ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

როგორ შევამციროთ ბავშვთა აგრესია

აგრესიის რეგულაციის ხელშეწყობის სტრატეგიები:

წინა წერილში ჩვენ შევეხეთ აგრესიის მიზეზებს და აღვნიშნეთ, რომ მას განაპირობებს როგორც სხვათა ქცევის მიბაძვა, ასევე ბავშვის ხასიათის თავისებურებებიც, ამიტომ ეისენბერგი (Eisenberg, 1992) მიიჩნევს, რომ თუ გვსურს, ჩვენი მოსწავლეები არ გამოირჩეოდნენ აგრესიული ქცევით, მათში უნდა აღვზარდოთ საპირისპირო თვისება – ალტრუიზმი (სხვis ადგილას თავის წარმოდგენის უნარი).
გთავაზობთ კონკრეტულ რეკომენდაციებს:
1. მნიშვნელოვანია ბავშვის ემპათიის გრძნობის გამოყენება (ემპათია – სხვა ადამიანის მიმართ ემოციური თანაგრძნობა/თანაგანცდა). თუ ბავშვი ვისიმე მიმართ ფიზიკურ აგრესიას ამჟღავნებს, გაამახვილებინეთ ყურადღება ქცევის შედეგზე: `სანდროს რომ ჩაარტყი, ეტკინა~. მნიშვნელოვანია აღნიშნული სტრატეგიის სისტემატური გამოყენება, ოღონდ მას არ უნდა ახლდეს აგრესორის ფიზიკური დასჯა, ამ შემთხვევაში ბავშვი იფიქრებს, რომ აგრესია ნებადართულია, თუ მოწინააღმდეგეზე ძლიერი ხარ.
2. კეთილგანწყობილი კლიმატის შექმნა კლასსა და ოჯახში. მეტი აგრესიულობით გამოირჩევიან ის ბავშვები, რომლებიც გარემოსგან საფრთხეს მოელიან. როცა მასწავლებელი ბავშვებს თბილად და კეთილგანწყობით ექცევა, ბავშვებიც მას ბაძავენ.
3. პროსოციალური ქცევის წახალისება. მნიშვნელოვანია, კლასში მოხდეს პროსოციალური ქცევის წახალისება (სხვაზე ზრუნვა, როდესაც არ მოელი აქედან პირად გამორჩენას). დაწყებით კლასებში ამისთვის სასურველია კონკრეტული ინსტრუქციების მიცემა, მაგ., `მინდა, დათოს თავსატეხის ამოხსნაში დაეხმარო~ ან `ანა ავადმყოფობის გამო სკოლას აცდენს, დაურეკეთ და მოიკითხეთ, როგორ არის~.
4. პროსოციალური თვისებებისთვის ხაზის გასმა. მაგ., `მსიამოვნებს, რომ ყურადღებით ეპყრობით თანაკლასელებს~.
ეს სტრატეგია მეტად ეფექტიანია 7-8 წლის ბავშვებთან. ამ დროს თვითშეფასება უფრო ადეკვატური ხდება და განპირობებულია ბავშვის კონკრეტული თვისებებით.
ბავშვთა აგრესიის შემცირებისკენ მიმართული პროგრამები მოიაზრებს მუშაობას პრობლემური ქცევის მოდიფიკაციაზე; თვითრეგულაციის უნარის განვითარებაზე, ბრაზის მართვასა და ასერტული ქცევის განვითარებაზე.
პრობლემური ქცევის მოდიფიკაცია
აღნიშნული მოდელის მომხრეები (ბიჰევიორისტები) განიხილავენ პრობლემურ (ჩვენს შემთხვევაში – აგრესიულ) ქცევას როგორც მანამდე დასწავლილს ან იმის შედეგს, რომ ბავშვმა უბრალოდ არ იცის, სხვაგვარად როგორ მოიქცეს კონკრეტულ სიტუაციაში, როგორ განახორციელოს ალტერნატიული ქცევა.
მოცემული თეორიის ფარგლებში ჩვენ შევეხებით ქცევის მოდიფიკაციის (ცვლილების) მოდელს და სისტემური განმტკიცების პროგრამას.
ქცევის მოდიფიკაციის მოდელი
ქცევის მოდიფიკაცია რამდენიმე საფეხურს მოაზრებს, კერძოდ:
ა) არასასურველი, პრობლემური ქცევის განსაზღვრას. პირველ რიგში, მასწავლებელმა არასასურველი ქცევა უნდა განსაზღვროს. არასასურველია ქცევა, რომელიც ხდება მეტისმეტად ხშირად (მოსწავლეს დავალება არ გამოსდის, დაბლა ყრის ნივთებს) ან მეტისმეტად იშვიათად (მოსწავლე უარს ამბობს ახალი დავალების შესრულებაზე ისე, რომ დახმარებასაც არ ითხოვს). პრობლემური ქცევის განსაზღვაში შესაძლოა მონაწილეობა მოსწავლეებმაც მიიღონ.
ბ) არასასურველი, პრობლემური ქცევის სერიოზულობის განსაზღვრას. მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს, რამდენად სერიოზულია ეს ქცევა, გააანალიზოს თითოეული შემთხვევა და მისი გამოვლენის სიხშირე (ერთხელ მოხდა ასეთი რამ თუ სისტემატური ხასიათი აქვს).
გ) ქცევის მიზეზებისა და შედეგების განსაზღვრას. მასწავლებელი უნდა დააკვირდეს, რა უძღვის წინ არასასურველ ქცევას, რა მოსდევს მას ყოველთვის, ხომ არ იწვევს ვინმე ან რამე არასასურველი ქცევის პროვოცირებას ან განმტკიცებას.
დ) არასასურველი, პრობლემური ქცევის მიზეზებისა და შედეგების ცვლილებას. საჭიროა დაკვირვება, რაგვარი შედეგი იწვევს ქცევის განმტკიცებას. მაგ., შესაძლოა, მოსწავლეს მხოლოდ არასასურველი ქცევის განხორციელებისას აქცევდნენ ყურადღებას. ამიტომ უნდა შეიცვალოს ქცევის შედეგი, მასწავლებელმა ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოს მოსწავლის ცუდ ქცევას, მაგრამ აღნიშნოს მისი ყოველი ადეკვატური საქციელი.
ე) ცვლილებების დაგეგმვას. მას შემდეგ, რაც ზუსტად განისაზღვრება, რა იწვევდა არასასურველი ქცევის პროვოცირებას და განმტკიცებას, საჭიროა იმის მოფიქრება, კიდევ როგორ შეიძლება მოქცევა პრობლემურ სიტუაციაში (თუ დავალება რთულია, ვის ჯობს მიმართოს დახმარებისთვის? რა ფორმით?).
ვ) სრულყოფას. საბოლოო ეტაპზე უნდა მოხდეს ახალი, შეცვლილი სიტუაციის გაანალიზება: შენარჩუნებულია თუ არა არასასურველი ქცევა, რამდენად ეფექტურია სტრატეგია, რომელსაც მასწავლებელი მიმართავს არასასურველი ქცევის შემდგომ. უეფექტობის შემთხვევაში ახალი სტრატეგიები უნდა მოვიფიქროთ.
სისტემური განმტკიცების პროგრამა
მასწავლებლები ხშირად წაახალისებენ მოსწავლეებს ქებით, ნიშნებით, ყურადღებით, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ ასეთი სახის განმტკიცების სისტემა საკმარისი არ არის, მოსწავლე ისევ ცუდად იქცევა და უფრო სერიოზული ჩარევა ხდება საჭირო. ასეთ დროს ჟეტონების სისტემას მიმართავენ. მოსწავლე თუ კარგად მოიქცა, იღებს ჟეტონს, თუ ცუდად – აკლდება (ჟეტონებად შეგვიძლია გამოვიყენოთ სტიკერები, დახატული გაცინებული სახეები). წინასწარ დადგენილი რაოდენობის ჟეტონს რომ შეაგროვებს, მოსწავლე ცვლის მას გარკვეულ მატერიალურ განმამტკიცებელზე, იღებს პრიზს. პრიზად იყენებენ საკვებს, სათამაშოს, საკანცელარიო ნივთს. გამოიყენება სოციალური განმამტკიცებლებიც – ქება, ღიმილი, თავზე ხელის გადასმა. ამასთან, პრიზი მოსწავლისთვის სასურველი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ გამოიწვევს ქცევის განმტკიცებას.
განმამტკიცებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ პრემაკის პრინციპიც, ანუ ქცევა, რომელიც ხშირად ვლინდება, შეიძლება იშვიათად გამოვლენილის განსამტკიცებლად გამოვიყენოთ. მშობლები და პედაგოგები ხშირად იყენებენ ამ განმამტკიცებელს. მაგ., ბავშვს ჩაუშვებენ ეზოში მას შემდეგ, რაც წვნიანს შეჭამს ან ტელევიზორის ყურების ნებას მას შემდეგ დართავენ, რაც დავალებებს შეასრულებს.
გარე განმამტკიცებლები შემდეგ კატეგორიებად იყოფა:
. საკვები;
. ვიზუალური და ხმოვანი სიგნალები – გარკვეული სიგნალის მიცემა მას შემდეგ, რაც ბავშვი განახორციელებს სასურველ ქცევას;
. სოციალური სტიმული – ღიმილი, მოფერება (დაწყებით კლასებში);
. ჟეტონები – პატარა ბარათები, რომელთა დაგროვების შედეგად შესაძლებელი იქნება უფრო სერიოზული განმამტკიცებლების მიღება.
საკლასო გარემოში განსაკუთრებით ეფექტიანად მიიჩნევა ხმოვანი ან ვიზუალური სიგნალები, სოციალური განმტკიცება.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ძალზე ახალისებთ სხვადასხვა სიგნალი. მაგ., როცა კლასი სასურველ ქცევას ახორციელებს, მასწავლებელი რეკავს ზარს ან დაფაზე გაცინებულ კაცუნას ხატავს.
გამოცდილმა პედაგოგებმა კარგად იციან, რაოდენ დადებითად მოქმედებს მოსწავლეებზე დამსახურებული ქება, წახალისება. სასურველი ქცევის აღსანიშნავად მასწავლებელს შეუძლია კლასის გამოყენებაც, ვინაიდან ბავშვისთვის სხვა ბავშვებისგან წამოსული სიგნალები ძალზე მნიშვნელოვანია. გარდა ქებისა, აუცილებელია, მასწავლებელმა კლასში იმგვარი სიტუაციის პროვოცირება მოახდინოს, რომ მოსწავლეს ახალი, სასურველი ქცევის განხორციელება მოუხდეს – ეს ბავშვს კმაყოფილებას ჰგვრის. ამასთან, მნიშვნელოვანია, ავუხსნათ, როგორი ქცევის გამო მიიღებს ჯილდოს, რატომ არის ასეთი ქცევა ეფექტიანი და რა უსიამოვნებებს ააცილებს ის თავიდან.
გარე განმამტკიცებლების სწორი გამოყენებით უნდა ვეცადოთ, ალტერნატიული ქცევის განხორციელება ბავშვისთვის ნელ-ნელა მნიშვნელოვანი გახდეს.
რა პრინციპებს ეფუძნება განმამტკიცებლების გამოყენება?
. განმამტკიცებელი მაშინ არის ეფექტიანი, როდესაც ის მნიშვნელოვანია კონკრეტული მოსწავლისთვის. მაგ., თანაკლასელების ყურადღების ცენტრში მოხვედრა ძალზე მორიდებული ბავშვისთვის შესაძლოა პრობლემად იქცეს და მისდამი მოზღვავებული ყურადღება სასჯელადაც კი აღიქვას.
. განმტკიცება უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული სასურველ ან არასასურველ ქცევასთან. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რის გამო აჯილდოებენ ან სჯიან.
. განმტკიცება უშუალოდ უნდა მოსდევდეს ქცევას. გადავადებული განმტკიცება ნაკლებეფექტიანია.
. განმტკიცება უნდა იყოს საკმარისი და ქცევის შესატყვისი.
. განმტკიცება უნდა იყოს თანამიმდევრული – ყოველ ჯერზე უნდა მოჰყვეს სასურველ ქცევას.
არასასურველი ქცევის აღმოსაფხვრელად პედაგოგები დასჯასაც მიმართავენ.
როგორც ვიცით, არსებობს ორი ტიპის დასჯა: დადებითი – უსიამოვნო სტიმულის დამატება (მაგ., დატუქსვა) და უარყოფითი – სასიამოვნო სტიმულების მოშორება (მაგ., ეზოში სათამაშოდ გაშვებაზე უარის თქმა).
დასჯის საწინააღმდეგოდ შემდეგი არგუმენტები მეტყველებს: დასჯა იწვევს პრობლემური ქცევის შეწყვეტას, მაგრამ ნაკლებად ახდენს გავლენას მის რეციდივებზე. თანაც ფიზიკურ დასჯას შესაძლოა ბავშვზე ძალადობის ფორმაც ჰქონდეს. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ გაცილებით ეფექტიანია ნეგატიური დასჯა, მოსწავლისთვის სასიამოვნო სტიმულების მოშორება. ამავე დროს ეს მეთოდი ბავშვის მიმართ ჰუმანური უნდა იყოს და არ არღვევდეს კომუნიკაციას. მაგრამ არსებობს ისეთი სიტუაციები, რომლებიც მყისიერ ჩარევას მოითხოვს. ამ შემთხვევაში არგუმენტები და ნეგატიური დასჯა არ გამოგვადგება. ფიზიკური დასჯა მიუღებელია, მაგრამ შენიშვნა და ტაიმ-აუტი შედეგის მომტან სტრატეგიებად მიიჩნევა.
შენიშვნა
. შენიშვნა უნდა იყოს დაკონკრეტებული: მაგ., `დათუნა ნუ ათამაშებ პენალს – ამით შენს მეწყვილეს დავალების შესრულებისგან აცდენ~ უფრო ეფექტიანია, ვიდრე `ნუ აკეთებ ამას~.
. შენიშვნა უნდა მივცეთ ახლო მანძილიდან, მაქსიმუმ ერთი მეტრიდან. ამ მანძილზე უკეთ ჩანს არავერბალური მანიშნებლებიც.
. გაკვეთილის მიმდინარეობისას სასურველია შენიშვნების მოკლე ფორმების გამოყენება. მაგ., `შშშ~, `დაიცადე~, `არა~, – რათა არ დაირღვეს გაკვეთილის მსვლელობა.
ტამ-აუტი
ტაიმ-აუტი პროცესისგან ჩამოშორებას გულისხმობს. მაგალითად, ბავშვი შეიძლება გადავსვათ სხვაგან, როცა ის გვერდით მჯდომს ეკამათება, ან თამაშს ჩამოვაშოროთ, თუ მისი ქცევა კონფლიქტს იწვევს.
ბრაზის მართვა
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზოგ შემთხვევაში აგრესიულ ქცევას ნეგატიური ემოციები იწვევს.
ბრაზი ბუნებრივი გრძნობაა, რომელიც ყველა ადამიანს ახასიათებს და ვლინდება მაშინ, როდესაც იმედგაცრუებას, უარყოფას ან მტრულ განწყობას ვგრძნობთ. ბრაზი ძლიერი ემოციაა და თუ ვერ მოვთოკეთ, შესაძლოა ოჯახის წევრებთან, თანაკლასელებთან, საზოგადოდ, ადამიანებთან სერიოზული უთანხმოება მოგვივიდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იცოდეს გრძნობების ზომიერად, ყვირილისა და ძალადობის გარეშე გამოხატვა. არსებობს სხვადასხვა ინტენსივობის ბრაზი, მცირე გაღიზიანებიდან დაწყებული, გააფთრებით დამთავრებული. სხვა ემოციების მსგავსად, ბრაზიც ახდენს გავლენას ორგანიზმის მდგომარეობაზე: იმატებს გულისცემა, იწევს ადრენალინის დონე, იზრდება სისხლის წნევა და სხვ.
მეცნიერული კვლევების შედეგად დადგენილია, რომ ბავშვებისთვის ბრაზის მართვის საუკეთესო სტრატეგიაა მშობლების/მასწავლებლების ჩართულობა, როდესაც ბავშვისთვის უფროსი მისაბაძი მაგალითი ხდება და თან ემოციის არააგრესიული ფორმით გამოხატვასაც ასწავლის.
მშობლების/მასწავლებლების მიერ განხორციელებული ბრაზის მართვის სტრატეგია წარმატებული რომ იყოს, უპირველეს ყოვლისა, უფროსებმა უნდა გავითავისოთ, რომ ბავშვებსაც ჩვენსავით სჭირდებათ დრო საკუთარი თავის შესაცნობად და იმის გასარკვევად, რომ ბრაზი ისეთივე ბუნებრივი ემოციაა, როგორიც სიყვარული, მხიარულება ან მოწყენილობა.
ბრაზის მართვის სტრატეგიის განხორციელებისას პირველი ნაბიჯია ბრაზის მიზეზისა და მისი ძირითადი სიმპტომების გაცნობიერებაში დახმარება. მაგ., ბრაზის დროს სუნთქვა ხშირდება, კუნთები და კანი იჭიმება; მაშ, შესაძლებელია მისი წინასწარ ამოცნობა.
მას შემდეგ, რაც ბავშვი გაეცნობა ბრაზის სიმპტომებს, უნდა მოვიქცეთ ასე:
1) დავეხმაროთ ბავშვს დამშვიდებასა და რეფოკუსირებაში, მაგ., ვასწავლოთ ღრმად ჩასუნთქვა და ათამდე დათვლა;
2) როდესაც ბავშვი გაბრაზებულია, შევთავაზოთ მოქმედების ალტერნატივა, მაგ., თუ სკოლის დავალება მისთვის რთულია და ამის გამო ბრაზობს, მის შესრულებაში დავეხმაროთ;
3) ხშირად პატარა ბავშვებს უჭირთ ბრაზის სიტყვებით გამოხატვა, ამიტომ მათ შესაძლებლობა უნდა მივცეთ, დახატონ, რაც აბრაზებთ.
კონკრეტული სტრატეგიები ბრაზის სამართავად
. ბრაზის სიმპტომების ამოცნობა. მნიშვნელოვანია, ავუხსნათ მოსწავლეებს, რომ სანამ ბრაზი მოერევათ და ყველაფერს აქეთ-იქით მოისვრიან, შეიძლება წინასწარ ამოიცნონ მისი სიმპტომები. მაგ., სახე წითლდება, კუნთები იჭიმება… მთავარია, ამ დროს `მოვახერხოთ ბრაზის შეჩერება~ და ერთად მოვიფიქროთ, რომელი `ჯადოსნური სიტყვა~ დაგვეხმარება დამშვიდებაში. მაგ., `დამშვიდდი~, `მე ამას შევძლებ~.
. მნიშვნელოვანია, ბავშვს ვასწავლოთ ბრაზის სხვაგვარად გამოხატვა. ამისთვის უნდა მოვიფიქროთ რაც შეიძლება მეტი სიტყვა, რომლებიც მის ნეგატიურ ემოციებს აღწერს. მაგ., `გავბრაზდი~, `მეწყინა~, `აღვშფოთდი~. თან განცდის ვერბალურად ჩამოყალიბებაში დავეხმაროთ. მაგ., `მეწყინა, ჩემი ნივთი ძირს რომ დააგდე~.
. მას შემდეგ, რაც ბავშვს ბრაზის სიმპტომების ამოცნობას ვასწავლით, შეიძლება შევთავაზოთ, რომ ამ დროს რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქოს და ამოისუნთქოს. შეგვიძლია აგრეთვე ვასწავლოთ სტრატეგია 1+3+10: თქვას ერთი დამამშვიდებელი სიტყვა, მაგ., `დამშვიდდი~, სამჯერ ღრმად ჩაისუნთქოს და ათამდე დაითვალოს.
. თუ ბრაზი სხვის მიერ არის პროვოცირებული, ბავშვს უნდა ვასწავლოთ სქემის `მე მინდა…~ გამოყენება. მაგ., `მე მინდა, უკანვე დადო ჩემი სათამაშო, მეწყინა, რომ აიღე~.
აღნიშნული სტრატეგიების გაცნობის შემდეგ მნიშვნელოვანია, ვაკონტროლოთ ბრაზის გამოხატულება. ვთხოვოთ ბავშვს, დააკვირდეს, როგორ გამოხატავენ ემოციებს სხვები და თან აღნიშნული სტრატეგიების სწორი გამოყენების მაგალითები ვუჩვენოთ.
ასერტული ქცევა
ბრაზის მართვის სტრატეგიების გაცნობის პარალელურად მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს განვუვითაროთ და განვუმტკიცოთ ასერტული ქცევა (თავდაჯერებული, გაწონასწორებული ქცევა, მიმართული საკუთარი მოსაზრების გამოხატვის/უფლებების დაცვისკენ).
დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ამ ქცევის განვითარება როლური თამაშის გზით არის შესაძლებელი. პირველ რიგში მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან საუბარი ასერტული – თავდაჯერებული – ქცევის მნიშვნელობაზე, მისი შედარება აგრესიულ ქცევასთან, აღნიშვნა, რომ ეს უკანასკნელი გაცილებით მეტ პრობლემას იწვევს.
ამის შემდეგ სასურველია მოსწავლეებისთვის თამაშის მიზნისა და წესების ახსნა, პრობლემური სიტუაციის შეთავაზება და შემდეგ ასერტული ქცევის რეპეტიცია: მოსწავლე მშვიდად ამბობს, რას გრძნობს ამგარ სიტუაციაში, გამოთქვამს აზრს და ეკითხება მოწინააღმდეგეს, რას ფიქრობს ამის თაობაზე. მაგ., თუ მოსწავლემ წიგნი ამხანაგს ათხოვა და ის არ უბრუნებს, სასურველია უთხრას მას, რომ ძალიან ღელავს, ვინაიდან ხვალისთვის მასაც სჭირდება წიგნი და შეუთანხმდეს, როდის შეძლებს მის დაბრუნებას. როლური თამაშის გარდა, საჭიროა, პედაგოგმა შემდეგშიც წაახალისოს და აღნიშნოს ბავშვების მიერ განხორციელებული სასურველი ქცევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი