პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ერიკ ერიკსონის რჩევები მასწავლებლებს

ფსიქოლოგი და ფსიქოანალიტიკოსი ერიკ ერიკსონი მასწავლებლებს ურჩევს:

. წაახალისეთ სკოლამდელი ასაკის ბავშვები, გამოიჩინონ ინიციატივა. ჩართეთ ისინი ისეთ საქმიანობაში, რომელიც მათ წარმოსახვის უნარს გააძლიერებს. დროდადრო მიეცით შესაძლებლობა, თავად აირჩიონ, რისი გაკეთება სურთ. წაახალისეთ, რაც შეიძლება მეტი ითამაშონ ერთად – ამ ასაკის ბავშვებს თამაში არა მხოლოდ სოციოემოციურ, არამედ კოგნიტურ განვითარებაშიც ეხმარება.
. გაუღვივეთ სიბეჯითე და შრომისმოყვარეობა. დაანახვეთ, რომ ისეთი რამის გაკეთება შეუძლიათ, რასაც ვერც კი წარმოიდგენდნენ. დაწყებით კლასებში მასწავლებელმა მოსწავლეებს ისეთი დავალებები უნდა მისცეს, რომელთა შესრულება ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ არ აღემატება მათ შესაძლებლობებს. მტკიცედ მოსთხოვეთ ბავშვებს, იმუშაონ ნაყოფიერად, მაგრამ ზედმეტად არ გააკრიტიკოთ ისინი. განსაკუთრებული მოთმინებით მოეკიდეთ უნებლიე შეცდომებს. ხელი შეუწყვეთ მოზარდებში პიროვნების განვითარებას.
. წააქეზეთ მოსწავლები, დამოუკიდებლად იაზროვნონ. დაეხმარეთ იმის გარკვევაში, რა სურთ. წაახალისეთ, მოუსმინონ რელიგიურ, პოლიტიკურ და იდეოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებულ დისკუსიებს – ეს მათ პოზიციის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
. გააანალიზეთ, ერიკსონის მიხედვით, ფსიქოსოციალური განვითარების რომელ სტადიაზე იმყოფებით თავად.
ერიკ ერიკსონი ცნობილი დანიელ-გერმანელ-ამერიკელი ფსიქოლოგი და ფსიქოანალიტიკოსია, რომელმაც შეიმუშავა თეორია ადამიანის ფსიქოსოციალური განვითარების ეტაპების შესახებ. მისი თვალთახედვით, ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში განვითარების რვა ეტაპს გაივლის. ყოველ ეტაპზე მის წინაშე დგება ახალი გამოწვევები და ამოცანები, ყოველი ეტაპი წინას წარმატებით გადალახვაზეა დაშენებული. თუ რომელიმე საფეხური წარმატებით არ გადაილახა, შესაძლოა, ამ პერიოდის მოუგვარებელ პრობლემებს მომავალში ხელახლა შევეჯახოთ.
პირველი ეტაპი: იმედი, ნდობა უნდობლობის წინააღმდეგ (გრძელდება დაბადებიდან 12-18 თვემდე). ამ დროს წამყვანია ახალშობილის ძირითადი ინსტინქტები, ძირეული მოთხოვნები და საჭიროებები. ერიკ ერიკსონის მიხედვით, თუ ძირითადი მზრუნველი (ხშირად – დედა) ახალშობილს არ მოაკლებს საკვებს, კომფორტსა და სიყვარულს, იგი ისწავლის ნდობას. თუ ბავშვს უნდობლობა გაუჩნდა, იგი მიიჩნევს, რომ სამყარო არასაიმედოა, არაპროგნოზირებადი და, შესაძლოა, საშიშიც.
მეორე ეტაპი: ნდომა, ნებისყოფის ძალა, ავტონომია, სირცხვილი (მოიცავს 18 თვიდან 3 წლამდე პერიოდს). როდესაც ბავშვი ისწავლის საკუთარი სხეულის შესაძლებლობათა მართვას, ის გარე სამყაროს შესწავლას იწყებს. ამ ასაკში ის გამუდმებით იკვლევს გარემოს. ამასთან, ავლენს საკუთარ ინტერესებს, – ვთქვათ, განსაკუთრებით მოსწონს სიმღერა, ცეკვა ან ხატვა. ბავშვი სწავლობს საკუთარი შესაძლებლობების მართვას, უუმჯობესდება კუნთების კოორდინაცია და თუ ამ დროს მშობელი ან მზრუნველი წაახალისებს, თავის მოვლის ძირითად კომპონენტებსაც – ჩაცმას, ჭამას და ა.შ. – აითვისებს. ამ შემთხვევაში ბავშვს უვითარდება დამოუკიდებლობის, ავტონომიურობის განცდა, ის ფიქრობს, რომ შეუძლია, პრობლემები თავად მოაგვაროს. მაგრამ როდესაც მშობელი შვილისგან მოითხოვს მეტისმეტად ბევრს ან მეტისმეტად ცოტას და ყველაფერს თვითონ აკეთებს, ბავშვს უყალიბდება სირცხვილის განცდა და ეჭვი, რომ მას საკუთარი ძალებით პრობლემების მოგვარება არ შეუძლია.
მესამე ეტაპი: ინიციატივა, დანაშაული (სკოლამდელი ასაკი 3-დან 6 წლამდე). ეს პირველი ფსიქოსოციალური კრიზისის პერიოდია. ამ ეტაპისთვის ბავშვის ავტონომიურობას ემატება ინიციატივა. ბავშვები იწყებენ მცირე ამოცანების დაგეგმვას, შესრულებას, სწავლობენ მათ გარშემო არსებული პროფესიებისა და ხელობების ძირითად ელემენტებს. პარალელულად იწყებენ მოქმედებას ამა თუ იმ მიზნის შესასრულებლად. ამ დროს მათთვის დანაშაულის განცდა ახალი, გაუგებარი ემოციაა, თუმცა ეს გრძნობა შეიძლება გაუჩნდეთ, თუ მათმა ინიციატივამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ამ პერიოდშივე ბავშვებს ნელ-ნელა უვითარდებათ სამართლიანობის გრძნობა. ამ ასაკში ბავშვი სწავლობს ლიდერის როლის მორგებას, ინიციატივის გამოჩენას მიზნის მისაღწევად. კარგი იქნება, თუ ამ პერიოდისთვის მშობლები შვილებს განუვითარებენ დამოუკიდებლობისა და ორგანიზების უნარ-ჩვევებს. მათ ხელი უნდა შეუწყონ ბავშვბის ინიციატივას, მიაჩვიონ ისინი რეალისტური გეგმების განხორციელებას, თუ მათ ბავშვის წამოწყება სისულელედ, აბეზრობად მიიჩიეს, ბავშვს განუვითარდება დანაშაულის გრძნობა საკუთარი საქციელისა და იდეების გამო.
მეოთხე ეტაპი: კომპეტენტურობა, ინდუსტრიულობა, ქვემდგომობა (ბავშვობა 6-დან 12 წლამდე). ამ დროს ბავშვის მოქმედების ტექნოლოგიები უფრო მეტად ვითარდება, იზრდება მისი პროდუქტიულობა საქმეში. ამ დროისთვის ბავშვები უფრო შეგნებულნი ხდებიან, უფრო უკეთ აცნობიერებენ სერიოზულ და აბსტრაქტულ საკითხებს. შეუძლიათ იშრომონ ბევრი და ბეჯითად, რათა დაიმსახურონ პატივისცემა, გააკეთონ საკუთარი საქმე კარგად და სწორად. მათ უკვე შეუძლიათ საქმის განაწილება, ერთად მუშაობა და გუნდური მუშაობის ძირითადი პრინციპების დაკმაყოფილება. ამ პერიოდისთვის ისინი იგებენ დროისა და სივრცის კონცეფციებს, უფრო ლოგიკურად აზროვნებენ და იქცევიან და პრაქტიკულად ასრულებენ ამოცანებს. უკეთ ესმით მიზეზშედეგობრივი კავშირები. ეცნობიან კალენდარს, იძენენ კომპლექსურ უნარ-ჩვევებს: წერას, კითხვას. უყალიბდებათ გარკვეული ზნეობრივი ღირებულებები.
თუ ბავშვები წავახალისეთ კარგი საქციელის ჩადენისას, გარკვეული უნარ-ჩვევების შეძენისას და გაუმჯობესებისას, მათი მოტივაცია გაიზრდება და ისინი უფრო ნაყოფიერად იშრომებენ, უფრო ბეჯითად და მეტ დროს დაუთმობენ იმ საქმიანობას, რაც კარგად გამოსდით.
ბავშვებს ამ ასაკობრივ დიაპაზონში უვითარდებათ სივრცული აღქმები, ეცნობიან ხელოვნების, სპორტის, მეცნიერების სხვადასხვა დარგს, ივითარებენ საუკეთესო შესაძლებლობებს. თუ მათ შევუზღუდეთ ხედვის არეალი, არ მივეცით საშუალება, გაეცნონ სხვადასხვა პროფესიასა და ხელობას, მოტივაცია და თვითშეფასება დაუქვეითდებათ, მოეშვებიან და მათი პროდუქტიულობაც მოიკლებს. ასეთი ადამიანები დუნე ცხოვრების სტილს ირჩევენ. ამიტომ აუცილებელია ბავშვის ინტერესების სფეროს განვითარება და ხელშეწყობა.
მეხუთე ეტაპი: ერთგულება, პიროვნების იდენტობა, გაურკვევლობა საკუთარ ადგილსა და როლთან მიმართებით (გარდატეხის ასაკი, 12-18 წელი). ამ ასაკისთვის ბავშვებს უძლიერდებათ განცდა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი და ფასულია სხვების აზრი მათ შესახებ. ამავე ასაკში ყალიბდება სქესობრივი იდენტობა, რომელიც მოიცავს სქესობრივ ორიენტაციას. ამ ასაკში მოზარდები ხშირად განიცდიან იმედგაცრუებას, აქვთ ერთმანეთში არეული გრძნობებისა და ემოციების ნაზავი. ერიკსონის ხედვით, ამ პერიოდისთვის მოზარდების უმეტესობას უჩნდება იდენტობის განცდა. თუ მოზარდმა ვერ შეძლო საკუთარი იდენტობის განსაზღვრა, განუვითარდება იდენტობის კრიზისი.
განვითარების მეხუთე ეტაპი ერთგვარი გზაჯვარედინია. ამ პერიოდში ხდება დიდი ბოლოგიური და ფიზიკური ძვრები ადამიანის ორგანიზმში, ხდება სქესობრივი მომწიფება და ეს ეტაპი ემსგავსება ბავშვობიდან დიდობისკენ გარდამავალ ხიდს. ერიკსონი მიიჩნევდა, რომ ამ პერიოდში მოზარდს აქვს საკმარისი დრო, რათა მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების კომბინირება და გააცნობიეროს, ვინ არის და რა სურს. ამ დროისთვის ადამიანი თვითონ ირჩევს საკუთარ იდეოლოგიას და ამიტომ ხშირად ხდება კონფლიქტი მოზარდებსა და დიდებს შორის.
მეექვსე ეტაპი: სიყვარული, ინტიმურობა, იზოლაცია (ახალგაზრდა ზრდასრული ასაკი, 19-40 წელი). ცხოვრების იმ ეტაპის შემდეგ, როცა ადამიანი არკვევს, ვინ არის და „საით მიდის”, იწყება მისი ინტიმური ცხოვრების გადაწყვეტის პერიოდი. ეს ეტაპი ბევრს 30 წლისთვის უკვე გადაწყვეტილი აქვს. ამ დროისთვის ან უკვე უყვარდებათ და ქმნიან ოჯახს, ან მარტო რჩებიან, წყვეტენ, ცხოვრება მარტო გააგრძელონ თუ თანამგზავრის თანხლებით. ამ დროისთვის ადამიანები მზად არიან, დაამყარონ და შეინარჩუნონ ახლო ინტიმური ურთიერთობები, იგრძნონ და შეასრულონ ვალდებულებები სხვების მიმართ, აყალიბებენ რეციპროკულ (თანაზიარ) ურთიერთობებს (მეგობრობის ან ქორწინების სახით). თუ პიროვნებამ ვერ ჩამოაყალიბა ინტიმური ურთიერთობა (ხშირად ეს საკუთარი არჩევნით ხდება), იგი იზოლაციაში ექცევა.
მეშვიდე ეტაპი: ზრუნვა, გენერაციულობა, სტაგნაცია (შუა ხნის ასაკი, 40-დან 65 წლამდე). გენერაციულობა მოიცავს მომდევნო თაობების წარმოქმნას, დახმარებას, მართვას (ნაწილობრივ), სოციალურად ღირებული საქმის შესრულებას. ამ ასაკისთვის ძირეული სურვილი და იდეაა, „აწარმოოს” მომავალი თაობა და მასაც დაეხმაროს გენერაციაში. თუ ადამიანი გამოკვეთილად ეგოცენტრულია და არ სურს, საზოგადოებას სარგებლობა მოუტანოს, უვითარდება სტაგნაციის განცდა.
შუა ხნის ასაკის ცენტრალური ამოცანებია: გამოხატოს სიყვარული უფრო მეტად, ვიდრე მხოლოდ სექსუალური გამოხატვაა; შეინარჩუნოს ჯანსაღი ცხოვრების მოდელი; განუვითარდეს პარტნიორთან (მეუღლესთან) ერთიანობის განცდა; დაეხმაროს ბავშვებს გაზრდაში და აღზარდოს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ზრდასრულებად; შექმნას კომფორტული ოჯახი; იამაყოს საკუთარი და მეუღლის ცოდნითა და პროფესიონალიზმით; გაუცვალოს როლი თავის მოხუცებულ მშობლებს (მოუაროს მათ); მიაღწიოს და შეასრულოს მოწიფული სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობები და სხვ.
მერვე ეტაპი: სიბრძნე, ეგოს ინტეგრულობა, სასოწარკვეთილება (ხანდაზმული ასაკი – 65 წელი და მეტი). როდესაც ადამიანი გადააბიჯებს 65 წელს, ქვეითდება მისი პროდუქტიულობა და ეს ეტაპი ხშირად პენსიაზე გასვლის პერიოდს ემთხვევა. ამ დროს ადამიანი თვალს ავლებს განვლილ ცხოვრებას და აფასებს მას, მიიჩნევს წარმატებულად ან წარუმატებლად, უნაყოფოდ. თუ ადამიანმა ვერ მიაღწია იმ ძირითად მიზნებს, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო, შესაძლოა დაუკმაყოფილებლობისა და იმედგაცრუების განცდა განუვითარდეს.
თუ ადამიანი მიიჩნევს, რომ ნაყოფიერი, წარმატებული და ბედნიერი ცხოვრება განვლო, უყალიბდება ეგოს ინტეგრულობა, ანუ ექმნება საკუთარ ეგოსთან ჰარმონიული ურთიერთობა; საპირისპირო შემთხვევაში ადამიანს იმედგაცრუება მოიცავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი