სამშაბათი, აპრილი 1, 2025
1 აპრილი, სამშაბათი, 2025

„გუშინდელი“ ბავშვი „ის“ ბავშვი აღარ არის – მოზარდობა და მისი გამოწვევები

მოზარდობა – მტკივნეული, რთული და გამოწვევებით სავსე ეტაპია თავად მოზარდისთვის, ოჯახისთვის, სკოლისა და იმ სოციალური გარემოსთვის, რომელშიც მოზარდს უწევს ყოფნა. მოზარდის წინაშე ამ პერიოდში რთული გამოწვევები იჩენს თავს – მან უნდა გაიცნოს საკუთარი თავი, უნდა გაიცნოს სხვები და სხვებსაც უნდა გააცნოს სხვა „მე“, სხვა პიროვნება, ვიდრე აქამდე იყო და ვინც უნდა, რომ იყოს მომავალში – ახალი სურვილებით, ინტერესებითა და გატაცებებით სავსე ადამიანი.

ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი მოსამზადებელი გზა ზრდასრულობის პასუხისმგებლობიან პერიოდამდე, რომელიც შეიძლება იყოს მსუბუქიც და შეიძლება იყოს მოულოდნელობებით, სირთულეებით სავსე.

მოზარდი ამ პერიოდში იწყებს საკუთარი ადგილის ძებნას და ცდილობს, გააცნობიეროს თავისი როლი ოჯახში, სკოლასა და საზოგადოებაში. ამ დროს მისი მთავარი ინტერესია, იმ გარემოში, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია – იპოვოს „მთავარი პერსონაჟის“ ადგილი, რომელსაც აღიარებენ, მოუსმენენ და მის სიტყვას ანგარიშს გაუწევენ.

ერთ საღამოს, როდესაც სამუშაო შეხვედრიდან სახლში დავბრუნდი, ჩემმა 12 წლის შვილმა ასეთი კითხვა დამისვა – „ვინ იყო შეხვედრის მთავარი პერსონაჟი?“ – ამ კითხვას ახლდა მოზარდული ირონიაც და გულწრფელი ინტერესიც ადამიანური ურთიერთობების შესახებ. ამ კითხვამ დამაფიქრა, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის, იყვნენ აღიარებული, იყვნენ დაფასებული, პატივს სცემდნენ მათ შეხედულებებს და ინტერესით უსმენდნენ მათ აზრებს.

მოზარდობის პერიოდში, როდესაც ბავშვი პატარა აღარაა, ის აქტიურად ეძებს უნიკალურ ნიშას, მისთვის შესაფერის ადგილს, ერთგვარ პლატფორმას, სადაც საკუთარი უნარების, ცოდნის, გამოცდილებებისა და მისწრაფებების აქტუალიზებას შეძლებს. მას ახლა მნიშვნელოვანი გზები აქვს გასასვლელი – საცალფეხო გზები, ე.წ. ბეწვის ხიდები – ზრდასრულობამდე. მოზარდობის გზა ცოტათი ჰგავს იმ ბეწვის ხიდებს, რომლებზე სიარულისას საჭიროა წონასწორობის შენარჩუნება, შიშების გადალახვა, თავის გამხნევება, ყურადღების კონცენტრაცია, თავდაჯერების მოპოვება და მოქნილობა.

ბეწვის ხიდზე სიარულისას მოზარდს სჭირდება „დამჭერი“, ერთგვარი ყავარჯენი ისეთი ადამიანის სახით, რომელიც მას უპირობო სიყვარულს, მიმღებლობასა და სითბოს აჩვენებს; რომელშიც ბოლომდე იქნება დარწმუნებული, რომ შეცდომების მიუხედავად, არასდროს მიატოვებს, მასთან ერთად ეცდება პრობლემების გადალახვას და არ დადგამს „დრამას“. როგორც ვხვდები მოზარდები ყველაზე ცუდ გამოცდილებას, ყველაზე ცუდ გაკვეთილს, სწორედ მშობლების მიერ „დრამის დადგმის“ დროს იღებენ და გულგრილად ისხლეტენ მათ გადაჭარბებულ ემოციურ რეაქციებს.

მოზარდს გვერდით სჭირდება ყურადღებიანი, ჩართული, მოსიყვარულე, სანდო ზრდასრული, რომელიც ამ ბეწვის ხიდზე უშიშრად გაჰყვება, იქნება მისი შემწე, უშიშრად გაატარებს განსაცდელებს, გადაიყვანს სამშვიდობოს და ყველა მის უნარს, ნიჭსა და გამოცდილებას წარმართავს სწორი მიმართულებით. მოზარდობის ბეწვის ხიდზე სიარული მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდაა მშობლისთვისაც და მოზარდისთვისაც და ორივე მათგანისთვის თანაბრად საპასუხისმგებლო ცხოვრებისეული მარშრუტია.

ეს პერიოდი განსაკუთრებით უნდა გვაფიქრებდეს არა მარტო მშობლებს, ასევე დამაფიქრებელი უნდა იყოს პედაგოგებისთვის, დამაფიქრებელი და გასათვალისწინებელი. საკლასო გარემოში, ისევე როგორც ოჯახში, ხშირია შეცდომები, ზოგჯერ ეს შეცდომები შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს, ძალიან დიდი ბზარი გააჩინოს ურთიერთობებში, პიროვნებაში და მოზარდის მომავალიც კი განსაზღვროს.

მოზარდები განსაკუთრებით მწვავედ და კრიტიკულად აღიქვამენ ამ დროს თითოეულ უხეშ სიტყვას, თითოეულ „გადაკრულ“ ფრაზას, უადგილო ირონიას, რომელიც საშინლად შეურაცხმყოფელია მათთვის და ანგრევს მათ თვითშეფასებას.

მშობლებსაც და მასწავლებლებსაც, გვჭირდება განსაკუთრებული საკომუნიკაციო ენის შესწავლა, რომელსაც გულწრფელი სიყვარულის ენა ჰქვია, რომელიც გულისხმობს ლმობიერებასაც, რაციონალურ კრიტიკასაც, საყვედურსაც, თანამგრძნობ დამოკიდებულებსაც, მაგრამ არა შეურაცხყოფას, დამცირებასა და თანატოლთა წინაშე შერცხვენას.

რა თქმა უნდა, მოზარდსაც აქვს პასუხისმგებლობები, მასაც ევალება, იყოს თანამგრძნობი, იყოს რაციონალური, იყოს მომთმენი, იყოს ლმობიერი და გამოირჩეოდეს მისაღები ქცევით, თუმცა ამის მაგალითი ჯერ ზრდასრულებმა უნდა მივცეთ მას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“