პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

პროფესიული სტანდარტები განათლებაში

რა არის პროფესიული სტანდარტი განათლებაში?

პროფესიული სტანდარტები განათლებაში გასული საუკუნის ბოლო წლებში და 21-ე საუკუნის დასაწყისში აქტუალური თემა გახდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის განათლების სისტემაში. ზოგადად საგანმანათლებლო სტანდარტებზე დისკუსია პირველად მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსწავლეთა მიერ მიღწეული შედეგების კვლევა ჩატარდა. კვლევის შედეგებმა პირველად დააფიქრა განათლების სისტემის მესვეურები, შემოეღოთ ისეთი მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც მოსწავლეთა მიერ მისაღწევ მინიმალურ შედეგებს განსაზღვრავდა და დაეხმარებოდა მასწავლებლებს, ორიენტაცია აეღოთ, რა შედეგს უნდა მიეღწია მოსწავლეს სასწავლო პროცესის გარკვეული საფეხურის დასრულების შემდეგ.

განათლებამ ტერმინი „სტანდარტი” ტექნიკური სფეროდან ისესხა. „სტანდარტი” პროფესიულ ლიტერატურაში ასეა განმარტებული: „სტანდარტი არის დაინტერესებულ მხარეთა მიერ აღიარებული და შეთანხმებული ფორმა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ფორმის, დეტალის, მასის გასაზომად.” ფაქტობრივად გამოდის, რომ სტანდარტის ძირითადი ფუნქცია არის რაიმეს გაზომვა, რამდენად შეესაბამება მოცემული დეტალი დაინტერესებულ მხარეთა მიერ შეთანხმებულ სტანდარტს.
განათლების სისტემაში სტანდარტს დაახლოებით მსგავსი ფუნქცია აქვს, თუმცა მისი გამოყენების ფუნქცია კი გაცილებით მრავალფეროვანია. ზოგადად განათლებაში ორი სახის სტანდარტები არსებობს: საგანმანათლებლო და პროფესიული. რას ნიშნავს თითოეული მათგანი და რა მსგავსება-განსხვავებაა მათ შორის?
ორივე სახის სტანდარტებს შორის მსგავსებაც არის და განსხვავებაც. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი საგანანმანათლებლო და პროფესიულ სტანდარტებს შორის მათი ფუნქციებია. საგანანმანათლებლო სტანდარტები განსაზღვრავენ მოსწავლის მიერ გარკვეული კლასის ან სასწავლო საფეხურის დასრულების შემდგომ მისაღწევ შედეგებს. პროფესიულ სტანდარტებს განათლებაში კი მულტი ფუნქცია გააჩნიათ. პირველ რიგში პროფესიული სტანდარტი განსაზღვრავს რა უნდა შეეძლოს და რა უნდა იცოდეს ამ კონკრეტული პროფესიით მომუშავე ადამიანმა (მასწავლებელმა) საიმისოდ, რომ დაეხმაროს მოსწავლეს საგანმანათლებლო სტანდარტებით მისაღწევი შედეგების მიღწევაში. მარტივად რომ ვთქვათ, მასწავლებელმა უნდა იცოდეს მინიმუმ ის, რაც მოეთხოვება მოსწავლეს და მისი ცოდნისა და უნარების მაქსიმუმი განსაზღვრული არ არის. ამასთანავე უნდა ფლობდეს ამ ცოდნის გადაცემისა და მოსწავლის უნარების განვითარებისათვის საჭირო მეთოდოლოგიას.

პროფესიული სტანდარტები განათლებაში კი გამოიყენება მომავალი კადრების მომზადებისა და ასევე მათი პროფესიული განვითარების მიზნით; თვითშეფასების მიზნით, რათა მასწავლებელმა ან სკოლის დირექტორმა თავად შეძლოს შეაფასოს, რამდენად არის შესაბამისობაში მისი ცოდნა და უნარები იმ სტანდარტებთან, რომელიც სახელმწიფოს მიერ აღიარებულია, როგორც მისაღწევი და სასურველი შედეგი; პროფესიული სტანდარტები გამოიყენება უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესისათვის და ასევე განათლების ხარისხის მართვისა და განვითარებისათვის. როდესაც ვსაუბრობთ პროფესიულ სტანდარტებზე განათლებაში, პირველ რიგში ვგულისხმობთ საქართველოს განათლების სისტემაში მოქმედ სამ ძირითად დოკუმენტს: მასწავლებლის, სკოლის დირექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის სტანდარტებს.
როგორ ხდება პროფესიული სტანდარტის შემუშავება?

პროფესიული სტანდარტის შემუშავება ხანგრძლივი, შრომატევადი და ძალზე საპასუხისმგებლო საქმეა. პროფესიული სტანდარტის შემუშავებისას რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას უნდა გაეცეს პასუხი:

მაგალითად

რა გავლენა აქვს პროფესიულ სტანდარტებს უმაღლესი სასწავლებლების მოსამზადებელ პროგრამებთან?

ჩატარდა თუ არა სტანდარტების კვლევა საერთაშორისო გამოცდილების დონეზე, მოხდა თუ არა შედარებითი დახასიათება?

რა შედეგები მოაქვს სტანდარტებს მასწავლებელთა მოსამზადებელი პროგრამებისათვის?

რა კავშირშია სტანდარტი მასწავლებლობის მაძიებლობის ინსტიტუტთან?

იყო თუ არა ყველა დაინტერესებული მხარე სტანდარტის შემუშავებაში ჩართული? და იქნა თუ არა მათი მოსაზრებები მუშაობის დროს გათვალისწინებული?

განიხილება თუ არა სტანდარტები სისტემატურად?

ჩატარდა თუ არა პედაგოგების მომზადების დონესა და სტანდარტების მოთხოვნებს შორის არსებული მდგომარეობის დიაგნოსტიკა? (მასწავლებელთა აკადემიური საჭიროებების კვლევა)

მასწავლებლის სტანდარტის დაინტერესებული მხარეებს შორის ერთერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია არის ის უნივერსიტეტები, რომლებიც მომავალ მასწავლებელს ამზადებს. სტანდარტი განსაზღვრავს იმ სავალდებულო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რაც უნდა ჰქონდეს მომავალ მასწავლებელს. შესაბამისად, უნივერსიტეტისათვის მასწავლებლის სტანდარტი არის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ის ქმნის მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამას. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისათვის პროფესიული სტანდარტები არის ასევე დამხმარე დოკუმენტი, რათა უნივერსიტეტებმა შეძლონ, თავიანთი სასწავლო პროგრამები მოარგონ არსებულ დამტკიცებულ სტანდარტებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მომავალი მასწავლებლების მომზადების პროგრამები ისეა გაწერილი, რომ შესაბამისობაშია სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ მაღალკვალიფიციური მასწავლებლის მიერ შესასრულებელ სტანდარტებთან.
პროფესიული სტანდარტების შემუშავებას ყოველთვის უძღვის წინ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში არსებული მსგავსი დოკუმენტების კვლევა. კვლევის მიზანია, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული ეროვნული სტანდარტები შესაბამისობაში იყოს სხვადასხვა წარმატებული ქვეყნებისა და განათლების სისტემების მიერ აღიარებულ და დამტკიცებულ სტანდარტებთან.
მასწავლებლის სტანდარტის მიხედვით ხდება მაძიებლის სტანდარტის შემუშავება. ამ დოკუმენტის მიზანია, რომ დაადგინოს, რა უნარების განვითარება ესაჭიროება მასწავლებლობის მაძიებელს იმისათვის, რომ შეძლოს პროფესიაში შესვლა. მაძიებლის სტანდარტი ეხმარება ერთის მხრივ თავად მაძიებელს იმაში, რომ მან თანმიმდევრულად შეძლოს იმ უნარების განვითარება პრაქტიკაში, რომელიც მას, როგორც დამოუკიდებლად მომუშავე მასწავლებელს აუცილებლად დასჭირდება. მეორეს მხრივ კი მაძიებლის სტანდარტი არის ერთგვარი გზამკვლევი მენტორისათვის, რათა იგი დაეხმაროს მაძიებელს, წარმატებით გაიაროს მოსამზადებელი პერიოდი პროფესიაში შესვლამდე.

სტანდარტების შემუშავებაში ჩართულები არიან როგორც საგნის ექსპერტები, ფსიქოლოგები და განათლების სპეციალისტები, ასევე თავად მასწავლებლები. მასწავლებლების ჩართვა სამუშაო პროცესში ერთერთი აუცილებელი პირობაა, რადგან მასწავლებლის მიერ გამოთქმული შენიშვნები და შემოთავაზებები მაქსიმალურად იქნას გათვალიწინებული სამუშაო პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში სტანდარტი ვერ იქნება ქმედითი დოკუმენტი და ის პრაქტიკაში ვერ განხორციელდება.
სტანდარტი დინამიური დოკუმენტია და იგი პერიოდულად იცვლება. ცვლილებები სტანდარტში უკავშირდება პირველ რიგში ერთერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს- ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმა. როდესაც ცვლილებები შედის ეროვნულ სასწავლო გეგ მაში, ეს ცვლილებები აუცილებლად უნდა აისახოს მასწავლებლის სტანდარტშიც. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს, რომ მოსწავლის მიერ მისაღწევია ისეთი შედეგები, რომლებიც არ არის ასახული მასწავლებლის სტანდარტში და მათი სწავლება მასწავლებელს, უბრალოდ, არ ევალება. ამას გარდა საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში სისტემატურად ხდება მასწავლებლის პროფესიის კვლევა, მოსწავლეთა მიერ მისაღწევი შედეგების გადახედვა და კორექტირება. მიმდინარე ცვლილებებზე მუდმივი დაკვირვებით, ადგილობრივად ჩატარებული კვლევებისა და სერტიფიცირების შედეგების ანალიზის საფუძველზე მზადდება ცვლილებები მასწავლებლის სტანდარტის დახვეწისა და მისი შესაბამისობის მიზნით საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან.
პროფესიული სტანდარტების კრიტიკა და ანალიზი

პროფესიული სტანდარტების კრიტიკოსების მთავარი არგუმენტი არის ის, რომ სტანდარტებმა გამოიწვია მასწავლებელთა მოსამზადებელი პროგრამების „გადავსება” სასწავლო თეორიული მასალით და პრაქტიკის ნაკლებობა. რადგან მასწავლებლობა პრაქტიკული საქმიანობაა, კრიტიკოსები თვლიან, რომ მთავარი დატვირთვა მასწავლებლების მომზადებისა და პროფესიული განვითარების დროს უნდა ეთმობოდეს პრაქტიკას, გამოცდილებას და სისტემატურ წვრთნას, ნაკლებად გადაჭარბებული თეორიული ცოდნის მიღებას. მომავალი და მოქმედი მასწავლებლები აღჭურვილნი უნდა იყვნენ მეტი უნარებით, რომლებიც მათ პროფესიული და პიროვნული თვითგანვითარებისათვის ესაჭიროებათ. მასწავლებელმა თავად გადაწყვიტოს, რა ესაჭიროება მას იმისათვის, რომ იყოს კარგი მასწავლებელი და არა სახელმწიფომ უკარნახოს ეს. კრიტიკოსები თვლიან, რომ ორი უმთავრესი პირობა მასწავლებელთა პიროვნული და პროფესიული განვითარებისათვის არის ნდობა და თავისუფლება. მასწავლებელს ასევე ესაჭიროება არა სტანდარტების დაწესება, არამედ ფუნდამენტური უნარების განვითარება, ისეთების, როგორიცაა კვლევის ჩატარება, დროის მენეჯმენტი, თვითშეფასება, მოტივაციისა და კომუნიკაციის უნარი და სხვა.

სხვადასხვა საერთაშორისო კვლევის ჩატარებამ და შედეგების ანალიზმა ბევრი განვითარებული ქვეყანა დააფიქრა პროფესიული სტანდარტების აუცილებლობაზე განათლების სისტემაში. ამგვარი სტანდარტები იცავს ქვეყნებს საერთაშორისო დონეზე ცუდი შედეგების ჩვენებისაგან და ასევე განაპიროებებს განათლების ხარისხის მართვას სახელმწიფოში. ამიტომ პირველადი კრიტიკისა და უნდობლობის მიუხედავად მასწავლებლის პროფესია მაინც რეგულირებად და სახელმწიფოს მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება მრავალ ქვეყანაში.
პროფესიული სტანდარტების შემოღება, პირველ რიგში, „საფრთხეს” უქმნის გამოცდილი და პროფესიაში დიდ ხანს მყოფი მასწავლებლის გამოცდილებასა და ცოდნას, რადგან სტანდარტები თავისთავად ბევრ სიახლეს ამკვიდრებს პროფესიაში და შესაბამისად მასწავლებელმა, მის მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნასა და გამოცდილებას, კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს და გადასინჯოს ისინი ახალ მოთხოვნებთან მიმართებაში. პროფესიული სტანდარტების შემოღებამ მასწავლებელი მიაჩვია იმას, რომ ცოდნა სწრაფად იცვლება და მას სისტემატური განახლება სჭირდება. ზოგადად განათლების სისტემა და მით უმეტეს მასწავლებლის პროფესია ერთერთი ყველაზე კონსერვატიზმისკენ მიდრეკილი დარგი იყო ყოველთვის. პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება და მათი სისტემატური განახლება ამ მოძველებულ შეხედულებას თანდათანობით ამარცხებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი