შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

სოციალიზაცია და სასკოლო ცხოვრებაში ინტეგრაციის თანაბარი შესაძლებლობა – ახალი პროექტის პირველი შედეგები

საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჰარმონიული, უსაფრთხო და ზრუნვაზე ორიენტირებული გარემოს ხელშეწყობისა და განმტკიცების მიზნით, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრმა საქართველოს საჯარო სკოლებში საპილოტე პროექტის განხორციელება შარშან წამოიწყო. პროექტის ფარგლებში

შემუშავდა ეტაპობრივად დასანერგი ძალადობისა და ნივთიერებათა ავადმოხმარების  პრევენციის გრძელვადიანი პროგრამა.  ასევე, აღნიშნული პროექტი მიმართულია მოსწავლეებში სოციალიზაციის უნარ-ჩვევების განვითარებაზე, თანასწორი განმანათლებლობის სისტემის დანერგვაზე, სასკოლო ცხოვრებაში ინტეგრაციის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე ყველა ბავშვისთვის და კრიზისული სიტუაციების სრულყოფილ მართვაზე. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს  პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაცია, მოსწავლეები და მათი  მშობლები .

პროექტისთვის, ჯერჯერობით, რამდენიმე სკოლა შეირჩა. მანდატურის სამსახურმა, ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში, თბილისის მე-4, 48-ე, 138-ე, 85-ე, 138-ე, 141-ე, 162-ე, რუსთავის მე-9 და ბათუმის მე-8 საჯარო სკოლების წარმომადგენლები გადაამზადა ისეთ საკითხებში, როგორიცაა მოსწავლეებში ნივთიერებათა ავადმოხმარებისა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენცია, ძალადობა, მათ შორის ბულინგის  პრევენცია, ეფექტური კომუნიკაცია, ასერტული ქცევა, დესტრუქციული ქცევის პრევენცია, კონფლიქტების მართვა, დესტრუქციული ქცევის ამოცნობა და პრევენცია, ფსიქიკური ჯანმრთელობის საბაზისო ნიშნები, სუიციდის ქცევის ნიშნები და რისკ ჯგუფები. საინტერესოა, რომ მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ შემუშავებული გადამზადების კურსი პედაგოგების მხარდამხარ შსს-ს მართლწესრიგის ოფიცრებმაც გაიარეს (ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამას მანდატურის სამსახური ევროკავშირის პროექტთან – „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (EU ACT)“ თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საკითხებზე, მანდატურის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციასთან „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“.

აგრეთვე, ძალადობასა და სხვა თემებზე საინფორმაციო სახის შეხვედრები პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან უწყვეტად გრძელდება. წინ არაერთი საინტერესო გამოწვევაა, რომელთა გადალახვაც, პროექტის მონაწილეთა თქმით, ერთობლივი ძალისხმევით ბევრად მარტივია.

რა მისცა პროექტმა ია მასწავლებელს

ია ბლაგიძე ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მეექვსე „ბ“ კლასის დამრიგებელი და ინგლისური ენის მასწავლებელია, სკოლაში მუშაობის ცხრაწლიანი გამოცდილებით. პედაგოგობა მისი მოწოდებაა. ის სიამოვნებით მუშაობს ბავშვებთან, რასაც მის მიერ ორგანიზებული ხშირი აქტივობებიც ადასტურებს – ეს იქნება გარემოზე ზრუნვა, წარმატებულ, განსხვავებული პროფესიების ადამიანებთან შეხვედრა თუ ბავშვთა უფლებების გაცნობა. ია ბლაგიძე ცდილობს, მოსწავლეებმა ერთმანეთის მხარდაჭერა, პატივისცემა ისწავლონ, განივითარონ კრიტიკულ-შემოქმედებითი აზროვნება. მასწავლებლის ინიციატივით, მოსწავლეებმა „კვირის გაზეთიც“ კი გამოსცეს.

ია მასწავლებელი მონაწილეობდა ტრენინგებში, რომელსაც მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი ატარებს. მან წარმატებით გაიარა „დესტრუქციული და ძალადობრივი ქცევის ამოცნობისა და პრევენციის მოდული“ და „ეფექტური კომუნიკაცია“. მისი თქმით, ტრენინგები, მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეძენასთან ერთად, დაეხმარა, ესწავლა ისეთი დეტალების შემჩნევა-ამოცნობა, რომლებიც, შესაძლოა, ბავშვის ფარულ პრობლემაზე მიუთითებდეს.

-თქვენი სკოლა ერთერთია იმ საჯარო დაწესებულებებს შორის, სადაც მანდატურის სამსახური სოციალური უნარჩვევების გაუმჯობესებისა და ჩაგვრის პრევენციის გრძელვადიან პროგრამას ახორციელებს, მაგრამ პროგრამის დაწყებამდე ეს კრიზისული სიტუაციები ხომ არსებობდა, როგორ უმკლავდებოდით?      

-ცხადია, პროგრამის დაწყებამდე სკოლაში ფიქსირდებოდა ჩაგვრასთან და სხვა კრიზისულ სიტუაციასთან დაკავშირებული პრობლემები, რაშიც დამრიგებლები ხშირად იყვნენ ჩართულნი. ცდილობდნენ დაერიგებინათ მოსწავლეები, მიეცათ რჩევები, ჩაერთოთ მშობლები. თუმცა, მაინც ხშირად სჭირდებოდათ მანდატურის დახმარება, რაღაც მაინც ისე არ იმართებოდა… სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ მანდატურის სამსახურის მიერ დაგეგმილი ტრენინგები მასწავლებლებისთვის აუცილებელი იყო და არის, თუნდაც იმიტომ, რომ არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე მასწავლებელმა სწორად იმსჯელოს, სწორად მიუდგეს მოსწავლეს, ჩატარებული კლასის საათის დროს შემთხვევით არ დააინტერესოს მოსწავლე  აკრძალული საკითხების განხილვით, საინტერესო აქტივობები შეჰმატოს თითოეულ თემას.

-ტრენინგზე მიღებული ახალი ცოდნა რამდენად გამოგადგათ, მოგცათ თუ არა შთაგონება თემების ახლებურად გასააზრებლად?

-მე, როგორც მეექვსე კლასის დამრიგებელმა, წლის დასაწყისშივე დავგეგმე სადამრიგებლო კლასის საათის თემები. ამდენად, ყოველი ორშაბათი სადამრიგებლო კლასში სხვადასხვა თემის განხილვის დღედ ვაქციე.

ეს ძალიან მიადვილებს კლასის მართვას და მისი წარმატების ხელშეწყობას. თემის შერჩევაში დამეხმარა „დამრიგებლის სახელმძღვანელო- I-XII“. კლასის  საათების თემატიკა გაამრავალფეროვნა პროგრამაში „ცოცხალი შესრულებით/„ფონოგრამის გარეშე“ მონაწილეობამ. კიდევ უფრო კარგად გავიაზრე ჩემი სადამრიგებლო საათების საჭიროება,  უფრო მეტად გამიადვილდა მათი დაგეგმა, უფრო საინტერესო გახდა ჩემი აქტივობებიც და შეიძლება ითქვას, უფრო უსაფრთხოც და აი, რატომ:

პროგრამაში „ცოცხალი შესრულებით“/„ფონოგრამის გარეშე“ თითოეული საათი რაღაცის მომცემი იყო. თემები ჩვენი მოსწავლეების ყოველდღიურობიდან გამომდინარეობდა. მე კი, როგორც დამრიგებელმა, ჩემი არსებული ცოდნის ფორმულირება მოვახდინე.

მაგალითად, თემა „ჯგუფი და შენ“. აქ სიტუაციური თამაშების გამოყენებით განვიხილეთ რამდენად ხშირია ჩვენს მოსწავლეებში ამა თუ იმ ჯგუფის გავლენა, როგორ ხდება  კლასში ლიდერთა, აქტიურთა თუ პასიურთა დაჯგუფება, რა ინტერესის საფუძველზე ირჩევენ მოსწავლეები ერთმანეთს. ამ მხრივ ფსიქოლოგებისგან კარგად განხილული მაგალითები მივიღე, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ კლასსაათებში.

შემდეგი თემა „არჩევანი – ალკოჰოლი, საფრთხე, თავდაცვა“. კარგად გავიაზრე, თუ როგორ შეპარვით უნდა მივაწოდო მოსწავლეებს ინფორმაცია ნარკოტიკული საშუალებების საშიშროებაზე, რომ მათი დაინტერესება არ გამოვიწვიო, როგორ ავუხსნა მათზე დამოკიდებულების საფრთხე.

თემაზე „გამოხატე შენი თავი“ კლასსაათი უკვე ჩავატარე. თემაზე მუშაობა  დამეხმარა მეჩვენებინა მოსწავლეებისათვის, რამდენად აუცილებელია ემოცია, ხმის ტემბრი და სხვადასხვა საკომუნიკაციო ელემენტები კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის. აქვე მიმოვიხილე თემა  „ასერტულობაც“. დღეს, როდესაც ამდენი აგრესიაა გარშემო, მივუთითე მოსწავლეებს ასერტულობის მნიშვნელობაზე, საკუთარი თვალსაზრისის დაცვასა და სხვათა მოსაზრებების პატივისცემაზე. ეს ყველაფერი სწორედ იმ ფორმით მივაწოდე კლასს,  რაც ტრენინგზე ვისწავლე.

მომდევნო თემის –  „ყურადღების ცენტრში“ –  ჩატარებას ახლო მომავალში ვგეგმავ. თემა მიგვანიშნებს, როგორ ამოიცნოს მოსწავლემ დადებითი მახასიათებლები, დააფასოს პოზიტიური რეაგირება, გაიუმჯობესოს პიროვნებათაშორისი ურთიერთობების დამყარების უნარი. ყოველივე ამას იმ მაგალითებითა და სიტუაციური ამოცანებით განვიხილავ მოსწავლეებთან, რაც ამ პროგრამამ მომაწოდა.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო თემა „პრობლემის გადაჭრა და გადაწყვეტილების მიღება“. ამ საათზე კარგად დაგეგმილი აქტივობა შემოგვთავაზეს ფსიქოლოგებმა – პრობლემის სტრუქტურული გადაჭრა, შემოქმედებითი აზროვნებისა და თვითკონტროლის უნარის გამომუშავება.

არა მხოლოდ მოსწავლეებისათვის, ჩემთვისაც კი საინტერესო და  გამოსაყენებელი დარჩა თემა „მიზნის დასახვა“ – თუ როგორ უნდა დამეყვანა ჩემი სამომავლო, გრძელვადიანი მიზანი მოკლევადიან მიზნამდე.

დიდი მადლობა თითოეული საათისთვის ჩვენს ტრენერ ფსიქოლოგებს: ნათია ყაველაშვილს, ქეთევან დევაძეს, თეონა შანთაძეს.

-თქვენ მონაწილეობდით თანასწორობის კვირეულის ფარგლებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაში და ვიქტორინის გამარჯვებულის ტიტულიც კი გერგოთ…

-საინტერესო, სახალისო და მამოტივირებელია ჩემთვის თითოეული გამოწვევა განათლების თვალსაზრისით. ვფიქრობ, საჭირო და აუცილებელია მსგავსი ტრენინგები სკოლებში, რადგან ტრენინგს ატარებს კვალიფიციური პირი, ფსიქოლოგი, კარგად განსაზღვრული მიზნითა და შესაბამისი აქტივობებით, რაც გაგვზრდის მასწავლებლებს, სწორ მიდგომებს გამოგვიმუშავებს. ეს თეორიულად, დამოუკიდებლადაც შეიძლება მივიღოთ, მაგრამ ტრენინგის დროს ხდება თითოეული აქტივობის ინსცენირება, თითოეული თემის განხილვა, რის შემდეგაც ჩვენი დამრიგებლობა უფრო კომპეტენტური გახდება. სასურველია საგანმანათლებლო ტრენინგები ჩაუტარდეს მშობლებს, რადგან სწორი ხედვის მშობელი და მასწავლებელი ერთად სწორად აღზრდილი მოსწავლის საწინდარია.

 

რა მისცა პროექტმა ნელი მასწავლებელს

რუსთავის მე-9 საჯარო სკოლაში 269 მოსწავლეს 27 პედაგოგი ასწავლის, მათ შორის ნელი გაბრიელიძეცაა – ის ინგლისური ენის პედაგოგად აქ 1989 წლიდან მუშაობს და არასოდეს უფიქრია პროფესიის შეცვლაზე. მისივე თქმით, მასწავლებლობა მისთვის იმაზე მეტია, ვიდრე პროფესია – უდიდესი, გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, რომელსაც ყოველი გაკვეთილის დაგეგმვისას გრძნობს. ნელი მასწავლებელი დარწმუნებულია, რომ დაგეგმილი გაკვეთილი უფრო წარმატებულია, ის უკეთაა მორგებული მოსწავლის საჭიროებებს, მიზნები უკეთაა გამოკვეთილი და უფრო იოლად ხერხდება შედეგზე ორიენტირება. რაც შეეხება ახალ პროექტს, მასწავლებელი ამბობს, რომ ის სწორედ რომ  დროულია და საინტერესო არა მხოლოდ მნიშვნელოვანი საკითხების აქტუალიზაციით, არამედ ახალი გამოცდილების შეძენის კუთხითაც. პროექტის დაწყებისთანავე მათი სკოლა საგრძნობლად გამოცოცხლდა, მასწავლებლები და მშობლები დაახლოვდნენ, მშობლები უფრო მეტად ჩაერთნენ სასკოლო ცხოვრებაში.

-დღეს ძალადობასა და სხვა მსგავს საკითხებზე სკოლაში ბევრს მსჯელობენ. როგორია თქვენი პედაგოგიური ხედვა ამასთან და პროექტის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით?

-ძალადობასთან ბრძოლის ნებისმიერი სამოქმედო გეგმა, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდა თაობაში გაჩენილი აგრესიის პრევენციას ემსახურება. განსაკუთრებით მწვავედ დგას სკოლის ასაკის ახალგაზრდებში არსებული ძალადობის პრობლემა, შესაბამისად, დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს სკოლებში ძალადობის პრევენციას. სწორედ ამიტომ, ჩვენს სკოლაში სოციალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისა და ბულინგის პრევენციის გრძელვადიანი პროგრამის დაწყებამდე ძალადობის პრევენციისა და სხვა კრიზისული სიტუაციების მართვის კუთხით პირადად შემდეგ ღონისძიებებს ვახორციელებდი:

სკოლაში ვატარებდი  საინფორმაციო ხასიათის კამპანიებს, აი, ერთ-ერთი მათგანი: „Don’t bully, be a friend!“. კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს და სკოლაში გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტები. ასევე, სკოლაში, ჩემს სადამრიგებლო კლასთან ერთად, ვგეგმავთ და ვახორციელებთ  სოციალურ პროექტებს, მაგალითად, პროექტი „ბრძოლა ძალადობის გარეშე ადამიანის უფლებების და თავისუფლებისთვის“, როდესაც  მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა ქვეყნის, რასის, კულტურის „ცნობილ ადამიანებზე“ – ისინი სხვადასხვა დროში ცხოვრობდნენ, მაგრამ ყველას აერთიანებდა ბრძოლა ძალადობის გარეშე ადამიანის უფლებების და თავისუფლებისთვის.

ასევე  ვატარებ კლასის საათებს, ვგეგმავ დისკუსიებს. სადამრიგებლო თემები გათვლილი არის მოსწავლეთა ასაკის შესაბამისად შემდეგ მიმართულებებზე: პიროვნული და მორალური განვითარება, გარემოსდაცვითი კულტურის  განვითარება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, თვალსაწიერის გაფართოება და სხვა. მოსწავლეებს მოსწონთ არასაგაკვეთილო საუბრები, შეუძლიათ არგუმენტირებული მსჯელობა.

-თქვენ რა მოგცათ ამ პროექტმა, თუ გაამართლა თქვენი მოლოდინი?

-ტრენინგის მთავარი თემა მოსწავლეებში ძალადობასა და ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა. პროექტის დახმარებით გავეცანი სწავლების იმ მეთოდოლოგიას, რომლითაც პრევენცია უფრო ეფექტიანად მოქმედებს, ასეთია: ჯგუფური და გრძელვადიანი სწავლება, ჯანსაღ ცხოვრებაზე მეტი აქცენტირება, ვიდრე მენტორული ტონი და გაზვიადებული ინფორმაცია ნარკოტიკებზე. შემიძლია ვთქვა, პროექტმა არა მხოლოდ გაამართლა, არამედ გადააჭარბა კიდეც ჩემს მოლოდინს.

-განსაკუთრებით რა დაგამახსოვრდათ და რა იყო თქვენთვის ახალი?

-პროექტის ფარგლებში განვიხილეთ შემდეგი თემები: ცხოვრების ჯანსაღი წესი, ლეგალური და არალეგალური ნარკოტიკი, კომუნიკაცია და დამახინჯებული კომუნიკაცია, ასერტულობა, ალკოჰოლი და თამბაქო, მარიხუანა, კონფლიქტი და კონფლიქტის მოგვარება, აივ ინფექცია, აქტიური მოსმენა და კიბერადიქცია. ეს თემები მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ტრენერებთან ერთად განვიხილეთ. შემდეგ  პედაგოგებმა ჩავატარეთ იმიტირებული გაკვეთილები.

ჩემთვის საინტერესო იყო კიბერადიქციის თემა, რადგან ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები კიდევ უფრო ამძაფრებს ბავშვის ასაკთან დაკავშირებულ რისკებს, როგორიცაა, მაგალითად, ბულინგი. ის ასაზრდოებს ბავშვებზე ძალადობისა და მათი ექსპლოატაციის ახალ ფორმებს, როგორიცაა „კლიენტზე მორგებული“ სექსუალური ხასიათის ამსახველი მასალა და ბავშვებზე სექსუალური ზემოქმედების შემცველი სხვა ონლაინ ვიდეოები, რომლებიც ცოცხალი „სტრიმინგით“ ქსელში ვრცელდება. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პოტენციური ზეგავლენა ბავშვების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე უფრო და უფრო ხშირად იწვევს საჯარო შეშფოთებას. ეს პროექტი დამეხმარა ამ თემაზე მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

უკვე დავგეგმე,  შესწავლილ თემებზე როდის  ჩავატარებ გაკვეთილებს ჩემს სადამრიგებლო კლასთან, კლასის საათზე.

პროექტის ფარგლებში, უახლოესი მომავლისთვის ვგეგმავ, განვახორციელო ისეთი აქტივობები, როგორიცაა „არამწეველთა ქალაქის რუკა“ –  თამბაქოს თემის გავლის შემდეგ, „ჭორი“ –  დამახინჯებული კომუნიკაციის თემის გავლის შემდეგ და „მაღაზია“ –  დამარწმუნებელი კომუნიკაციის თემის გავლის შემდეგ.

-ამ პროექტით რა შედეგის მიღება შეუძლია სკოლას და სჭირდება თუ არა მას, ჰქონდეს არა მხოლოდ სასკოლო, არამედ სკოლის გარეთა“ საზოგადოების მხარდაჭერა?

-ჩემი პროფესიული მოსაზრებით, ასეთი პროექტები მართლაც საჭიროა, რადგან ეს მუდმივი სამუშაო პროცესია. თუკი ნაბიჯები არ გადაიდგა, ვერასოდეს მოხდება პრობლემების იდენტიფიცირება და მით უმეტეს, მათი გადაწყვეტა. ასეთი პროექტების განხორციელების შედეგად, მასწავლებლები აიმაღლებენ კვალიფიკაციას და სკოლას დაეხმარებიან პრობლემების მოგვარებაში.

სკოლის მზადყოფნა ითანამშრომლოს საზოგადოებასთან – მშობლებთან, არასამთავრობო სექტორთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან ან საინიციატივო ჯგუფებთან – დადებითად აისახება მის განვითარებაზე. საზოგადოების აქტიური თანამშრომლობა, მხარდაჭერა ეხმარება სკოლას ისეთი მოქალაქეების აღზრდაში, რომლებსაც გააზრებული ექნებათ პასუხისმგებლობა საკუთარი საზოგადოების წინაშე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი