პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რას ამბობენ იტალიელი, ფრანგი და ესპანელი მასწავლებლები დისტანციურ სწავლებაზე


დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ახალი კორონავირუსის ელვისებური პანდემიის პირობებში ევროპაში უფრო მკვეთრად მოხდა, ვიდრე საქართველოში. ადგილობრივ მასწავლებლებს მოულოდნელ სირთულეებთან გამკლავება მოუწიათ. დღეს იმ პედაგოგთა აზრს გაგიზიარებთ, ვინც წარმატებით გაართვა თავი ამ პროცესს და არამცთუ დაკარგა მოსწავლეებთან კავშირი, არამედ უფრო გაიმყარა და სწავლებაც ეფექტიანი გახადა.

პიერპაოლო ბეტონი, მეთოდისტი და იტალიელ მასწავლებელთა ასოციაციის კოორდინატორი: „ქალაქ ბრეშიაში ვცხოვრობ, მილანთან ახლოს. ვმუშაობ მეთოდისტად, ხშირად მიწევს მასწავლებლებისთვის ტრენინგების ჩატარება. ცხადია, ამჟამად ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა გადასული. ვცდილობთ, ეს პროცესი მაქსიმალურად შეუფერხებლად განვახორციელოთ.

ყველაფერი პრაქტიკულად ერთ კვირაში შეიცვალა, მაგრამ, სინამდვილეში, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით: სკოლის სისტემა დიდი ხანია მოითხოვდა, რომ გაკვეთილებისთვის საჭირო ყველა მასალა ყოფილიყო როგორც ბეჭდური, ასევე ციფრული სახით. ამიტომ ძირითადი საკითხი  მხოლოდ სწავლების ორგანიზებას ეხებოდა.

პრობლემებიც გვქონდა, უფრო დაწყებით სკოლასთან მიმართებაში, ყველაზე პატარა მოსწავლეებთან, სადაც პროგრამა მხოლოდ სახელმძღვანელოს არ მიჰყვება. რაღაცეების ონლაინ ორგანიზება ვერ შევძელით, რადგან ეს რაღაცეები მხოლოდ საკლასო ოთახის სივრცეს ერგებოდა. მაგალითად, ჩვეულნი ვიყავით მინი ჯგუფებში მუშაობას – ამის დისტანციურად მოწყობა შეუძლებელი გახდა.

ასევე,  უმცროს კლასელი ბავშვებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის პირადად  შეხვედრას, მასთან პირდაპირ კომუნიკაციას. ზოგჯერ მშობლებთან დაკავშირება გვიწევდა, რადგან ბავშვებს ბევრი კითხვა ჰქონდათ, მშობლებს კი ყოველთვის არ ჰქონდათ ამის დრო პანდემიის პირობებში. უფროსკლასელებთან და თინეიჯერებთან ერთად, ონლაინ სწავლა ძალზე საინტერესო არის, ხშირად ისინი გაკვეთილებისთვის მასწავლებელზე უკეთაც კი ემზადებიან.

ზოგიერთ ზრდასრულ ადამიანს ჯერ კიდევ უცნაური დამოკიდებულება აქვს  ტექნოლოგიებთან, თუმცა მე ამას უშუალოდ ასაკს არ დავუკავშირებდი. მამაჩემი 78 წლისაა, მაგრამ მშვიდად იყენებს iPhone-ს და ვიდეო კომუნიკაციას. ამავდროულად, არიან მასწავლებლები, რომლებსაც უბრალოდ სახლში Wi-Fi არ აქვთ. იტალიაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს ორთაბრძოლა თანამედროვე და ძველი სწავლების მეთოდების მასწავლებლებს შორის.

ჩვენ გვაფრთხილებენ, რომ თვითიზოლაცია კიდევ დიდხანს გაგრძელდება და გვეშინია. ზოგი ამბობს, ყველაფერი ერთ თვეში დასრულდება, ზოგს კი მიაჩნია, რომ ასეთ რეჟიმში სასწავლო წლის ბოლომდე ვიმუშავებთ. ამის გამო, დადებითი განწყობა იკლებს: ჩვენ, მასწავლებლებს ყოველთვის მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს – შედეგი და მას როგორღაც უნდა მივაღწიოთ. მასწავლებლებიც ადამიანები არიან და ეშინიათ. დისტანციური სწავლების დროს ისინი ცდილობენ  პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას, მაგრამ სახლში ხშირად მოიწყენენ…

ასევე მშობლებსაც უჭირთ: ზოგი სამსახურში მაინც დადის, უმეტესობა შვილებთან ერთად სახლშია.

სინამდვილეში, დისტანციური სწავლება ძალიან სასარგებლოა იმის გამო, რომ რეჟიმს ვეჩვევით. ბავშვმა უკვე იცის, რომ კონკრეტულ დროს უნდა დაუკავშირდეს მასწავლებელს და დავალება მიიღოს.

გაგიკვირდებათ ისიც, რომ ყველა ოჯახს არა აქვს ინდივიდუალური კომპიუტერი და ყველაზე მეტად ამ მხრივ სოციალურად დაუცველი ბავშვები ზარალდებიან.

ვირჯინი ობინი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, საფრანგეთი: „ახლა 12.5 მილიონი ფრანგი სკოლის მოსწავლე კარანტინში ცხოვრობს. საფრანგეთისთვის ეს ექსტრაორდინალური სიტუაციაა: ჩვენი სკოლები არასოდეს ყოფილა კარანტინში, თუნდაც ომის დროს. ჩვენთვის ყველასათვის ადვილი არ არის მიიღოს ის, რაც ხდება: ახლა ჩვენი ქვეყანა, ევროპა და მთელი მსოფლიო რთულ პერიოდს გადის. ჩვენ იტალიას ვესაზღვრებით და ხშირად ხდება, რომ იქიდან ჩვენთან სამუშაოდ ჩამოდიან, ფრანგები კი იტალიაში გადადიან. სასაზღვრო რაიონებში ყოველდღიურად უამრავი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ჩვენ განვიცდით იტალიელთა ამბებს, ისინი – ჩვენსას.

ინფექციის გავრცელების შემცირების მიზნით, 16 მარტიდან ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ამასთან, დისტანციური სწავლა არც თუ ისე ადვილია. ყველა ოჯახს არა აქვს ინდივიდუალური კომპიუტერი და ახლა ყველაზე ღარიბი ბავშვები მოწყვლად ჯგუფად გადაიქცნენ. მა სამინისტრო დაპირდა საზაფხულო სასწავლო მოდულების გამოშვებას ხელმისაწვდომი ფორმატით, რაც საშუალებას მისცემს დაეწიონ და არ ჩამორჩნენ თანაკლასელებს.

ჩვენთვის დისტანციური სწავლებაზე გადასვლა არ იყო რაღაც განსაკუთრებული.  ჩვენ უკვე გვაქვს ციფრული საგანმანათლებლო სისტემები OpenDigitalEducation და EcoleDirecte, ასევე დისტანციური სწავლების ეროვნული ცენტრის პლატფორმა (CNED), რომელშიც შეგვიძლია დავალებების მიცემა, საშინაო დავალებების შემოწმება და მოსწავლეებთან კავშირზე დარჩენა. ის ჩვენს სკოლაში დაახლოებით სამი წელია მუშაობს, მაგრამ მანამდე უფრო მეტად მხარდამჭერი იყო, ვიდრე სრულფასოვანი. ახლა მასზე დიდი დატვირთვა მოდის.

როგორც პედაგოგი ვწუხვარ, რომ ვერ ვასწავლი იმ ბავშვს, ვისაც არ აქვს კამერიანი კომპიუტერი.

ჩვენ მართლაც ვსწავლობთ დისტანციურად: ვაძლევთ დავალებებს, ვთხოვთ მეტი იკითხონ (ლიტერატურისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია) და თან სასწავლო გეგმას ვაახლებ, ყველა გაკვეთილში შესწორებები შეგვაქვს. მეც ვამოწმებ საშინაო დავალებებს და ვწერ ინტერაქტურ დავალებებს. ახლა გაცილებით მეტს ვმუშაობ.

წინ სააღდგომო არდადეგებია, რომლის დროსაც, ვფიქრობ, 90 ათასი მასწავლებელი იმუშავებს სასწავლო გეგმის გადახედვაზე: გაკვეთილების შემოკლებაზე,  დავალებების ინტერაქტიულობაზე.

ყველაზე რთულად საქმე უფროს სკოლას აქვს (ივნისში გამოცდებია) და უმცროსი მოსწავლეებსაც, რომლებთან მეცადინეობა მშობლები უწევთ. ყველა პატარას არ შეუძლია კომპიუტერთან ჯდომა და გაკვეთილების მოსმენა.

მთავრობა დაგვპირდა, რომ ახლო მომავალში ქვეყნის მასშტაბით სრულფასოვან საგანმანათლებლო გარემოს შექმნის. ყველა სახელმძღვანელო უკვე ხელმისაწვდომია ინტერნეტით – ბევრმა ბავშვ სახელმძღვანელოები ხომ სკოლის კარადაში დატოვა. გარდა ამისა, ფრანგული ტელევიზიის მეოთხე არხმა დაიწყო ონლაინ გაკვეთილების მაუწყებლობა სხვადასხვა კლასებისთვის – ფრანგულის და მათემატიკის. განათლების სამინისტრომ ჩაუშვა პროგრამა „ერი სწავლობს“, რომლის ფარგლებში ხელმისაწვდომია France TV-ს საგანმანათლებლო კონტენტი, ასევე, ფრანგულ-გერმანულ არხზე Arte და „საფრანგეთის რადიოზე“.

რეიჩელ ევანსი, ესპანეთის ნოვაასკოლის დირექტორი: „ჩვენთან კარანტინი შუა აპრილში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ეს, იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენად გაიზრდება კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა უახლოეს კვირებში.

საბედნიეროდ, სკოლაში გვაქვს ციფრული სწავლების პლატფორმა, სახელწოდებით myAgora +, რომელიც ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა. მასწავლებლები მას ყოველდღიურად იყენებენ (არა მხოლოდ კარანტინის პირობებში) საკლასო ოთახში. ასევე გვაქვს მულტიმედიური ბიბლიოთეკა, სადაც მასწავლებლები იწერენ თავიანთ გაკვეთილებს, რათა მოსწავლეებმა გაკვეთილების ნახვა სახლებში შეძლონ და ცოდნა გაიმყარონ.

ჩვენ ვართ ლიცენზირებული Microsoft სკოლა, ამიტომ ჩვენს მოსწავლეს  და მშობელს აქვს წვდომა მის ყველა აპლიკაციაზე. ასე რომ, ონლაინ სწავლების თვალსაზრისით, მე პირადად არ ვნერვიულობდი: ვიცოდი, რომ ჩვენი მასწავლებლები მზად იყვნენ ამისთვის. უფრო მეტად ვნერვიულობდი და ვნერვიულობ საკარანტინო პერიოდთან დაკავშირებული ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე.

პირველმა დისტანციურმა დღემ კარგად ჩაიარა: ჩვენი მოსწავლეები დილის 09:30 საათზე უკვე ონლაინ იყვნენ და მუშაობას აგრძელებდნენ ჩვეული გრაფიკის შესაბამისად, ვირტუალურ საკლასო ოთახში სასწავლო დღის ბოლომდე. ჩვენ იმაზეც ვიზრუნეთ, რომ დილის შესვენება და ლანჩზე მათ სრული საათი ჰქონოდათ.

დისტანციური სწავლების პირველი დღის შემდეგ მშობლებისგან მასწავლებლებს უამრავი მადლობა მოგვივიდა..

ჩვენ შევქმენით დამხმარე ჯგუფები WhatsApp–ზე, რათა მასწავლებლებს შეეძლოთ თავიანთი გამოცდილების გაზიარება. თუ მათ უმძიმთ იზოლაცია,  ვცდილობთ, რომ თავი პოზიტიურად ვაგრძნობინოთ, თუნდაც ხუმრობების მოყოლით. ჩვენ ყველას გვაქვს მომენტები, როდესაც დეპრესია გვიტევს. ამიტომ მნიშვნელოვანია გყავდეს კოლეგა, რომელიც გაგამხნევებს, გაგაცინებს. ზოგადად, ჩვენი პედაგოგებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი ყველა პრობლემას, გაოცებული ვარ მათი ძალისხმევით.

მოსწავლეებიც მშვენივრად იქცევიან: მათთვის ეს სიახლეა, მაგრამ მოთმინებას და განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გამოხატავენ ცვლილების მიმართ.  მაგალითად, დღეს მშვენიერი მზიანი დღეა, მაგრამ მთელ ესპანეთში ბავშვებს არ შეუძლიათ დატოვონ თავიანთი სახლები, არ შეუძლიათ პარკებში ან პლაჟებზე წასვლა, ისინი ვერ იქნებიან თავიანთ მეგობრებთან ერთად. ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ, მსურს, რომ რამე განსაკუთრებული გავაკეთო მოსწავლეებისთვის მადლიერების ნიშნად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი