ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მოსწავლის უნარების განვითარება ,,edmodo“-ს  გამოყენებით საგაკვეთილო პროცესში

ჩვენ სწრაფად ცვლად გარემოში ვცხოვრობთ, რასაც ხელს უწყობს ინფორმაციის მზარდი ტემპი და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელების სიჩქარე. დღეს განათლების სისტემა ორიენტირებულია მოსწავლეზე. თანამედროვე სკოლამ  უნდა შეძლოს  21-ე საუკუნის  მოსწავლის აღჭურვა ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით.[1]

მულტიმედიური სწავლებისას მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად, რამდენიმე საკითხი გავითვალისწინე:

  1. სასწავლო მასალა ყოფილიყო რელევანტური და პრაქტიკული;
  2. სასწავლო პროცესი ყოფილიყო ინტერაქტიური;
  3. გაკვეთილის საინტერესო წარმართვისათვის გამომეყენებინა მიზნობრივი ვირტუალური თამაშები;
  4. სასწავლო მასალა დამეყო ლოგიკურ ნაწილებად;
  5. მოსწავლეებს მასალის დაკავშირება შეძლებოდათ სხვა სასწავლო დისციპლინებთან ან ყოფა-ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებთან;
  6. მოსწავლეებთან ერთად ახალ გარემოში სამუშაო წესები შემემუშავებინა;
  7. სასწავლო პროცესში მოსწავლეებისთვის მუდმივად მიმეწოდებინა განმავითარებელი უკუკავშირი.[2]

21-ე საუკუნის განათლება გულისხმობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, პრობლემის   გადაჭრა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, შემოქმედებითობა, სამოქალაქო ჩართულობა, კულტურული ცნობიერება, ინიციატივა და პასუხისმგებლობა.[3]

სასწავლო მიზნით  ედმოდოს გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ საგნის შესწავლისადმი ინტერესი  და ჩართულობა. მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს, მოძიებულ მასალებს, გვერთვებიან ნებისმიერი ადგილიდან, რადგანაც კომპიუტერის გარდა გვაქვს პლანშეტის/ტელეფონის  საშუალებით ედმოდოს აპლიკაციები უკვე ქართულ ენაზეც. ედმოდო იძლევა მასწავლებელთა   და მოსწავლეთა შორის  მჭიდრო ურთიერთანამშრომლობის საშუალებას.[4]

დირექციასთან შეთანხმებით, მერვე კლასში  გადავწყვიტე  კვირაში დაგეგმილი ორსაათიანი შეხვედრებიდან ერთი ჩამეტარებინა საკლასო სივრცეში და მეორე კომპიუტერულ კლასში. ანკეტირების საშუალებით, მოსწავლეთა თვითშეფასების გზით,  წინასწარ გამოვიკვლიე   საკომუნიკაციო უნარების ფლობის დონე. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა კლასში  მოსწავლეთა წერითი და ზეპირი მეტყველების გზით ინფორმაციის მიღების, დამუშავების, გააზრების და სისტემაში მოყვანის უნარი აქვს  55%-ს, ხოლო ინტერპრეტირების და წარდგენის უნარი 33%-ს. ასევე აღმოჩნდა, რომ არცერთმა მოსწავლემ  არ იცის ედმოდოს  დანიშნულება და მისი გამოყენება. კოლეგებთან ინტერვიუს წარმართვისას გავარკვიე, რომ მასწავლებელთა უმრავლესობას გავლილი აქვს სატრენინგო კურსი ედმოდო, როგორც შებრუნებული საკლასო ოთახი. მიუხედავად ამისა, გარკვეული შიშების გამო,  ედმოდოს გამოყენებას  და პრაქტიკაში დამკვიდრებას მასწავლებლები თავს არიდებდნენ. მათ აშინებდათ  მუშაობა მოსწავლეთა მრავალრიცხოვან კლასებში და ელექტრონული რესურსების სიმცირე, რომელსაც გამოიყენებდნენ საგნის  სწავლებისას შესაბამის საფეხურზე .

ჩემი მიზანი იყო, დამენერგა ედმოდოს საშუალებით საგნის სწავლა და მოსწავლეთა სხვადასხვა უნარის განვითარებისთვის შემეწყო ხელი. საკლასო სივრცეში შევიმუშავეთ  კომპიუტერულ კლასში ურთიერთთანმშრომლობის  წესები, რომელთა დაცვა ხელს შეუწყობდა ახალი მეთოდის დანერგავას. მეორე გაკვეთილზე უკვე კომპიუტერულ საკლასო ოთახში მოსწავლეები ედმოდოს ინტერფეისს გაეცნენ  და   დარეგისტრირდნენ. მესამე გაკვეთილზე საკლასო სივრცეში ვასწავლე კორნელის ჩარჩოს მეთოდი, რათა მოსწავლეებს შეძლებოდათ სასწავლო მასალის გაგება-გააზრება. დავიწყე ფიქრი  კომპიუტერულ საკლასო ოთახში ჩასატარებელ გაკვეთილებზე – როგორი ფორმით  უნდა მიმეწოდებინა დავალებები  მოსწავლეებისათვის.

ედმოდოს ბიბლიოთეკაში სხვადასხვა რესურსების თავმოყრის შემდეგ, გაკვეთილზე  სასწავლო მასალის ოპერატიულად მოდიფიცირების შესაძლებლობა მეძლეოდა.

გაკვეთილების დაგეგმვისას ვითვალისწინებდი კონსტრუქტივიზმის პრინციპებს.

მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, ყოველთვის ვაცნობდი მათ გაკვეთილის მიზნებსა და  ამოცანებს. პროვოცირების ფაზაზე ვაწვდიდი თემის შესაბამის  სხვადასხვა თვალსაჩინოებებს – სურათს, მოდელს, ვიდეო მასალას, ვირტუალური სიმულაციის ბმულს ან   წინა დღით საშინაო დავალების სახით ვუგზავნიდი  სასწავლო მასალას, რაც სახლიდან სკოლისაკენ მომავალ  მოსწავლეს  უკვე სწავლის განწყობას უქმნიდა. კლასში პრაქტიკული სავარჯოშოების ან სიტუაციური ამოცანების შესრულებისას მათ უნდა ემუშავათ ლიმიტირებულ დროში და ნამუშევრები უნდა წარმოედგინათ შესრულებული ოქმის,  სქემების სახით, ზოგჯერ კითხვებზე პასუხების ან წარდგინების სახით. ეს კი მათ უვითარებდა პასუხისმგებლობისა და დროის მართვის უნარებს. რეფლექსიის ფაზაზე კი განხილული თემის ანალიზის, სინთეზის და ცოდნის განმტკიცებისათვის ვაძლევდი სხვადასხვა ტიპის დავალებებს – წერითი ტესტის, ონლაინ მსჯელობის, საკუთარი დამოკიდებულებების ჩამოყალიბების  საშუალებით, შეძლებოდათ ინფორმაციის ინტერპრეტირების და ტრანსფერის უნარების განვითარება.

ედმოდოს ხშირმა გამოყენებამ სასწავლო სივრცეში გაზარდა მოსწავლეთა კომუნიკაცია თანაკლასელებთან და ჩემთან, როგორც მათ ფასილიტატორთან.

ედმოდო დამეხმარა,  შემექმნა კლასში თვითორგანიზებული სასწავლო გარემო, სადაც ინტერნეტის, კოლაბორაციისა და სასწავლო მასალის საინტერესოდ შერწყმამ საშუალება მომცა, ხელი შემეწყო მოსწავლისთვის საჭირო უნარების   განვითარებისთვის.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.,,თვისებები, რომლებიც ქართველმა მოსწავლეებმა სკოლაში უნდა შეიძინონ“-22 მარტი,2014 წელი.rcs.ge

2,,შებრუნებული საკლასო ოთახის დანერგვა“-მასწავლებლის გზამკვლევის ელექტრონული ვერსია.

3.ლაბაძე მ.,,სწავლებისათვის სასარგებლო ინტერნეტ ინსტრუქციები“-14 ივნისი,2013 წელი-ჟურნალი მასწავლებელი

4.შურღაია ა. ,,ნაფეტვარიძე ნათია-სასწავლო-სოციალური ქსელი“-31 მაისი,2012 წელი -ჟურნალი მასწავლებელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი