პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

რა ვიცით ჩვენი მოსწავლეების შესახებ

თანამედროვე საგანმანათლებლო პოლიტიკის ყურადღების ცენტრში ინტელექტუალურად წინმსწრები მოსწავლეების სკოლარიზაციის საკითხი დგას.

 

ვიცით თუ არა, როგორები არიან ინტელექტუალურად წინმსწრები მოსწავლეები და როგორი უნდა იყოს სასწავლო გარემო, რომელშიც ისინი სწავლობენ?

ძნელია, მოძებნო ზუსტი განმარტება, როცა საქმე „ნიჭიერ” ან „წინმსწრები განვითარების მქონე” ბავშვს ეხება. ზოგადად, ამ ტერმინით იმ ბავშვებს მოიხსენიებენ, რომლებსაც აქვთ უნარი, იაზროვნონ და იმოქმედონ თანატოლებისგან განსხვავებულად. ასეთი ბავშვები, ასაკთან შედარებით, საგრძნობლად განვითარებული ინტელექტით ხასიათდებიან. მათი მდგომარეობის ზუსტად გადმოსაცემად ხაზი უნდა გაესვას ძირითად პრობლემებს:

არაერთგვაროვანი შედეგი სხვადასხვა მიმართულებით, რაც გამოიხატება შემდეგში: ასეთი ბავშვების უმრავლესობის ინტელექტუალური მაჩვენებელი მაღალია, მაგალითად, ლექსიკის, კითხვის, ზეპირმეტყველების, მეხსიერების თვალსაზრისით, მაშინ, როცა საწინაღმდეგო მაჩვენებელი იკვეთება წერაში, საშინაო დავალებების მომზადებაში, პრაქტიკულ საქმიანობაში, კომუნიკაბელურობაში, სხვებთან თანამშრომლობაში, საქმიანობის ორგანიზებაში, საკუთარი ემოციებისა და ჟესტიკულაციის ფლობაში, ფიზიკურ აქტივობებში.

უმთავრესი პრობლემა გამოიხატება სასკოლო სიტუაციებთან ადაპტაციის უუნარობით, ან ამ უნარის სუსტი მაჩვენებლით და შესაბამისი შედეგებით: იზოლირება, მოწყენილობა, მეოცნებეობა, აჟიტირება, სასკოლო გარემოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება…

ეს პრობლემები არ უნდა განიხილებოდეს მარტივად, როგორც უბრალო მოწყენილობა, მიუჩვევლობა და ასე შემდეგ.

მოცემული შემთხვევები მთელ რიგ სირთულეებს წამოსწევს წინა პლანზე:

* ასეთი ბავშვები უინტერესო დამოკიდებულებას იჩენენ სასკოლო აქტივობების დიდი ნაწილის მიმართ იმის გამო, რომ ეს ყველაფერი მათთვის უკვე ძალიან ადვილია, მათ ეს აღარ სჭირდებათ, ან არ აინტერესებთ იმიტომ, რომ წერის, ფიზიკური აღზრდის, ორთოგრაფიის საკითხებში სიძნელეებს აწყდებიან.

* მათ ასევე უჭირთ სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა, მაგალითად, სხვების მოცდა, ან სხვებთან თანამშრომლობა.

* ისინი ადვილად არ იღებენ უკვე შემუშავებულ მეთოდებს, პრობლემის გადასაჭრელად უკვე შერჩეულ გამოსავალს, ან ახალი გამოსავალის მოსაძებნად სხვადასხვა ეტაპის გავლის აუცილებლობას.

* ისინი ამჯობინებენ, უეცარი ნახტომი გააკეთონ და შედეგი პირდაპირ მიიღონ.

* მათ აქვთ ჩვევა, ერთპიროვნულად მიიღონ გადაწყვეტილება. ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი შემეცნებისკენ სიამოვნებით მიდიან და არ სურთ, გაითვალისწინონ ის „რეალური” მხარეები, რომლებსაც მათ სასკოლო გარემო სთავაზობს.

სწორედ ამიტომ, მოსწავლეების შედეგები უარესდება იმ საქმიანობებშიც, რომლებშიც თითქოსდა კარგი მაჩვენებელი უნდა ჰქონოდათ. ეს ყველაფერი კი მთავრდება მათი მხრიდან უკმაყოფილების გამოხატვით. მოზარდებს უჩნდებათ უსამართლობის და მიუსაფრობის განცდა, რითიც კიდევ უფრო უარესდება მათი მდგომარეობა.

ასეთი ბავშვები მარტოსულობით ხასიათდებიან და არ ერთვებიან სასწავლო პროცესში, რის გამოც მათ დისციპლინის პრობლემა ექმნებათ. მასწავლებლები ხშირად აწყდებიან მათი დაუმორჩილებლობის და მოუსვენრობის პრობლემებს. ამ ბავშვების სწორად განვითარებისთვის, ასევე, მათი მდგომარეობის გაუარსების თავიდან ასაცილებლად დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის, მშობლისა და სასწავლო დაწესებულების ერთობლივ ძალისხმევას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინტელექტუალურად წინმსწრები ბავშვები ძალიან სხვადასხვანაირები არიან.

იკვეთება ოთხი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს მათთან ურთიერთობისას:


1.

როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს ესა თუ ის მოსწავლე, ის ყოველთვის უნდა გრძნობდეს კეთილგანწყობას;


2.

საჭიროა გაფრთხილება და ზრუნვა იმისთვის, რომ შემსუბუქდეს მათი მდგომარეობა როგორც სკოლაში, ასევე სკოლის გარეთ (მითუმეტეს, თუ მათ ფსიქომოტორული პრობლემები აქვთ);


3.

მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა: მათ ყოველთვის უნდა შეძლონ კლასში დასმულ შეკითხვებზე პასუხების მიღება;


4.

ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველდღიური დახმარებით უნდა ჩაერთონ სოციალურ აქტივობებში. მათ უნდა გამონახონ საერთო ენა სხვებთან, შეძლონ დანარჩენებთან თანამშრომლობა და საკუთარი თავის დამკვიდრება.

პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ასეთი მოსწავლეების და მათი მშობლების საჭიროებები და მოლოდინი. მნიშვნელოვანია წინმსწრები მოსწავლეების მდგომარეობის დადგენის მეთოდების შერჩევა იმისთვის, რომ გაიზარდოს მათი მხარდაჭერის ეფექტურობა.ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ საკითხებს:

  • ინტელექტუალურად წინმსწრები განვითარების შემთხვევების დადგენის მეთოდების გაუმჯობესება;
  • მასწავლებლებისა და მშობლების ინფორმირების ხარისხის გაუმჯობესება;
  • ინტელექტუალურად წინმსწრები მოსწავლეებისთვისსაგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება;
  • საგანმანათლებლო მოდულების, კონცეფციისა და დამხმარე სახელმძღვანელოს შექმნა.

ინტელექტუალურად წინმსწრები განვითარების შემთხვევების დადგენის მეთოდების გაუმჯობესება

რადგან მოსწავლეების ინტელექტუალური განვითარების წინმსწრებობის სისტემატური გადამოწმება არ არის ეფექტური,მოსწავლის მდგომარეობა უნდა შემოწმდეს იმ შემთხვევაში,თუ მს:

  • პრობლემები აქვს სასწავლო დაწესებულებაში;
  • აქვს შეფერხება სასწავლო პროცესში;
  • მისი საქციელი იწვევს მასწავლებლების შეშფოთებას;
  • მოსწავლის მშობლები ითხოვენ მის შემოწმებას.

სკოლის ფსიქოლოგს შეუძლია გააანალიზოს მოსწავლის მდგომარეობა. თუ გამოიკვეთა აუცილებლობა, ფსიქოლოგი მიმართავს ფსიქომეტრულ გამოკვლევას, სიტუაციის გართულების შემთხვევაში კი შესაძლოა ამ პროცესში სკოლის ექიმის ჩართვაც.

აუცილებელია, მშობლები და მასწავლებლები ერთობლივ გადაწყვეტილებამდე სკოლის ფსიქოლოგის დახმარებით მივიდნენ.


მასწავლებლებისა და მშობლების ინფორმირების ხარისხის გაუმჯობესება

ინფორმაცია ინტელექტუალურად წინმსწრები განვითარების შემთხვევების შესახებ განკუთვნილია შემდეგი სპეციალისტებისა და ამ პროცესის თანამონაწილე ადამიანებისთვის:

  • პედაგოგებისთვის, რომლებიც ასწავლიან დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე და ასევე, მომავალი პედაგოგებისთვის, რომლებიც ემზადებიან დაწყებით, საშუალო და საბაზო საფეხურებზე მუშაობისთვის;
  • უკვე მოქმედი, ან მომავალი დირექტორებისა და დირექტორის მოადგილეებისთვის;
  • სკოლის ფსიქოლოგებისა და ფსიქოლოგიის სფეროშიმოღვაწე მრჩევლებისთვის;
  • მშობლებისთვის.

ინტელექტუალურად წინმსწრები მოსწავლეების საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება

სასკოლო გარემო

ბევრი „გამორჩეულად ნიჭიერი” მოსწავლე ამთავრებს სკოლას განსაკუთრებული პრობლემების გარეშე, შეიძლება ითქვას, საუკეთესო შედეგებით. ზოგჯერ მათი განსხვავებულობა არ არის თვალშისაცემი. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ არის საჭირო განსაკუთრბული ზომების მიღება. ისინი უპრობლემოდ ართმევენ თავს ჩვეულებრივ სასწავლო პროცესს.

საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება

პრობლემები საქციელისა თუ აკადემიური მოსწრების მხრივ შეიძლება გამოვლინდეს უკვე საბავშვო ბაღის ასაკში. ასეთი გამოვლინებები უფრო გამოკვეთილ ხასიათს იძენს დაწყებით სკოლაში. მოსწავლის წინმსწრები განვითარების დონის გამოაშკარავებას ხელს უწყობს გამოცდების პროცესიც. ამ შემთხვევაში, მოსწავლის მშობლები, მასწავლებლები და სკოლის ფსიქოლოგი იწყებენ მსჯელობას იმის შესახებ, თუ როგორ შეიმუშაონ ბავშვის მოსწრების შესაბამისი სასწავლო პროგრამა.

რეკომენდებულია სასწავლო პროგრამის გამდიდრება და დახვეწა იმ საგნებში, რომლებშიც მოსწავლის მოსწრების მაჩვენებელი მაღალია, სწავლების ტემპის დაჩქარება, ან სპეციალური კურსის შემუშავება მშობლებთან მოლაპარაკების საფუძველზე.

საგანმანათლებლო მოდულების, კონცეფციის და დამხმარე სახელმძღვანელოს შექმნა

გარკვეული ჯგუფი მუშაობს საგანმანათლებლო მოდულების, კონცეფციის და დამხმარე სახელმძღვანელოს შექმნაზე. აღნიშნულ სახელმძღვანელოში მოცემული იქნება ეფექტური სასწავლო კურსისთვის შერჩეული რესურსები, დოკუმენტები და მეთოდოლოგიური მითითებები.

სახელმძღვანელო აგებულია პრაქტიკულ გამოცდილებაზე და მიზნად ისახავს სხვადასხვა სიტუაციასთან დაკავშირებული შეკითხვებისთვის შესაბამისი პასუხების გაცემას, ასევე, ინფორმაციის გავრცელებას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი