ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

გამოვიდა ჟურნალ “მასწავლებლის” 2020 წლის მეორე ნომერი

რედაქტორის წერილი

ახლა, როცა ჩვენი ყოფა და მთელი სამყარო შეიცვალა, რამდენიმე სიტყვა და სამიოდე მდგომარეობა გახდა მნიშვნელოვანი.

ამ სიტყვებსა და მდგომარეობაზე, ალბათ, ბევრი დაიწერება. მე ერთ მათგანს გამოვყოფ. უფრო სწორად, ის თავად გამოეყო სხვებს და პირველ სიტყვად, პირველ მდგომარეობად გამოგვეცხადა.

შიში – რაღაცნაირი სიტყვაა. თითქოს ორ მარცვალს შეგნებულად იმეორებს მეტი დამაჯერებლობისა თუ სიმყარისთვის. ის, რასაც ამ სიტყვით გამოვხატავთ, ალბათ, ჩვენთან ერთად დაიბადა და თან დაგვაქვს. ზოგჯერ თავს გვახსენებს და გვიპყრობს, ზოგჯერ ვივიწყებთ.

ამიტომაცაა ადამიანის ფიქრები ხან უშიშარი და ხანაც შიშნარევი.

ამ ბოლო დღეებში ჩვენმა ცხოვრებამ ეს სიტყვა ყველაზე მეტად მოირგო.

ერთ ჩვეულებრივ დღეს, როცა ახალი სასწავლო სემესტრისთვის ვემზადებოდით, გვითხრეს, რომ საკლასო ოთახები და აუდიტორიები ცოტა ხნით, უფრო კი განუსაზღვრელი ვადით, დაიხურა რეალური შეხვედრებისთვის და…

შიში ფორმაცვალებადი სიტყვაცაა. ხან რას ახლავს და ხან რა იწვევს.

როგორ ვასწავლოთ? – გაჩნდა კითხვა დახურულ კარს მიღმა და შიშმა ფართოდ გაახილა თვალები.

ელექტრონულად, დისტანციურად, ონლაინ – ამ სიტყვებთან გაშინაურებულები ვიყავით, მაგრამ…

რამდენიმე დღეში ეს შიში მრავალმა შესაძლებლობამ ამოავსო და აუდიტორიებში რეალური ყოფნა კომპიუტერის ეკრანებთან სხდომით და ინფორმაციის გადაცემით ჩავანაცვლეთ.

შეიცვალა სასწავლო დიზაინი. ის, რაც ყველაზე მეტად გვხიბლავდა – პირისპირ ყოფნა – გადაიდო. დისტანცია ამოივსო მოციმციმე ეკრანებით.

დავიწყეთ ტექნოლოგიების შიგნით მზერა და მათი აქამდე გამოუყენებელი შესაძლებლობების შესწავლა და გამოყენება.

„გესმით ჩემი?“ – ყველაზე ხშირად ამ სიტყვებს ვიმეორებ, როცა ვირტუალურ აუდიტორიაში ჩემს სტუდენტებს ვესაუბრები. ძალიან დამაკლდა ის უკუკავშირი, რომელსაც მათთან კომუნიკაციისას ვიღებდი რეალურ აუდიტორიაში. იქ, სადაც თითქმის ყველაფერი ცხადია, სადაც იცი, ვინ არის შენთან, ვინ გისმენს და ვინ გაიგო, რისი თქმა გინდოდა.

თუმცა, ამ შესაძლებლობის მიღმაც დარჩნენ სტუდენტები და მოსწავლეები, რომლებსაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ და არც შესაბამისი ინსტრუმენტები აქვთ.

მათ არც კითხვით: „გესმით ჩემი?“ – ვაბეზრებ თავს.

მე ვდარდობ ჩვენი მოსწავლეების ამ არათანაბარ შესაძლებლობაზე. ვდარდობ იმაზეც, რომ არავინ იცის, ხვალ რა გამოწვევას შევეჯახებით; არავინ იცის, გავაგონებთ თუ არა ჩვენს ხმას მათ, ვისაც ჩვენი უნდა ესმოდეს.

მაგრამ მთავარი, რაც ამ დღეებში თითოეულმა ჩვენგანმა ისწავლა, ის არის, რომ სამყარო მართლა აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო და ადამიანებს, არც იზოლაციაში და არც ყოველგვარი შეზღუდვისგან თავისუფლებს, ერთმანეთზე უკეთესი არავინ გვეყოლება.

ხომ გესმით ჩემი?

ამ ნომერში წაიკითხავთ :

ჟურნალის გარეკანი და ილუსტრაცია

ჟურნალი მასწავლებელი 2020-2 შინაარსი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი