პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

PISA-ს კვლევა კრიტიკული პერსპექტივიდან და უფრო სიღრმისეულად – ინტერვიუ ნუცა კობახიძესთან

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევა PISA  15 წლის მოზარდების მზაობას ამოწმებს, თუ როგორ შეუძლიათ მათ ყოველდღიურ გამოწვევებს გაუმკლავდნენ იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რაც სკოლაში შეიძინეს. PISA სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და ცოდნას სამი მიმართულებით ამოწმებს: წიგნიერება, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. 2018 წლის კვლევის შედეგებით საქართველო წიგნიერების ნაწილში 380,  მათემატიკაში 398 და  საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 283 ქულა აქვს. 

ჟურნალ “მასწავლებელს” PISA-ს კვლევის შესახებ ესაუბრა განათლების ექსპერტი ნუცა კობახიძე, რომელმაც კვლევა ჩვენთან ინტერვიუში სიღრმისეულად  მიმოიხილა.

როგორ შეაფასებდით პიზას ტესტს როგორც ქვეყნებს შორის შედარების ინსტრუმენტს?

სამ წელიწადში ერთხელ პიზას შედეგები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა ხოლმე. მან პოპულარობით გადაუსწრო სხვა საერთაშორისო ტესტებს. მედიის დიდი ყურადღების გამო, ამ ტესტის შედეგებმა პოლიტიკური მნიშვნელობაც შეიძინა და ის საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნების პრესტიჟის ერთგვარი სიმბოლო გახდა, ხოლო შიდა პოლიტიკაში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს დამატებითი არგუმენტები მისცა სხვადასხვა ტიპის ცვლილებების მხარდასაჭერად.

როგორც მოსალოდნელი იყო, პიზას 2018 წლის შედეგების გამოქვეყნებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მონაწილე ქვეყნების  უმრავლესობა თავს იმართლებს. თუ გადახედავთ საერთაშორისო პრესას, დაინახავთ, როგორ რეაგირებენ მთავრობები და მედია ამ შედეგებზე: უმრავლესობა ვიშვიშებს და მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოა გახარებული. ტოპ ხუთეულში შემავალ ქვეყნებს რომ შეხედოთ, იქაც კი დაინახავთ წუხილს იმაზე, რატომ გაუსწრო მეზობელმა რამდენიმე ქულით.

ცდუნება დიდია, რომ დაინტერესებულმა ადამიანმა ქვეყნებს შორის რანჟირების ცხრილის მიხედვით დრამატული დასკვნები გააკეთოს. ასეც იქცევა ჟურნალისტების უმრავლესობა. მაგალითად, რას ნიშნავს მესამე ადგილზე ყოფნა? რა განსხვავებაა ქვეყნის განათლების სისტემებს შორის, რომელთა შორის სხვაობა მხოლოდ რამდენიმე ერთეულია? კვლევებით დასტურდება, რომ ხშირად ეს განსხვავებები მინიმალურია.

 

პიზა საკმაოდ რთული ტესტია და მოითხოვს დიდ დროს, რომ მისი სრული ანალიზი მოხდეს. თუმცა, სამწუხაროდ, პოლიტიკოსებსა და მედიას  მხოლოდ შედარებების ცხრილი აინტერესებს. იშვიათად შევხვდებით მედიაში სტატიებს, სადაც პიზას ტესტის უფრო სიღრმისეული ანალიზია მოცემული. მეთოდოლოგიური და სხვა სახის პრობლემების მიუხედავად, ვფიქრობ, შესაძლებელია პიზას შედეგების გამოყენება ცალკეული დასკვნების გამოსატანად და პოლიტიკის კორექტირებისათვის, მაგალითად, ქვეყნის შიგნით რეგიონების ან სკოლების ტიპის შესადარებლად და ა. შ. თუმცა, ამ დასკვნებს გარკვეული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ და ეროვნული შეფასებებით და კვლევებით გადავამოწმოთ.

რამდენად სანდოა ამ ტესტით მიღებული მონაცემები? არის თუ არა ვალიდური ქვეყნების შედარება და რა ფაქტორებს გამოყოფდით ამ მიმართულებით.

პიზას მიმართ კრიტიკულ კითხვებს შორის არის რამდენიმე ძირითადი მიმართულება, რასაც ამ სფეროს სპეციალისტები სვამენ, მათ შორის, მნიშვნელოვანია სკოლების და იმ ტერიტორიების შერჩევა, სადაც ტარდება ტესტირება. მაგალითად გამოდგება ჩინეთი. 2015 წლამდე პიზა ტარდებოდა მხოლოდ შანხაიში, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და განვითარებული ადგილია. ჩინეთის სხვა პროვინციებთან შედარებით, სოციო-ეკონომიკური მდგომარებით  და სკოლების ხარისხით, ის გაცილებით წინ არის. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ჩინელ მიგრანტ მუშებს, რომლებიც სხვა პროვინციებიდან არიან და შანხაიში ცხოვრობენ, არ აქვთ უფლება  თავიანთი შვილები შანხაის სკოლებში მიიყვანონ. მათ უწევთ შვილების  პროვინციებში დატოვება. შანხაის სკოლებში მოსწავლეთა დიდი უმრავლესობა შედარებით მაღალი სოციალური ფენიდანაა, რომელთა მშობლები ასევე სხვა ფასიან საგანმანათლებლო  დახმარებასაც მიმართავენ. მედიაში ხშირად იწერება სტატიები, სადაც შანხაი წარმოდგენილია, როგორც ჩინეთი, რაც არასწორია. მკვლევრები ეჭვს გამოთქვამენ, ჩინეთის სხვა ღარიბ პროვინციებში რომ ჩაეტარებინათ კვლევა, შედეგები შეიძლება დრამატულად ცუდი ყოფილიყო. 2015 წელს, პიზას კვლევაში შანხაის დაემატა პეკინი, ასევე ჯიანსუ და ჭეძიანი, რომლებიც ასევე განვითარებულ ადგილებად ითვლებიან და არამც და არამც არ წარმოადგენენ მთელ ჩინეთს. თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ჩინეთის შთამბეჭდავი პროგრესი განათლებაში. თუ ავიღებთ აშშ-ის შედეგებს, იქ ჯამდება ყველა მონაწილე შტატის შედეგი. თუმცა, მხოლოდ მასაჩუსეტს თუ ავიღებთ, მაშინ შედეგები გაცილებით მაღალია. ასევეა საქართველოშიც: თუ მხოლოდ ქალაქის სკოლებში ჩავატარებთ ტესტებს, შედეგები იქნება შედარებით უკეთესი, რასაც პიზას ეროვნული ანგარიშიც გვეუბნება.

აქვს თუ არა გავლენა რეპეტიტორობას პიზას შედეგებზე?

 

აზიაში რეპეტიტორობა ძალიან გავრცელებულია. როგორც წესი, სკოლების შემდეგ მოსწავლეები სარეპეტიტორო სკოლებში დადიან. ძნელი გასარკვევია მათი აკადემიური მიღწევები რეპეტიტორების დამსახურებაა თუ სკოლების. საინტერესო კვლევა ჩატარდა კულტურული და ოჯახური ღირებულებების ფაქტორების გამოსავლენად, რომლის ფარგლებშიც შეადარეს შანხაელი მოსწავლეები ავსტრალიაში მცხოვრებ შანხაიდან წასულ მოსწავლეებს. აღმოჩნდა, რომ მათ ერთნაირად მაღალი ქულები ჰქონდათ, მაშინ როცა მთლიანად ავსტრალიამ საკმაოდ არასახარბიელო შედეგი აჩვენა პიზაში. ეს მიუთითებს, რომ სკოლა როგორც ინსტიტუტი ნაკლებად მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეხება მშობლების  მიერ განათლებაში ჩადებულ დანახარჯებს (რაც, პირველ რიგში, გულისხმობს რეპეტიტორების დაქირავებას დაწყებითი კლასებიდან) და კულტურულ ღირებულებებს.

კიდევ რა პრობლემებს გამოყოფდით პიზას ტესტის მიმართულებით?

პიზა ტექნიკურად გამართული ტესტია. მასზე ამ სფეროს საუკეთესო სპეციალისტები მუშაობენ. ამის მიუხედავად, შეცდომები ტესტში ხშირია, რაზეც თავად ტესტების ავტორებიც ლაპარაკობენ. პრობლემებია ტესტის დიზაინში, თარგმანებში, იმპლემენტაციასა და ინტერპრეტაციაში. მე და ჩემმა კოლეგამ, ბრიტანელმა პროფესორმა მარკ ბრეიმ, შევისწავლეთ პიზას (2000, 2003 და 2009 წლების ) და ტიმსის (1995 და 2003 წლების) კითხვარების ერთი ასპექტი, რომელიც რეპეტიტორობას შეეხებოდა. აღმოჩნდა, რომ კითხვები ისე ბუნდოვნად იყო დასმული თავად ორიგინალში, რომ მან თარგმანებში კიდევ უფრო დიდი ბუნდოვანება გამოიწვია. საერთოდ აზრი დაკარგა ქვეყნებს შორის შედარებამ ამ კუთხით. სამწუხაროდ, ამ არასწორ მონაცემებზე დაყრდნობით ბევრი სამეცნიერო კვლევა გამოქვეყნდა. ამ საკითხს საერთოდ არ მიაქციეს ყურადღება და შორსმიმავალი დასკვნები გააკეთეს. ჩვენ ვაცნობეთ OECD-ის  (პიზას მშობელი ორგანიზაცია) და ისინი ყურადღებით მოეკიდნენ ჩვენს რჩევებს. შეცდომები გამოსწორდა ნაწილობრივ 2015 წლის ტესტში, მაგრამ ისევ დარჩა უზუსტობები, რაზეც კიდევ ერთი სტატია დავწერეთ, რომელიც 2020 წელს გამოქვეყნდება.

ვერცერთი ტესტი ვერ იქნება იდეალური და პრობლემები განსაკუთრებით იჩენს თავს, როცა სხვადასხვა კულტურულ კონტექსტს ვადარებთ ერთმანეთს. კულტურულ კონტექსტს დიდი მნიშვნელობა აქვს და ხშირად უბრალოდ შეუძლებელია ინგლისურენოვანი ტესტის ადგილობრივ კონტექსტზე მორგება. კრიტიკის საპასუხოდ პიზამ 2015 წლიდან დანერგა ხარისხის კონტროლის ახალი მექანიზმი Translatability Assessment, რომლის მიზანია კითხვარების თარგმანების შემოწმება ლინგვისტების მიერ, რათა მათ შესამოწმებელ დავალებებს შორის მიაღწიონ კულტურულ ეკვივალენტურობას.  მიუხედავად ასეთი მცდელობებისა, პიზა დაზღვეული არ არის შეცდომებისაგან თარგმანებში, რომელიც პრობლემურს ხდის ქვეყნებს შორის შედარებას. ეს განსაკუთრებით საგრძნობია არაანგლოფონურ ქვეყნებში. მეთოდოლოგიურ სირთულეებზე უნდა ვისაუბროთ, რომ მონაცემების ინტერპრეტირება სწორად მოხდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყნები ამას ისე სერიოზულად აღიქვამენ, რომ რეფორმების გატარება უნდათ პიზას შედეგების გათვალისწინებით.

როგორია ტესტის ფორმატი?

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ტესტის ფორმატი და მოსწავლეთა მოტივაცია. ბევრ ქვეყანაში პიზას ტესტს მოსწავლეები არასერიოზულად უყურებენ, არ ცდილობენ საკუთარი მაქსიმუმის ჩვენებას, რადგან იციან, რომ ეს მათი სკოლის ნიშნებზე არ აისახება (ჩემი ვარაუდით, საქართველოშიც ასეა). პიზა საკმაოდ ხანგძლივი ტესტია და მოსწავლეები იღლებიან, ხშირად ტოვებენ დავალებებს, რომ მალე მორჩნენ. ამის საპირისპიროდ, ზოგიერთ აზიურ ქვეყანაში იმ მოსწავლეებს, რომლებმაც პიზას ტესტი უნდა ჩააბარონ, წინასწარ მსგავსი დავალებების შესრულებაში ამეცადინებენ. მათ ეუბნებიან, რომ ეს ეროვნული პრესტიჟის საკითხია და საკუთარი მაქსიმუმი უნდა აჩვენონ. არაერთი სტატია იმაზეც დაიწერა, როგორ ეუბნებიან აკადემიურად სუსტ მოსწავლეებს ჩინეთში, რომ ტესტის დღეს სკოლაში „ავადმყოფობის გამო“ არ მოვიდნენ. ცნობილია, რომ, მაგალითად, მალაიზიაში სკოლები სპეციალურად ამზადებენ მოსწავლეებს პიზას ტესტის ჩასაბარებლად, რათა გაზარდონ „პიზასთვის მზაობა.“ მოკლედ, საზოგადოებრივი აზრის წნეხისა და საერთაშორისო პრესტიჟის გამო, ბევრი ქვეყანა მზად არის ყველა ხერხი იხმაროს, რომ რანჟირების ცხრილში ზევით აიწიონ. ამასობაში ყურადღების მიღმა შეიძლება დარჩეს ამა თუ იმ ქვეყნისთვის ეროვნულ დონეზე მნიშვნელოვანი განათლების ასპექტი, რომელიც პიზას ტესტში არ აისახება.

ხშირად გაიგონებთ კრიტიკას, რომ პიზა და მსგავსი ტესტები აფასებენ არა განათლების მიღწევებს, არამედ იმას, რამდენად კარგად არიან მოსწავლეები ტესტისთვის მომზადებულები.

ასევე ყურადღებიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ შედეგები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გამსწორებლებზე: მაგალითად, რამდენად მკაცრად ან რბილად ასწორებენ ღია დავალებებს. ჩემი პირადი გამოცდილებით, საქართველოში გასწორების პროცესში საკმაოდ მაღალი კომპეტენციის ადამიანები არიან ჩართულები და კეთილსინდისიერად ასწორებენ დავალებებს. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვენ (2010-2012 წლებში მე თავად ვმუშაობდი საგანმანათლებლო კვლევებზე შეფასებისა და გამოცდების ცენტრში) მოგვიწია ზოგიერთი მათგანისთვის შეხსენება იმისა, რომ გრამატიკულ შეცდომებზე ყურადღება არ გაემახვილებინათ, მაშინ როცა დავალება უნდა შეფასებულიყო მხოლოდ წაკითხულის გააზრების მიხედვით. ამავდროულად, ბევრ სახელმწიფოში არაფორმალური მითითებაა, რომ ტესტები „კეთილგანწყობით“ გასწორდეს. მართალია, აქაც პიზას გასწორების გადამოწმების მექანიზმები აქვს დანერგილი, მაგრამ ჩემი გამოცდილებით და ასევე ჩემს უცხოელ კოლეგებთან საუბრიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ ვარიაციის საკმაოდ დიდი შესაძლებლობაა.

რა არის პიზას ტესტის მიზანი? რატომ მონაწილეობენ ქვეყნები?

თუ საერთაშორისო ანგარიშებს ჩახედავთ, წაიკითხავთ, რომ პიზას მიზანია, შექმნას საერთაშორისო შედარებითი მონაცემები, დაეხმაროს ქვეყნებს ერთმანეთისგან ისწავლონ.  ანგარიშებში ხშირად წერენ, თუ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რომ წარმატებული განათლების სისტემა ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პუბლიკაციები ყველასთვის ხელმისაწვდომია, ვერ მოხერხდა მსოფლიოში განათლების პრობლემების მოგვარება. ეს ალბათ იმის ბრალიცაა, რომ რთულია განათლების სისტემის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადმოტანა, რადგან ის, რაც სკოლის გარეთ ხდება, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სკოლაში მიმდინარე პროცესი. მაგალითად, რას აკეთებენ მშობლები შვილების განათლებისთვის, რამდენად კარგად იკვებებიან მოსწავლეები, როგორ არის მოწყობილი საზოგადოება, რა ღირებულებები გააჩნია მას, რას უკავშირებს წარმატებას და პრესტიჟს, როგორია ჯანდაცვის სისტემა, სოციალური სერვისები და ა.შ. ამიტომ, ძნელია ერთმნიშვნელოვნად გადმოვიღოთ ფინური მოდელი ან ესტონური მოდელი, რაზეც უცებ ალაპარაკდა ყველა. უნდა გავეცნოთ მათ მაგალითებს, მაგრამ პრობლემების მოგვარების გზები უფრო ლოკალური მგონია.

სხვა მიზეზი ისიცაა, რომ პიზა განათლების მხოლოდ ცალკეულ ასპექტებს (კითხვა, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) და არა მთლიანად განათლებას აფასებს. ეს არის ვიწროდ განსაზღვრული განათლების გაგება, (რაზეც რამდენიმე დღის წინ ინგლისურენოვანი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუშიც გავაკეთე კომენტარი), რომელიც ვერ აფასებს უმნიშვნელოვანეს უნარებს, როგორიცაა დამოუკიდებელი აზროვნება, კრიტიკული აზროვნება, სოციალური უნარები და ა.შ.

 

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს კომერციული ინტერესები, რომლებიც ხშირად პიზას ტიპის ტესტების შემქნელი ორგანიზაციის უკან დგას. მსგავსი ორგანიზაციები თანამშრომლობენ კომპანიებთან, რომლებსაც ევალებათ პუბლიკაციების მომზადება, ქვეყნებისთვის კონსულტაციის გაწევა პიზას ტესტის შედეგებზე, რასაც ძალიან დიდი ფინანსური მოგება მოაქვს. მაგალითად, OECD სკოლებს სპეციალურ შეფასებას ‘PISA- based Test for Schools’ სთავაზობს, რომელშიც სკოლებს  საკმაოდ დიდი თანხის გადახდა უწევთ.

საინტერესოა, რომ პიზას სათავეში მოხვედრილი ქვეყნები ასევე იღებენ ფინანსურ სარგებელს ე.წ. საგანმანათლებლო ტურიზმით. ცნობილია, რომ ფინეთი და სინგაპური სასწავლო ტურებით გადაჭედილია.

შეიძლება თუ არა საქართველომ გადმოიღოს ფინური ან ესტონური განათლების მოდელი?

 

საინტერესო ისაა, რომ თუ იმ ადამიანებს დაელაპარაკებით, ვინც ფინური განათლების სისტემას გაეცნო, გეტყვით, რომ „სასწაულები“ ვერ აღმოაჩინეს. ეს არ ნიშნავს, რომ ფინური მოდელი გამორჩეული არ არის, ნამდვილად არის და ამისთვის მათ რამდენიმე ათეული წელი იშრომეს. ფინეთი იმითაც არის საინტერესო და ერთგვარად პარადოქსულიც, რომ მისი მოდელი არ მიჰყვება იმ სტანდარტულ რჩევებს და ხშირ შემთხვევაში მათ საწინააღმდეგოსაც კი აკეთებს, რასაც OECD ურჩევს სხვა ქვეყნებს წარმატების მისაღწევად. ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ტოპ ათეულში მოხვედრილ ქვეყნებს ხშირად ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული განათლების მოდელები აქვთ და ერთ წარმატებულ მოდელზე ლაპარაკი არასერიოზულია. ეს ყოველივე უფრო იმაზე მიუთითებს, რამდენად რთულია სკოლის მოდელის გადმოღება საზოგადოების სხვა სფეროებში ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე. სკოლა არ არსებობს ვაკუუმში, ის საზოგადოების ნაწილია და მისი რეფორმირება ქვეყნისთვის სასიცოცხლო სხვა დარგების რეფორმირების კვალდაკვალ უნდა მოხდეს.

 

რატომ არ იცვლება მიღწევის დინამიკა საქართველოში, რასთანაა დაკავშირებული კვლევის ეს მაჩვენებელი?

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველომ არაერთი რეფორმა განახორციელა განათლებაში. თუმცა, პოლიტიკური არასტაბილურობის, ხედვების არათანმიმდევრულობის და ხშირად არაკომპეტენტურობის გამო, ბევრი მათგანი იყო ფრაგმენტული და უნაყოფო. გასაკვირი არ არის, რომ დინამიკა არ არის დადებითი.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც იმსახურებს ყურადღებას, არის 2012 წლიდან პიზას ტესტირების კომპიუტერულ ფორმატზე გადასვლა. მანამდე მოსწავლეები ქაღალდზე ასრულებდნენ ამ ტესტს. 2018 წლიდან ბევრი ქვეყანა (არა ყველა), მათ შორის საქართველოც, გადავიდა კომპიუტერულ ფორმატზე. ბევრი უცხოელი მკვლევარი არასახარბიელო შედეგებს მოსწავლეთა ტექნოლოგიურ კომპეტენციასაც უკავშირებს. საქართველოში 15 წლის მოსწავლეთა უმრავლესობა შეიძლება კომპეტენტურია კომპიუტერის ელემენტარული ფუნქციების გამოყენებისას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი შეჩვეულები არიან დიდი მოცულობის ტექსტების წაკითხვას, დიაგრამების, გრაფიკების და ამოცანების ინტერპრეტაციას ეკრანზე.

როგორ გამოვიყენოთ პიზა?

 

სამწუხაროა, რომ საქართველოში სამ წელიწადში ერთხელ პიზას ტესტის შედეგების გამოცხადებას მოჰყვება  მცირეხნიანი  ეროვნული დრამა და ვიშვიში იმაზე, რა ცუდი განათლების სისტემა გვაქვს. სამწუხაროა, რომ ეს სიმართლეა, მაგრამ ამის ასე დრამატულად შეხსენებას საზოგადოებისთვის, მგონია, რომ დემორალიზაციის გარდა, არაფერი კარგი არ მოაქვს. განსაკუთრებით თვალშისაცემია ერთმანეთზე გადაბრალება და თითის გაშვერა. ხშირად ვამბობთ, რომ საქართველოში არ ხდება შედეგების რეფორმებისთვის გამოყენება. ასევე გვავიწყდება, რომ საქართველო პიზაში და სხვა მსგავს ტესტებში მონაწილეობაში იხდის მონაწილეობის გადასახადს, რომელიც საკმაოდ დიდი თანხაა (ხშირად საერთაშორისო ორგანიზაციები გვეხმარებიან ამ საფასურის დაფარვაში). გარდა გადასახადისა, ბიუჯეტიდან იხარჯება სერიოზული თანხები ტესტის მომზადებაზე, ადაპტაციაზე, ჩატარებაზე, შედეგების შეფასებაზე, ანალიზზე და ა.შ. ისმის კითხვა, თუ ამ წლების განმავლობაში ვერ გამოვიყენეთ ეს შედეგები სისტემის გაუმჯობესებისთვის (თავისთავად სადაო საკითხია, რამდენად გამოდგება პიზას „რეცეპტები“ ამ მიზნის მისაღწევად), რატომ ვხარჯავთ ამხელა თანხებს პიზაში მონაწილეობისთვის? ხომ არ ჯობია, პაუზა ავიღოთ და ეს დრო და რესურსები სიღრმისეული რეფორმების გატარებას მოვახმაროთ?  რამდენიმე დღის წინ, გერმანულ პრესაში შემხვდა სტატია, რომლის ავტორი ასევე კრიტიკულ შეკითხვებს სვამდა პიზაში გერმანიის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ამ პრობლემებიდან  გამოსავალს რაში ხედავთ?

ჩემი აზრით, პირველ რიგში, უნდა მოვეშვათ საგანმანათლებლო შეჯიბრს. შევეცადოთ, გავხდეთ ტესტის კრიტიკული შემფასებლები და მომხმარებლები. პრობლემურია, როცა პიზაზე ლაპარაკობენ, როგორც ეროვნული განათლების უტყუარ საზომზე, „თერმომეტრზე“, „დეტექტორზე“, ტესტზე, რომელსაც „მსოფლიო განათლების პულსზე უდევს ხელი“ და ა.შ. პიზას არსებული მონაცემების ანალიზისას ყურადღება უნდა გადავიტანოთ რანჟირებებიდან მონაცემების იმ ნაწილებზე, რომელიც უფრო მეტ ინფორმაციას გვაძლევს განათლების ფუნდამენტურ პრობლემებზე. რაც მთავარია, დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილების და ცოდნის საფუძველზე უნდა ვიპოვოთ ლოკალური გზები განათლების და საზოგადოების გასაუმჯობესებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი