ჩემი არცერთი შვილი ჯერ არ არის 13 წლის, ანუ იმ ასაკის, როცა ლეგალურად შეუძლია სოციალურ ქსელებში ანგარიშის შექმნა – მე ამ წესს მკაცრად ვიცავ და ყოველ ჯერზე, როცა მთხოვენ, რომ სჭირდებათ ექაუნთი კლასელების მესენჯერჯგუფში გაერთიანებისთვის, ან რაიმეს გამოსაწერად, ან სურთ, იუთუბერობა სცადონ, ვეუბნები, რომ ჯერ არა, ჯერ უნდა გაიზარდონ.
მიზეზები, რის გამოც მათ სოციალურ ქსელებში ანგარიშების გაკეთებაზე უარს ვეუბნები, ბევრია და ისინი ჩემს შვილებთან ერთად არაერთხელ განგვიხილავს, მაგრამ რადგან უფრო და უფრო მეტი ბავშვი ჩემ გარშემო თავისუფლად დანავარდობს სოციალურ ქსელებში, საჭიროდ მივიჩნევ ამ საკითხზე ოჯახის მიღმა საუბარსაც. მიზეზებს შორის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მათი ფიზიკური უსაფრთხოება და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის თავია, როგორც ამბობენ ხოლმე დიდ პრობლემაზე საუბრისას. აი სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები:
- ფსიქოლოგიური ზეგავლენა: ბავშვების ფსიქიკა ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, და სოციალური ქსელების გამოყენებამ შეიძლება გაამწვავოს თვითშეფასების პრობლემები და გამოიწვიოს შფოთვა და დეპრესია.
- კიბერბულინგი, შეურაცხყოფა და სექსუალური შევიწროება: სოციალური ქსელები ხშირად ხდება კიბერბულინგის ადგილი, რაც განსაკუთრებით საზიანოა ახალგაზრდა ბავშვებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ემოციური მდგრადობა, რომ ასეთ სტრესს გაუმკლავდნენ. სოციალურ ქსელებში ბავშვები მოწყვლადები არიან როგორც თანატოლების მხრიდან მომდინარე საფრთხეების, ასევე ზრდასრულებისგან ზეწოლის, სექსუალური შევიწროების თუ ძალადობის შემთხვევების მიმართ. საქართველოში არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, როცა მოზარდებს ასაკით გაცილებით უფროსები სთხოვენ შიშველი ფოტოების გაგზავნას, აბამენ მათთან ეროტიკული შინაარსის მიმოწერას, აშანტაჟებენ ამ მიმოწერით და მათი ნების საწინააღმდეგო ქმედებების გაკეთებას სთხოვენ.
- პირადი მონაცემების დაცვა: გამოქვეყნებული ფოტოებით მათ შეიძლება ადვილად გასცენ ინფორმაცია იმ სკოლების შესახებ, რომლებშიც სწავლობენ; მარშრუტზე, რომელსაც დღის განმავლობაში გადიან; თავიანთ ინტერესებსა და ემოციებზე რიგი საკითხების მიმართ, რაც მათ მავნე პირებისთვის მოწყვლადს ხდის და მონაცემთა მოპარვის რისკის წინაშე აყენებს. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვების შესახებ ინფორმაციისა და ფოტოების გავრცელებისას უფროსებსაც გვმართებს სიფრთხილე.
- დამოკიდებულების რისკი: სოციალური ქსელების ალგორითმები განკუთვნილია მომხმარებლების ყურადღების ხანგრძლივი დაკავებისთვის, რაც ბავშვებში იწვევს დამოკიდებულებას და ხელს უშლის მათ ნორმალურ განვითარებასა და სწავლის პროცესს.
- აკადემიური შედეგების გაუარესება: სოციალური ქსელების გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს კონცენტრაცია, რაც უარყოფითად აისახება სასკოლო დავალების შესრულებაზე. სოციალურ მედიაში გატარებული დრო ბავშვების დასვენებისთვის, გართობისა და მეცადინეობისთვის წართმეული დროა – მოზარდებისთვის ფუჭად დროის კარგვა კარგი მოვლენა არ არის. სჯობს მათ ხარისხიან გართობასა და დასვენების უნარების გამომუშავებაში დავეხმაროთ;
- არასათანადო შინაარსთან წვდომა: ბავშვები ადვილად შეიძლება წააწყდნენ ძალადობრივ, სექსუალურ ან სხვა არასასურველ კონტენტს, რაც აზიანებს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
- კრიტიკული აზროვნების ნაკლებობა: 13 წლამდე ბავშვები ჯერ კიდევ არ ფლობენ კრიტიკული აზროვნების ისეთ უნარს, როგორიც აუცილებელია დეზინფორმაციისა და მანიპულაციური კონტენტის ამოსაცნობად. მაგალითად, 2020 წელს ტიკ-ტოკზე გავრცელებულ „Benadryl Challange”-ს რამდენიმე ბავშვის სიცოცხლეც კი ემსხვერპლა. გამოწვევის ფარგლებში მოზარდები წამალ ბენადრილის გადაჭარბებულ დოზას იღებდნენ, რომელსაც ე.წ. „ჰალუცინაციების“ გამოწვევა შეეძლო. დასვენებისა და ფიზიკური აქტივობის დეფიციტი: სოციალური ქსელების გადაჭარბებული გამოყენება ამცირებს ფიზიკურ აქტივობას, რაც უარყოფითად აისახება ჯანმრთელობასა და ზოგად განვითარებაზე.
- სოციალური უნარების დაქვეითება: ბავშვები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ონლაინ, ხშირად ნაკლებად ვითარდებიან სოციალურ ურთიერთობებსა და რეალურ კომუნიკაციაში. დროთა განმავლობაში ხდებიან ჩაკეტილი ან ცოცხალ ურთიერთობებს ვირტუალური ნაცნობებით ანაცვლებენ, რაც მათ მოწყვლადს ხდის და გარკვეულწილად პარალელურ რეალობაში აცხოვრებს.
- ნეგატიური როლური მოდელები: სოციალურ ქსელებში ხშირად ხდება არასათანადო ქცევის პროპაგანდა, მაგალითად, აგრესია ან ზედმეტი მატერიალიზმი, რაც გავლენას ახდენს ბავშვების ღირებულებებზე. „ინფლუენსერების” გაზრდილი როლის პირობებში მათი ცდუნება ეფემერული წარმატებებითა და მყიფე პოპულარობით შესაძლოა, უფრო მიმზიდველი იყოს, ვიდრე ღირებულებებზე დაფუძნებული აკადემიური განათლება და ბეჯითი შრომით მიღწეული წარმატება.
- ემოციური რეგულაციის უნარის დაქვეითება: მუდმივი „ლაიქებისა“ და „კომენტარების“ რაოდენობის კონტროლი ბავშვებში იწვევს ემოციურ დამოკიდებულებას გარეგანი აღიარების მიმართ.
სოციალური ქსელების შეზღუდვის ალტერნატივად მოზარდებს შეგვიძლია შევთავაზოთ ინტერნეტისა და ეკრანების გამოყენება ისეთი საქმეებისთვის, რაც მათ გაართობს, დააინტერესებს და დანაკლისის განცდას არ გაუჩენს. შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად, სხეულზე ზრუნვის პრაქტიკის გამოსამუშავებლად და თვითგანათლების პროცესის დასაორგანიზებლად განკუთვნილი ონლაინკურსების, აპლიკაციებისა და გზამკვლევების გამოყენება მათ უნარებს გაცილებით სანდო კალაპოტში ჩასვამს და ტექნოლოგიების სამყაროში ნავიგაციასაც უფრო უსაფრთხო გზებით ასწავლის.