნება, თუმცა იხსნება ცხიმში. ხალხმაც ცვილის გახსნა ზეთებში დაიწყო და არომატული ზეთები მიიღეს. ბერძენი ფილოსოფოსი თიოფრასტი ტრაქტატში, რომელშიც სურნელს აღწერდა, წერდა პირველი სუნამოს დამზადების ტექნიკაზე. ძირითად საფუძველს ყოველთვის ზეთი წარმოადგენდა. ისეთი ზეთის პოვნა იყო პრობლემა, რომელსაც თავად სუნი არ ექნებოდა. ზეთში გახსნითა და გაცხელებით მიღებულ ზეთოვან სურნელებს სპეციფიკური სურნელი ჰქონდათ. იმ ძველ დროს სუნამოში ყვავილის სუნი არც არსებობდა. პირველი ყვავილი, რომლის სურნელიც გამოიყენეს, ვარდი იყო და მისი სურნელი გაცხელებით არ იკარგებოდა.

 

პირველი მოდური სუნამოს სახელი იყო „მეგალეონი“. მას უფრო სუნელის სუნი ჰქონდა, ვიდრე სუნამოსი. ამასობაში შუა საუკუნეებში არაბებმა სადისტილაციო ჭურჭელი გამოიგონეს.

სურათზე თანამედროვე ლაბორატორიული გამოსახდელი აპარატი (სურათი აღებულია პროგრამა „ვირტუალური ქიმია“).

ჯერ კიდევ ძველ ბაბილონში „ერთობოდნენ“ გამოხდით. საერთოდაც პირველ პარფიუმერად ვინმე ტაპუტი მიიჩნევა. ის სამეფო კარის სურნელოვანი ნივთიერებების შემქმნელი ყოფილა. ეს ინფორმაცია ბაბილონში ნაპოვნ ჩვ.წ.აღ.-ის 12 საუკუნის თიხის ფირფიტებზე იკითხება. სწორედ ამ ტაპუტიმ მოიფიქრა პირველად მეთოდი, როგორ „წაერთმია“ მცენარეებისთვის სურნელი. მცენარეებისა და ყვავილების ნარევებს მრავალჯერადად ადუღებდა, კონდენსირებულ ორთქლს უკან აბრუნებდა და მოკლედ…. მუშაობდა ქალი.

არაბული ფილოსოფიის სწავლულმა ერუდიტმა ალ ქინდიმ მეცხრე საუკუნეში დაწერა წიგნი „სუნამოს ქიმია და დისტილაცია“. აქ არომატული სუნამოების და ნელსაცხებლების ასზე მეტი რეცეპტია აღწერილი. აღწერილია აგრეთვე სადისტილაციო ჭურჭელიც, სახელად al-ambiq. იბნ სინამ კი ვარდის წყლის რეცეპტი აღწერა იგივე სადისტილაციო ჭურჭლით.

სადისტილაციო ჭურჭელი al-ambiq (სურათი აღებულია https://al-ambiq.com/en/ გვერდიდან)

ირანელმა ალქიმიკოსებმა საქმეში ცხოველური ინგრედიენტები შემოიტანეს. ეს პირველ რიგში მუსკუსი იყო. მთის ჯიხვებს აქვთ ჯირკვალი თავისებური ნივთიერებით და მის მოსაპოვებლად საბრალოებს მუსრი გაავლეს. ჯირკვალს აჭრიდნენ, აშრობდნენ და შავ მარცვლებს იღებდნენ, სურნელიც მკვეთრი ცხოველური იყო. ეს სურნელი შედარებით სასიამოვნო მხოლოდ მრავალჯერადი განზავების შემდეგ ხდება. როგორც აღწერდნენ, საკმაოდ რთული არომატი ყოფილა. ერთდროულად იყო მიწიერი, თბილი, ტკბილი, მაგრამ ამავე დროს სპეციფიკური და ცოტა რთულად გადასატანი. თუმცა, თუ მისი კონცენტრატის თუნდაც უმცირეს რაოდენობას ყვავილების სურნელიან სუნამოს დაამატებდით, არომატი საათობით მდგრადი ხდებოდა, მუსკუსის სუნიც რბილდებოდა და ყვავილებში ირეოდა. ძალიან მოთხოვნადი და ძვირი გახდა. მოგვიანებით მუსკუსის მისაღებად ანდატრებს მიადგნენ. ასევე, რაღაც ჯიშის კუს, ცხვრებს, ჯიხვებს და შეიძლება სხვა უწყინარ ცხოველებსაც და ეს ყველაფერი სურნელის გამო ხდებოდა. დღეისათვის ყველა ასეთი დანამატი, უკვე ქიმიურად სინთეზირებული ანალოგია. ჰოდა, იმედი მაქვს, დღეს თახვს აღარავინ მოკლავს, მხოლოდ იმიტომ, რომ კუდქვეშ არსებული ჯირკვლიდან არომატი მოიპოვოს.

კიდევ ერთი ინგრედიენტი ე.წ. „ამბრა“ იყო, რომელიც ვეშაპის კუჭიდან მოიპოვებოდა. ერთგვარი ცვილი გახლდათ, რომელიც ვეშაპის კუჭში ძნელად მოსანელებელი საგნის გარშემო ფორმირდებოდა. რა თქმა უნდა, ამ სურნელის მოსაპოვებლად ვეშაპებიც ბლომად ხოცეს. „ამბრას“ ოქროს ფასი ჰქონდა, რადგან სუნამოს ინგრედიენტების ფიქსატორად იყენებდნენ.

თუ ჰერმან მელვილის „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი“ წაგიკითხავთ, გემახსოვრებათ ეპიზოდი, როდესაც „ამბრას“ ვეშაპის ნახევრად გახრწნილი სხეულისგან იღებენ.

სუნამოები ძველ დროში წამლად ითვლებოდა. ამიტომ, ალქიმიკოსები სუნამოებს შესხურების შემდეგ სვამდნენ კიდეც. სწორედ მათგან გაიკვალა სუნამომ გზა ევროპისკენ. მეთოთხმეტე საუკუნეში უნგრული წყალი გამოჩნდა, რომელიც იქაურმა დედოფალმა დაამზადებინა. ეს იყო როზმარინის, ლავანდის, პიტნისა და სხვა ბალახების სპირტხსნარი. ასევე იყო პირველი მცდელობა სპირტის გამოყენების.

1708 წელს იტალიელმა ჯიოვანი ფარინამ, რომელიც კიოლნში ცხოვრობდა, მისწერა თავის ძმას, ჟან ბატისტს: იტალიური დილის მსგავსი არომატი მოვძებნეო. თავის ქმნილებას EAU de COLOGNE, ანუ კიოლნის წყალი უწოდა და ახალ მიმართულებას დაუდო საფუძველი.

სულ მალე ფრანგი მეყვავილე-პარფიუმერების გილდიამ სუნამოების შექმნასა და წარმოებას მიჰყო ხელი. პარფიუმერები ამტკიცებდნენ, რომ თითოეულ ადამიანს თავისი სურნელი („სული“) ესადაგებოდა…

მას შემდეგ, ჩვენც, ჩვეულებრივი მოკვდავები“, სულების მაღაზიაში“ სწორედ ჩვენთვის შექმნილი „სულის“ პოვნას ვცდილობთ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“