ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ბილწ სიტყვათა შესაქმე

ცოტა ხნის წინ ერთი ძალიან საინტერესო ფილმი ვნახე. ფილმს „ღორი“ ჰქვია, რეჟისორი გიგა ლიკლიკაძეა.

ფილმის შესახებ მის ნახვამდეც ბევრი მქონდა გაგონილი, თუმცა, უნდა ვაღიარო, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე უნახავად, მხოლოდ იმ მიზეზით „დავიწუნე“, რომ „ღორი“ ერქვა. რაღაცნაირად ცუდ სიტყვად მეჩვენა ეს „ღორი“ და მის ნაცვლად სრულიად არაფრისმომცემი სხვა ქართული ფილმი ვნახე. ჩემი ამგვარი წინასწარი განწყობა სხვა ფაქტორმაც განაპირობა: პირველი ჩვენების შემდეგ, ნაცნობებს რომ ვეკითხებოდი შთაბეჭდილებას, მათი პასუხებიდან ერთი რამ დავასკვენი – „ბილწ სიტყვათა“ კორიანტელი მდგარა ამ ფილმში. სიმართლე ითქვას, ამ დასკვნაში არც შევმცდარვარ, მაგრამ მთავარში შევცდი: ეს ფილმი აუცილებლად უნდა მენახა, თუნდაც იმისთვის, რომ სიტყვათა შესახებ სტერეოტიპული წარმოდგენებისგან საბოლოოდ გავთავისუფლებულიყავი. ამიტომაც, მადლობა ჩემს მეგობარს, ფილმის ჩვენებაზე წასვლა რომ დაიჟინა.

„ღორის“ ანალიზს აქ არ მოვყვები, მასზე უკვე ბევრი დაიწერა და, დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი დაიწერება. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ფილმის ნახვა მარტო იმისთვისაც ღირს, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საკუთარ თავს ჭეშმარიტი პასუხი კითხვაზე: „რა ღირს ამ ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლე?“

დიახ, ამ ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლეს ერთი ღორის ფასი აქვს, თანაც ისეთი ღორისა, რომელიც არ იყიდება და ამაში ჩვენი ყოველდღიურობა მწარე მაგალითებით გვარწმუნებს. თუმცა აქ ამ ფილმზე საუბარი ჩვენების შემდეგ გამართული დისკუსიის გამო უფრო მომინდა, ვიდრე მისი მართლაც მაღალი მხატვრული ღირებულების გამო: დისკუსიისას რამდენიმე მაყურებელმა დარბაზიდან რეჟისორს უსაყვედურა – ამდენი გინება, ამდენი ცუდი სიტყვა რა უბედურებააო. ერთმა ქალბატონმა ისიც კი თქვა – ხელოვნებაში ცუდი სიტყვების ადგილი არ არისო. მე კი სულ პირიქით მგონია, უფრო სწორად, სულ თავდაყირა მეჩვენება ეს ამბავი. ამიტომაც, ცუდ და კარგ სიტყვათათვის არსებობის უფლების მინიჭება-არმინიჭების საკითხის გადასაჭრელად, საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა დავუსვი.

კითხვა პირველი: არსებობს ცუდი სიტყვები?

პასუხი: დიახ, არსებობს.

ცუდი სიტყვაა სიკვდილი. ცუდი სიტყვაა დაცინვა. ცუდი სიტყვაა შეურაცხყოფა. ცუდი სიტყვაა მოტყუება. ასევე ცუდი სიტყვაა სიძულვილი. და კიდევ უფრო ცუდი – შურისძიება.

მაგრამ ამ სიტყვებს ჩვენ ხშირად ვიმეორებთ – მოურიდებლად, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე, და არ მეგულება მსმენელი თუ მკითხველი, მათი მოსმენისას აღშფოთება გამოხატოს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ბევრად უფრო დამანგრეველი ძალა აქვთ, ვიდრე, მაგალითად, გენიტალიების აღმნიშვნელ რომელიმე რიგით ქართულ სიტყვას, ისინი ლაღად, მშვიდად, თავდაჯერებით და სრულუფლებიანად ცხოვრობენ ჩვენს ყოველდღიურ ლექსიკონში.

კითხვა მეორე: არის თუ არა ცუდი სიტყვების ადგილი კარგ ნაწარმოებში?

პასუხი: რა თქმა უნდა, არის!

აბა, გავიხსენოთ, რამდენი ლექსი, მოთხრობა, რომანი, ესსე, პოემა, ნახატი, ქანდაკება, ფილმი, სპექტაკლი შექმნილა ზემოთ მოხმობილ ცუდ სიტყვათა შესახებ. მე არ მეგულება შურისძიებაზე უფრო ცუდი სიტყვა, მაგრამ განა ამ სიტყვის გარშემო არ ტრიალებს მთელი ჩვენი მხატვრული და ლიტერატურული ტრადიცია? და კაციშვილს არ გვიჩნდება პროტესტის გრძნობა, როდესაც ვუყურებთ ფილმს, რომელშიც რომელიღაც სუპერგმირი ერთმანეთის მიყოლებით ხოცავს ადამიანებს. უფრო მეტიც: ამ სუპერგმირის მიმართ თანაგრძნობითაც კი ვიმსჭვალებით და მის „გამარჯვებას“ ფილმის ბოლოს ტაშითაც აღვნიშნავთ.

ამ ცუდ სიტყვებს ყოველგვარი უხერხულობის მიღმა, ნეტარებითა და აღმაფრენით ვკითხულობთ საყოველთაოდ საყვარელ, მისაღებ და „აუცილებლად წასაკითხ“ მხატვრულ ნაწარმოებებშიც, აღტაცებით ვუმზერთ მათ გამოვლინებებს მაღალი ხელოვნების კუთვნილი ტილოების, ქანდაკებების, ფილმების სიუჟეტებში და ერთსულოვნად ვიმეორებთ, რომ დიახ, ამ ყველაფრის ადგილი სწორედ აქ – ამ მაღალ, ძალიან მაღალ ხელოვნებაშია.

კითხვა მესამე: რით განსხვავდება ცუდი სიტყვები უწმაწური სიტყვებისგან?

პასუხი: თითქმის არაფრით.

უწმაწურ სიტყვებად უმეტესად გინების ან შეურაცხყოფის სემანტიკის მქონე სიტყვებს აღვიქვამთ. რა თქმა უნდა, არც გინებაა სახარბიელო რამ და არც შეურაცხყოფა, მაგრამ რაკი ამ სამყაროს შედარებითობის პრინციპზე ვატრიალებთ, მოდი, აქაც შედარების ხერხს მივმართოთ და წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს არჩევანი ასე თუ ისე მსუბუქ უწმაწურ მიმართვას „ღორი!“ და იმ ცნებას შორის, რომელსაც სიტყვა „შეურაცხყოფით“ გამოვხატავთ. რა იცვლება? დამეთანხმებით, შინაარსი – არა! მაშ, რატომ გვაღიზიანებს ლიტერატურასა და ხელოვნებაში არა შეურაცხყოფის ცნება ან გნებავთ თემა, არამედ კონკრეტული ფრაზები? დიახ, ფრაზები გვაღიზიანებს, თორემ ის ფაქტი, რომ ვიღაცა ვიღაცას შეურაცხყოფს, დიდად არც ხელოვნებასა და ლიტერატურაში გვაღელვებს და არც ცხოვრებაში. ამის თვალსაჩინო მაგალითებსაც ყოველ ნაბიჯზე გვთავაზობს ჩვენი ყოველდღიურობა. და მაინც, რატომ არის ასეთი ჩვეულებრივი და მისაღები მოვლენა ჩვენში ერთმანეთის შეურაცხყოფა, ლანძღვა, ქირქილი, დაცინვა, მოტყუება, სიძულვილი, ამ ყოველივეს ამსახველი ფრაზების გამოყენება კი ლიტერატურისა და ხელოვნებისთვის მიუღებელი?

აქ ალბათ ფსიქოანალიტიკოსების პასუხთა კორიანტელიც უნდა დამეყენებინა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მათი აზრი ისეთი უცნაური ლინგვისტური მენტალობის მქონე ხალხის შესახებ, როგორებიც ქართველები ვართ, ხელს დიდად არ მომცემს. ამიტომ ისევ საკუთარ გენეტიკურ თვითგამორკვევას მივმართავ და კიდევ ერთ კითხვას დავუსვამ საკუთარ თავს:

– რა მაღიზიანებს ბილწსიტყვაობაში?

პასუხი: მგონი, ჟღერადობა. თორემ უამრავი სიტყვის სინონიმების ჩამოთვლა შემიძლია, რომლებიც ზუსტად ისეთივე სემანტიკურ ველში იმყოფება, როგორშიც ე.წ. უწმაწური თუ ბილწი სიტყვები. თუმცა ეს უწმაწური სიტყვები გვაღიზიანებს, მათი ევფემისტური სინონიმები კი – არა, უფრო მეტიც – სამეცნიერო ენაშიც ვიყენებთ მათ, მხატვრულ ლიტერატურაშიც და ფეისბუქპოსტებშიც, თანაც ისე, რომ კაციშვილი ვერ იტყვის ჩვენზე – ოჰ, ეს უზრდელიო.

რა თქმა უნდა, ეს ფენომენი ქართული მოვლენა სულაც არ არის. თითქმის ყველა ენაში არსებობს სიტყვები, რომლებიც, მიუხედავად ერთნაირი სემანტიკისა, სხვადასხვაგვარი ლინგვისტური უფლებებით სარგებლობს. მაგრამ იმ ენებს შორის, რომლებთანაც მეტ-ნაკლებად ვმეგობრობ, ქართული მაინც გამოირჩევა ლიტერატურასა და ხელოვნებაში უწმაწური სიტყვებისა და ფრაზების მიუღებლობით. ეს ერთგვარი ლინგვისტური კომპლექსია, რომელიც ისტორიულ-კულტურულ-რელიგიურ ფაქტორებს ეფუძნება. ამიტომაც ვყოფთ სიტყვებს კატეგორიებად – ცუდ და კარგ სიტყვებად და მე მგონია, ამაზე დიდ შეურაცხყოფას სიტყვებს ვერ მივაყენებთ.

ვისაც თარგმნის გამოცდილება აქვს, აუცილებლად მიმიხვდება, საითაც მიმყავს საუბარი. მახსოვს, როდესაც ერთ ძალიან კარგ წიგნს ვთარგმნიდი, რომელიც ბერძნული ენის თითქმის ყველა შრეს მოიცავს – თავისი ამაღლებულ-დამდაბლებული სტილებითა და საუკუნოვან, „ცუდ“ და „კარგ“ სიტყვათა ნაკადებით, ძალიან ახლობელმა ადამიანმა მთხოვა, ეს „ცუდი სიტყვები“ ევფემიზმებით შემეცვალა. არ დავუჯერე და კარგადაც მოვიქეცი. როდესაც იგივე თარგმანი ჩემთვის ასევე ძალიან ძვირფასმა სხვა ადამიანმა წაიკითხა, ცოტა შეიცხადასავით – ეს რა სიტყვები გცოდნიაო. საქმე ისაა, რომ ეს სიტყვები, რომელთა ქართულად თარგმნამაც ერთგვარი ცენზურის შემთხვევები განაპირობა ჩემს სივრცეში, ქართულისგან განსხვავებით, ბერძნულად არც ისე ყურისმომჭრელად ჟღერს. მაგრამ მე თვითონაც ცენზორი ვარ, თვითცენზორი, და სხვისი რა უნდა გამიკვირდეს? როდესაც ლათინურ ანატომიურ ტერმინებს ვასწავლი ქართველ სტუდენტებს, ვერიდები კონკრეტული ტერმინების თქმას, ვინაიდან არა ერთი და ორი შემთხვევა მქონია ლექციაზე ამ ანატომიური ტერმინების წარმოთქმისას შექმნილი საყოველთაო სიცილ-ხარხარის ჩახშობის წარუმატებელი მცდელობისა. მით უმეტეს, ვერაფრით ვიტყვი ამ ტერმინთა ქართულ შესატყვისებს: აბა, წარმოიდგინეთ ლექტორი, რომელიც ლათინურად ასწავლის სტუდენტებს მაგალითად, სასქესო ორგანოთა სახელწოდებებს და იქვე მათ ქართულ თარგმანსაც მოიხმობს. გარდა იმისა, რომ საყოველთაო სიცილ-ხარხარის ნაკადს ვერაფრით ჩავახშობ, ალბათ, კრიტიკის ქარცეცხლშიც გავეხვევი მავანთა და მავანთა ეკლექტური აკადემიზმის შეურაცხყოფის გამო. არადა, რატომ არ უნდა შემეძლოს მე, ქართველს, ქართველი სტუდენტებისთვის ლათინურის სწავლებისას ლათინური სიტყვების ქართული შესატყვისების წარმოთქმა ისე, რომ ამან უხერხულობა არ გამოიწვიოს? იმიტომ, რომ ქართული ენა ტერმინებს ვეღარ აწარმოებს. თანაც – უკვე დიდი ხანია. და ეს ძალიან სევდიანი ამბავია.

ვერ აწარმოებს სწორედ იმ ლინგვისტური კომპლექსის გამო, რომელიც არ ვიცი, ვინ ან რატომ ჩაგვინერგა ამ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს. ჩვენ უცხო სიტყვათა მოხმობისას რატომღაც უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს, ვიდრე მშობლიური ენის სიტყვებით აზრის გამოხატვისას. აქაც, ამ სტატიაში, რომ დაითვალოთ, რამდენი უცხო სიტყვა გამოვიყენე, აუცილებლად მისაყვედურებთ, მაგრამ იმით დაგამშვიდებთ, რომ მეც ვსაყვედურობ ხოლმე თავს, როდესაც, მაგალითად, ამ თხზულებას ტექსტს ვუწოდებ. ეს ხომ ენის ჩაგვრაა და სხვა არაფერი?! დიახ, ჩვენ ქართულ ენას ვჩაგრავთ ყოველ ჯერზე, როცა კი ჩვენს მშვენიერ ქართულ სიტყვებს არსებობას ვუკრძალავთ ნაწერებში, მეტყველებაში, ფილმებში, სპექტაკლებში, ლექციებზე, ქუჩებში და სიზმრებშიც კი.

იქნებ გვგონია, რომ თუ ამ სიტყვებს არსებობის უფლებას ჩამოვართმევთ, ეს ჩვენი ენისთვის კარგ შედეგს გამოიღებს? სინამდვილეში, სიტყვათა ამგვარი გამოხშირვის შედეგად, მივიღებთ დისლექსიურ, ღატაკ, გაძარცვულ ენას, რომელსაც ისედაც მრავალი პრობლემა აქვს სიტყვაწარმოების თვალსაზრისით, ისედაც სჭირდება მუდმივი ზრუნვა საიმისოდ, რომ თვითონვე შექმნას, შეადგინოს, შეაწყვილოს ახალი სიტყვები, ახალი ტერმინები, ახალი იდიომები, იმიტომ რომ ამ უნარის გარეშე ენა სიკვდილისკენ მიემართება.

ჯერ კიდევ იოანე პეტრიწი წერდა: „ყოველთავე ელლინთა ენამზეობასა ზედა თჳსი სახელი
ჰქვიან. შესაბამი თვისისა არსებისაჲ, ხოლო ჩვენთამან არცა თარგმანთა, არცა სხუამან ვინ დასჭურიტნა, და აწ მე უზომოდ მიშლის თარგმანსა შინა”.

როგორც ჩანს, იოანე პეტრიწიც იმავე პრობლემის წინაშე იდგა, რომლის წინაშეც ვდგავართ ჩვენ – ისინი, ვისაც გვინდა, საკუთარ ენაზე ვთარგმნოთ ელინთა ან სხვათა „ენამზეობა“ და ბოლომდე ვერ გამოგვდის, ვინაიდან რიგ შემთხვევებში ენა არ/აღარ იძლევა ამის საშუალებას, რიგ შემთხვევებში კი რომელიმე მკითხველი აუცილებლად წამოგვაძახებს, რომ ამ სიტყვების ადგილი ხელოვნებაში არ არის.

და ასე კვდებიან სიტყვები.

მე არ ვიცი, რა საიდუმლოა დამარხული ქართულ ენაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მასში უამრავი მკვდარი სიტყვაა დამარხული: სიტყვები, რომლებიც დაიწუნეს; სიტყვები, რომლებიც არ გაიმეორეს; სიტყვები, რომლებიც არ დაწერეს; სიტყვები, რომლებიც დაივიწყეს – სიტყვები, რომლებიც დახოცეს! და რა უნდა იყოს სიტყვათა მკვლელობაზე უფრო დიდი დანაშაული ენის წინაშე?

ფილმში, რომელსაც „ღორი“ ჰქვია, ბევრი „ცუდი“ სიტყვა ისმის. ვუსმენდი ამ ფილმის დიალოგებს და მიხაროდა, ვინაიდან ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ქართული ენა ოდესმე აუცილებლად დაძლევს კომპლექსს და გაათავისუფლებს სიტყვებს ჩვენი ლინგვისტური მენტალობის ტყვეობისაგან.

და თუ ისევ იკითხავს ვინმე, აქვთ თუ არა ცუდ სიტყვებს არსებობის უფლება ხელოვნებაში, ერთ ამბავსაც მივაშველებ:

1911 წელს, საბერძნეთის კონსტიტუციის გადახედვა-განხილვისას, ე.წ. კათარეუსას, ჩვენებურად – სუფთა თუ მაღალი სტილის, მომხრეები „ბილწი, ყოველდღიური ბერძნული ენის“ აკრძალვის მოთხოვნით გამოვიდნენ. მათ ასევე მოითხოვეს, აკრძალულიყო „ახალი აღთქმის“ წიგნების თარგმნა თანამედროვე ანუ „ბილწ“ ბერძნულ ენაზე. მაშინ პარლამენტში სიტყვა ითხოვა ლორენძოს მავილისმა – პოეტმა, რომელიც არაჩვეულებრივად ფლობდა ყველა სტილისა და ეპოქის ბერძნულს და რომელიც მისი ერთი ლექსითაც კი („ლეთე“) სამუდამოდ შემორჩებოდა ბერძნულ სიტყვათა სამოთხეს.

მავილისმა ასეთი რამ თქვა:

„თქვენ ბილწს უწოდებთ ენას, რომლის საშუალებითაც გვესაუბრება მთელი ელინიზმი… არ არსებობს ბილწი ენა, არ არსებობს ბილწი სიტყვები, არსებობენ ბილწი ადამიანები და არსებობენ ძალიან ბილწი ადამიანები, რომლებიც კათარეუსაზე საუბრობენ!“

და ვინც ჯერ კიდევ ვერ მიხვდით, შეგიძლიათ ნახოთ გიგა ლიკლიკაძის „ღორი“, დააკვირდეთ მისი გულუბრყვილო პერსონაჟების მეტყველებას, მერე თვალი გადაავლოთ ბოლო დღეების ახალ ამბებს, რომელთა შორისაც აუცილებლად წააწყდებით ერთი კაცის მიერ წარმოთქმულ ფრაზას – სულ „კარგ-კარგი“ და „მისაღები“ სიტყვებისგან რომ შედგება და არც არავის ლინგვისტურად წმინდა გრძნობებს შეურაცხყოფს, და აუცილებლად მიხვდებით, რა განსხვავებაა ე.წ. ბილწ სიტყვებსა და არა ე.წ. ბილწ ადამიანებს შორის, რომლებსაც ამ ქვეყანაში მოშიმშილე ბავშვების არსებობისა არ სჯერათ და ასეთ „არაბილწ“ სიტყვათა შესაქმეში მშვიდად განაგრძობენ წვრთნასა და მოღვაწებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი