ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ვწერ მასწავლებლისთვის!

ირმა ტაველიძე-მწერალი, მთარგმნელი

„ათი თუ თერთმეტი წლის ვიყავი და ორსართულიანი წითელი ავტობუსის მეორე სართულზე, დედაჩემის გვერდით ვიჯექი. არ მახსოვს, რაზე ვლაპარაკობდით, თუმცა ისე გამიტაცა თავისუფალმა ასოციაციებმა, ზოგადად, ბავშვებს რომ სჩვევიათ – სიტყვა სიტყვას რომ მოჰყვება, იდეა – იდეას, დედაჩემი მომიბრუნდა და მითხრა: „ეს რა წარმოსახვა გაქვს!“ არა, მკაცრად არ უთქვამს, არც სასაყვედუროდ. უფრო მსუბუქი შენიშვნა იყო, სახალისო. თუმცა მივხვდი, რომ „წარმოსახვა“ არც ისე კარგი, სულაც შეუთავსებელი რამ უნდა ყოფილიყო – შეუთავსებელი ზრდასრულობასთან, პიროვნულ სიმწიფესთან, სამყაროში გზის გაკვალვასა და საარსებო ფულის შოვნასთან“, – იხსენებს თანამედროვეთაგან, ალბათ, ყველაზე დიდი ბრიტანელი მწერალი ჯულიან ბარნსი. შეცდომა რომელ მშობელს არ დაუშვია – ისეთიც, ათწლეულების შემდეგაც რომ ახსოვთ შვილებს. ბავშვის წარმოსახვის ძალით, ცოტა არ იყოს, შეშინებული ქალი კი ამავე დროს მასწავლებელია. ცხადია, მასწავლებლებიც უშვებენ შეცდომებს, დიდსა თუ მცირეს, ზოგჯერ ადამიანის მთელი ცხოვრების განმსაზღვრელსაც.

„მაშ, შენ ფიქრობ, რომ წარმოსახვა არც ისეთი მნიშვნელოვანია? გაჩვენებ, რომ სინამდვილეში სულ სხვაგვარადაა. დაგანახებ, რომ ბავშვობისთვის დამახასიათებელ ასოციაციურ აზროვნებას მწერლური გამონაგონის სწორად მართულ, ოსტატურად აგებულ ასოციაციებამდე მივყავართ. დაინახავ ამ ყველაფერს და მიხვდები, რომ ცდებოდი“, – ასე უკვე მწერლობის გზაზე შემდგარი ჯულიან ბარნსი ფიქრობს, რომელიც მადლიერიც კია დედამისის, სკოლის მასწავლებლის – დაუფიქრებლად ნათქვამი იმ სიტყვებისთვის, გულისტკენისთვის.

ბავშვობიდან, სკოლის წლებიდან, ალბათ, ბევრს მოგვყვება ასეთი მოგონებები. დავიწყება რომ შესაძლებელი ყოფილიყო, აქამდე დაგვავიწყდებოდა. და იქნებ მათი მოყოლა იყოს ის, რაც სხვას, უცხოს შვილისთვის, მოსწავლისთვის სათქმელ სიტყვებს ააწონინებს, მზერას დაუწმენდს და თუნდაც ყოველმხრივ მიუღებელი, შემზარავი  სიმართლის მიღებას შეაძლებინებს? იქნებ სადღაც წაკითხულს უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე საკუთარ თავთან კამათში უცაბედად წამოცდენილს? „საიდან უნდა მცოდნოდა? სად უნდა წამეკითხა?“ – მეუბნება ხოლმე დედაჩემი. ვერ შეედავები. საიდან?

ხანდახან მგონია, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვწერ. ხანდახან ერთადერთ მკითხველს ვხედავ, რომელიც ოთხად გაკეცილ წერილს აუჩქარებლად შლის და ხელისგულით ასწორებს, სანამ წაიკითხავდეს. ჰო, წერილებია – იმ იმედით დაწერილი, რომ სიტყვები რაღაცას შეცვლის, რომ სიტყვებს ისეთივე ძალა აქვს, როგორიც – ბავშვის თუ ბავშვობის ბნელ ტყეში სახეტიალოდ შებრუნებულის წარმოსახვას.

ირმა ტაველიძის წერილებს იხილავთ ბმულში

ირმა ტაველიძის წერილები მასწავლებლისთვის

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი