ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
2 აპრილი, ოთხშაბათი, 2025

კითხვის გაკვეთილები: პირველი წიგნის აღმოსაჩენად

როგორ გავზარდოთ კარგი მკითხველი?! – ამ შეკითხვას საკმაოდ ხშირად სვამენ საგანმანათლებლო სივრცეებში და მის გარეთაც. არსებობს ბევრი საინტერესო სასწავლო მეთოდი, რომლებიც ხელს უწყობენ წაკითხულის სიღრმისეულად გააზრებას და კითხვის პროცესსაც სახალისო აქტივობად გარდაქმნიან. ამჯერად მინდა განვიხილო შებრუნებული საკლასო ოთახის პრინციპით აგებული ლიტერატურის გაკვეთილების ერთგვარი მოდელი და გაგიზიაროთ მასთან დაკავშირებული რამდენიმე აქტივობა, რომელთა დახმარებითაც ჩემმა მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს მკითხველად ჩამოყალიბების გრძელ და საინტერესო გზაზე.

მოგზაურობა დონალდ ბისეტის სამყაროში

მეორე კლასის მოსწავლეებისთვის პირველი წიგნის შერჩევა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან მათ ჯერ მცირე ზომის მარტივი ტექსტების მეტი არაფერი წაუკითხავთ. პირველ წიგნად, როგორც წესი, ვირჩევ მოსწავლეთა ასაკის შესაბამისი სირთულის ზღაპრების ან მოთხრობების კრებულს, რადგან გამოუცდელ მკითხველთა უმეტესობას უჭირს ხანგრძლივი სიუჟეტებითა და მრავალრიცხოვანი პერსონაჟებით დატვირთულ წიგნებთან შეჭიდება. წელს დონალდ ბისეტის ზღაპრები შევარჩიე. კრებულს ჰქვია „ყველაფერი ყირამალა“ და მასში მართლაც თავდაყირა ანუ დაუჯერებლად სახალისო ამბებია მოთხრობილი. ამას გარდა, ზღაპრები წიგნთან/ავტორთან დიალოგის შესაძლებლობას და მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვის საშუალებას იძლევა.

რაც შეეხება გაკვეთილის მსვლელობას, მოსწავლეებს მისთვის წინასწარ უწევთ მომზადება. ისინი დამოუკიდებლად კითხულობენ მითითებულ ზღაპარს, კითხვის პროცესში ხაზავენ უცნობ სიტყვებს, ინიშნავენ შეკითხვებს, რომლებიც წაკითხულ ტექსტთან დაკავშირებით გაუჩნდათ და ასრულებენ წაკითხული მასალის სიღრმისეულ გააზრებაზე ორიენტირებულ დავალებებს, რომლებიც, სასწავლო საფეხურით გათვალისწინებული საგნობრივი უნარ-ჩვევების განვითარების გარდა, ახალი ცოდნის საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირებას, შემოქმედებითი უნარების ეფექტურად გამოყენებასა და მრავალფეროვანი სასწავლო პროექტების განხორციელებას უწყობს ხელს. უშუალოდ საგაკვეთილო პროცესი კი დამუშავებული მასალის მიზნობრივად გამოყენებაზე ორიენტირებულ აქტივობებს ეთმობა.

ლიტერატურული პროექტი პერსონაჟის დღე

გარკვეული გამოცდილების მიღებამდე, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ამბის გამართულად და თანმიმდევრულად თხრობა უჭირთ. ამ სირთულის დასაძლევად არაერთ სასწავლო მეთოდს მივმართავთ. მათ შორისაა ჩემი ფავორიტი მეთოდი „თხრობა სხვადასხვა ინტერპრეტაციით“, რომელიც ბავშვებსაც ძალიან უყვართ. სწორედ აღნიშნული მეთოდის დახმარებით განვახორციელე ზემოაღნიშნული ლიტერატურული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჩემმა მოსწავლეებმა დონალდ ბისეტის პერსონაჟების როლი მოირგეს და პირველ პირში გადმოსცეს თავიანთი რჩეული გმირების თავგადასავალი. ამ დღეს სკოლის მერხებთან ისხდნენ ზოლებდაკარგული ვეფხვის ბოკვერი ბინკი,  ლამაზა ძროხა, მოგზაური მირანდა, ურჩხული კომოდო, ადმირალი ნელსონი, გოჭი იკაროსი, იადონი რაკრაკა და სხვ. ბავშვებმა ასევე უპასუხეს თანაკლასელების მხრიდან დასმულ თემატურ შეკითხვებს და ბისეტის პერსონაჟები სხვა კლასების მოსწავლეებსაც გააცნეს. შედეგად, დღის ბოლოს დონალდ ბისეტის ზღაპრების შესახებ ყველამ იმაზე ბევრად მეტი იცოდა, ვიდრე – დღის დასაწყისში.

რეფლესია დავალებად

წაკითხულ ტექსტებთან დაკავშირებული დავალებები უმეტესად ტექსტთან მიბრუნებაზე, საკუთარ გამოცდილებასა და წაკითხულ ამბავს შორის კავშირის გაბმაზე და არსებული ცოდნის/უნარების ეფექტურად გამოყენებაზეა ორიენტირებული.  რეფლექსიის საშუალებით მოსწავლეები ემოციურ კავშირს ამყარებენ ტექსტთან და სიღრმისეული გააზრების უნარ-ჩვევების განვითარების საწყის ეტაპსაც წიგნთან ერთგვარი დიალოგის რეჟიმში გადიან. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ დავალების რამდენიმე ნიმუშს:

ზღაპარი „ბზუ“

დავალება 1 – განცხადება

ყურადღებით წაიკითხეთ ზღაპარი „ბზუ“ და წარმოიდგინეთ, რომ ვეშაპის მეგობარი ბუზი დაიკარგა. შეადგინეთ მწერების პოლიციაში წარსადგენი განცხადების ტექსტი (განცხადების ნიმუშს შეგიძლიათ გაეცნოთ სახელმძღვანელოს (ქართული ენა და ლიტერატურა 2,  ავტორები: თ.კუხიანიძე, მ. ბედოშვილი, ნ.გორდელაძე) 77-ე გვერდზე). სასურველია, განცხადებას თან დაურთოთ ბუზის ე.წ. პორტრეტი ან დეტალური აღწერა, რათა პოლიციას მისი მოძებნა გაუადვილდეს.

დავალება 2 – დისკუსია ზღაპრის გმირთან

გამართეთ დისკუსია ზღაპრის ერთ-ერთ პერსონაჟთან. ვრცლად/წერილობით უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს. ნიმუშად გთავაზობთ ინტერვიუს ფუტკარ ზუზუსთან:

  1. როგორ მოიქცა ბზუ?

ბზუ ვეშაპთან საცხოვრებლად გადასახლდა, რადგან ბზარების ეშინოდა. მან მე და ჩემს მეგობრებს თაფლი გვთხოვა და ნიკის მიართვა.

  1. რაში ეთანხმები მას?

მეგობრისთვის საჩუქრის მირთმევა კარგი საქციელია.

  1. რაში არ ეთანხმები მას.

ბზარების გამო ოჯახი და მშობლიური სახლი არ უნდა მიატოვო.

  1. შენ როგორ მოიქცეოდი?

მეგობარს ხანდახან ვესტუმრებოდი, მაგრამ ოჯახს საფრთხეში არ დავტოვებდი (თუ ბზარები საშიშია, ისინიც ხომ საფრთხეში არიან?!).

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ძალიან უყვართ კომიქსები და პირველ წიგნებად უმეტესად მათ ირჩევენ. კომიქსად ქცეული მოთხრობები სახელმძღვანელოებშიც მრავლად გვხვდება და მათ შექმნას მოსწავლეებსაც ხშირად ვთავაზობთ.  მაგალითისთვის წარმოგიდგენთ დონალდ ბისეტის ერთ-ერთ ზღაპართან დაკავშირებული დავალების დეტალურ ინსტრუქციას:

ზღაპარი „დიდი ტალღა და პატარა ტალღა

შეადგინეთ კომიქსი ზღაპრის სიუჟეტის მიხედვით.

შეგახსენებთ, რომ კომიქსი შედგება თემატური ილუსტრაციებისა და დიალოგებისგან, რომლებშიც თანმიმდევრულად იკითხება სიუჟეტის ძირითადი ხაზი. აქვე შემოგთავაზებთ ზღაპრის დაყოფის ვრცელი ვარიანტის ინსტრუქციას:

I ფანჯარა – აქ ვხატავთ პატარა და დიდ ტალღებს, ე.წ. ღრუბლებში კი  ვწერთ დიალოგს, სადაც ჩანს, რომ ისინი მეგობრობენ, მაგალითად: – „მოდი, ვითამაშოთ!“ – „მოდი!“

II ფანჯარა – ამ ეპიზოდში უნდა გამოჩნდეს, რომ პატარა ტალღა ყველას ემეგობრება, დიდი კი ყველას თავს ესხმის. დიალოგებიც ჩანახატის შესაბამისი უნდა იყოს, ანუ პატარა ტალღას სიხარულით ეგებებიან ზღვის ბინადრები, გემები, ნაპირი, კლდე, ადამიანები. დიდს კი გაურბიან, მათი შეძახილებიც ემოციის შესაბამისია.

III ფანჯარა – დიდი ტალღა ბიჭს ნაყინს გამოსტაცებს და პატარა ტალღისთვის მიაქვს (მგონი პერსონაჟებისთვის შესაბამისი რეპლიკების შერჩევა არ გაგიჭირდებათ).

IV ფანჯარა – დიდი ტალღა კლდეებს ეჯახება და შემთხვევით, მათ უკან, ჩაღრმავებულ ტაფობში ვარდება. დიალოგის შედგენისას გაითვალისწინეთ, რომ დიდი ტალღა ჯერ ტრაბახობს პატარა ტალღასთან, ამ კლდეს მოვერევიო! კლდის მეორე მხარეს გადავარდნილი კი შველას ითხოვს.

V ფანჯარა – ამ ეპიზოდში მთავარი იხვისა და დიდი ტალღის გასაუბრებაა. მასში მოცემულია მზა დიალოგები. შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი კითხვა-პასუხი იხვისა და ტალღის დიალოგიდან და დაურთოთ თემატურ ილუსტრაციას.

VI ფანჯარა – აქ იხვი პატარა ტალღას ხვდება. მათი საუბრის გადმოსაცემად აქაც შეგიძლიათ ტექსტში მოცემული დიალოგის გამოყენება.

VII ფანჯარა –  ამ ეპიზოდში იხვი მირანდა პატარა ტალღას კლდის მეორე მხარეს მოხვედრაში ეხმარება. დახატეთ ეპიზოდში განვითარებული მოვლენები და მოიფიქრეთ სიტუაციის შესაბამისი დიალოგი.

VIII ფანჯარა – ზღაპრის ბოლო მონაკვეთში პატარა და დიდი ტალღა ერთმანეთს ხვდებიან. ეპიზოდში მოცემული დიალოგიდან შეარჩიეთ სასურველი კითხვა-პასუხი, რომელიც თქვენს ილუსტრაციას ყველაზე მეტად შეესაბამება.

შენიშვნა: შეგიძლიათ ზღაპარი სხვაგვარად დაყოთ (გააერთიანოთ ზემოაღნიშნული ეპიზოდები, უფრო მოკლედ გადმოსცეთ შინაარსი), მაგრამ ნახატებს აუცილებლად უნდა ახლდეს პერსონაჟთა რეპლიკები ანუ დიალოგი, რომელიც სიუჟეტის აღქმაში ეხმარება მკითხველს. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ზღაპრის ერთი მონაკვეთი და ეპიზოდის დეტალური კომიქსი შექმნათ.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“