კოლაბორაციული სწავლების თეორიული და პრაქტიკული საკითხები და “მსოფლიო კაფე”

მაია ფირჩხაძე

კოლაბორაცია – ეს არის ორი ან მეტი ადამიანის ანდა ორგანიზაციის ერთობლივი მოღვაწეობა საერთო მიზნის მისაღწევად (მაგალითად, ინტელექტუალურ სფეროში), რომლის დროსაც ხდება ცოდნის გაცვლა, სწავლა და თანამშრომლობა. მაშინაც კი, როდესაც რესურსები შეზღუდულია, კოლაბორაციული სწავლების მონაწილენი განსაკუთრებული მიზანსწრაფვითა და კონკურენტუნარიანობით გამოირჩევიან. ეს პროცესი გულისხმობს მართვაში თანასწორობას და ამ დროს შედეგები გაცილებით თვალსაჩინოა, რადგან ყოველ მონაწილეს თავისი წვლილი შეაქვს წარმატებაში და სხვა მონაწილის მაგალითზე სწავლობს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ კოლაბორაცია აქცენტირებულია არა შეჯიბრებითობაზე, არამედ ერთობლივ მუშაობაზე, ანალიზზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და კონსენსუსზე.

კოლაბორაციული (თანამშრომლობითი) სწავლებისას იყენებენ ჯგუფური მეცადინეობის მრავალ წესს, ამუშავებენ ერთობლივ პროექტებს და ა.შ. კოლაბორაციული (თანამშრომლობითი) სწავლების ტექნიკა სტუდენტებს შესასწავლი მასალის კონსტრუირებისა და საკითხის გადაწყვეტის საკუთარი გზების მოძიებისკენ უბიძგებს, რაც, თავის მხრივ, ამარტივებს მასწავლებლის როლს, თუმცა იმავდროულად საშუალებას აძლევს მას, გაარკვიოს მოსწავლეთა/სტუდენტთა გონებრივი შესაძლებლობები, საკითხის წვდომის დონე და ხარისხი.

კოლაბორაცია უმთავრესად ჰუმანიტარული მეცნიერებების შესწავლისას გამოიყენება. მართალია, ამ დროს მოსწავლეები/სტუდენტები გაცილებით მეტ ინფორმაციას ითვისებენ, ვიდრე ჩვეულებრივი სწავლებისას, რომელიც მთლიანად მასწავლებელზეა დამოკიდებული, მაგრამ აქ თავს იჩენს სხვა პრობლემა – მოსწავლეებს/სტუდენტებს გაცილებით მეტი დამატებითი მასალის გაცნობა უწევთ, რასაც ბევრი დრო მიაქვს, საჭირო ხდება შეფასების ალტერნატიული სისტემის (ჯგუფური მუშაობისთვის) შექმნა, წესრიგისადმი მეტი ყურადღება, რათა ჯგუფური მუშაობა არაორგანიზებულ საქმიანობაში არ გადაიზარდოს. საერთო ჯამში კი, ცხადია, ამგვარი მუშაობა ამაღლებს მოსწავლე/სტუდენტის პასუხისმგებლობის დონეს, მოითხოვს მისგან მეტ დამოუკიდებლობას, ძიებას სწავლისა და საკითხის გადაწყვეტისას.

ამიტომ არის, რომ კოლაბორაციული სწავლებისას აქტიურად იყენებენ ფასილიტაციის საკითხებს და ფასილიტატორის ინსტიტუტს, ვინაიდან მიიჩნევა, რომ ფასილიტატორების გამოყენება წარმატებით შეიძლება განათლების სისტემაშიც. ფასილიტატორი აქ ნიშნავს სპეციფიკური გამოცდილების მქონე ადამიანს, რომელიც სხვებს სასწავლო მიზნების მიღწევაში ეხმარება. კერძოდ, ფასილიტატორი შეიძლება ეწოდოს იმ მასწავლებელს ან რეპეტიტორს, რომელიც დავალებების შესრულებაში ეხმარება სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეს. პილოტირების პროცესში ფასილიტატორი არის საპილოტე სკოლის მასწავლებელი, რომელმაც გაიარა სპეციალური მომზადება და ცდილობს, გადასცეს თავისი გამოცდილება სხვა მასწავლებელს, რომელსაც მსგავსი გამოცდილება არ მიუღია.

იმისთვის, რომ უფრო თვალსაჩინო გავხადოთ კოლაბორაციული სწავლების ეფექტურობა რთული, პრობლემური საკითხების გააზრებისა და წვდომისათვის, განვიხილოთ მეთოდი “მსოფლიო კაფე”.
“მსოფლიო კაფეზე” გამოაქვთ საკითხები, რომლებიც მოითხოვს ღიაობას, კოლექტიურ ცოდნას, იდეებისა და შეხედულებების გაცვლა-გამოცვლას. ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ უფრო ღრმა ცოდნა, რაც ახალი გადაწყვეტილებების მიღებასა და ინოვაციების შემუშავებას გაგვიადვილებს. ის სასაუბრო პროცესია, რომელიც ხელს უწყობს პრაქტიკული ცოდნის განზოგადებას, ღრმად გააზრებას, განაწყობს ადამიანთა დიდ ჯგუფს შემოქმედებითი საქმიანობისთვის, წარმოაჩენს კოლექტიური ცოდნის მნიშვნელობას, წინ წამოსწევს კოლექტიურ ინტელექტს.

“კაფე” ამდიდრებს გამოცდილებას, ცოდნის გაცვლა-გამოცვლის კულტურას, აადვილებს ხარისხის გააზრებას, საკითხებში ჩაღრმავებას, ხელს უწყობს ქცევის კორექტირებას, კონტექსტის ფართოდ გააზრებას, უკუკავშირს და გამოსადეგია ორგანიზაციებისთვის ნებისმიერ საქმიანობაში. ეს არის მენეჯმენტის განსხვავებული კურსი, სადაც ყველა “ერთად სწავლობს”. ამ დროს თვალსაჩინო ხდება ორგანიზაციასა თუ საზოგადოებაში არსებული პრობლემები, რომლებიც მოუგვარებელი რჩებოდა კავშირების არარსებობის გამო. “მსოფლიო კაფე” საშუალებას გვაძლევს, მოსაწყენი ლექცია გადავაქციოთ “საინტერესო დღედ”.
განვიხილოთ ეს მეთოდი უფრო დაწვრილებით.
სქემა: ფასილიტაციის მოდელი “მსოფლიო კაფე” (The World Cafe) (იხ. Brown J., Isaacs D. The World Cafe. San Francisco: Berrett-Koehler Publishers Inc., 2005)

 

  კრიტერიუმები

  მოდელის აღწერა

პროცესის განსაკუთრებული ელემენტები

 ფასილიტაციის სტრუქტურირება, 3 ძირითადი
სტადია: დასაწყისი, ძირითადი ნაწილი, დასასრული.

ხანგრძლივობა: მომზადება (1 დღე -რამდენიმე თვე),
ღონისძიება (1.5 სთ -რამდენიმე დღე), შესავალი (განისაზღვრება მონაწილეთა მიერ);
წინასწარი გეგმის არარსებობა. შესაძლებელია “მსოფლიო კაფეს” კომბინირება
ფასილიტაციის სხვა მეთოდებსა და ტექნიკასთან.

 

როლების
სპონტანური გადანაწილება.
განხილვის პროცესში ყოველი მაგიდა
ირჩევს “უფროსს”, რომელიც თავის მაგიდასთან რჩება მთელი პროცესის განმავლობაში,
მაშინ როცა სხვა მონაწილეები მაგიდებს იცვლიან.

 

პრობლემების დაფა

“კაფე” შეიძლება გაიმართოს როგორც ერთჯერად ღონისძიებად, ისე განხილვათა მთელ
სერიად; მიეძღვნას როგორც ვიწრო, კონკრეტულ საკითხებს, ისე საკითხების
ფართო სპექტრს, მაგალითად, სტრატეგიულ
განვითარებას და სხვ.

 

ინტერვენციის ტიპი

ღონისძიებაში ფასილიტატორის ინტერვენცია (ჩარევა)
დაკავშირებულია ჯგუფის მუშაობის პროცესთან.
მისი ძირითადი მოვალეობაა, შექმნას სტუმართმოყვარე,
მეგობრული გარემო მონაწილეთა დიალოგისთვის, გააცნოს საზოგადოებას “კაფეს”
მუშაობის მიზანი და წესები, დასასრულს დაეხმაროს მას მიღებული იდეების გააზრებაში,
განზოგადებაში და, თუ საჭირო აღმოჩნდა, მათ კონსოლიდირებასა და კლასტერიზაციაში (დამახსოვრებაში).

 

პროდუქტის ტიპი

ინსტრუმენტული:
ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებები, განვითარების
იდეები, წინადადებები მნიშვნელოვანი საკითხების ინოვაციური გადაჭრის თაობაზე

 

აუდიტორიის ტიპი

პატარა და დიდი ჯგუფები: 12-დან 1200 -მონაწილემდე.
ჯგუფი შეიძლება იყოს ერთგვაროვანიც და არაერთგვაროვანიც. მრავალფეროვნებისთვის შეიძლება
მონაწილეთა შერევაც (ინტერესების, ასაკის, სქესის, იერარქიულ სტრუქტურაში არსებული
ადგილისა და სხვ. გათვალისწინებით)
[Schieffer et al.,
2004]

 

სამომავლო ქმედება (ფოკუსირება შესაძლო გავლენაზე)

 

მეთოდი არ გულისხმობს დამკვეთის (ორგანიზაციის, კოლექტივის)
მხრივ სავალდებულო სტრუქტურულ და პროცესუალურ ცვლილებებს, ამიტომ იგი განიხილება
როგორც ცვლილებებათა მართვის მეთოდი.

“მსოფლიო კაფეს” მიზანი: მეთოდი იდეალურია, როდესაც საჭიროა აზრთა ურთიერთგაცვლის, ინფორმაციის დაგროვების ორგანიზება დიდ ჯგუფებში, ორგანიზაციისთვის (კოლექტივისთვის) მნიშვნელოვან საკითხებსა და პრობლემებზე. სამომავლო გადაწყვეტილების მიღებამდე შესწავლილ უნდა იქნეს ყველა შესაძლებლობა. შეიძლება, “კაფეს” მიზნის მიხედვით დავარქვათ სახელიც: “ცოდნის კაფე”, “ლიდერობის კაფე”, “კაფე – სტრატეგია” და სხვ.

პროცესის მონაწილეები: სპონსორი (ადამიანი ან ჯგუფი, დაინტერესებული მისი ჩატარებით), “კაფეს” უფროსი (ფასილიტატორი ანდა ჯგუფი, რომელსაც ევალება პროცესის მართვაში დახმარება), დიზაინის ჯგუფი (ევალება დახმარება ღონისძიების ორგანიზებასა და ჩატარებაში) და მონაწილეები.

პროცესის მიმოხილვა: მეთოდი მოითხოვს მინიმალურ მომზადებას – თემისა და განსახილველი საკითხების განსაზღვრას, მაგრამ ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომელზეც მთელი ღონისძიების წარმატებაა დამოკიდებული. მონაწილეებს იწვევს და სივრცის ორგანიზებას ახდენს დიზაინის ჯგუფი. 
ღონისძიება:

დასაწყისი – ღონისძიება ტარდება რეალურ კაფეში ან ოთახში, რომელიც ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მაქსიმალურად ჰგავდეს კაფეს (მაგიდები, ჩაი, ყავა და სხვა სასმელები. დასაწყისში წარმოითქმის მისასალმებელი სიტყვა (ორგანიზატორი მიიწვევს მონაწილებს, ასე ვთქვათ, “კაფეს” ეტიკეტის შესასრულებლად), რასაც მოჰყვება მონაწილეთა ჯგუფებად დაყოფა, სავარაუდო საკითხების ფორმულირება, “კაფეს” მუშაობის წესების გაცნობა, მაგიდის უფროსის დანიშვნა.

ძირითადი ნაწილი – ღონისძიება შედგება რამდენიმე (მინიმუმ 3-4) რაუნდისგან, ანუ საუბრები მაგიდებთან წარმოებს რამდენიმე რაუნდად (20-45 წუთს განმავლობაში). საუბრის მონაწილეები გადადიან ერთი მაგიდიდან მეორესთან.

მონაწილეთა განლაგება კაფეში: I რიგი – პირველი რაუნდი; II რიგი – მეორე და მომდევნო რაუნდები; III რიგი – ბოლო რაუნდი.

თითოეული რაუნდი იწყება კითხვით, რომელიც დამახასიათებელია კონკრეტული კონტექსტისთვის და გამომდინარეობს სესიის მიზნიდან. იგივე კითხვა შეიძლება განმეორდეს სხვა რაუნდშიც, ანდა გამომდინარეობდეს ამ კითხვიდან, რაც მთელი ღონისძიების მიზანმიმართულობას განაპირობებს. რაუნდებს შორის შესვენებისას აზრთა გაცვლა-გამოცვლა ხდება.

ღონისძიების მსვლელობისას მაგიდის უფროსი თავის მაგიდასთან რჩება, დანარჩენი მონაწილეები კი მაგიდებს იცვლიან. მაგიდის უფროსი მოვალეა, გააცნოს მაგიდასთან მისულ ახალ მოსაუბრეს წინა ჯგუფის მიერ ჩატარებული განხილვის შედეგები და დააფიქსიროს ახალი იდეები (მცირე ჯგუფებში განხილვის შემდეგ ძირითადი აზრი ფიქსირდება დიდ ჯგუფშიც. მონაწილეები იცვლიან ჯგუფებს და 20-45 წუთის შემდეგ თავიანთ ჯგუფებში განიხილავენ იმ იდეებსა და მოსაზრებებს, რომლებიც ინფორმაციის გაცვლისას გაუჩნდათ). მონაწილეებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ კალმები, რათა გამოსახონ თავიანთი საუბარი ქაღალდის გრაგნილზე (“კაფე” უმთავრესად ვგულისხმობს გრაფიკულ ფორმებს). იდეა დაბადებისთანავე უნდა აისახოს.
დასასრული – რამდენიმე რაუნდის შემდეგ დგება შეხვედრის შეჯამების დრო: მონაწილეები უბრუნდებიან თავიანთ მაგიდებს, უზიარებენ იდეებს მაგიდის უფროსს, შედეგად იქმნება იდეათა ერთგვარი გალერეა, ხდება ძირითადი იდეების კონსოლიდირება და კლასტერიზაცია (დამახსოვრება). ღონისძიება 2-3 საათს გრძელდება.
შეიძლება ითქვას, რომ “მსოფლიო კაფე” ერთადერთი მეთოდია, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ უკავშირებს ერთმანეთს ინტელექტსა და ემოციას (ნებისმიერი საკითხის კონტექსტის გათვალისწინებით), იწვევს იდეების მძაფრ გენერაციას და იძლევა შემოქმედებითი უნარების განვითარების საშუალებას სხვადასხვა სფეროში: კულტურაში, ბიზნესში, სოციალურ მეცნიერებებში და სხვ., სწორედ ეს არის ამ მეთოდის ძირითადი სტრატეგიული გასაღებიც, მისი ძირითადი წარმატება [Brown, Isaacs, 2005, p. 32].

“მსოფლიო კაფეზე” შეიძლება გავიტანოთ სასკოლო ცხოვრების ისეთი საკითხიც, როგორიცაა, მაგალითად, “სკოლა და პრობლემა: ვასწავლოთ თუ გავათავისუფლოთ?” – ხოლო მაგიდებთან განსახილველი თემები ამგვარად ჩამოვაყალიბოთ:

1. “თანამშრომლების სწავლა და განვითარება: რატომ არის ეს აუცილებელი მაინცდამაინც ახლა?”
2. “თანამშრომლების სწავლა და განვითარება: რატომ არის ეს ზედმეტი მაინცდამაინც ახლა?”
3. “რით ვასწავლოთ და ვინ განვავითაროთ, თუ ეს აუცილებელია?”
“მსოფლიო კაფეზე” შეგვიძლია განვიხილოთ ასეთი თემაც: “ჩემი პირველი პრაქტიკა”, – სავარაუდო საკითხები კი შეიძლება იყოს:
1. “პრაქტიკის გავლისას გამაოცა…”
2. “კლასში დისციპლინის დამყარების ეფექტური საშუალებაა…”
3. “ეს კარგია, რადგან… ეს ცუდია, რადგან…”;
4. “რა ჯობს – შევურიოთ ინფორმატიკა სხვა საგნებს თუ დავტოვოთ იგი ცალკე დისციპლინად? დაასაბუთეთ”;
5. “მე რომ ინფორმატიკის მასწავლებელი ვიყო…”
ასევე შეგვიძლია გავმართოთ დისკუსია თემაზე “სკოლა და მასწავლებელი”. სავარაუდო საკითხებია:
1. “როგორი უნდა იყოს “მასწავლებელი” ინტერნეტში?”
2. “როგორ უნდა გახდეს მასწავლებელი ქსელში “შენი მასწავლებელი?”
3. “სასკოლო ცხოვრება – ვინ? სად? როდის?”
4. “შენ ხარ სკოლაში?”
5. “მომავალი – როდის და როგორ დადგება იგი სკოლაში?” – და სხვ.

განათლების ამ და სხვა პრობლემური საკითხების წინ წამოწევა და კოლექტიური ცოდნის გამოყენება ხელს შეუწყობს სისტემის წინსვლას და აამაღლებს ეფექტური მუშაობის ხარისხს.

“კაფე” შეგვიძლია გამოვიყენოთ სწავლის ხარისხის ასამაღლებლადაც სხვადასხვა საგნის სწავლებისას, რადგან აქ წინ წამოიწევს პრობლემური საკითხები, ხოლო ცოდნა წარმოიშობა ჯგუფისთვის რთულ, გაუგებარ კითხვებზე კოლექტიური პასუხის მიღების გზით. ეს ის საკითხებია, რომელთა დაძლევა ჯგუფებს ყველაზე მეტად გაუჭირდათ საგნის შესწავლისას, ამიტომ შეკითხვები “ძლიერი” უნდა იყოს და შეასრულოს ერთგვარი გზამკვლევის როლი, რომელიც დაეხმარება ჯგუფს თავისი ენერგიის ამოქმედებაში, ლოგიკურად აზროვნებაში, სწორი გეზით სვლაში.

“ძლიერია” (კოგნიტურია) კითხვები, რომლებიც:
. მარტივია და გამჭირვალე;
. პასუხისთვის მოითხოვს დიდ ძალისხმევას;
. გულისხმობს საკითხზე ფოკუსირებას, კვლევასა და დაზუსტებას, აქცენტირებულია ცოდნაზე;
. გამორიცხავს ზედაპირულობას;
. გამოავლენს ახალ შესაძლებლობებს;
. ითხოვს უკუკავშირს, სხვადასხვა სააზროვნო დონეს;
. გვეხმარება საჭირო პასუხის პოვნაში.
ამ დროს მოსწავლეები იზრდებიან იმ კითხვების ფონზე, რომლებიც მათ წამოსწიეს წინ, მიდიან იმ მიმართულებით, რომელიც მათთვის მანამდე ბუნდოვანი იყო. როდესაც “კაფეზე” განსახილველად გამოდის საკითხები, რომლებიც თანხვდება საზოგადოების (მოსწავლეების) სურვილს, ღონისძიება ძალიან ეფექტურია, რადგან მონაწილეებს იმთავითვე ეუფლებათ დაკმაყოფილების მოთხოვნილება, რაც წარმოშობს ურთიერთგაგებას, ერთმანეთის დახმარების სურვილს.

ოღონდ შეკითხვის – “კაფეს” კონტექსტის – მომზადებისას არსებობს საფრთხე, რაც უკავშირდება თავად განსახილველი საკითხის ჭეშმარიტ აზრს. ფილოსოფოსები ათასობით წელია დავობენ იმის თაობაზე, რა არის ჭეშმარიტება. მაგრამ “კაფეს” მთავარი მიზანია, “დაეხმაროს, გაიგოს, აღმოაჩინოს და საზოგადოებას გააგებინოს ის, რაც უმნიშვნელოვანესია თითოეული მონაწილისთვის” (ამ შემთხვევაში – მოსწავლისთვის). “კაფეს” შეუძლია წარმოაჩინოს მხოლოდ პერსპექტივა, ხოლო რა არის ჭეშმარიტი, უტყუარი და სასარგებლო – ამაზე თითოეულმა მონაწილემ თავად უნდა იმსჯელოს. მთავარია, ყოველმა რაუნდმა ჯგუფისა და მისი თითოეული წევრის ინდივიდუალური აზროვნება და გაგება აიყვანოს უფრო მაღალ საფეხურზე, ახალ სიმაღლეზე. მთავარია, გადაწყდეს: “რა არის სასარგებლო დღესვე და სასარგებლო ამ კუთხით?” – ამის მიღწევა კი “კაფეზე” წარმატებით შეიძლება, რადგან “ცოდნა, ინტელექტი აქ წარმოჩნდება როგორც ახალ კავშირურთიერთობათა შედეგი”, რომელიც ზოგადად ძალიან ეფექტური და პროდუქტიულია. შესაძლოა, ყველა მოსწავლე თანაბრად არ ჩაერთოს კაფეს მუშაობაში, – ზოგი აქტიური მსმენელი იყოს, ზოგიც – აქტიური მონაწილე, – მაგრამ მთავარია, “მოსავლის აღებისას”, ანუ იდეების ჩამოყრისა და კომბინირებისას თავისი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში. ამით ის მაინც მიაღწევს სასურველ შედეგს – შეძლებისდაგვარად რეალიზდება. როგორც ამბობენ “სწავლებისას ყველაზე ეფექტურია, მიუთითო მონაწილეს, რა არ იცის მან”, ამიტომ ყველზე პასიური მოსწავლისთვისაც კი თავისი თავის უკეთ დანახვა და შეფასება უკვე “გაკეთებული საქმეა”.

განვიხილოთ „მსოფლიო კაფეს” მაგალითი საზოგადოებრივ მეცნიერებათა სწავლების თვალსაზრისით:
I. მოსაწვევი – სკოლის (ესა და ეს) საზოგადოებრივი კათედრა იწვევს “მსოფლიო კაფეზე” მონაწილეებს (კლასები ესა და ეს). კაფეს თემაა “მომავლის საზოგადოება”.

რიცხვი (ესა და ეს), დრო (ესა და ეს)
მისამართი (ესა და ეს)
II. ღონისძიების ძირითადი კონტექსტია “თავისუფლება – გზა საზოგადოების განვითარებისკენ”.
III. სასიამოვნო გარემო წინასწარ ქმნის თავისუფალი აზრის, თავისუფლების დემონსტრირების სურვილს, განაწყობს მოსწავლეებს ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობისთვის.
IV. მონაწილეები იყოფიან ჯგუფებად. სავარაუდო საკითხებია:
. “ძალადობა და “მე”;
. რატომ ვარ ძალადობის წინააღმდეგი;
. ჩვენ – ტერორისტები;
. რატომ ტერორი?
სახელმწიფო და ტერორი;
ღირებულებები როგორც ანტიტერორისტები.
V. მიმდინარეობა
კითხვები კონკრეტული კონტექსტისთვის:
1. ა) ვინ ვარ მე და რატომ ვარ ანტიტერორისტი?
ბ) ვინ ვარ მე და რატომ ვარ მოძალადე?
2. ა) ტერორი და ძალადობა ადამიანის თავისუფლებას ახშობს?
ბ) ძალადობა რომ არა, საზოგადოებას უწესრიგობა წალეკავდა?
3. ა) ვართ ჩვენ წესრიგის მომხრენი?
ბ) რაც საფრთხეს უქადის სახელმწიფოს,  საფრთხეს გვიქადის ჩვენც?
4. ა) ძალდატანება და ტერორი რომ არა, გვექნებოდა ის, რაც გვაქვს?
ბ) არჩევანი: მე? შენ? ის? ჩვენ?
5. ა) “გზა რომელია? რომელიც ტაძრამდე მიდის?”
ბ) თუ არა ძალა, მაშ, რა?
6. ა) კაცობრიობის ძირითადი ღირებულებები ანტიძალადობრივი აქტებია?
ბ) თავისუფლება ანტიძალადობრივია?
VI. დასკვნის მოსამზადებლად შეგვიძლია მოსწავლეთა ჯგუფებს შევთავაზოთ ხელმძღვანელობა ასეთი კითხვებით:

* რა გახდა ყველაზე თვალსაჩინო შეხვედრის შემდეგ?
* მხოლოდ ერთი აზრის გამოთქმის საშუალება რომ ყოფილიყო, რომელი იქნებოდა ის?
* რომელი კითხვა შეგვიძლია მივიჩნიოთ ყველაზე მრავლისმთქმელად, რომელი გამოხატავს  ყველაზე უკეთ საკითხის არსს?
* რომელმა კითხვებმა “გამოაფხიზლა” ყველაზე მეტად?
* ყველაზე მეტად რა გაიგეს ამ შეხვედრის წყალობით?

“კაფეზე” მიღებული გამოცდილებისა და გამოტანილი დასკვნების წყალობით მონაწილეები, მოსწავლეები, ახერხებენ გაცილებით ღია ურთიერთობების დამყარებას, უკეთ ერკვევიან საზოგადოების განვითარების კანონებში, უკეთ აჯამებენ ფაქტებსა და მოვლენებს, შედეგად მეტი ინტერესით ეუფლებიან ცალკეული საგნების მეცნიერულ საფუძვლებს და საზოგადოებრივადაც იზრდებიან.
მაშასადამე, კოლაბორციული სწავლებისას, მეთოდების სწორი და მიზანმიმართული გამოყენების შემთხვევაში, შეგვიძლია სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო და სასიამოვნო “რუტინად” გადავაქციოთ და იმ მნიშვნელოვანი საქმის აქტიურ მონაწილედაც გავხადოთ, რასაც მოსწავლეთა სოციალიზაცია ეწოდება.

კომენტარები

comments