პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სკოლის გამოსაშვები გამოცდების ევროპული გამოცდილება

მარიკა სიხარულიძე

სკოლის გამოსაშვები გამოცდები, რომელთა შედეგებზე დამოკიდებულია უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვაც, ჩვენი მკითხველისთვის აქტუალური თემაა. საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებისთვის სიახლე არ არის, რომ ევროპულ ქვეყნებში სკოლის გამოსაშვები გამოცდების მრავალწლიანი გამოცდილება არსებობს. მეტიც, ძალიან ხშირად ეს გამოცდები უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ გამოცდებსაც მოიცავს. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა გერმანია, სადაც ამ სისტემას მრავალწლიანი ისტორია აქვს.

გერმანული ე.წ. საააბიტურო სერტიფიკატი (გერმ. Abiturzeugnis)  ზოგადი სიმწიფის ატესტატია, რომელიც შესაბამისი გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ გაიცემა. ეს გამოცდები საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდების  ფუნქციასაც ითავსებს. 
“აბიტური” მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან “აბირე”, რაც რაიმეს დასრულებას ნიშნავს.  აბიტურის ისტორიას გერმანია 18-ე საუკუნიდან ითვლის. მაშინ მხოლოდ უნივერსიტეტები წყვეტდნენ სტუდენტთა სასწავლებლად მიღება-არ მიღების საკითხს. პირველი ფედერაციული ერთეული, რომელმაც საააბიტურო  გამოცდები ჩაატარა  1788 წელს, პრუსია  გახლდათ.
ჯერ კიდევ დიდი ენათმეცნიერისა და ბერლინის უნივერსიტეტის დამაარსებლის,  ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის  ეპოქაში იყო მცდელობა საერთო მისაღები გამოცდების შემუშავებისა. ეს გამოცდები ლათინურ ენას, ძველბერძნულ ენას, გერმანულ ენას, მათემატიკას, ისტორიას, ფრანგულ ენას, ბუნებისმეტყველებას და სხვა საგნებსა და სწავლებებს მოიცავდა.
მე-19 საუკუნის ბოლოს ქალებს აბიტურში მონაწილეობის უფლება ბერლინის მხოლოდ ერთ ლიცეუმში ჰქონდათ.
დღეს სააბიტურო გამოცდები მოსწავლეთათვის სავალდებულო არ არის.  სააბიტურო გამოცდებს მხოლოდ ის მოსწავლეები აბარებენ, რომლებსაც უმაღლეს სასწავლებელში სურთ სწავლის გაგრძელება და რომლებმაც  ე.წ. გიმნაზია (გერმ. Gymnasium) დაამთავრეს. მოსწავლეები, რომლებსაც საშუალო განათლების სერტიფიკატის მოპოვება ან პროფესიული/სახელობო განათლების მიღება სურთ, საშუალო განათლებაზე ორიენტირებული ორი ტიპის სკოლიდან (Realschule da Hauptschule) ერთ-ერთს ამთავრებენ.
სააბიტურო გამოცდები დამამთავრებელი მე-12 (იშვიათად მე-13) კლასის  მოსწავლეებს უტარდებათ. აბიტური ზეპირი და წერითი გამოცდების სერიისგან შედგება.  საგამოცდო  საგნები მოსწავლის მიერ სკოლის უკანასკნელ საფეხურზე შერჩეული სპეციალიზაციის (ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო) მიხედვით დგინდება.
სავალდებულო გამოცდები მოსწავლეებს ოთხ  საგანში უტარდებათ. მათ შორის სამი ფიქსირებულია: გერმანული ენა, მათემატიკა და უცხო ენა, _ მეოთხე სავალდებულო გამოცდა კი არჩევით მაპროფილებელ საგანში ტარდება.
გამოცდებისთვის მოსამზადებლად აბიტურიენტები ვალდებულნი არიან,  გაიარონ ორი ინტენსიური  და შვიდიდან ათამდე ძირითადი კურსი სპეციალიზაციის მიხედვით.  ისინი  სწორედ მაპროფილებელ (უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად  აუცილებელ)  საგნებში ემზადებიან ინტენსიურად.
სააბიტურო გამოცდების შედეგები ჯამური საგამოცდო ქულების მეშვეობით დგინდება, რომელთა მინიმალურ ერთეულს 280 წარმოადგენს, ხოლო მაქსიმალურს _ 840.  840 ქულას ძალიან იშვიათად აგროვებენ, 280-ზე ნაკლების მოგროვების შემთხვევაში კი მოსწავლე ჩაჭრილად ითვლება.
სააბიტურო გამოცდების ქულებთან ერთად ესა თუ ის უნივერსიტეტი  უკანასკნელ (ე.წ. საკვალიფიკაციო) საფეხურზე მიღებულ სასკოლო ნიშნებსაც ითვალისწინებს.
თუკი ადრე გერმანიაში სააბიტურო გამოცდებს ფედერაციის სუბიექტები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ატარებდნენ, 2007 წლიდან  მოყოლებული, ეს გამოცდები ცენტრალიზებულია.
გამოცდას სამი ოფიციალური პირი ატარებს: საგნის პედაგოგი და განათლების სფეროს ორი მუშაკი (ტუტორი). წერითი გამოცდისას ნაწერების პარალელურ რეჟიმში შესწორება სწორედ ამ მუშაკებს ევალებათ.
აღსანიშნავია, რომ, სტატისტიკის მიხედვით, გერმანიაში აბიტურის სერტიფიკატს სულ უფრო მეტი მოსწავლე იღებს. 1970 წელს სააბიტურო გამოცდები მოსწავლეთა მხოლოდ 1.4%-მა ჩააბარა, 1992 წელს _ 6.5%-მა, 2000 წლის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 11%-ს აღემატება.
აბიტურთან მიახლოებული სისტემა ევროპის კიდევ ორ სახელმწიფოშია დანერგილი: ავსტრიასა და ფინეთში. ავსტრიული “მატურა”, პრაქტიკულად, გერმანული აბიტურის ანალოგია, ხოლო ფინური  საგამოცდო სისტემა მცირედ განსხვავებულია. საინტერესოდ მივიჩნიეთ ფინეთში დანერგილი აბიტურის ეკვივალენტის თავისებურებათა აღწერა, რადგან ეს საგანმანათლებლო სისტემა, საერთაშორისო კვლევების საფუძველზე, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანად მიიჩნევა.
ფინური ე.წ. მატრიკულაციის ტესტი ოფიციალურად 1919 წლიდან არსებობს. გერმანიისგან განსხვავებით, ფინეთში უნივერსიტეტები უფლებას იტოვებენ, დამატებითი მისაღები გამოცდები დანიშნონ მათთვის, ვინც მატრიკულაციის ტესტი უკვე ჩააბარა. საბოლოო ჯამში, ზოგიერთი უნივერსიტეტი მატიკულაციის ტესტისა და მისაღები გამოცდების ჯამური ქულების შედეგად იღებს სტუდენტებს.
რაც შეეხება გამოცდებს, მოსწავლეები აბარებენ ოთხ სავალდებულო გამოცდას, რომელთა შორის ერთი მშობლიური (ფინური ან შვედური) ენაა, ხოლო დანარჩენი სამის არჩევა შემდეგი საგნებიდან ხდება: სახელმწიფო ენა (ანუ მშობლიურისგან განსხვავებული ენა: ფინურენოვანი მოსახლეობისთვის _ შვედური, ხოლო შვედურენოვანი მოსახლეობისთვის _ ფინური), მათემატიკა, უცხო ენა და ე.წ. Reaali _ გამოცდა, რომელშიც შედის საკითხები ისეთი საგნებიდან, როგორებიცაა რელიგია, ეთიკა და მორალი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია და სწავლება ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. ეს უკანასკნელი ტესტი ორ ნაწილად ტარდება. თითოეულ ნაწილში მოსწავლე პასუხობს მის მიერ წინასწარ შერჩეული რომელიმე საგნის შეკითხვებს, ანუ ჯამში მოსწავლეები ზემოთ ჩამოთვლილი საგნებიდან ორს აბარებენ.
აღსანიშნავია, რომ უცხოური ენებიდან ფინეთში ყველაზე პოპულარულად ინგლისური, გერმანული და ფრანგული მიიჩნევა (სწორედ ამ სამი ენიდან ერთ-ერთს ირჩევენ მოსწავლეები ყველაზე ხშირად), თუმცა ზოგიერთი მოსწავლე საგამოცდოდ ირჩევს ისეთ ენებს, როგორებიცაა ესპანური, იტალიური, პორტუგალიური, რუსული და სხვა.
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები სახელმწიფო დონეზე დადგენილი რეგულაციების შესაბამისად ტარდება. თითოეული გამოცდა ექვს საათს გრძელდება. აფასებენ ადგილობრივი პედაგოგები, მათი გამოყვანილი ნიშნების გადამოწმება კი ეროვნულ საბჭოში ხდება.
მსგავსი საგამოცდო სისტემის გამოცდილება არსებობს პოლონეთში, ინგლისში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, მალტაზე, საბერძნეთში, კვიპროსზე და სხვ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი