ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დღის ხუთი მთავარი სიტყვა

– რა მოხდა დღეს?

– რა ვიცი, არაფერი.

დიალოგი გეცნობათ? შეკითხვაზე უმეტესად ასე მშრალად გვპასუხობენ ბავშვები. ასაკის სირთულესთან ერთად პასუხი უფრო ცივი და მოკლე ხდება. ჩვენ, მასწავლებლებიც, ხშირად ვწუხვართ, თუ როგორ უჭირთ თანამედროვე ბავშვებს ზეპირმეტყველება. ამას დავუმატოთ მწირი სიტყვათა მარაგი, მშობლების გადატვირთული რეჟიმი და შედეგს სამუშაო რვეულებში ვიმკით, სადაც თანდათან მრავლდება სასაუბრო სიტყვათა დამახინჯებული ფორმები: „ეხა“, „ძაან“, „რო“, „რას შვები“, „სახში“, „კატავი“, „ჯამთელი„, „ვფიქროფ“…

მეთოდი ჩემს შვილებთან საუბრის სურვილმა მომაფიქრებინა. ჩვენი ერთად ყოფნისა თუ ცალ-ცალკე გატარებული დღეების აღსაწერად დღის ხუთი მთავარი სიტყვა  გამოვიგონე. რატომ ხუთი? ციფრი პირობითია. ხშირად ისეთი მსუყეამბებიანი დღეები გვაქვს,  ხუთ სიტყვაზე მეტი გვაფიქრდება. ისიც შესაძლებელია, რომ დღის შესაფასებლად ხუთი სიტყვაც ვერ გამოძებნონ. გული არ დაგწყდეთ. პირადი მაგალითის ძალით ყველაზე გულჩათხრობილ ბავშვსაც ავალაპარაკებთ.

აღწერა

სახელი: დღის ხუთი მთავარი სიტყვა

სახელი უკვე თამაშისთვის განგვაწყობს. თქვენ შეგიძლიათ ციფრი შეცვალოთ. როგორც უკვე აღვნიშნე, ზოგჯერ წესს ვარღვევთ, თუმცა, ინსტრუქციის გათვალისწინება სასურველია, რადგან თუ ორზე მეტი თამაშობთ, თხრობას დიდი დრო დასჭირდება.

როგორ წარვმართოთ პროცესი?

დღის ბოლო ყველაზე ხელსაყრელი დროა ერთმანეთის მოსასმენად. „მოდი, სათითაოდ დავასახელოთ ხუთი სიტყვა ჩვენი დღიდან და შემდეგ თითოეულის შესახებ მოვყვეთ!“ – ვამბობ და ვხვდები, რომ წამოწყება აღფრთოვანებასთან ერთად გაურკვევლობას იწვევს.

აუცილებად გაიჟღერებს კითხვა „როგორ?“

მერე მოდელირებას მივმართავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ თავად ვყვებით მთელი გულითა და სიყვარულით, მერე მათი ჯერი დგება. თავდაპირველად შესაძლოა, გაუჭირდეთ მნიშვნელოვანი ამბების გახსენება. ამ დროსაც უნდა შევეხიდოთ. ვკითხოთ, დღის განმავლობაში სად იყვნენ, რას აკეთებდნენ, ვინ ნახეს, რა იგრძნეს…

დღის ხუთმა მთავარმა სიტყვამ საბოლოოდ ამგვარი სახე მიიღო: თავდაპირველად სათითაოდ ვამბობთ სიტყვებს, მერე კი რიგრიგობით ვყვებით, თუმცა, სიტყვათა თანმიმდევრობას მსმენელი ირჩევს.

გული მადლიერებით აგევსებათ, ისეთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დააგროვებთ, ერთმანეთის შესახებ უფრო მეტს გაიგებთ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვები თხრობას ისწავლიან. როცა ამ მეთოდზე ვფიქრობ, ხშირად მახსენდება ფოტოაპარატის Macro რეჟიმი. როგორც პატარა დეტალების მოახლოებით სრულიად განსხვავებულ სამყაროს ვხედავთ ფოტოზე., ასევეა თხრობისას ერთი სიტყვის გამორჩევა და სათქმელის მის ირგვლივ გაშლა. რაც უფრო მოულოდნელი და უცნაურია სიტყვა, მით უფრო იზრდება ბავშვების ინტერესი.

გამოცდილება, რომელიც ჩემს შვილებთან ურთიერთობისას დავაგროვე და სახელიც შევურჩიე, თამამად შეგვიძლია მოსწავლეებთან სწავლებისას გამოვიყენოთ: შეაფასონ გაკვეთილი, არდადეგები, შაბათ-კვირა, ტექსტი… მონათხრობი კი მოკლე ჩანაწერებად აქციონ.

პირადი მაგალითი

კარალიოკი, მაწვნის სუპი, თვალები, ჩრდილები, თ ასო – ჩემი ერთ-ერთი დღის ხუთი მთავარი სიტყვა ამგვარია. სასურველია ისეთი სიტყვები შევარჩიოთ, რომლებიც მთავარ ამბავს იტევენ და თან ბავშვების ცნობისმოყვარეობას ანკესზე წამოაგებენ. ჩამონათვალიდან სთავაზობ თავად გითხრან, ყველაზე მეტად რომელი სიტყვის განმარტება სურთ. სანამ თხრობას შევუდგები, უნდა აღვნიშნო, რომ ხუთი მთავარი სიტყვა მეხსიერების განსავითარებლადაც არაჩვეულებრივი მეთოდია. ხშირად საკუთარი სიტყვების გახსენება გვიჭირს ხოლმე.

კარალიოკი

ჩვენი კორპუსის ბინას მზის სხივები მხოლოდ ჩასვლისა და ამოსვლისას ადგება, ისიც ირიბად. ამიტომ ხეებით, ყვავილებითა და მზით გაჩახჩახებულ საკუთარ სახლზე ვოცნებობ. ერთხელ მასწავლებლის სახლიდან მე და ჩემი გოგონა ნაცნობმა მძღოლმა წამოგვიყვანა. გზად პატარა დასახლება გამოვიარეთ. საუბარი მიწის ნაკვეთებზე ჩამოვარდა. დათო ბიძიამ სახლებს შორის ჩაკარგული, ბალახმოდებული ეზო დამანახა და მითხრა, რომ იყიდებოდა. მანქანა ნელა მიდიოდა, თუმცა მაინც მოვასწარი ღობის გადაღმა მდგარი ნარინჯისფრად აბრდღვიალებული კარალიოკის ხის დანახვა. ერთი კვირის შემდეგ  სეირნობისას მიწის ნაკვეთის მონახულება გადავწყვიტე. ჭიშკართან მიახლოებისას ჩემმა ბიჭმა მითხრა, რომ ის ეზო თავისი მეგობრის ძიძას ეკუთვნოდა. მიწის ნაკვეთი ოცნების სახლისთვის იდეალური აღმოჩნდა. შემოდგომის მზე გამხმარi ფოთლების თავბრუდამხვევ სურნელს ატრიალებდა. ხის გრძელ სკამზე ჩამოვსხედით. ცირა დეიდამ  ორკაპა ჯოხი მოიტანა და მე და ჩემს ბიჭს ზუსტად ის კარალიოკები მოგვიწყვიტა, რომლებმაც კორპუსებს შორის ჩაკარგული ეზო გვაპოვნინეს.

როგორც მიხვდით, ამბავს ერთი სიტყვის ირგვლივ საქსოვი თვლებივით ვკინძავთ. საინტერესო სიუჟეტის გარდა, სათქმელს მოტივიც უნდა ჰქონდეს. ამჯერად ბავშვებისთვის იმის მინიშნება მსურდა, რომ ვოცნებობ, ვმოქმედებ, ვაკვირდები, ვსაუბრობ, ვეძებ და საკუთარ ცხოვრებას თვითონ ვძენ აზრს.

 

მაწვნის სუპი

დაკვირვებული ვარ, ბავშვებს ყველაზე მეტად იუმორით გაჯერებული ამბები ახალისებთ. ამ სიტყვის მიზანიც მათი გამხიარულება იყო. ყოველდღიური რუტინის გაძლება ყველაზე მეტად ამგვარი დეტალებით გამოგვდის.

ერთ-ერთი გადაცემისთვის ჩემს მესამეკლასელ მოსწავლეებთან ინტერვიუ ჩაწერეს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, იცოდა თუ არა, რა საჭმელი მიყვარს, ერთმა ბიჭმა კარგა ხნის ფიქრის მერე უპასუხა, ჩემი აზრით, მაწვნის სუპიო. სახლში დაბრუნებისას სკოლის ჭიშკართან მოსწავლის დედა დაგვხვდა. მისგან გავიგე, რომ 9 წლის ბიჭს შუადღეს სწორედ მაწვნის სუპი უჭამია და თავისი საყვარელი კერძის სიყვარული მეც „გადმომაბრალა“.

ინტერესით მისმენენ და თხრობის დასრულებისას გულიანად ხითხითებენ. არჩევანმა, ვფიქრობ, ჩემთვის გაამართლა.

 

თვალები

სასკოლო პროექტისთვის ჩემი უფროსი გოგონა ერთი კვირა ხატავდა თვალს და დროდადრო აზრს მეკითხებოდა. თვალიც თანდათან იცვლებოდა: ხან წამწამები დაუგრძელა, ხან გუგები გაუფერადა, ბოლოს ჩრდილებით ჩაამუქა და სწორედ იმ საღამოს მანახა დასრულებული ნამუშევარი. ძილის წინ შვიდი თვის ლილე ჩვენთან მოვიწვინეთ და დღის სიტყვებზე დავიწყეთ ფიქრი. საუბრისას სამივეს მზერა ტანსაცმლის კარადის სარკეში გადაიკვეთა და გაგვეცინა ორი შავი თვალის დანახვისას, რომლებიც თაგუნიებივით მოუსვენრად უმზერდა ხან ძმას, ხან დედას, ხან დაიკოს.

გულიანად ვიცინეთ პატარა გოგოს თვალების კვარკვარზე და თან დღის ამბავიც შედგა. საყვარელი ადამიანების დანახვას ამგვარი დეტალები აადვილებს. ბავშვებს კი გამუდმებით სჭირდებათ ჩვენს სიყვარულში დარწმუნება.

 

ჩრდილები

პირველად სკოლაში შევნიშნე. დღის მეორე ნახევარში დაცარიელებულ შენობაში შევედი. დერეფნის ფანჯრის ჩრდილები იატაკზე იყო გაწოლილი. სახლის გზაზე ჩემი მოსწავლე შემხვდა თავის სამი წლის დაიკოსთან ერთად. ბაღიდან გამოეყვანა და დედას ელოდნენ. სახლში წამოვიყვანე. კალათბურთის სტადიონი ჩამავალი მზის შუქით იყო სავსე. სხივებში ბიჭი სეირნობდა ველოსიპედით და მოძრაობისას თან დაჰყვებოდა თავისი ჩრდილი. სახლში ამოსულს ზუსტად ის დრო დამხვდა, როცა ჩემს სახლს მზის სხივები სტუმრობს. კედლის ერთ კუთხეში ორნამენტების ჩრდილი იყო გამოსახული. ამ სამი შუქ-ჩრდილის დროის პატარა მონაკვეთში შემჩნევამ სამყაროს კეთილ ნებაზე დამაფიქრა, დროდადრო რომ ცხადდება ხოლმე ჩემს ცხოვრებაში და იმედით მავსებს.

ჩრდილებზე საუბრის დასრულებისას ჩემს გოგონას გაოცების შეძახილი აღმოხდა. ყველაზე მეტად ემოციის ამგვარი გამოხატვა მახარებს. ე, რა მაგარიაო – გაიკვირვა და ჩაფიქრდა.

ამ ამბის მთავარი მოტივი მარტივია – პატარა დეტალების შემჩნევა, ერთმანეთთან დაკავშირება, ფიქრის ესთეტიკასა და ღირებულებებზე ხაზგასმა.

 

თ ასო

ოცდარვა პირველკლასელის თითებს ხელი შევავლე, თ-ს მუცლისა და ფეხის მომრგვალებაში დავეხმარე. რაც არ გამოსდით, საშლელით შლიან და ახლიდან წერენ. სკოლის შემდეგ სახლში მომიწია ჩემი პირველკლასელი ბიჭისთვის იმავეს სწავლება.

თ ასო ნამდვილად იმსახურებდა დღის მთავარ პერსონაჟად ყოფნას. აბა, განა ხშირად ხდება, ამდენ ბავშვს წერას რომ ასწავლი? ერთმა ბიჭმა ცრემლები აღვარღვარა, არ გამომდისო და შენც ქარიშხლისებური ქმედება გიწევს, რომ თან დაამშვიდო, თან სხვას დააკვირდე, თითები შეუსწორო და ბადეში 28 წერტილი დასვა დასაწყისისთვის.

ანბანის სწავლებაზე თხრობა ბოლო ორი თვეა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ამგვარად ჩემი საქმიანობის შესახებ უფრო მეტს იგებენ.

 

რომ არა დღის ხუთი მთავარი სიტყვა, ამ მშვენიერ ამბებს, ალბათ, დავივიწყებდი. შეამჩნიო ცხოვრება, მოვლენები გამოკვეთო და შეაფასო, ესაუბრო საყვარელ ადამიანებს, მოჰყვე და მოუსმინო, „მოაახლოვო“ მათი შინაგანი სამყარო, ფიქრები, განცდები; გაიკვირვო, გაიხარო, დააფასო და თანაუგრძნო – ჩამონათვალი საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ დღის ხუთ მთავარ სიტყვაზე დაფიქრდე და მათ საჭიროებაში დარწმუნდე.

გისურვებთ თქვენი დღეების სიტყვებად ქცევას, საყვარელი ადამიანების მოსმენას და იმედი მაქვს, მასწავლებლებიც გამოვცდით ამ მეთოდს. ბოლოს გირჩევთ, რომ თუ დღის ხუთ მთავარ სიტყვას ითამაშებთ, აუცილებლად ჩაინიშნეთ დღიურში და მოკლე განმარტებებიც მიუწერეთ. ამგვარად საკუთარ ცხოვრებას დავიწყებისგან დაიცავთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი