ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სკოლის მიზანი და საგანმანათლებლო გარემო

განათლების ნაცნობი ვერტიკალი „მასწავლებელი-მოსწავლე“ ჩვენ თვალწინ ტრანსფორმირდება. ბავშვი და მისი მშობელი ორგანულად შემოდიან ახალ სქემაში და  მომხმარებელთა რანგიდან პროცესის მონაწილეთა რიგებში ინაცვლებენ. როგორ უნდა გამოიყურებოდეს დღევანდელი სკოლა, რომ იქ ყველამ შეძლოს საკუთარი ადგილის პოვნა, სწავლებას კი საუკეთესო შედეგი ჰქონდეს?  

გასული საუკუნის 70-იან წლებში მეცნიერმა ფილიპ კუმბსმა შექმნა ნაშრომი „განათლების კრიზისი თანამედროვე მსოფლიოში“. მისი ხედვით, კაცობრიობამ იმდენი ცოდნა დააგროვა, რომ ათი წლის განმავლობაში მოსწავლე ვერასოდეს შეძლებდა მის დაუფლებას. მან თქვა, რომ მეცნიერება უსწრაფესად ვითარდება და სკოლაში მიღებული ცოდნა სკოლაშივე ძველდება. კუმბსმა დაასკვნა, რომ მოსწავლისთვის სტანდარტული ცოდნის მიცემა უაზრობაა. გაცილებით მნიშვნელოვანია, ისწავლოს მუშაობა წყაროებთან, გაიცნოს სამყარო დამოუკიდებლად ან სხვებთან ერთად.

კუმბსის მოსაზრებებს არ დაუკარგავს აქტუალურობა. საშუალო განათლების მომავალზე საუბრისას ჩვენ კვლავ ვახსენებთ „ახალ წიგნიერებას“ და „საყოველთაო კომპეტენციებს“ – ცოდნასა და უნარებს, რომლებიც მოსწავლეებს სჭირდებათ იმისათვის, რომ მომავალში წარმატებული ადამიანები გახდნენ. მასწავლებელი აღარ არის  მხოლოდ ცოდნის გამცემი. ის არის მოსწავლისთვის ცოდნის მეურვე. მასწავლებლის ამოცანაა არა ბავშვის გონების გაჯერება უსარგებლო ინფორმაციით, არამედ განვითარება სხვადასხვა მიმართულებით.

სკოლის ძველ მოთხოვნებს – მოსწავლემ მიიღოს მასწავლებლისგან ცოდნა დასრულებული სახით – ენაცვლება ახალი, სწრაფვა ინდივიდუალიზაციისკენ, პიროვნული განვითარებისკენ. ჩვენს საუკუნეში ფუნდამენტურ ღირებულებად მოსწავლის პიროვნება მიიჩნევა – თვითმყოფადი, განსხვავებული, მოაზროვნე. თუმცა, სინამდვილეში, სკოლა საკმაოდ ნელი ტემპით იცვლება და ზოგჯერ ცვლილებები შეუმჩნეველიც კი რჩება.

სასკოლო გარემოზე პირველი სერიოზული კვლევა XX საუკუნის დასაწყისით თარიღდება.  ერთ-ერთი პირველი, ვინც საგნობრივი გარემოს ორგანიზებას მიაქცია ყურადღება, მარია მონტესორი იყო. მას მიაჩნდა, რომ უფრო თავისუფალი და პიროვნებაზე ორიენტირებული გარემო ბავშვს მეტად მისცემდა საკუთარი პოტენციალის გაცნობიერების შესაძლებლობას. მის სისტემაში მთავარი ადგილი დაიკავა ბავშვის საქმიანობამ და არა ცოდნის მიღებამ.

თავის მხრივ, ცნობილმა პოლონელმა მწერალმა და პედაგოგმა იანუშ კორჩაკმა თავის მთავარ ნაშრომში „როგორ გვიყვარდეს ბავშვი“, გამოჰყო ოთხი ტიპის „საგანმანათლებლო გარემო”: იდეოლოგიური, მშვიდი, კარიერული და დოგმატური. მაგალითად, დოგმატური მან ასე განმარტა: „ტრადიცია, ავტორიტეტი, რიტუალი, ბრძანება, როგორც აბსოლუტური კანონი, აუცილებლობა, როგორც ცხოვრების იმპერატივი. დისციპლინა, წესრიგი და პატიოსნება. სერიოზულობა, სულიერი წონასწორობა და სიმკვეთრე, რომელიც წარმოიშობა სიმტკიცით, სიძლიერისა და სტაბილურობის განცდით, თვითდაჯერებული მდგომარეობით“. მწერლის აზრით, როდესაც ბავშვი დოგმატურ გარემოში სწავლობს, ის ხდება დამოკიდებული და პასიური.

მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს საუკეთესო მაგალითად დღეს ფინეთი რჩება, რომელსაც საგანმანათლებლო სასწაულსაც უწოდებენ. ამ ჩრდილოეთ ქვეყნიდან მოსწავლეები წლიდან წლამდე იკავებენ წამყვან პოზიციებს PISA-ს რეიტინგებში. 2016 წლის ზაფხულში ყველა ადგილობრივი სკოლა გადავიდა სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებზე: მოსწავლეებს შეუძლიათ თვითონ აირჩიონ საინტერესო თემები და თავად გაუწიონ კურსს მოდელირება. შეუძლიათ შეისწავლონ საგნები ახალი ტექნოლოგიების დახმარებით ან ზოგადად, სკოლის გარეთ – მუზეუმებსა თუ უნივერსიტეტებში.

ილონა ტაიმელას, ჰელსინკის განათლების დეპარტამენტის საგანმანათლებლო სტრატეგიების დარგის კონსულტანტის თქმით, იდეალურ პიროვნებაზე ორიენტირებულ გარემოს შექმნაში მთავარია არა ის, თუ როგორ ხდება სკოლაში გაკვეთილების მოწყობა (თუმცა ეს ასევე მნიშვნელოვანია), არამედ ის, თუ როგორ ურთიერთობენ მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები ერთმანეთთან.

სასწავლო პროგრამა ემყარება თეორიულ ცოდნას – იმას, რაც ცნობილია ცოდნის ათვისების შესახებ – ტრენინგის დროს თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციას. თითოეულ სკოლასა და რეგიონს შეუძლია პროგრამის სათავისოდ მორგება. სკოლის მიზანი არის მომავალი და არა აწმყო.

„XXI საუკუნის ოთხი ძირითადი უნარი – კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია და შემოქმედებითობა, შედის ფინეთის სასკოლო სასწავლო გეგმაში. მაგრამ ჩვენ მხოლოდ მათით არ შემოვიფარგლებით. აი, რა დავამატეთ ამ ნაკრებში. თითოეულ მოსწავლეს უნდა შეეძლოს საკუთარ თავზე ზრუნვა. ჩვენ ვასწავლით დამოუკიდებლობას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვასწავლით საკუთარ თავზე ზრუნვას, ისინი შეძლებენ იზრუნონ სხვებზე. სწორი კვება და ვარჯიში – ამასაც ვასწავლით. ეს უნარი საბაზო ნაკრების ოთხ ძირითად უნართან ერთად. გარდა ამისა – უნარი, რომელიც ეხება კულტურას, იდენტურობას. კომუნიკაციის უნარი მოიცავს ენის ცოდნას, მაგრამ კულტურა უფრო ფართო კონცეფციაა, რომელიც გავლენას ახდენს თვითმყოფადობაზე. უფრო მეტიც, ჩვენ მხოლოდ ეროვნულ კულტურაზე არ ვსაუბრობთ. უამრავი ემიგრანტი გვყავს: ჰელსინკში მოსწავლეთა დაახლოებით 20%-ისთვის ფინური მშობლიური ენა არ არის“, – ამბობს ტაიმელა.

ფინეთის სკოლებში მეწარმეობის უნარსაც ასწავლიან. ჰელსინკის განათლების დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეებს არ უყვებიან, როგორ უნდა გახსნან საკუთარი ბიზნესი, არამედ „სიჯიუტეს და შრომისმოყვარეობას“ აჩვევენ.

„ფინურ ენაში არის ასეთი სიტყვა „sisu“. ეს ნიშნავს სირთულეების დაძლევის უნარს, საქმის არმიტოვებას შუა გზაში, კონცენტრირებას. ამ მხრივ სიჯიუტეც მნიშვნელოვანია, ასევე, ჩართულობა საზოგადოებრივ და სასკოლო ცხოვრებაში“, – განმარტავს ტაიმელა. ის და მისი კოლეგები თვლიან, რომ საგნები, რომლებსაც სკოლაში სწავლობენ, მთავარი როდია. მათი  აზრით, სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ერთად უნდა იმუშაონ და გააანალიზონ პროგრამა სხვადასხვა კუთხით.

„მოსწავლეებს შეუძლიათ ერთად იმუშაონ, თუ ერთი და იგივე შეკითხვები აქვთ ან იმუშაონ ცალ-ცალკე. ცოდნის შეძენის ერთიანი მიდგომა არ არსებობს. მათი წყარო არა მხოლოდ პედაგოგები, არამედ მშობლები, სკოლის გარეთ მყოფი სპეციალისტები და სხვა მოსწავლეებიც კი არიან. მაგრამ მასწავლებელზე ბევრი რამ არის დამოკიდებული: პიროვნებაზე ორიენტირებული ტრენინგის დროს, მაგალითად, 5-6 კვირიანი სასწავლო ციკლის განმავლობაში, სწორედ ის განსაზღვრავს პროცესის მიზნებსა და ამოცანებს. მასწავლებელს შეუძლია თქვას: „ამ მოვლენების შესწავლისას ჩვენ ვსწავლობთ თანამშრომლობას. აი, როგორ უნდა იმუშაოთ“. ერთ-ერთი მიზანი შეიძლება იყოს, მაგალითად, კრიტიკული აზროვნების განვითარება. მასწავლებლის როლი არა მხოლოდ პროცესის ორგანიზებაა, არამედ ამოცანებისა და მიზნების ახსნა: ეს არის ის, რასაც ჩვენ მივაღწევთ, ეს არის ის, რაც უნდა ვისწავლოთ. მასწავლებელი აფასებს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ უნარებსა და პრობლემებს“, – აღნიშნავს ტაიმელა.

ფინელი ექსპერტები თვლიან, რომ საგანმანათლებლო გარემო უნდა იყოს „ყოვლისმომცველი, ერთიანი“ იმისათვის, რომ შეძლოს უპასუხოს სწავლის თანამედროვე გამოწვევებს.

„თუ ჰელსინკს ავიღებთ, მიგვაჩნია, რომ მთელი ქალაქი არის საგანმანათლებლო გარემო. მთელი მსოფლიო არის საგანმანათლებლო გარემო. ციფრული ტექნოლოგიის წყალობით, ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ერთი ქვეყნის, ქალაქის თუ სკოლის შენობით: ყველაფრიდან რაღაცას ვსწავლობთ. თავად სკოლაში აუცილებელია, არსებობდეს დარბაზისმაგვარი ხელსაყრელი ადგილები კოლექტიური საქმიანობისთვის. იგივე ეხება ტრადიციულ კლასებს: ისინი უნდა გახდეს მრავალფუნქციური“, – დასძენს ტაიმელა.

მისი თქმით, ფინეთის სკოლებში არ არსებობს კლასები ჩვეულებრივი გაგებით, რადგან ისინი ქმნიან დახურულ ატმოსფეროს. საკლასო ოთახები შეიძლება იყოს განსხვავებული – პატარა, რათა მოსწავლემ შეძლოს სიმშვიდეში მუშაობა, ერთობლივი მუსაობისთვის კი არსებობს დიდი, ღია ადგილები.

სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს შეუძლიათ ერთად იმუშაონ, მაგალითად, მესამე კლასები მეშვიდე კლასებთან ერთად ესწრებიან ზოგიერთ გაკვეთილს. ფინეთის ოფიციალური პირები დარწმუნებულნი არიან, რომ მეხუთე და მერვე კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ ერთდროულად ისწავლონ რაიმე საგანი, მაგალითად, ადამიანის სხეულის აგებულება.

„თუ მათ შეუძლიათ ერთად აკეთონ ეს, რატომ უნდა გაიყონ ასაკის გამო? ნებისმიერი ადგილი სასწავლო გარემოს ნაწილია. მან უნდა გააღვივოს ცნობისმოყვარეობა, იყოს კომფორტული და უსაფრთხო. ისეთი უნდა იყოს, რომ ბავშვებმა ისწავლონ, შექმნან“, – ასკვნის ტაიმელა. მისი თქმით, ამაზე გავლენას ახდენს ფერი, ტექსტურა, სკოლის ინტერიერი. მაგალითად, კარგია თუ სკოლის შენობაში ბევრი გამჭვირვალე ტიხარია, რათა მოსწავლეებმა დაინახონ, რას აკეთებენ სხვები, გამოიჩინონ ინტერესი მათ მიმართ ან დაეხმარონ სხვებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი