ყველაფერი ახალი რომ კარგად დავიწყებული ძველია, ამაზე დიდი ხანია შევთანხმდით. თითქოს იცვლება სამყარო, კონსტანტინე გამსახურდიას თქმისა არ იყოს, იცვლება ქვეყანა, მაგრამ ბევრი რამ უცვლელი რჩება, თითქოს წრეზე ტრიალებს ყველაფერი. უცვლელია გრძნობები, უცვლელია ემოციები, უცვლელია „მრავალსაუკუნოვანი სისულელის სურათები“, უცვლელია დამოკიდებულებები და უცვლელია ჩვენი შიშიც შეუცნობლის, უცნობისა და შესაცნობის მიმართ. ყველას გვახსოვს ილია ჭავჭავაძის მგზავრის სიტყვები:
„თერგდალეულები ჩვენს ქართველ კაცს როგორღაც არ ეჭაშნიკება და არ მოსწონს. ამაზედ ფრიად საფუძვლიანი საბუთი აქვთ: პირველი, იმიტომ არ მოსწონთ, რომ თერგდალეულები მართლა-და თერგდალეულები არიან, მეორე იმიტომ… იმიტომ, რომ მეორედაც თერგდალეულები არიან, მესამე იმიტომ… იმიტომ… იმიტომ, რომ მესამედაც თერგდალეულები არიან. მოდი და ამისთანა ჭკვიანური საბუთი სხვა საბუთით დაურღვიე ჩვენს დარღვეულს ქართველობას“ (ილია ჭავჭავაძე, „მგზავრის წერილები“).
ეს შიში ჩვენი ცხოვრების ყოველ მომენტში იჩენს თავს. სამყაროს დასაბამიდანვე ადამიანებს გვეშინია უცნობი ნივთების, რისკის, უცნობი ცხოველების, უცნობი დაავადებების, ბუნების მოვლენების… ინსტინქტურად უკუვაგდებთ ყოველგვარ ახალს, და ეს ინსტინქტი კაცობრიობისთვის თვითგადარჩენის ერთგვარ გასაღებად იქცევა. ეს ინსტინქტი დღეს ცვლილებების, ნორმიდან გადახრის შიშია. ჩვენ გვეშინია ახალი ტექნოლოგიების, ტექნოლოგიური პროგრესის, ახალი სოციალური გამოცდილების, კომფორტის ზონიდან გამოსვლის… რატომ? ამაზე პასუხი, თერგდალეულების შიშისა არ იყოს, არ გვაქვს, მაგრამ გვეშინია. გვეშინია და, შესაბამისად, არც გვინდა. შესაძლოა, წინასწარ გვეშინია მარცხის, წარუმატებლობის, შეცდომის, ან ადრე განცდილი მარცხის გამო – იმედგაცრუების…
ცვლილების შიში უფლებას არ გვაძლევს, სიახლის მიღებით გამოწვეული სიამოვნება განვიცადოთ, შესაბამისად, ჩვენს პიროვნულ განვითარებასაც უშლის ხელს.
სამყაროში, რომელიც განუწყვეტლივ ვითარდება, ინოვაცია ხშირად განიხილება როგორც პროგრესის გასაღები. ახალი ტექნოლოგიები, იდეები და წინსვლა აყალიბებს ინდუსტრიებს, საზოგადოებებს და ჩვენს ცხოვრებასაც კი. სიახლეების მიმართ შიში (ნეოფობია) ფესვგადგმულია ადამიანის ცნობიერებაში.
ეს ფესვგადგმული სიფრთხილე უცნობის მიმართ თანამედროვე სამყაროშიც გავრცელდა მიუხედავად იმისა, რომ საფრთხეები დღეს სრულიად განსხვავებულია, – ძირითადად არამატერიალური, მაგალითად, სამუშაო ბაზრის მოშლა ან სოციალური სტრუქტურების დაკარგვა, – ფსიქოლოგიური რეაქცია მსგავსია. როგორც წესი, უხერხულობას ვგრძნობთ, როდესაც ვაწყდებით ახალ იდეებს, ტექნოლოგიებს ან ცხოვრების წესს, რომლებიც ბოლომდე არ გვესმის ან ვერ ვაკონტროლებთ.
ადამიანები გაურბიან სიახლეებს, რადგან ბუნებრივად ერიდებიან გაურკვევლობას. სიახლესთან შეჯახებისას ადამიანმა შეიძლება ინსტინქტურად იგრძნოს, რომ რისკი აჭარბებს სარგებელს, მაშინაც კი, თუ ეს ობიექტურად სიმართლეს არ შეესაბამება. დანაკარგის შიში ამძაფრებს ამ ეფექტს. უფრო მეტიც, ინდივიდები კომფორტს პოულობენ ნაცნობ რუტინაში, რწმენასა და ტექნოლოგიებში.
სიახლეების შიშს ხშირად კვებავს სოციალური და კულტურული ფაქტორები – ნორმები, ღირებულებები და ტრადიციები.
როდესაც ინოვაციები მოდის გარე წყაროებიდან – უცხო ქვეყნებიდან, უცნობი ინდუსტრიებისგან ან ტექნოლოგიური გიგანტებისგან, შეიძლება გაჩნდეს ბუნებრივი ეჭვი ან შიში „უცხოობისა“. ამან შესაძლოა შექმნას დაუცველობის განცდა.
სიახლეებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე საგრძნობი შიშია სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური სტაბილურობის დაკარგვის შიში. ბევრს ეშინია, რომ ინოვაციები მათ უნარებს გამოუსადეგრად აქცევს, ეს კი საბედისწერო გავლენას ახდენს განვითარებაზე. დღესაც ბევრი ეჭვობს, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს და ფუნქციას დაუკარგავს ბუნებრივი გონს, თუმცა ამაზე საუბარი სხვა დროს განვაგრძოთ.
ვთანხმდებით, რომ ლიტერატურა ერთგვარი სარკეა, ასახვაა ჩვენი ცხოვრებისა თუ ქვეცნობიერისა. ჰოდა, ლიტერატურაში უამრავი მაგალითია იმისა, რა დამოკიდებულება აქვთ სიახლეების მიმართ საზოგადოებაში. ასეა ქართულ ლიტერატურაშიც და ასეა ყველგან. სულ რამდენიმე მაგალითი გავიხსენოთ: რეი ბრედბერის წიგნში „451ფარენჰეიტით“ სწორედ იმისთვის წვავენ წიგნებს, რომ ადამიანებს ფიქრის, განვითარების შესაძლებლობა არ მისცენ, გააქრონ ინდივიდუალური აზროვნება და პიროვნება ბრბოს ნაწილად აქციონ. ახალი იდეები, მათი აზრით, დამღუპველია კაცობრიობისთვის. ოლდოს ჰაქსლის ტექსტშიც „მშვენიერი ახალი სამყარო“ საზოგადოებას სწორედ ქაოსისა და დისკომფორტის მოლოდინის გამო ეშინია სიახლეების.
თემაზე საუბარს ორუელის უკვდავი „1984-ის“ გარეშე ვერ განვაგრძობთ: პარტია ხელს უწყობს სიახლეების, ცვლილებების შიშის დანერგვას, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს. ეს რომანი თვალნათლივ გვიჩვენებს, როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საზოგადოებაში არსებული შიში სიახლეების მიმართ.
მსგავს თემებს ეხება კაფკას არაერთი ტექსტი („პროცესი“, „მეტამორფოზა“) და სხვა მწერალთა უკვდავი ნაწარმოებები.
დროის ცვლილება და განათლების მიმართ ახლებური დამოკიდებულება აწუხებს „კაცია-ადამიანის“ ლუარსაბს. რატომ? იმიტომ, რომ კომფორტის ზონაში მის დარჩენას ეწინააღმდეგება. „რაც ეს რაღაც ეშმაკური სკოლები შემოიღეს, ბატონო, ქართველ კაცის ხეირი მაშინ წავიდა… რა კაცები არიან?! წიგნი იციან? მე თუ წიგნი არ ვიცი, კაცი აღარ ვარ, ქუდი არა მხურავს, განა! ხორცი მე არ მაკლია და ფერი. წიგნი რა ვაჟკაცის ხელობაა, – ეგ ხომ ქალის საქმეა. ვენაცვალე უწინდელ დროს! ყველაფერი მაშინ თავის დონეზედ იყო მოყვანილი“.
თუმცა ცვლილების, სიახლისკენ ლტოლვის გარეშე განვითარება სად გაგონილა?!
ისევ ილიას დავესესხოთ: „ნუ დააგდებ ძველსა გზასაო“ – ეს ჩინეთიდამ შემოგვეპარა“… არც ყოფილა ქართული და ტრადიციული.
გიორგი ლეონიძის ციციკორე გავიხსენოთ, როგორ ებრძვის რკინიგზის შემოყვანას: „-აგიჟინიათ, მატარებელი, მატარებელიო! აქებთ რკინიგზას და იმას კი არა ფიქრობთ, რა უნდა ჰქნას ხარ-კამეჩმა, ცხენმა? მაშ, ურმები უნდა გადავყაროთ? მერედა უურმოთ ქართველი კაცი გაგონილა? ან ღვინის ქირაზე რით წავიდეთ, ან ცხენს რა ვუყოთ? ამას რატომ არ უფიქრდებით?.. ჰაერი გაფუჭდება, პური და მტევანი მოიწამლება, ხალხი იავადმყოფებს, უნამუსობა ჩამოვარდება! განა გოგოები ეგრე თავისუფლადღა გაივლიან?.. ხალხო, ფრთხილად, ეშმაკს არ წამოვავლოთ ხელი!“
ჰო, სიახლეს და განსხვავებულობას საზოგადოება ხშირად (თუ ყოველთვის არა) ხვდება სკეპტიკურად, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ ეს სიახლე აუცილებელია განვითარებისთვის. თავის დროზე „ვეფხისტყაოსნის“ მთელი ტირაჟი გაანადგურეს როგორც ბილწების მასწავლებელი წიგნი, ჯორდანო ბრუნო კოცონზე დაწვეს…
საზოგადოებას არ უყვარს სიახლე, არ უყვარს კომფორტის ზონიდან გამოსვლა, მაგრამ ამის გარეშე პროგრესი წარმოუდგენელია. მასწავლებლებიც სწორედ ამას ვასწავლით ჩვენს მოსწავლეებს.