პროექტზე დაფუძნებული სწავლება და მოსწავლეთა მოტივაცია

პროექტზე დაფუძნებული სწავლება, მისი როლი და მნიშვნელობა

თანამედროვე გლობალიზაციის ეპოქაში, ცივილიზებული საზოგადოების ფორმირებისა და განვითარების პროცესში უდიდეს როლს ასრულებს განათლების სისტემა, ყოველ საფეხურზე სხვადასხვა სახის სწავლების პროგრესული მეთოდების გამოყენებით. მათ შორის განსაკუთრებით აქტუალურიგახდა პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი, რომელიც თანამედროვე სწავლების ერთ–ერთ ინტერაქტიულ მეთოდს განეკუთვნება. იგი დროის მოთხოვნის შესაბამისი მეთოდია, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს სოციალური მოთხოვნა მაღალხარისხიან სწავლასა და სათანადო ცოდნის შეძენაზე. ამიტომ, საგრძნობლად პოპულარული ხდება, ვითარდება და ფართოვდება აღნიშნული მეთოდის გამოყენება. სწორედ მისი მეშვეობითაა შესაძლებელი თეორიული ცოდნის რაციონალური გამოყენება კონკრეტული პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტაში. შესაბამისად, პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის უმთავრესი მიზანია მოსწავლის აქტიური სწავლების უზრუნველყოფა მისი პრაქტიკული საქმიანობის გააქტიურებით. ჩვენი აზრით, აღნიშნული მეთოდი ასევე უზრუნველყოფს მოსწავლეში არა მარტო საკუთარი თავისადმი რწმენის, კომუნიკაბელობის, პარტნიორობის, ურთიერთთანამშრომლობის გრძნობის გაღვივებას, არამედ მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების, კვლევის უნარის ჩამოყალიბებას, რაც შემდგომ ეხმარება მათ კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტის გზების შემუშავებასა და დაძლევაში, სახელმწიფოებრივი აზროვნების ფორმირებაში. შედეგად წყდება განათლების ძირითადი ამოცანები. კერძოდ: კრიტიკული ანალიზის, კომუნიკაციური, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, ვერბალური და რაოდენობრივი აზროვნების, ცოდნის დამოუკიდებლად შეძენის უნარებისა და მსოფლმხედველობის ფორმირება, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ცოდნის შეძენის უნარის ფორმირებას.

 

პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის ფორმირების ეტაპები, მისი მიზანი, ამოცანები და შედეგები

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტით სწავლების მეთოდის გამოყენების იდეა  თითქმის ერთი საუკუნის წინ გაჩნდა აშშ–ში (XX საუკუნის 20–იანი წლები). მისი ფუძემდებლები იყვნენ ცნობილი ამერიკელი მეცნიერები, პედაგოგები ჯონ დიუი და უილიამ კილპატრიკი. კერძოდ, მეთოდის ფორმირების თეორიულ საფუძვლად ითვლება ჯონ დიუის „პრაგმატული პედაგოგიკა“, რომელმაც შემდგომი განვითარება ჰპოვა ახალ საგანმანათლებლო თეორიაში, სადაც ფართო ასახვა ჰპოვა განათლების ისტორიისა და ფილოსოფიის საკითხებმა. პროექტით სწავლების მეთოდმა ფართო გავრცელება ჰპოვა აშშ–ში, დიდ ბრიტანეთში, ბელიაში, ისრაელში, გერმანიაში, იტალიაში, რუსეთსა და სხვა მრავალ ქვეყანაში. იგი წარმატებით გამოიყენება საქართველოშიც. პროექტებით სწავლების მეთოდის ძირითადი დანიშნულებაა შესაძლებლობა მისცეს მოსწავლეებს, დამოუკიდებლად მიიღონ ცოდნა პრაქტიკული ამოცანებისა და იმ პრობლემების გადაწყვეტისას, რომლებიც სხვადასხვა სფეროს საგნების ცოდნის ინტეგრაციას საჭიროებენ.

პროექტების მეთოდი, როგორც პედაგოგიური ტექნოლოგია, მოიცავს თავისი არსით შემოქმედებით-კვლევითი, საძიებო, პრობლემური მეთოდების ერთობლიობას. მასწავლებელს პროექტის ჩარჩოებში ენიჭება მხოლოდ კოორდინატორის, ექსპერტის, კონსულტანტის როლი. თანამედროვე განათლების სისტემამ, საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა რადიკალურად შეცვალა მასწავლებლის საქმიანობის პრიორიტეტები, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს არა პირდაპირ სწავლებას, არამედ მოსწავლეთა დამოუკიდებელი შემოქმედებითი ძიებისა და საქმიანობისათვის პირობების შექმნას. ანუ, ასეთ სიტუაციაში სკოლისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს გამოუმუშაოს ცოდნის აქტიური შემოქმედებითი აღქმის უნარი. ჩვენი აზრით, ამისათვის უპირველეს ყოვლისა აუცილებელი იქნება სასწავლო პროცესი გავხადოთ უფრო მიმზიდველი და საინტერესო, წარმოვაჩინოთ სკოლაში მიღებული ცოდნის მნიშვნელობა ცხოვრებაში, მისი პრაქტიკული გამოყენების მიმართულებით. როგორც ჩინური ანდაზა ამბობს: „მითხარი რამე და დამავიწყდება, მაჩვენე და მე შევძლებ გახსენებას, ჩამრთე და მე ყველაფერს გავიგებ“. ასეთი სწავლების მთავარი მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი ინტელექტუალური უნარის განვითარება, იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ თვითრეალიზაციის, დამოუკიდებელი აზროვნების უნარი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. რადგან „ყველა საგნის სწავლების მიზანი ბავშვის გონების  გაღრმავებასა და განვითარებაში მდგომარეობს“, ხოლო თვით „სწავლება ოპტიმიზმის ყველაზე დიდი გამოვლინებაა“, ამიტომ კონკრეტული სასწავლო პროექტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც მოსწავლეთა დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, დამთავრებული სამუშაო პროცესი, რომელიც შესაბამისობაშია მათ ასაკობრივ შესაძლებლობებთან და სრულდება პროექტირების განზოგადოებული ალგორითმის შესაბამისად – პროექტის იდეიდან მის რეალურ განხორციელებამდე. ასეთი პროექტები შეიძლება იყოს კვლევითი, შემოქმედებითი, საინფორმაციო, თამაშის, პრაქტიკულ–ორიენტირებული და სხვა სახის. მთლიანობაში პროექტის მეთოდი თანამედროვე საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ფლობს მაღალ პოტენციურ შესაძლებლობებს განვითარების, სწავლების, აღმზრდელობითი და ფსიქოლოგიური მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა მეთოდმა წლების განმავლობაში გარკვეული ევოლუცია გაიარა, მისი ძირითადი არსი კვლავ უცვლელია: მოსწავლეთა ინტერესების გაღვივება, კონცენტრირება და სტიმულირება კონკრეტულ პრობლემებთან და მის გადაწყვეტასთან მიმართებაში. მას საფუძვლად უდევს მოსწავლეთა შემეცნებითი უნარისა და თანამედროვე საინფორმაციო სივრცეში ორიენტირების მეშვეობით კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების დონის განვითარება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ თვით პროექტის რეალიზაციისათვის აუცილებელია მოსწავლეები ფლობდნენ გარკვეულ კომპეტენციებსა და აუცილებელ ინტელექტუალურ უნარებს, რომელიც საჭიროა პროექტით განსაზღვრული კონკრეტული მიზნისა და ამოცანების ეფექტიანად გადაწყვეტისათვის. ეს უნარებია:

  • საგნობრივი ცოდნის უნარები;
  • კრიტიკული აზროვნების ინტელექტუალური უნარი;
  • ინფორმაციის მოძიების უნარი თანამედროვე საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • კომუნიკაციის უნარი და სხვა.

 

პროექტით სწავლების მეთოდის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს შესაბამისი საფეხურების მიხედვით, კონკრეტულად განსაზღვრული და ჩამოყალიბებული  ძირითადი ეტაპების შესაბამისად (იხ. სქემა–1).

სქემა –1

პროექტით სწავლების მეთოდის  ძირითადი ეტაპები

მოსამზადებელი სტადია პრობლემის დასმა, პროექტის თემის, მისი ტიპის, მოსწავლეთა რაოდენობის შერჩევა.

(აუდიტორული ჯგუფური და ფრონტალური მუშაობა)

მასწავლებლის როლი: მოდერატორი, ფასილიტატორი
შუალედური სამუშაო პირველი ეტაპი: არსებული გამოვლენილი პრობლემის გადაწყვეტის მიზნით ძირითადი ამოცანების ფორმულირება და მისი განაწილება ჯგუფების მიხედვით

(აუდიტორული ჯგუფური და ფრონტალური მუშაობა)

მასწავლებლის როლი: მოდერატორი, ფასილიტატორი.

მეორე ეტაპი: დასმული ამოცანების გადაწყვეტის მეთოდების შემუშავება, კვლევისა და ინფორმაციის მოპოვების შესაძლო მეთოდების შერჩევა.

(ინდივიდუალური დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობა)

მასწავლებლის როლი: მოდერატორი, ტუტორი.

მესამე ეტაპი: დასმული ამოცანების პრაქტიკული გადაწყვეტა (პირველი ეტაპი) შეთავაზებული მეთოდების გამოყენებით; (მეორე ეტაპი) ინდივიდუალური სამუშაო. ანუ პროექტის მონაწილეთა დამოუკიდებელი მუშაობა მათი ინდივიდუალური თუ ჯგუფური კვლევითი, შემოქმედებითი ამოცანების შესაბამისად.

მასწავლებლის როლი: კონსულტანტი.

დასკვნითი სტადია პროექტის ძირითადი კვლევითი შედეგების წარმოდგენა – ანგარიშის პრეზენტაცია, დაცვა, ოპონირება, კოლექტიური განხილვა, საქმიანობის შედეგების შეფასება, საბოლოო დასკვნების გაკეთება (ინდივიდუალური, კოლექტიური სამუშაო).

მასწავლებლის როლი: ტრენერი, კონსულტანტი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის უპირატესობა, მისი ეფექტიანობა და მიმზიდველობა შემდეგი ფაქტორებით განისაზღვრება: იგი იძლევა სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვან საფუძვლებს; მისი მიზანია ბავშვების მიერ შესწავლილი თეორიული საკითხების პრაქტიკაში გამოყენება. პროექტზე ინდივიდუალური მუშაობა უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის განვითარების დონეს, მისი ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარის ფორმირებას. კერძოდ, ბავშვს უვითარდება ჯგუფში მუშაობის უნარი, მას შეუძლია მიიღოს და სხვას აღმოუჩინოს დახმარება, წაიყვანოს გაკვეთილი ან მისი ნაწილი, ჩამოაყალიბოს პროექტის შინაარსობრივი ნაწილი, გააფორმოს მისი შედეგი (მოხსენება, რეპორტაჟი, პრეზენტაცია და სხვა). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საინფორმაციო წყაროებზე (ცხრილები, დიაგრამები, სახელმძღვანელოთა ილუსტრაციები, ცნობარები, ლექსიკონები და სხვა) მუშაობის ჩვევების გამომუშავება. ანუ, მთლიანობაში იგი უზრუნველყოფს მოსწავლეთა შემდეგი ძირითადი კომპეტეციების განვითარებას: პრობლემატიზაციის უნარს; მიზანმიმართულობას; საქმიანობის დაგეგმვა; თვითანალიზი და რეფლექსურობა; შედარება, ანალიზი, სინთეზი, პროგნოზირება; საჭირო ინფორმაციის დამოუკიდებელი მოძიება, დამუშავება, შენახვა და პრაქტიკული გამოყენება; დამოუკიდებელი კვლევითი საქმიანობის შედეგების პრეზენტაცია; კომუნიკაბელობა და ტოლერანტულობა.

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ პროექტით სწავლების მეთოდის ეფექტიანობა და ხარისხი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თითოეული პედაგოგის ძალისხმევასა და დაინტერესებაზე. კერძოდ, მასწავლებელმა პროექტით სწავლების მეთოდის გამოყენებისას უნდა უზრუნველყოს საგანმანათლებლო გარემოს შექმნა და მოსწავლეთა მოტივაცია; განსაზღვროს, კონკრეტულად რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა პროექტზე მუშაობის შედეგად; შეძლოს რთული მოვლენების ასახსნელად მარტივი მაგალითების გამოყენება; საკვლევი პრობლემების გააზრების მიზნით წარმოადგინოს სიტუაციის პრეზენტაციის შესაძლო მეთოდები;  მოახდინოს სამუშაოს ორგანიზება ინდივიდუალურად და მცირე ჯგუფებში. ის უნდა ფლობდეს განხილვის ორგანიზაციის მეთოდებს, ახდენდეს დასკვნების არგუმენტირებას, ეწეოდეს კონსულტაციებს, გააჩნდეს ობიექტური შეფასების კრიტერიუმები.

სწავლების ყველა მეთოდისა და განსაკუთრებით პროექტზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენების დონე და მისი საბოლოო შედეგები განსაზღვრულია მშობლის, მაწავლებლის, მოსწავლეების ერთობლივი საქმიანობით, ძალისხმევითა და მოტივირებით, რათა მოსწავლეებმა მიიღონ თანამედროვე გლობალური სამყაროს შესახებ ადეკვატური ცოდნა, განათლება, რომელიც რეალურად დაეხმარებათ მათ წინაშე არსებული პრობლემების წარმატებით გადაწყვეტაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

დიმიტრი უზნაძე. განწყობის თეორია. mes.gov.ge/uploads/gegmebi/shesavali.doc.

ქეთევან ჭკუასელი, ივანე ჭკუასელი, პედაგოგიკის ზოგადი საფუძვლები. გამომცემლობა „ინტელექტი”, თბილისი 2012წ.

ინასარიძე მ. ლობჟანიძე ს. რატიანი მ. სამსონია ი. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. განათლების პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. თბილისი 2015 წელი.

როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება. მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი. თბილისი 2007.

სწავლების პროცესის ტექნიკური მართვის მეცნიერების პრაქტიკული სახელმძღვანელო. რ. ქეით სოიერის რედაქტირებით. ვაშინგტონის უნივერსიტეტი. კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა. თავი 19. პროექტზე დაფუძნებული სწავლება.

იხ. უ. კილპატრიკის შრომები 1914 და 1916წ. „The Montessory System Examined“; „Froebel Kindergarten Principles Critikally Examined.

 

კოლინ უილკოქსი. https://www.facebook.com/notes/guguli…/239446902909157.

Боуэн Д. История западного образования. Западная Европа эпохи модерна и Новый Свет. Глава 12. Новая эра в образовании: II. Прогрессивизм в Соединенных штатах Радикальная американская философия: Джон Дьюи и доктрина экспериментализма. http://www.gumer.info/ bibliotek_Buks/ Pedagog/Bowen/14.php
Е.С. Полат. Метод проектов. Новые педагогические и информационные технологии в системе образования: учеб. пособие для студ. пед. вузов и системы повышения квалификации пед. кадров /под ред. Е.С. Полат. М., 2000. https://docs.google.com/.

ДЖ. Питт. Метод проектов в образовании. https://www.livelib.ru/author/375890/latest.

 

კომენტარები

comments