შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მშობლებთან მუშაობის ინოვაციური ფორმები

ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა, სხვადასხვა
სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე თუ ვინ არის პასუხისმგებელი ახალგაზრდა
თაობის აღზრდაზე, პასუხობს – ოჯახი და სკოლა.

დიდი
წილი ამ პასუხისმგებლობისა, რა თქმა უნდა, ოჯახზეა, თუმცა, უმნიშვნელოვანესი როლი ბავშვის
აღზრდისა და პიროვნებად ჩამოყალიბების საკითხში სკოლას აკისრია. არადა, სკოლასა და
ოჯახს შორის ურთიერთობა ფორმალურ ხასიათს არ ცდება და უმრავლეს შემთხვევაში ღრმა კრიზისშია
შესული.

 

 

შეუძლებელია აღზრდის
პრობლემების ოჯახში და აღზდის პრობლემების სკოლაში ცალ-ცალკე განხილვა და გადაწყვეტა,
რადგან ორივე შემთხვევაში ერთ პიროვნე­ბასთან გვაქვს საქმე და პრობლემის გამომწვევი
მიზეზიც ერთია.

 

თანამედროვე სკოლას,
რომელსაც უამრავი გამოწვევა აქვს, როგორც განათლების პოლიტიკის, ორგანიზაციული თუ პროფესიული
განვითარების კუთხით, აუცილე­ბე­ლია ქონდეს სოციალურ პროექტები და აქტიურად მუშაობდეს
მასზე, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი ადგილი, მოსწავლესთან ერთად, მშობელთან ურთიერთობასა
და თანამშრომლობას უნდა ეკავოს. მშობლის გარეშე, ამ შემთხვევაში, პარტნიორის გარეშე,
რომელიც დაინტერესებულ მხარეს წარმო­ად­გენს, ვერ მიიღწევა სათანადო შედეგი, რადგან
მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე, წარმო­უდგენელია ჩვენი ინტერესების რეალიზაცია
და სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა.

 

აღზრდის საკითხებში
თანამედროვე სკოლასა და ოჯახს შორის ბევრი საპირისპირო შეხედულებები არსე­ბობს; მასწავლებლები
უკმაყო­ფი­ლო­ები არიან ოჯახის პედაგოგიური კულტურის დაბალი ხარისხითა და უყურადღებობით
ბავშვის აღზრდისა და განათლების მიმართ. თავის მხრივ, მშობლები, მასწავლებელთა პროფესიონალიზმს
უჩივიან, ხშირად კი გადამეტებულ აღმზრ­დე­ლობით იდეალიზმს, რაც მათი აზრით, რეალურ
ცხოვრებასა და ყოფას უპირისპირდება. ასეთი ტიპის დამოკიდებულებებს, იქამდე მივყავართ, როცა მშობელი და სკოლა პარტნიორები კი
არა ოპონენტები და კონკურენტები არიან, ეს კი ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდენს მოსწავლის აღზრდის პროცესზე.

 

 

 

 

 

სოციალური აღზრდის აუცილებლობა სასკოლო პროცესში

 

სკოლაში ბავშვის
აღზრდა და მოქალაქედ ჩამოყალიბება სამ ძირითად პროცესში ხდება:

 

1. საგაკვეთილო
პროცესის დროს  – გაკვეთილზე, წრეებზე, სექციებზე
და ა.შ.

2. სკოლის
საზოგადოებრივი ცხოვრების დროს – სკოლის თვითმართველობასა და სამეურვეო საბჭოს მუშაობაში
მონაწილეობის დროს, სკოლის კლუბებში გაწევრიანების დროს და ა.შ.

3. არასასკოლო
ღონისძიებებსა და აქტივობებში – ოლიმპიადებში, კონკურსებში, გაცვლით პროგრამებში, საქველმოქმედო
აქციებში და ა.შ. ასეთ ვითარებებსა და სიტუაციებში მოსწავლე ყველაზე მეტად აღიქვამს
საკუთარ თავს საზოგადობის ნაწილად.

 

ჩვენს შემთხვევაში, უპირატესობას ყოველთვის საგაკვეთილო პროცესს
ანიჭებენ და თან ყურადღება მხოლოდ საგანმანათლებლო ასპექტებზე მახვილდება.

     

საგაკვეთილო დომინირების დაძლევას სკოლაში და აღმზრდელობითი
პროცესის სოციალური ასპექტით დაბალანსებას, უპირველესად სკოლაში პოზიტიური სამოქალაქო
მაგალითების განმეორება უწყობს ხელს, რაშიც დემოკრატიული ინსტიტუტების ანალოგიების არსებობა იგულისხმება. სამწუხაროდ, მასწავლებლები
ასეთ პროექტებს უნდობლობით ეკიდებიან და დროის ფუჭ ხარჯვად აღიქვამენ.

 

ფაქტია, თუ სკოლა პრობლემების მოგვარებას სოციალური აღზრდის
პრინციპებით გადაწყვეტს, ის ყოველთვის მოძებნის აღზრდისა და განათლების ნამდვილ ამოცანებს,
აუცილებელ რესურსებსა და პარტნიორებს. ხოლო, ასეთი ფორმის ურთიერთობებსა თუ დამოკიდებულებებში,
რა თქმა უნდა, ყველაზე ახლო პარტნიორი ყოველთვის ოჯახი იქნება.

 

 

თანამშრომლობა

 

ჩვენი დაკვირვებით, მშობლებს აღმზრდელობით
სფეროში სკოლასთან თანამშრომლობა რამოდენიმე ასპექტით აინტერესებთ:

 

     შეიძინონ ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური ცოდნა და უნარები
(“ცოცხალი” და არა წიგნებით ან სახელმძღვანელოებით);

 

     გააუმჯობესონ ურთიერთობა შვილთან;

     გაამყარონ საკუთარი ავტორიტეტი.

 

ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობისთვის
კი აუცილებელია:

 

     საინტერესო და კომფორტული გარემოს შექმნა, დიალოგისა და დისკუსიისთვის;

 

     თანამშრომლობის ძირითად საკითხებსა და ინტერესებზე
შეთანხმება;

 

     იურიდიული და ნორმატიული ბაზის შექმნა საგანმანათლებლო
ორგანიზაციის დონეზე (ეთიკის კოდექსებსა და შინაგანაწესზე დაყრდნობით);

 

     სოციალური თანამშრომლობის მმართველობითი სისტემის
ფორმირება;

 

     პარტნიორული პროექტებისა და პროგრამების დაგეგმვა
და განხორციელება.

 

 

ურთიერთობების ახალი ფორმები

 

განვიხილავთ მშობლებთან მუშაობისა და ურთიერთობის ერთ მაგალითს,
რომელიც არ არის ადაპტირებული ჩვენს სკოლებში:

 

პედაგოგიური განათლების კურსები მშობლებისთვის

 

ასეთი ფორმის  თანამშრომლობა
ემსახურება მშობელთა ფსიქოლო­გიურ-პედაგოგიურ განათლებას. კურსების ორგანიზება სკოლის
ადმინისტრაციამ უნდა უზრუნ­ველ­ყოს და მასში უნდა ჩართოს წარმატებული, გამოცდილი და
აქტიური მასწავლებლები. კურსების მეშვეობით მშობლები აუცილებელი აღმზრდელობითი უნარ-ჩვევებით
აღიჭურვებიან, მიეცემათ ინფორმაცია ასაკობრივ და სხვა ფიზიოლოგიური პრობლემების, ასევე,
ელემენტარული პედაგო­გიური მიდგომების, მეთოდებისა და სტრატეგიების შესახებ.

 

მოსწავლეთა ასაკის მიხედვით კურსების პროგრამას შეიმუშა­ვე­ბენ
პედაგოგები, სასურველია, თუ დაგეგმვაში გამოცდილ ექსპერტებ­საც დავიხმართ. კურსის ფარგლებში
შესაძლებელია სხვადასხვა სახის ფორმატის გამოყენება, როგორიცაა: ლექცია, საუბრები,
კონფერენცია, პრაქტიკული სამუშაო და დისკუსია.

 

    ლექცია

 

მასწავლებელი /აღმზრდელი/ დამრიგებელი მშობლებთან შეხ­ვედ­რისას
აანალიზებს და განიხი­ლავს ფსიქოლოგიურ-პედაგოგიურ პრობლემებსა და საკითხებს, მიზეზებს
სხვადასხვა გამოვლი­ნე­ბებისა, პრობლემების მოგვარებისა და პრევენციის ხერხებს, ოჯახური
აღზრდის შესაძლებლობებსა და წესებს.

 

ლექციის მოსამზადებლად გასათვალისწინებელია მისი სტრუქტურა,
მიზანი და დანიშნუ­ლება. უნდა შედგეს გეგმა, სადაც ჩამოვაყალიბებთ იდეებს, ფაქტებს
და სტატისტიკას. ლექციის ერთ-ერთი მთავარი პირობაა აქცენტი გაკეთდეს ოჯახურ აღზრდაზე.
ლექციის წარმართვის მეთოდი დიალოგია, ხოლო თემატიკა უნდა იყოს მრავალფეროვანი და მშობლებისთვის
აქტუალური, მაგალითად:

 

“ასაკობრივი თავისებურებანი”;

 

“რა არის თვითშეფასება და თვითაღზრდა”;

 

“ინდივიდუალური მიდგომები და მეთოდები ოჯახურ
აღზრდაში”;

 

“ფიზიოლოგიური მომწიფების ასაკი” და ა.შ.

 

 

დისკუსია

 

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფორმა პედაგოგიური კულტურის
ასამაღლებლად. დისკუსიას ის განმასხვავებელი ნიშანი აქვს, მრა­­ვა­ლი სხვა სამუშაოსგან
განსხვავებით, რომ იძლევა საშუ­ა­ლებას, პრობ­ლე­მის განხილვაში ყველა მხარე ერთნაი­რად
იყოს ჩართული. ხდება იდეათა გენერირება და ყველა აქტიურად მონაწილეობს ფაქტებისა და
ინფორმაციის ანალიზში.

 

დისკუსიის წარმატება დიდ წილად დამოკიდებულია მის მომზადებასა
და სწორ დაგეგმვაზე. დაახლოებით ერთი თვის წინ მონაწილეებმა უკვე უნდა იცოდნენ დისკუსიის
თემა და საჭირო ლიტერატურის დასახე­ლე­ბა, რომლებიც დისკუსიაში მონაწილე­ობის დროს
დაეხმარებათ. დისკუსიის დროს ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილია დავის სწორად წარმართვა,
ამ ტიპის სამუშაოს დროს, ბევრ რამეს განაპირობებს წამყვანი (ფასილი­ტატორი). ფასილიტატორი
შეიძლება იყოს პედაგოგიც, მშობელიც ან მოწვეული ექსპერტი.

 

აუცილებელია, რომ რეგლამენტი წინასწარ იყოს დათქმული და გათვლილი.
ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ ყველა მონაწილეს, შევთავაზოთ და დავუსაბუთოთ საკუთარი პოზიცია.
ბოლოს დისკუსია უნდა შეჯამდეს და გაკეთდეს ანალიზი. ასეთი შეხვედრის მთავარი პრინციპია
– მოვუსმინოთ და პატივი ვცეთ ყველა მონა­წი­ლის შეხედულებებსა და აზრს.

 

დისკუსიის თემა შეიძლება იყოს ოჯახური და სასკოლო აღზრდის
ყველა სადავო საკითხი, მაგალითად:

 

“ვის მეტი პასუხისმგებლობა აკისრია- ოჯახს
თუ სკოლას?”;

 

“მოსწავლის მშობლისა და სკოლის განსხვავებული
შეფასება”;

 

“სწავლის ხელისშემშლელი მიზეზები”.
და ა.შ.

 

 

კონფერენცია

 

პედაგოგიური განათლების ფორმა, რომლის დროსაც განვიხილავთ,
ვაჯამებთ და ვიღრმავებთ ცოდნას ბავშვის აღზრდის შესახებ. კონფე­რენცია შეიძლება იყოს
სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის, ასეთი ტიპის ღონისძიება ტარდება წელიწადში ერთხელ,
რადგან მას რთული მოსამზადებელი სამუშაოები უძღვის წინ და მშობლების აქტიურ მონაწილეობას
ითვალისწინებს, ხოლო მშობლებს ხშირად აქვთ დროის დეფიციტი.

 

ძალიან წარმატებული და ნაყოფი­ერია, თუ სკოლა კონფერენციის
პარალელურად ორგანიზებას გაუწევს სხვა ტიპის ღონისძიე­ბებ­საც (გამოფენებს, წარმოდგენებს,
საზოგადოებრივ და სოციალურ აქციებს და ა.შ.), რაც კვირეულის ფორმატითაც შეიძლება განხორ­ცი­ელდეს.
მომხსენებლები შეიძლება იყვნენ მშობლები, მოსწავლეები, მასწავლებლები და მოწვეული ექსპერტები.

 

კონფერენციის თემატიკა უნდა იყოს კონკრეტული და მიმართული
ამა თუ იმ აქტიური პრობლემის განსახილველად, ყურადღების გასამახვილებლად ან გადასაჭრელად,
მაგალითად:

 

“თამაში ბავშვის ცხოვრებაში”;

 

“მორალური აღზრდის ასპექტები”;

 

“ეკოლოგია და ბავშვის გარემო”;

 

“ბავშვთა ჯანმრთელობის პრობლემები”;

 

“ტექნოლოგიები ბავშვის ცხოვრებაში”
და ა.შ.

 

ასევე, საინტერესო იქნება, კონფერენციის ჩატარების წინ მშობელთა
გამოკითხვა ჩავატაროთ და გავიგოთ ის საკითხები, რომელთა განხილვის შემთხვევაში მშობლები
ინტერესით ჩაებმებიან ასეთი ტიპის ღონისძიებაში.

 

 

პრაქტიკული სამუშაო

 

ასეთი ფორმის სამუშაო ხელს უწყობს მშობლების პედაგოგიური
უნარ-ჩვევების გამომუშავებას, და რთული სიტუაციების დროს სწორი პედაგოგიური გადაწყვეტილების
მიღებას, და მოქმედებას. პედაგო­გიურ-პრაქტიკული სამუშაოს ფარგლებში, მასწავლებელი
ურჩევს მშობელს რთული სიტუაციებიდან ან აღზრდის დროს წარმოქმნილი პრობლემების დროს
გამოსავლის გზებსა და გადაწყვეტის ხერხებს, რამაც უნდა განავითაროს და დადებითი ზემოქმედება
მოახდინოს მშობელსა და ბავშვს შორის, სკოლასა და ბავშვსა თუ მშობელსა და სკოლას შორის
ურთიერთობებს.

 

პრაქტიკული სამუშაოს ფარგლებში შესაძლებელია, მშობელი დავისწროთ
გაკვეთილებზე, ჩავატაროთ მასთან ინდივიდუალური შეხვედრები 
ან ვეწვიოთ შინ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი