პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

გაკვეთილები მსოფლიოს აბორიგენული თემებისგან: როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენი პლანეტის მომავალს (I ნაწილი)

 ჰაზდა, სანდავე, ტვა, კალენჯინ, მაასაი, სამბურუ, ირაქვი, ლუთია, აკა, მბუტი, ნაფუსა, ზუვარა, ჰარათინ, ტუარეგ, ფურ, ბადაგა, გონდი, ტივი, ატი, პინტუპი, სპინიფექს, პალავა, კვომა, კეტ, ბუნუნ, იათმულ, ბოსავი, ოკ, დანი, იუპიკ, ცუპ’იკ, კალაალიტ, ინუიტ, ტუნუმიიტ, ნუნამიუტ, კოლჩან, ჰოლიკაჩუკ, კრი, ანიშინაბე, ალგონკინ, კვაკიუტლ, პაიპაი, კოჩიმი, კომანჩი, სიუ, ოსაგე, კიოვა, ომაჰა, მოჰაუკ, ჰუასტეკ, ტცელტალ, ჩონტალ, იტცა, ჰუიჩოლ, ჩიბჩა, ჩოკოან, ბორორო, ნუკაკა, კეჩუა, ნასა, მაპუჩე, აიმარა, ალაკალუფე, იაგან, მანსი, ნჰანასან, იუკაგირ, იორატ – ეს მცირე ნაწილია იმ მრავალი ათასი მცირერიცხოვანი, ტრადიციული წესით მცხოვრები ტომისა, რომლებსაც ჯერ კიდევ „აბორიგენებს“ ან „ავტოქოთონებს“ ეძახიან სხვა, უფრო დიდი და განვითარებული კულტურების წარმომადგენლები.

დედამიწის რვამილიარდიანი მოსახლეობიდან 370 მილიონი ე.წ. აბორიგენული საზოგადოებებისგან შედგება – საუბარია მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, 70-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრებ ხალხებზე, რომლებიც დაახლოებით 5 000 ადგილობრივ ტომს წარმოადგენენ. უფრო ზუსტად, დღევანდელი გაგებით, საუბარია ტრადიციულ საზოგადოებათა წარმოადგენლებზე, რომელთა ცხოვრების წესი, ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოსთან კავშირი, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემები კვლავ ცოცხლობს და შეესაბამება უცხოელთა (უმეტესწილად – ევროპელთა) კოლონიზაციამდელი ეპოქის ფორმასა და შინაარსს.

აბორიგენული (მკვიდრი) მოსახლეობა გულისხმობს ხალხებს, რომელთა მიწებზეც დღეს უმრავლესობას სხვა კულტურის ხალხები წარმოადგენენ. მაგალითად, ლაკოტა და სიუ აშშ-ში, მაია გვატემალაში, აიმარა და კეჩუა ბოლივიაში, ინუიტები და ალეუტები ამერიკისა და კანადის პოლარულ რეგიონებში, საამები  ფინეთის, შვედეთისა და ნორვეგიის ჩრდილოეთ ნაწილებში, ე.წ. ავსტრალიელი აბორიგენები და ტორესის სრუტის მკვიდრი ხალხები – ავსტრალიაში, მაორები ახალ ზელანდიაში, პიგმეები და ბატვას ხალხები აფრიკის ეკვატორულ სარტყელში, გონდები, სანტალები და ბჰილები ინდოეთში.

საინტერესოა ტერმინთა ის მრავალფეროვნებაც, რომელიც თანამედროვე საზოგადოებამ მოიფიქრა მათთვის: ტომები, პირველი ერები, აბორიგენები, ეთნიკური ჯგუფები, ადივასი, ჯანაჯატი. გარდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტერმინებისა, მკვიდრი ხალხების აღსანიშნავად დასავლურ და აზიურ ლიტერატურაში გამოიყენება პროფესიულ-გეოგრაფიული ტერმინებიც: მონადირე-შემგროვებლები, ნომადები, მიწის ხალხი, ზეგანის ან მთების ხალხი. ამ ტერმინთა ერთობლიბა ქმნის იმ უცნაურ ლექსიკონს, რომელიც კვლავ გამოიყენება ტრადიციული, ძველი კუტურების მიმდევარი ხალხების აღსაწერად.

ამ ხალხებზე საუბრისას აღსანიშნავია კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: მკვიდრი/აბორიგენული თემების მთელი მოსახლეობა (370 მილიიონი ადამიანი) დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს შეადგენს, ხოლო ჩვენი პლანეტის ბიომრავალფეროვნების 80% სწორედ ამ ხალხთა განსახლების ტერიტორიებზეა თავმოყრილი და შენარჩუნებული.

მიზეზი იმისა, რომ ეს ორი მაჩვენებელი ერთად მოვიხსენიეთ (მოსახლეობისა და ბიომრავალფეროვნების პროცენტული წილები), გახლავთ ის ფაქტი, რომ ტრადიციულ თემებში მცხოვრებ ადამიანებს მრავალათასწლიანი ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ ბუნებასა და საცხოვრებელ გარემოსთან. მათ მიერ დაგროვებული ცოდნა კი საგანძურია, რომელიც ამ ხალხებმა დაიცვეს. ხალხებმა, რომელთაგანაც შეგვიძლია ვისწავლოთ. მისი მთავარი სიმდიდრე კი ის გახლავთ, რომ ადამიანს შეუძლია ბუნებასთან ურთიერთობა კონფლიქტის გარეშე!

მკვიდრი მოსახლეობის შენარჩუნება არ ნიშნავს მხოლოდ მათი განსახლებისა თუ საცხოვრებელი გარემოს დაცვა-შენარჩუნებას. ტრადიციული სოფლების შენარჩუნება, იმ მცენარეთა და ცხოველთა გადარჩენა, რომლებიც ამ ხალხების საცხოვრებელ გარემოს შეადგენს, არის კიდევ ერთი კარგი მიზეზი (თუ გავაცნობიერებთ, რომ ეს გვჭირდება!) ამაზონისა თუ ცენტრალური აფრიკის, ახალი გვინეისა თუ ანდების მთიანეთის ბუნებრივი გარემოს განადგურებისგან დასაცავად.

 

ბუნების მცველნი

მკვიდრი მოსახლეობის უსაზღვრო განსწავლულობა და ცოდნა მათი საცხოვრებელი გარემოს შესახებ კარგად არის შესწავლილი და ჩაწერილი. ამაზონის ტყეებში მცხოვრები იანომამის ხალხი, მაგალითად, ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში მათ გარშემო არსებული მცენარეების 500-ზე მეტ სახეობას იყენებს (!).

ამ ხალხს გარემოს იმდენად ზედმიწევნითი ცოდნა აქვს, რომ იცის, რომელი ხეები მასპინძლობენ საკვებად გამოსადეგ ხოჭოების მატლებს ან რომელი ხის ყვავილებისგან აგროვებენ ნექტარს ველური ფუტკრები. ბუნება მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და მათი ცხოვრების ყველა ასპექტში მონაწილეობს: ჰამაკების ქსოვით დაწყებული, სხეულის მოსახატავი საღებავების შეზავებით დამთავრებული. ჩვენგან ისინი იმით განსხვავდებიან, რომ ბუნების ექსპლუატაციას არ ეწევიან

ალბათ არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ მსოფლიოში არსებული ცოდნა დღეს არსებული წამლებისა და მათი კომპონენტების უმეტესობაზე ტომობრივ თემებში მცხოვრები ხალხებისგან მოდის: უწყვეტი ექსპერიმენტების ათწლეულები დაჭირდება იმის აღმოჩენას რომ ხვიარა კატის ბრჭყალს (Macfadyena unguis cati) შეუძლია დიარეის შეჩერება, ან იმისა, რომ ტროპიკული კოპალის ხის (Copaifera reticulata) ქერქი უებარია თვალის ინფექციების სამკურნალოდ. სამხრეთაფრიკელი ბუშმენები უკვე ათასწლეულებია იცნობენ მცენარე ჰოოდიას (Hoodia gordonii), როგორც მადის დამთრგუნველ საშუალებას.

და მაინც, მიუხედავად ცოდნისა და სიბრძნისა, რომელიც ტყეებში მცხოვრებ ტომებს შემოუნახავთ, არნახულია ტყეების ჭრის ტემპი! დღეს დედამიწაზე წუთში დაახლოებით ფეხბურთის 50 ოდენა ფართობი იკაფება! ტყეები კი დედამიწაზე არსებული ნახშირორჟანგის მთავარი მშთანთქავი რეზერვუარებია. მხოლოდ ამაზონის ტყეები ინახავენ მერქანში 48 მილიარდ ტონა ნახშირორჟანგს. შესაბამისად, ტყეების განადგურება მართლაც დიდი დანაშაულია!

როგორ ახერხებენ ტრადიციული ხალხები გარემოს შენარჩუნებას? ეს მარტივად რეგულირდება: ქვეყნების უმეტესობაში აკრძალულია აბორიგენების კუთვნილ მიწებზე ნავთობის, გაზისა და მერქნის მოპოვება. მაგალითად, ბოლივიაში, ბრაზილიასა და კოლუმბიაში, სადაც მიწის კანონები მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია, ასეთ ტერიტორიებზე ტყეების ჭრის ინტენსივობა 2-3-ჯერ ნაკლებია, ვიდრე სხვა ადგილებში, სადაც მკვიდრ მოსახლეობასთან მსგავსი რეგულაციები არავის შეუთანხმებია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი