ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სწავლების ეფექტიანი სტრატეგიები: გონებრივი იერიში

მეცხრამეტე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ამერიკელმა ალექს ოსბორნმა (1888-1966) შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც ლიტერატურაში „გონებრივი იერიშის” სახელითაა ცნობილი. შემდგომ ეს სტრატეგია დახვეწა კლარკმა. ოსბორნი რეკლამის სფეროში მუშაობდა. მას თვალში მოხვდა, რომ სტანდარტული სამუშაო შეხვედრები უფრო აფერხებდა, ვიდრე სტიმულს აძლევდა კრეატიული იდეების პოვნას. ოსბორნმა შეამჩნია, რომ როდესაც რაიმე პრობლემის გადაჭრის გზებს განიხილავდნენ, ახალი იდეების დაბადებას სისტემატურად აფერხებდა კოლეგების ნეგატიური და კრიტიკული კომენტარები. მან დაიწყო გზების ძიება ისეთი მიდგომის დასანერგავად, რომელიც კრეატიული და ინოვაციური გადაწყვეტილებების პოვნაში დაეხმარებოდა. ასეთად მან გონებრივი იერიში მიიჩნია.

გონებრივი იერიშის ეტაპები

გონებრივი იერიშის ძირითადი პრინციპი ასეთია:

. მოსამზადებელ ეტაპზე გონებრივი იერიშის ინიციატორს ხელთ უნდა ჰქონდეს მეთოდისთვის საჭირო ყველა რესურსი – დაფა, ფლიფჩარტი, მარკერი, ცარცი და სხვ.; უნდა განისაზღვროს, ვინ იქნება მოდერატორი/ფასილიტატორი, ანუ ვინ წარუძღვება პროცესს. ინიციატორიც და მოდერატორიც უმეტესად მასწავლებელია, მაგრამ შეიძლება იყოს ჯგუფის რომელიმე წევრიც.
გონებრივი იერიშის დაწყებამდე უნდა მოხდეს მკაფიო ფორმულირება იმ საკითხისა, რომლის გარშემოც უნდა განვითარდეს იდეები.
კლარკი განასხვავებს საკითხის დასმის ორ შესაძლებლობას:
1. ზოგადი კითხვები, რომლებიც ახსნის მრავალ შესაძლებლობას გვთავაზობს (მაგ., რა პრობლემები შეიძლება წარმოშვას ტყეების გაჩეხვამ?);
2. კონკრეტული კითხვები, რომლებიც მიმართულია უშუალოდ პრობლემის გადაჭრისკენ (მაგ., როგორ მოიქცეოდი თავად ამ ეკოლოგიური პრობლემის თავიდან ასაცილებლად?).

პირველ ეტაპზე, რომელშიც მაქსიმალურად ჩაერთვება ყველა მონაწილე, უნდა წამოიჭრას შეძლებისდაგვარად ბევრი იდეა, იმის განუსჯელად, რომელი მათგანია უფრო მომწიფებული და ხარისხობრივად ღირებული, რომლის დანერგვა და განხორციელება უფრო მოგებიანია. ჯგუფიდან წამოსული ყველა იდეა კრიტიკისა და სელექციის გარეშე ფიქსირდება დაფაზე/ფლიფჩარტზე. იდეების ჩამწერი, პროტოკოლანტი, შეიძლება იყოს თავად მოდერატორიც და ჯგუფის რომელიმე სხვა წევრიც. შესაძლოა, უჩვეულოდ მოგვეჩვენოს, რომ ამ ეტაპზე უპირატესობა ენიჭება იდეების რაოდენობას და არა ხარისხს, მაგრამ პროცესის დასაწყისში ყოველთვის ძნელი სათქმელია, რომელი იდეა პრობლემის მოგვარების რა პოტენციალს შეიცავს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ჯგუფის ერთი წევრის მიერ გამოთქმულ იდეას სხვები განავრცობენ. ასე მივდივართ სინერგეტიკულ ეფექტამდე, რომლის დროსაც ჯგუფის ცალკეულ წევრთა გონებაში ახალი, კრეატიული აზრები მწიფდება. გონებრივი იერიშის დროს წინა პლანზე დგას არა უკვე არსებული იდეებისა და გადაჭრის გზების რეპროდუქცია, არამედ ახალ შესაძლებლობათა კონსტრუქციული პოვნა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, მონაწილეებმა გამოხატონ არასტანდარტული, უჩვეულო ასოციაციები, რომლებმაც შესაძლოა ჯგუფის სხვა წევრებშიც საინტერესო ასოციაციები აღძრას.

გონებრივი იერიშის მეთოდს წარმატებით რომ ემუშავა, პირველი ეტაპისთვის ოსბორნმა შემოიღო რამდენიმე ძირითადი კანონი, რომლებიც კრეატიული იდეების შეგროვების გარანტია უნდა ყოფილიყო:

1. არ გააკრიტიკო არც ერთი იდეა, რადგან ყველა იდეა ღირებულია.
2. რაც უფრო მეტი იდეა წამოვა ჯგუფიდან, მით უკეთესი.
3. შევავსოთ და გავაუმჯობესოთ უკვე არსებული იდეები.
4.  რაც უფრო უჩვეულო და ორიგინალურია იდეა, მით უკეთესი.
5. ნუ შეგეშინდებათ, იყავით თამამი, ორიგინალური.
6. ჩამოაყალიბეთ იდეა მოკლედ, ლაკონურად და ნათლად.
ამ ეტაპზე მოდერატორის ძირითადი ფუნქციაა:
1. მოითხოვოს ჯგუფისგან რაც შეიძლება მეტი იდეა;
2. დაეხმაროს მონაწილეებს იდეების ლაკონურად ჩამოყალიბებაში;
3. მიუთითოს ჩანაწერების გამკეთებელს, როგორ გადაიტანოს იდეა მოკლედ ფლიფჩარტზე/დაფაზე;
4. შეაწყვეტინოს მონაწილეებს იდეის კრიტიკა და კიდევ ერთხელ შეახსენოს მათ, რომ მომდევნო ეტაპზე ყველას ექნება საშუალება, გააანალიზოს ნებისმიერი იდეა და შეაფასოს მისი ღირებულება.

მაშასადამე, მეთოდის პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია, შეიქმნას სამუშაო ატმოსფერო, სადაც მონაწილეთა მიერ წამოჭრილი ყველა იდეა განიხილება თანაბარი ღირებულების მქონედ. ასეთ ატმოსფეროში იდეების ნაკადი უფრო სწრაფად და მარტივად წარმოიშობა.

გონებრივი იერიშის ამ ეტაპზე მონაწილეები მაქსიმალურად ერთვებიან პროცესში, მათ უვითარდებათ ასოციაციური და კრეატიული აზროვნება

.

ბუნებრივია, პირველ ეტაპზე შეგროვილი იდეები კრიტიკულ გადახედვას მოითხოვს, ამიტომ გონებრივი იერიშის მომდევნო ეტაპზე ჯგუფი განიხილავს თითოეულ მათგანს, აზუსტებს იდეებს, რომლებიც ბოლომდე არ არის ნათელი და უარყოფს მათ, რომლებიც, მონაწილეთა აზრით, არ გაჭრის, ხელს ვერ შეუწყობს პრობლემის მოგვარებას.
განხილვის პროცესში ზოგიერთი მონაწილე აღმოაჩენს, რომ იდეა, რომელიც მათ პირველ ეტაპზე უსარგებლო და აბსურდული მოეჩვენათ, შეიძლება სასარგებლოდ იქნეს გამოყენებული.
გაცხრილვის ეტაპზე ჯგუფი ფოკუსირებულია მცირე რაოდენობის განხორციელებად, საინტერესო იდეაზე. უსარგებლო იდეების გამოხშირვის შემდეგ მონაწილეები ერთმანეთის მსგავს იდეებს აჯგუფებენ.
გონებრივი იერიშის ამ ეტაპზე მონაწილეებს უვითარდებათ ისეთი მაღალი სააზროვნო უნარები, როგორიც არის ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.
გონებრივი იერიშის არსებითი დაყოფა იდეების შემოქმედებითი გენერირებისა და ლოგიკურ-ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების ეტაპებად წარმოადგენს მეთოდის საფუძველს.
მეთოდის პრაქტიკული დასაბუთება
მეთოდის განხორციელების ეფექტიანობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ჯგუფის სიდიდეზე, სასწავლო ატმოსფეროსა და ხელმძღვანელის პროფესიონალიზმზე.

მეთოდის ეფექტიანად განხორციელებისთვის ჯგუფში 6-დან 20-მდე წევრი უნდა იყოს.
ჯგუფის ხელმძღვანელი/მოდერატორი უნდა იყოს ნეიტრალური, არ გამოხატავდეს არც ერთი იდეისადმი თავის დამოკიდებულებას, თავს არიდებდეს საკუთარი იდეის გამოთქმას, რადგან ამან შესაძლოა წარმოშვას მოსწავლეებით მანიპულირების საფრთხე – ისინი შეუერთდებიან ამ იდეას და მათი კრეატიულობა, ინოვაციები და ინდივიდუალური გადაწყვეტილებები დაიბლოკება. ასეთი რამ განსაკუთრებით მაშინ არის მოსალოდნელი, როცა ხელმძღვანელის/მოდერატორის როლში მასწავლებელია.
ნიმერგუტი (1975) განსაზღვრავს ხელმძღვანელობისთვის აუცილებელ ოთხ ამოცანას:
1. ყურადღება მიაქციე თამაშის წესების დაცვას;
2. პრობლემა/თემა წარადგინე მოკლედ და ლაკონურად;
3. კომუნიკაცია მონაწილეებთან ისე დაამყარე, რომ თავს არ მოახვიო საკუთარი აზრი;
4. თუ მონაწილეებმა გადაუხვიეს თემას, უზრუნველყავი კვლავ საკითხთან დაბრუნება;
5. უზრუნველყავი მონაწილეთა თანაბარი ჩართულობა.
გონებრივი იერიშის ვარიაციები
1. 6, 5, 3 მეთოდი
მეთოდის ამ ვარიაციაში უფრო მკაცრი წესებია, ვიდრე კლასიკური გონებრივი იერიშის დროს. 6 მონაწილე 5 წუთში ამუშავებს პრობლემის გადაჭრის სამ-სამ შესაძლებლობას. ამ დროს თითოეულ მონაწილეს ეძლევა ფურცელი ცხრილით, რომელიც სამი სვეტისა და ექვსი რიგისგან შედგება. თითოეული ავსებს სამივე სვეტის მხოლოდ პირველ რიგს სამი სხვადასხვა იდეით. შემდეგ ეს ფურცლები შემოივლის წრეს და ყოველ მომდევნო წევრს შეუძლია შეავსოს, განავრცოს წინამორბედის მიერ დაფიქსირებული იდეა. თუ ეს საჭიროდ არ მიიჩნია ან არაფერი მოუვიდა თავში, გრაფას ცარიელს ტოვებს. მას შემდეგ, რაც ყველა გრაფა შეივსება, იწყება მსჯელობა და იმ იდეების გამოყოფა, რომლებიც ჯგუფს უმჯობესად მიაჩნია პრობლემის მოსაგვარებლად.

ცხრილი

თემა/პრობლემა:

X  მონაწილის ერთი იდეა

X მონაწილის მეორე იდეა

X მონაწილის
მესამე იდეა

Y მონაწილის მიერ იდეის განვრცობა

Y მონაწილის მიერ იდეის განვრცობა

Y მონაწილის მიერ იდეის განვრცობა

Z მონაწილის მიერ იდეის განვრცობა

Z მონაწილის მიერ იდეის განვრცობა

Z მონაწილის მიერ იდეის განვრცობა

და ა.შ.

 

 

 

 

 

 

 

 

კლასიკურ გონებრივ იერიშთან შედარებით ამ ვარიანტს რამდენიმე უპირატესობა აქვს:
* მონაწილეებს არ სჭირდებათ ლოდინი საკუთარი იდეის გამოსათქმელად;
* თითოეული წერილობით თავად ახდენს საკუთარი აზრის ფორმულირებას;
* თითოეული მოსწავლე ისე აყალიბებს საკუთარ იდეებს, რომ არ იცნობს სხვებისას და, ამრიგად, არ ექცევა მათი გავლენის ქვეშ;
* მაქსიმალურად ვარჯიშდება ყველა მონაწილის კრეატიულობა.
მეთოდის სუსტ მხარედ კი ის შეიძლება მივიჩნიოთ, რომ მონაწილეები მკაცრ კანონებს ემორჩილებიან, რამაც შესაძლოა დააბრკოლოს მათი კრეატიულობა.
2. ბარათებით მუშაობა
თითოეულ მონაწილეს ურიგდება ცარიელი ბარათები, რომლებზეც ისინი თავიანთ იდეებს ჩამოწერენ. ამ დროს მათ სამი მნიშვნელოვანი პირობა უნდა გაითვალისწინონ:
1. წერონ დიდი ასოებით, ისე, რომ ნაწერი ყველასთვის თვალსაჩინო იყოს;
2. თითოეულ ბარათზე უნდა ეწეროს არა უმეტეს სამი სტრიქონისა;
3. შემდეგ ეს ბარათები კედელზე უნდა გაეკრას, იერიშის მონაწილეებმა წაიკითხონ ისინი, მოახდინონ იდეების სელექცია და დაჯგუფება.
მეთოდის ამ ვარიანტის ღირსება ის არის, რომ მონაწილეები, ისევე როგორც წინა ვარიანტში, იდეების ჩამოყალიბებისას არ ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ.
გონებრივი იერიშის დადებითი და უარყოფითი მხარეები
დადებითი მხარეები:
* ხელს უწყობს ინოვაციური იდეებისა და პრობლემის გადაჭრის ადეკვატური გზების პოვნას;
* მონაწილეებს პრობლემის სხვადასხვა კუთხით დანახვაში ეხმარება;
* ხელს უწყობს შემოქმედებითი, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
* მაღალია მონაწილეთა ჩართულობა;
* ყველა მონაწილეს აქვს ერთი და იგივე სტატუსი და უფლებები;
* ის, რომ პირველ ეტაპზე ყველა იდეა ფასეულია, მოსწავლეებს სხვისი აზრის პატივისცემას უნერგავს;
* მოსწავლეებს უვითარდებათ კომუნიკაციური უნარები – ისინი ეჩვევიან, ერთი მხრივ, საკუთარი აზრების მოკლედ და გასაგებად ჩამოყალიბებას, მეორე მხრივ – სხვათა აზრების წვდომას და მათ  განვრცობა-განვითარებას;
* მარტივია მოდერაცია;
* მეთოდი მოითხოვს მინიმალურ რესურსსა და ხარჯს;
* მინიმალურია ჯგუფის წევრებს შორის კონფლიქტის წარმოშობის საფრთხე, რადგან იდეების გენერირების პროცესში ყველა აზრი მისაღებია;
* შესაძლებელია სხვა მეთოდებთან ერთად მისი კომბინირებული გამოყენება.
უარყოფითი მხარეები:
* მეთოდის ეფექტიანობა მეტად არის დამოკიდებული მონაწილეებზე;
* არსებობს თემიდან გადახვევის საშიშროება;
* ზედმიწევნით კრიტიკული სელექციის დროს შესაძლოა ვარგისი იდეა დაიკარგოს;
* ძნელია პატენტის დაცვა (დადგენა, თავდაპირველად ვის ეკუთვნოდა იდეა);
* მეთოდის სრულყოფილად განხორციელებას დიდი ხანი სჭირდება, განსაკუთრებით – იდეების სელექციის ეტაპზე.
მეთოდის გამოყენება
გონებრივი იერიში განსაკუთრებით ეფექტიანი შეიძლება იყოს გაკვეთილის საწყის ეტაპზე, ახალი თემის შეტანისას. მისი მეშვეობით მასწავლებელს შეუძლია, სწრაფად გაიგოს, რა იციან მოსწავლეებმა განსახილველი თემის შესახებ და როგორია მათი დამოკიდებულება საკითხის მიმართ, რაც მას გაკვეთილის სწორად აგებაში დაეხმარება და თავიდანვე უზრუნველყოფს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას.
მეთოდი ეფექტიანია მაშინაც, როდესაც არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი საკვლევი თემისა და პრობლემის გადაწყვეტის თაობაზე. გონებრივი იერიშის საშუალებით მრავალი კრეატიული და ინოვაციური იდეისგან კონსენსუსის საფუძველზე გამოიყოფა რამდენიმე ყველაზე ღირებული, რომლებიც პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზას წარმოადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი