ხელოვნების გაკვეთილებზე სისტემატური სამუშაო მასალები გვაქვს: სახატავი რვეულები, ფანქრები, აკვარელი თუ გუაშის საღებავები, პასტელები, მარკერები, ფერადი ქაღალდები, პლასტილინი და ჰაერზე შრობადი თიხა. მაგრამ შემიმჩნევია, რომ ჩვენს ცნობისმოყვარე მოსწავლეებს რაღაც განსხვავებული ყოველთვის უფრო მეტად ხიბლავთ და ააქტიურებთ.
როცა გაკვეთილს განსხვავებული მასალებით ვგეგმავ, დანამდვილებით ვიცი, რომ ყველაზე მოუსვენარი ბავშვებიც კი დავალებას ყურადღებით შეასრულებენ. აქ მნიშველოვანია რესურსების წინასწარ მომარაგება და პრაქტიკული სამუშაოსთვის განკუთვნილი დროის სწორად განსაზღვრა. თეორიული ნაწილის განხილვის შემდეგ კი მოსწავლეები იწყებენ მუშაობას ფუმფულა თიხით, ფერადი მავთულებით*, მუყაოთი, ერთჯერადი თეფშებითა თუ ჭიქებით, თოკებით და სხვა.
მოდი, დავიწყოთ ფერადი ფუმფულა თიხით („ფუმფულა“ ჩვენ დავარქვით, ისე Foam Air dry clay – „ჰაერზე შრობადი ქაფის თიხა“ ჰქვია). (სურათი 1)
თავიდან ბავშვები ამ მასალას საძერწად ვერ აღიქვამენ, ზოგს ის მხოლოდ ანტისტრესული სათამაშო ჰგონია. სინამდვილეში ეს ფერადი, ჰაერზე შრობადი თიხაა, ადვილად დასამუშავებელი, არც ხელებს სვრის, არც მაგიდას, არც იარაღებს. შეიძლება მისი მოხატვაც, მყარ ზედაპირზე დაკვრა და ეფექტური რელიეფური კომპოზიციების, ქანდაკებების, სათამაშოებისა და დეკორატიული ნივთების დამზადებაც.
ფუმფულა თიხასთან შეხებისას პირველი სასიამოვნო მომენტია მისი ფაქტურა – ქაფისებრი, რბილი და დამყოლი, რომელიც, ფერების დიდ არჩევანსაც გვთავაზობს. მასალის ეს თვისებები უმალ აღვიძებს მოსწავლეების ფანტაზიასა და შემოქმედებითობას. ზოგ აქტივობაში პლასტელინიც კი ჩავანაცვლეთ ამ თიხით, იმდენად მოხერხუბელია მასთან მუშაობა. თან ერთ დღეში შრება და თუ კარგად არის დამუშავებული, ადვილად არ ზიანდება.
მესამეკლასელებმა რელიეფური კომპოზიციები შექმნეს, მაგალითად, „ჩემი ოჯახი“ (სურათი 2) – მუყაოზე ჯერ დახატეს, მერე ფუმფულა ფერადი თიხით დააძერწეს გამოსახულებები.
სადაც შერეული ტექნიკა გვჭირდება, იქაც შეუცვლელია ეს ფერადი თიხა. მეშვიდეკლასელები თრიალეთის ოქროს თასის ინტერპრეტაციებზე ფიქრობდნენ. მყარი მასალის ერთჯერადი ჭიქები დაფარეს ამ ფუმფულა თიხით და შემდეგ მოხატეს – ორიგინალური დიზაინი გამოუვიდათ და პროცესით ძალიან ისიამოვნეს (სურათი 3).
სადაც შერეული ტექნიკა გვჭირდება, იქაც შეუცვლელია ეს ფერადი თიხა. მეშვიდეკლასელები თრიალეთის ოქროს თასის ინტერპრეტაციებზე ფიქრობდნენ. მყარი მასალის ერთჯერადი ჭიქები დაფარეს ამ ფუმფულა თიხით და შემდეგ მოხატეს – ორიგინალური დიზაინი გამოუვიდათ და პროცესით ძალიან ისიამოვნეს (სურათი 3).
როგორც ხედავთ, საახლწლო სათამაშოებისთვისაც გამოგვადგა (სურათი 4).
ხელმარჯვე ოსტატები კარგად იცნობენ ძაფის ბუსუსებით დაფარულ ფერად-ფერად მავთულებს, ე.წ. „მუხლუხოს ღეროებს“ (ინგლისურად „pipe cleaners“ – „მილების საწმენდი“, თავდაპირველი მნიშვნელობა კი ფრანგულია: „chenille stem“ – ღეროები“) (სურათი 5). ეს ფაფუკი და ადვილად დრეკადი მასალა, შეიძლება ითქვას, უნივერსალურია. შეგვიძლია, გამოვიყენოთ ადამიანისა თუ ცხოველის ფიგურის კარკასის ასაწყობად, კიდურების გასაკეთებლად, სამკაულებისთვის, საკიდებისთვის, დეკორისთვის, საინტერესო კოლაჟებისა თუ ასამბლაჟების შესაქმნელად და ა.შ.
გაკვეთილზე ამ მავთულების გამოჩენა დიდ აჟიოტაჟს იწვევს ხოლმე. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ეს სიფერადე, ზოგისთვის ნაცნობია, მაგრამ უმეტესობა მეკითხება: „რა შეიძლება ამისგან გავაკეთო?“ მე ამ მავთულებით ადამიანის ფიგურის აგებას ვასწავლი. თანდათან ხვდებიან, რასთან აქვთ საქმე და იწყებენ ცხოველების, ყვავილების, სხვადასხვა ნივთის კეთებას. ვცდილობ, მასალა ისე გავანაწილოთ, რომ ჯერ მიცემული თემის მიხედვით შეასრულონ დავალება, დარჩენილი დრო კი სურვილისამებრ გამოიყენონ და რაც მოესურვებათ, ის დაამზადონ.
ფერადი მავთულებით კარკასის აგება პროპორციის, სიმეტრია-ასიმეტრიის გასააზრებლადაც ძალიან სასარგებლო აქტივობაა.
მეხუთე კლასის მოსწავლეებმა ასეთი „მხიარული კაცუნები“ შექმნეს (სურათი 6)
თითო მოსწავლეს ორი მავთული დასჭირდება, ერთისგან თავსა და ხელებს გავაკეთებთ, მეორეს მხრებზე გადავაბამთ, ქვევით ჩამოვუშვებთ, წელთან გადავგრეხთ და ტორსი და ფეხები გამოვა. ამას სადემონსტრაციოდ ვაჩვენებ, რომ პროპორცია დაიცვან.
ბავშვებმა ბევრი იცინეს, როცა ორიოდე ფიგურას ზედმეტად გრძელი ხელები აღმოაჩნდა. იმაზეც იხალისეს, რომ ზოგს თავი გამოუვიდა დიდი, ზოგს – ტორსი, ზოგს – კისერი. მერე განვიხილეთ ადამიანის პროპორციები, დააკვირდნენ საკუთარ სხეულს, რომ, აი, ხელები წვივებამდე კი არა, მუხლებამდეც არ უნდა სწვდებოდეთ და მავთულის კაცუნებიც შეასწორეს. დრეკადი კიდურების წყალობით სხვადასხვა პოზაში დასვეს, აამოძრავეს, ააცეკვეს, მერე ამ კარკასს ზოგმა ქაღალდისგან გამოჭრილი სახე და ტანსაცმელი დააწება, ზოგმა პლასტილინით ან ფუმფულა თიხით შემოსა, გარემოც მოუწყო. მუშაობისას ერთმანეთს ეხმარებოდნენ, უზიარებდნენ იდეებს, როგორ შეიძლებოდა ფეხსაცმლის ან ტანსაცმლის დამზადება. ძალიან საყვარელი არსებები შექმნეს, სახელებიც დაარქვეს და ამ პერსონაჟებზე პატარა ისტორიებიც მოიგონეს.
ხელოვნებაში სამუშაო მასალის მრავალფეროვნება და ზოგჯერ მოულოდნელობაც მნიშვნელოვანია აღქმისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის. ხელოვნების გაკვეთილებზე განსხვავებული მასალების შეთავაზება მოსწავლეებს უფრო მეტად ააქტიურებს, სხვანაირად ანთებს მათ შემოქმედებით ენერგიას. ასეთ დროს აღარ ფიქრობენ იმაზე, „სწორად“ გამოუვათ თუ არა, იმიტომ რომ ამ განსხვავებული მასალებით მუშაობისას „წესები“ არ არსებობს. მასალით განპირობებულ თავისუფლების ამ შეგრძნებას ბავშვები თავიდან სახელს ვერ არქმევენ, მაგრამ შემოქმედების პროცესში მათ აღტაცებულ შეძახილებსა და ანთებულ მზერებში ეს განცდა ნათლად იკითხება. დავალების დასრულების შემდეგ კი ყოველთვის ვუმახვილებ ყურადღებას ამ ფაქტორზე. ვთხოვ, დააკვირდნენ საკუთარ შეგრძნებებს და თანდათან მიხვდებიან, რომ ხელოვნებაში ასეთივე თავისუფლებით უნდა მიუდგნენ ტრადიციული მასალებით მუშაობასაც, მაქსიმალურად გამოიყენონ მისი შესაძლებლობები და ხატვისა თუ ძერწვის პროცესით ისიამოვნონ.
*ამ ფერად მავთულებს და თიხას ძირითადად თბილისში, ვაგზლის მოედანზე არსებულ საკანცელარიო მაღაზიებში შეხვდებით ხელმისაწვდომ ფასად (დააახლოებით 40 ცალი მავთული 2,5 ლარი ღირს, ფუმფულა თიხის 12-ფერიანი მოზრდილი შეკვრა – 8 ლარი. შესაძლებელია უცხოეთიდან გამოწერაც). ასეთ დეტალებს იმიტომ ვწერ, რომ ჯერ ბავშვი არ შემხვედრია, არ ეკითხოს, სად შეიძლება ამ მასალების ყიდვა.