ჯადოსნური თილისმები წარსულიდან – ქართული მითოლოგიის სამყაროში
დამეთანხმებით, რომ ბავშვები გიჟდებიან მითოლოგიაზე, განსაკუთრებით კარგად კი ბერძნული მითოლოგია იციან და მოსწონთ. ქართულ მითოლოგიაზე მწირი ინფორმაცია აქვთ, ამირანით და დალით შემოიფარგლებიან. არადა მითები, ისევე როგორც ხალხური ზღაპრები, ჩვენი იდენტობის მთავარი წყაროა, ჩვენი არსებობის, ყოფნისა და ეროვნულობის განმაპირობებელი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ჩემს მეოთხე კლასთან პატარა სპექტაკლი დამედგა და პერსონაჟებად ქართული მითოლოგიის გმირები გამომეყვანა. ვფიქრობ, ბავშვებს მოეწონებათ, იხალისებენ კიდეც და ბევრსაც გაიგებენ ჩვენს ძალიან, ძალიან შორეულ წარსულზე.
სცენა მოწყობილია როგორც ძველი დარბაზული სახლი. სასურველია, ბორჯღალებითა და მზის სიმბოლოებით იყოს გაფორმებული. კერასთან სხედან პაპა და ბებია. იქვე თამაშობს მათი ორი შვილიშვილი: მზექალა და ხვთისო.
ოჯახს გარშემო უვლის თეთრებში ჩაცმული სამი გოგონა (კერის ანგელოზები) და უმღერის: „მზე შინა და მზე გარეთა, მზევ, შინ შემოდიო“. გულზე დიდი მზეები ჰკიდიათ. (https://youtu.be/YnD6JewYjSc)
ხვთისო: რა ბნელი ღამეა, მთვარეც არ ჩანს, გარეთ გასვლა ახლა საშიშია…
მზექალა: ამბობენ, ამ დროს ჭინკები და დევები გამოდიან სანადიროდო.
ხვთისო: რას ამბობ, მზექალავ, ეგენი აღარ არსებობენ და საერთოდაც, მოგონილი მგონია.
მზექალა: ხვთისო! შენ გინდა თქვა, რომ პაპა გვატყუებდა?! ბებოს მოყოლილი ამბები მხოლოდ ზღაპრები იყო?!
ხვთისო: არ ვიცი, მგონი, მეშინია, რომ ნამდვილი არ აღმოჩნდეს…
პაპა (ჩაიცინებს): ბავშვებო, ბავშვებო, თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, უხსოვარ დროს რა ამბები ტრიალებდა ჩვენთან.
ბებო: უნდა მოვუყვეთ, კაცო, ხომ უნდა გაიგონ უკვე, დიდები არიან, მგონი, უკვე დროა.
პაპა: ჰო, მეც ასე მგონია, დრო მოვიდა, ყველა საიდუმლოს ფარდა აეხადოს.
ბავშვები (ერთხმად): რას ამბობთ! გვითხარით დროზე! რას გვიმალავთ!
პაპა: ახლა, სწორედ ახლა, იღება დროის კარიბჭე!
ბავშვები (გაოცებით): რაააააა?..
ბებო: როგორც უხსოვარი დროიდან შემორჩენილი ლეგენდა გვეუბნება, ყველაზე, ყველაზე ბნელ, უმთვარო ღამეს, როცა ძალიან ცივა და მკაცრი ქარი ქრის, ათასწლეულების შემდეგ, ბოროტებას ისევ მოუნდება დედამიწაზე დაბრუნება.
პაპა: ისევ შეებრძოლება სიკეთეს. სწორედ ამ დროს მთვარე გაწითლდება, თითქოს გველეშაპმა გადაყლაპაო, ჰოდა წარსულის გმირები, ღმერთები და ქალღმერთები ჩვენს დასახმარებლად გადმოლახავენ უამრავ წელსა და საუკუნეს…
ბებო: ამ დროს გაიღება წარსულის კარიბჭე, ოღონდ მზე-ლილეს უნდა შევთხოვოთ, დაგვეხმაროს და დაგვიცვას! თქვენ უნდა დაიწყოთ ახალი ისტორია, ახალი ერა! თქვენ ხართ გმირების შთამომავლები, მათი საქმეების გამგრძელებლები! უნდა დაამარცხოთ სიბნელე და სინათლე მოჰფინოთ ქვეყნიერებას!
პაპა: მზად ხართ წარსულიდან საჩუქრების მისაღებად? მზად ხართ შორეული წარსულის გასაცნობად?
ბავშვები (ერთხმად): მზად ვართ!
მზექალა:
ლილევოდა, დიდება შენდა,
დიდება შენდა, ზეციერო!
ოქროსი გიდგას სრა-სასახლე,
გარს აკრავს ოქროს გალავანი,
გალავნის ძირას ირმებია,
ქიმ-ქონგურებზე – შევარდნები.
ხვთისო:
შენს საღმრთო ხარებს, მეუფეო,
რქები ადგათ – რქები ოქროსი,
იალაღებზე ბუღრაობენ,
ირყევიან დიდი ქედები.
ბებო:
ნებიერი შენი ვერძები
რქებით ერთმანეთს აწყდებიან,
მთათა იმსხვრევა ხერხემალი,
ქანაობენ მძიმე ბურჯები.
პაპა:
ლილევოდა, დიდება შენდა,
ბნელი ახლოს ვერ გეკარება,
ზღვასა და ხმელზე დაგიყრია
მოელვარე სამკაულები.
ლილევოდა, დიდება შენდა,
დიდება შენდა, ზეციერო!
სამი ანგელოზი ტრიალებს მათ გარშემო და ჩურჩულებს: – მოდიან, მოდიან, იწყება, იწყება!
უცებ გრუხუნია, შეიძლება, ბოლიც ავარდეს, იღება პორტალი და იქიდან კოპალა გადმოხტება.
კოპალა: აქეთ დევებს ხომ არ ჩამოუვლიათ? რაღაც ხმა მომესმა! რაღაც ძალამ გადმომისროლა!
პაპა: ეს ხომ კოპალაა!
კოპალა: დიახ, კოპალა ვარ! პატარა ბიჭი ვიყავი, არაგვის ხეობაში ვცხოვრობდი. დევებმა მომიტაცეს და თავად გამზარდეს. უამრავი დამცირება და სისასტიკე ავიტანე მათგან! ხან წყალს მაზიდვინებდნენ, ხან შეშას, თავშიც მიბარტყუნებდნენ, მაგრამ ვითმენდი და ვიზრდებოდი. ერთხელაც გავიპარე. გადავიარე მთები, ტყეები და თიანეთში, იხინჭის ეკლესიაში მივედი ბერებთან. დილიდან საღამომდე ღმერთს ვევედრებოდი, იმდენი ძალა მოეცა ჩემთვის, რომ დევებისთვის ხალხის ხოცვა-ჟლეტა არ შემერჩინა. ღმერთმა იცოდა, ფშავ-ხევსურებს როგორ აწიოკებდნენ დევები, ჰოდა, ისმინა ჩემი ვედრება და დიდი ძალ-ღონე მომცა. ვიგრძენი ძალა, იფნის ხე ამოვგლიჯე ცალი ხელით. მაშინვე წავედი დევებთან საბრძოლველად. უამრავი ამაბავი გადამხდა თავს, ჩემი თილისმა ჩემი ლახტი იყო – რომელიც მეხივით ქუხდა და ცეცხლს აჩენდა.
სამი ანგელოზი გარს უვლის კოპალას.
პირველი ანგელოზი: კოპალას ნასროლი ქვა დევების ნასროლ ლოდებზე უფრო სწრაფად გაფრენილაო!
მეორე ანგელოზი: კოპალას ლახტით დევები სულ გაუწყვეტიაო!
მესამე ანგელოზი: კოპალას დევებისთვის ციხეგორა წაურთმევიაო!
კოპალა: საოცარი ღამეა! ჩემს ლახტს ახლა თქვენ დაგიტოვებთ, ვიცი, ჩვენი გვარისა ხართ, ახლა ჯერი თქვენზეა, ბოროტება უნდა დაამარცხოთ!
კოპალა ლახტს აძლევს ოჯახს. ოჯახი მადლობას ეუბნება და ცეცხლთან ეპატიჟება.
ამასობაში ისევ საშინელი გრუხუნია, ისევ იღება პორტალი და გადმოდის ქალღმერთი დალი.
ცეცხლის გარშემო ჩურჩულია: ეს ხომ დალია! დალია, დალი!
ანგელოზები ერთად შეჯგუფდებიან და გაკვირვებულები იყურებიან: დალი, დალი!
ქალღმერთი დალი: ოჰ, ჩემო საყვარელო ცხოველებო! ჩემო ოქროსრქიანო ირმებო! სად დამეკარგეთ, სად ხართ?!
ანგელოზები (ერთხმად): „დალაი თქვით, დალაი, მხედრებო, დალაი, დალაი,
ძნელი არს დალაობაი, დალაი, დალაი!“
პაპა, ბებია, შვილიშვილები, კოპალა (ერთხმად): „დალაი თქვით, დალაი, მხედრებო, დალაი, დალაი,
ძნელი არს დალაობაი, დალაი, დალაი!“
დალი: როდესაც დიდი გასაჭირი დაგადგეს,
მაშინ ჩემი სახელი ახსენე,
მხარში ამოგიდგები,
ჯიხვსა და არჩვს არ დაგიძვირებ!
უძველესი ქალღმერთი ვარ, სალ კლდეებში ვცხოვრობ, როცა მომინდება, ირმად ვიქცევი, როცა მომინდება – ჯიხვად. ერთი კლიდან მეორეზე გადავფრინდები და მონადირეებს ხელს მოვუმართავ, თუ მონადირეები პატივს მცემენ. ფრთებიც მაქვს! ყოველ ნაბიჯზე სახლის სიმაღლე ნახტომის გაკეთება შემიძლია! ჩემი ფრთის შეხება ჭრილობას ამრთელებს! თუ ვინმეს დავასაჩუქრებ, მისი ოჯახი კარგ ბედსა და იღბალს ეწევა, ოღონდ თუ გამაბრაზეს… ო, მოდი, ამაზე დღეს არაფერს ვიტყვი.
მზექალა: რა ლამაზი ხართ! რა ძლიერი!
დალი: მე შენ თილისმას გაჩუქებ. აი, გამომართვი. ეს ჯადოსნური ირემია, სულს შეუბერავ და მაშინვე შენთან გაჩნდება ჩემი ძალა, ბოროტებას ერთად დავამარცხებთ!
ხვთისო: დალ, ჩემო ქალღმერთო!
ბებო: გმადლობთ, ქალღმერთო!
ანგელოზები (გარს უვლიან და თმას ვარცხნიან, თან ღიღინებენ): ძნელი არს დალაობაი, დალაი, დალაი!
დალს ცეცხლთან ეპატიჟებიან, ისიც ჩამოჯდება.
ამასობაში ისევ გრუხუნია, პორტალიდან იახსარი გადმოხტება.
ბებო: ეს ხომ იახსარია, იხსარ ღვთისშვილი!
იახსარი: იახსარი ვარ! ფშავის საყმოს, ქისტაურთა მფარველი ღვთისშვილი!
კოპალა (დაინახავს იახსარს, იცნობს და წამოხტება): იახსარ, ძმაო!
იახსარი: ძმაო კოპალა!
გადაეხვევიან ერთმანეთს, მოიკითხავენ. კოპალა უბრუნდება ადგილს.
იახსარი (აგრძელებს): დევებს, ქაჯებს, ეშმაკებსა და მაცილებს ვებრძოდი! ვიცავ ყველას, ვისაც შველა სჭირდება! ზეციური მოქალაქეც ვარ! დედამიწაზე სვეტის ან ჯვრის სახით ჩამოვდივარ! მორიგე ღმერთთან ადამიანების სათხოვარი მიმაქვს! მორიგე ღმერთმა მშვილდ-ისარი მიბოძა და დამლოცა. დევებს სადაც შევხვდები, მუსრს ვავლებ, ავიკეცავ ჩოხის კალთებს, დავტაცებ ხელს ქვას და ვესვრი! დევებს ეშინიათ, გამირბიან. სოფელ როშკას ზემოთ, აბუდელაურის ტბაში შეაფარა თავი ჩემგან გაქცეულმა უკანასკნელმა დევმა. მეც ჩავყევი, მაგრამ დევის სისხლმა ტბა შეკრა, მე ტბაში ჩავრჩი. ტბის პირი მხოლოდ მაშინ გაიხსნა, როცა მის ნაპირზე ოთხყურა და ოთხრქა ცხვარი მოიყვანეს. როგორც იქნა, ხმელეთზე ამოვედი, მტრედად ამოვფრინდი. მას შემდეგ ლიქოკის თავს, კარატის წვერზე ვსახლობ და ვიცავ ხალხსა.
ბებო, პაპა, შვილიშვილები, კოპალა, დალი (ერთხმად): დიდება იახსრის დროშას, ზარსა და საზარეს გაუმარჯოს. გაუმარჯოს ლაღ იახსარს, დევკერპთ ამომწყვეტს და გადამსხვავებელს. გაუმარჯოს ავის გორს უფალმა ღმერთმა!
იახსარი: ბოროტებასთან ბრძოლაში ჩემი ქვა გამოგადგებათ!
ოჯახს ქვას სჩუქნის და თავად ცეცხლთან ჯდება.
გრუხუნია, პორტალიდან გადმოვა ბარბალე.
დალი: ბარბალე, მზის ქალღმერთო და გველეშაპის დამამარცხებელო! კეთილი იყოს შენი მობრძანება ახალ ეპოქაში!
ბარბალე: დალ! კოპალა! იახსარ! თქვენც აქ ყოფილხართ! პირდაპირ მზის სასახლედან მოვედი.
ანგელოზები გარს ევლებიან ბარბალეს.
პირველი ანგელოზი: მზის ოქროს სხივით მოსილი,
ცაში აგიზგიზდი, ბარბალე,
შენი ნათელი მოსავალი
მიწას აკურთხებს მარადვე.
მეორე ანგელოზი:
შენი ღიმილი – დღევანდელია,
შენი მზე – მარად ანათებს,
ხორბლის თავთავში ლოცვას ვხედავ,
ღვინოში – შენს ნაკვალევს.
მესამე ანგელოზი:
გზას დაგილოცავს მთვარე ღამით,
მზე დაგიკრავს ოქროს ზარს,
ღმერთთა შორის კვლავ გაბრწყინდი –
სიცოცხლე მოჰფინე მიწას დღესაც!
ბარბალე: ვმფარველობ: დედებს, ქალებს, საქონელს, მოსავალს… ვდგავარ მზისა და სინათლის მხარეს, ვებრძვი სიბნელეს, ბოროტებას. ვამარცხებ გველეშაპს, რომელსაც მზისა და მთვარის ჩაყლაპვა და დედამიწის ბნელში მოქცევა სურს! როდესაც გველეშაპი მთვარეს ყლაპავს, მთვარე სისხლისფერი ხდება, მაგრამ ამ დროს მე გველეშაპს ვანადგურებ და მთვარე გვიბრუნდება! ვანადგურებ მზის სსხივებით, მზის სხივები ხომ სიბნელეს ფანტავს. განსაკუთრებით სვანებს ვუყვარვარ, ასე მიმღერიან: „მზე შემოაქვთ რქებით ხარებს! მზე შენია, ბარბარ დოლაშ!“ ხაჭაპურებს და ლობიანებს მიცხობენ დღესაც… მე მზე მოგიტანეთ, როდესაც დაგჭირდებათ, თქვით ჩემი სახელი, მზე აკაშკაშდება და სიბნელეს დაამარცხებს!
ბარბალე მზეს აძლევს ოჯახს და თავად კოცონთან ჯდება.
ისევ გრუხუნია. პორტალი იღება და გადმოდის მინდია – ხოგაის-მინდი.
ყველა (ერთხმად): მინდია, ხევსური მინდია, ბუნების მცველი!
მინდია: ყველა აქ შეკრებილხართ! შორიდან, ათასწლეულების მიღმიდან მოვდივარ. მესმის, რაზე ჩურჩულებს ბალახი და რაზე ტირიან ხეები… ქაჯეთის ტყვე ვიყავი, შემზარავი და საშინელი ქაჯების. მათთან ყოფნას სიკვდილი მერჩივნა, ამიტომ შევჭამე ქაჯების საკვები – გველის ხორცი. სიკვდილის ნაცვლად კი უზარმაზარი ძალა მივიღე! ბუნების საიდუმლოება მესმის, მესმის მცენარეების, ფრინველების, ცხოველების ენა. ვიცი, რომელი მცენარე რას კურნავს და რა დაავადებას არჩენს.
„უნდა იცოდეთ, ჰხედავდეთ
თავთვების ყელის წევასა,
ათი-ათასი ყოველ მხრივ
რომ დაიქუხებს ერთადა, –
ხელ-ნამგლიანი როცა ვარ,
მნახავენ თავის ღმერთადა: –
„არა, მე მომჭერ, მინდიავ,
ნუ მტოვებ, შენი კვნესა-მე!“
ყვავილი მოგიტანეთ, როგორც კი სიახლოვეს ბოროტებას იგრძნობს, მაშინვე შავდება, დააკვირდით, ის მნიშვნელოვანი მაცნეა!
მინდია სხვებთან ერთად ჯდება.
გრუხუნი. პორტალიდან გამოდის აშექალი.
ყველა ჩურჩულებს: – აშექალი მოვიდა, აშექალი!
აშექალი: რამ შეგაშინათ?! სამტროდ არ მოვუსლვარ, სამოყვროდ მოვედი. ქაჯავეთიდან მოვდივარ. ყველაფერი წინასწარ ვიცი, ყველას ბედს ვიგებ! სამ წელიწადს ხახმატის ჯვრის მეჯინიბე ვიყავი, ხახმატის გიორგის წითელი ცხენი ჰყავდა და შუბლზე თეთრი ნიშანი ჰქონდა, ყველგან თან დაჰყვებოდა გიორგის. იმ ცხენს მე ვუვლიდი, სხვა ვერავინ ეკარებოდა და ვერც ვერავინ ხედავდა, მხოლოდ მე. როგორც კი წმინდა გიორგის ვინმე შველას სთხოვდა, მაშინვე ვაღებდი საჯინიბოს კარს, ცხენი ელვასავით გამოვარდებოდა და გიორგიც ისე სწრაფად მოევლებოდა ზურგზე, თვალს ვერ შეასწრებდი. ადამიანებს წინასწარ ვატყობინებ, რა ელით, საფრთხეს თავი რომ აარიდონ. აი, ამ სარკეს გიტოვებთ, თქვით: „სარკევ, სარკევ, აშექალის ხათრით, გვითხარ, რა გველის?“ სარკეშიც მაშინვე გამოჩნდება მომავალი! ოღონდ ტყუილად არ მოაცდინოთ, მხოლოდ მაშინ, როცა ბოროტება გააქტიურდება!
აშექალი სარკეს სჩუქნის ოჯახს და იქვე ჯდება. ანგელოზები გარშემო უვლიან.
ისევ გრუხუნია, ამჯერად პირქუში გამოჩნდება.
ყველა: პირქუშია, ნამდვილად პირქუში!
პირქუში: პირქუში ვარ! ხევსური მჭედალი! ადამიანობაში დავითი მერქვა, ნაწილიანიც ვიყავი. როცა მეძინა, ბეჭებს შუა შუქი ამომდიოდა და ირგვლივ ღვთაებრივ ნათელს აფრქვევდა. ერთ დღეს ჩემს გრდემლზე წარწერა გაჩნდა და ჩემი ბედი ამოვიკითხე. ვერაფრით ვერ ამოვშალე ეს ავის მომასწავებელი წარწერა, რომ წინასწარმეტყველება გამეუქმებინა. მაგრამ რადგან პატიოსანი და ღირსეული ცხოვრებით ვცხოვრობდი, მორიგე ღმერთმა ხვთისშვილობა მიბოძა. ადამიანების მცველად ვიქეცი. დევები სოფლებს აწიოკებდნენ, ხალხს ხოცავდნენ. მათ წინააღმდეგ მეც ვიბრძოდი, ტყვედაც კი ჩავვარდი, მაგრამ კოპალამ მიხსნა (კოპალასთან მიდის და გადაეხვევა).
თქვენ კი ჩემ მიერ გამოჭედილ პატარა ჩაქუჩს გიტოვებთ, როცა დრო მოვა, ჩაიფიქრებთ და ჩაქუჩი უზარმაზარ იარაღად გადაიქცევა ბოროტების დასამარცხებლად.
პირქუში ჯდება. გრუხუნი. პორტალიდან ადგილის დედა გადმოდის.
ყველა გაინაბება. ანგელოზები ადგილის დედას გარს შემოერტყმებიან და ფერხულს უვლიან.
ადგილის დედა: ჩემო შვილებო! როგორ მიხარია თქვენი ერთად დანახვა! როგორც ჩანს, მოსულა ის დრო, რომელსაც ამდენი ხანია ველოდებოდით. ადგილის დედაც შემოგიერთდით! მე ყველა ქართველის მშვიდობიან ცხოვრებაზე ვზრუნავ. კალთის ქვეშ ვიფარებ ქალებს, ბავშვებს, ცხოველებს! ზოგჯერ ყვავილების მფარველსაც მეძახიან. ჩემს დღესასწაულზე სანთლებს ანთებენ, კვერებს აცხობენ, ცეკვავენ და მღერიან. ვპატრონობ ჩვენს მიწას. ჩემი ხალხი გულიან ქადებსაც მიცხობს. არ შეგეშინდეთ, მაგრამ ხანდახან გველად ქცევაც კი შემიძლია! სახლის საძირკველში ვიდებ ბინას და სახლის პატრონები ყოველ დილით რძეს მასმევენ! იციან, რომ არაფერს დავუშავებ, ამიტომ არ მერჩიან, პირიქით – ოჯახებისთვის ბედნიერება მომაქვს.
სანთელი მოგიტანეთ, უბრალო არ გეგონოთ, როგორც კი დაანთებთ, მაშინვე ისე აგიზგიზდება, ყველანაირ წყვდიადს გაფანტავს და ბოლოს მოუღებს!
ყველა მადლობას უხდის. ადგილის დედა კოცონთან ჯდება.
გრუხუნი.
„ნეტავ ახლა ვინ არის? ნეტავ ვინ? ნეტავ ვინ?“ – ისმის ჩურჩული.
პორტალიდან გამოდის ოჩოპინტრე. ისმის შეძახილი: „ნადირთ პატრონი!“
ოჩოპინტრე: ოჩოპინტრე ვარ, ნადირთ მწყემსი და ნადირთ მფარველი! როდესაც მონადირე ჩემს ტყეებში გამოჩნდება, მაშინვე შევძახებ: „აბა, გაიქეცით, მონადირე გეპარებათ!“ ქალღმერთ დალის ვეხმარები გარეული ცხოველებისა და ფრინველების მწყემსვაში, უხილავი ვარ, სანამ ასე მსურს, როდესაც მოვინდომებ, ხილული ვხდები. როდესაც უხილავი ვარ, პატარა ნაფეხურებს ვტოვებ. ხალხი პაწაწინა პერანგებს მჩუქნის და ხის კენწეროებზე კიდებს. ძალიან მიყვარს ცხოველები, თუ სადმე პაწაწინა ბელი ან მგლის ლეკვი ვიპოვე, რომელსაც მონადირემ დედა მოუკლა, ვზრდი და მერე ისევ ტყეს ვუბრუნებ. ფრინველებსაც მე ვეხმარები ბუდის აშენებაში. მონადირეები ხშირად მთხოვენ დახმარებას, თუმცა მათი დახმარება არ მიყვარს. ძველად, როდესაც ადამიანებს სხვა საჭმელი არ ჰქონდათ, ხელს ვუმართავდი, მაგრამ ახლა დრო შეიცვალა, სულაც არ არის აუცილებელი ცხოველების სიკვდილი, რომ ადამიანებმა არ იშიმშილონ.
მე გიტოვებთ ამ მგლის ფიგურას. როცა დაგჭირდებით, ჩასჩურჩულეთ: „ოჩოპინტრე, გვჭირდები!“ – და ჩემი ერთგული თეთრი მგლები თქვენთან გაჩნდებიან!
ოჩოპინტრე ჯდება სხვებთან ერთად.
გრუხუნი. პორტალიდან გადმოდის კვირია.
ყველა: ხვთისშვილების წინამძღოლი მოვიდა, კვირია მოვიდა!
კვირია: დიახ, კვირია ვარ! უამრავი სახელი მაქვს: კვირიაე, კვირაე, კვირეე… მე ვარ ღმერთი, სამართალი მაბარია და სამართლიანობას ვამყარებ. მე შემთხოვენ ბედსა და იღბალს. მორიგე ღმერთთან ერთად ამინდსაც განვაგებ, ტაროსს. ასე მეხვეწებიან: „მორიგეს ღმერთსა და დიდ კვირაეს გახვეწებთ, თქვენ უშველეთ თქვენს მეხვეწერთ. ეს ზაფხული მშვიდობით დამდგარ, მშვიდობით გადააყენეთ“. მეც, როცა საჭიროა, წვიმა მომყავს, როცა საჭიროა – მზეს ვუხმობ. ხალხი ღვთის კარზე მოარულ ღვთაებასაც მიწოდებს, რადგან დამბადებლის ხშირი სტუმარი ვარ.
„პირველად ღმერთი ვახსენოთ, ის უფრო დიდებულია,
მემრე ვადიდოთ კვირაე, კვირაე კარაღვთისია,
მემრე ვადიდოთ ფიწალე, ლაშქრისა წინამძღვარია,
მემრე ვადიდოთ კოპალე, კოპალე კარატისია“.
მე ცისკრის ვარსკვლავსაც მეძახიან, ამიტომ ვარსკვლავი მოგიტანეთ. როგორც კი სიბნელე დაისადგურებს, ვარსკვლავს სული შეუბერეთ – მაშინვე მილიონ ვარსკვლავად იქცევა და აკიაფდება, სიბნელეს სინათლე დაამარცხებს!
კვირია ჯდება სხვებთან ერთად.
ისევ გრუხუნია. გადმოდის თორღვა.
ყველა: მამაცი თორღვა, ვაჟკაცი თორღვა!
თორღვა: სულ ვიბრძვი და ვებრძვი ბოროტებას! თორღვას მეძახიან, ხანდახან თორღვა ძაგანსაც. როგორც კი დავბადებულვარ, იქიდანვე მქონია ბეჭებზე გამოსახული მზე და მთვარე, ასევე ჯვარიც. მარჯვენა ხელი დაბადებიდანვე სისხლისფერი მქონია. ვებრძოდი ყველა მოძალადეს და ავსულს. ქვესკნელშიც კი ვიყავი, თეთრ ყორანს გამოვეკიდე, რომ ნატვრისთვალი წამერთმია. მყინვარის ნაპრალში ჩავვარდი. იქ ვეშაპმა ჯადოსნური ჯაჭვი მაჩუქა. ამ ჯაჭვის მფლობელს, ვერანაირი მახვილი ვეღარ მეკარებოდა! ჩემზე დაწერეს:
„ჯაჭვის პერანგი მის ტანზე გველის ქერეჭივით ჭვივოდა
და იცავდა მას ავი თვალისაგან,
მახვილისაგან,
და ხორციელი შიშისაგან…
პერანგი თორღვა ძაგანს ბეჭზე გამოსახულ თილისმებს უმალავდა:
მზე და მთვარე იყო თორღვას საიდუმლო ნიშნები
და ჯვარი, რომელიც ხერხემალზე ეხატა“.
ნატვრისთვალი მოგიტანეთ, გველს რომ წავართვი. ინატრებთ და ბოროტება ნისლივით გაიფანტება, ამოვა მზე და თავის სხივებში გაგვხვევს.
მუსიკა ირთვება, ყველა ნელ-ნელა დგება და ხელიხელჩაკიდებული, ერთად დგება. წინ მზექალა და ხვთისო გამოდიან:
მზექალა: მაშ, გადავრჩებით!
ხვთისო: ბოროტებას დავამარცხებთ. ჩვენი გმირები, ჩვენი წინაპრები ზურგს გაგვიმაგრებენ!
ბებია: წინასწარმეტყველება აცხადდება!
პაპა: კარიბჭე ღიაა, ყველა აქაა! სიკეთე იზეიმებს!
ბოლოს ყველა მღერის:
https://www.youtube.com/watch?v=EXb45BggC_I