პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

კეთილი წიგნების შესახებ

მოსწავლეობის წლები ტკბილ-მწარე თავგადასავლებითაა სავსე. ზოგი ადვილად ეუფლება კომუნიკაციის ხელოვნებას, ზოგს კი უჭირს განსხვავებული ინტერესებისა და ღირებულებების მქონე საზოგადოებასთან ინტეგრირება. ყოველი წარუმატებლობის შემდეგ ემოციური დაძაბულობა იმატებს, რაც, ცხადია, უარყოფითად აისახება, როგორც სოციალურ, ასევე აკადემიურ პროცესზე. როგორც წესი, სკოლაში უმრავლესობა აწესებს, ე.წ. პოპულარული მოსწავლეობის სტანდარტს. მის მიღმა დარჩენილი თანატოლების შევიწროებაც ძველი ამბავია… აქედან გამომდინარე, მასწავლებლებს „სიკეთის გაკვეთილების“ ჩატარება უფრო და უფრო ხშირად გვიწევს, მათ მოსამზადებლად კი მეტი „კეთილი წიგნია“ საჭირო. თანაგანცდის გამოწვევა ცალკეულ შემთხვევებზე დაკვირვების გზითაც შეიძლება, თუმცა ასეთ დროს მხოლოდ ფრაგმენტს ხედავ. წიგნს კი შეუძლია, ისტორია მთლიანად, დასაწყისიდან დასასრულამდე მოგიყვეს, ან ნაპირზე მაინც გაგიყვანოს და წერტილის დასმა შეგაძლებინოს. ალბათ ამიტომაცაა, რომ, ე.წ. სიკეთის თვითმასწავლებელთა მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება და ახალი გამოცემების რიცხვიც იმატებს.

 

გარიყულად ბევრი რამის გამო შეიძლება იგრძნო თავი. ერთხელაც ვიღაცას შენი კავკასიური „სასუნთქი აპარატი“ არ მოეწონება, ან „მეგობრობის დღიურში“ ჩაწერილი განსხვავებული პასუხების გამო გაგაკრიტიკებს. ხან იმის გამო აგითვალწუნებენ, რომ „რეზინობანაში“ მუხლების სიმაღლეზე ძლივს ხტები, სულ იხუჭები და ვერასდროს იმალები. არადა, ერთი შეხედვით, არაფერი „გჭირს“. მგონი, ეს ცხვირი ძალიანაც გიხდება. „რეზინობანას“ თუ არა, „კლასობანას“ თამაში ხომ კარგად გამოგდის?! ქვას ყველა საჭირო კვადრატში ახვედრებ და თუ დაგჭირდა, ასკინკილით მთელ სათამაშო მოედანს შემოუვლი…

ალბათ რამდენ მოზარდს აწუხებს მსგავსი ფიქრები! განსაკუთრებით იმათ, საკუთარ გარეგნობასა და მოქნილობაზე დიდი სადარდებელი რომ აქვთ. ზოგიერთ მათგანს თანატოლებისთვის სახის ჩვენების ეშინია. ზოგს კი, ცუდად კი არა, საერთოდ არ შეუძლიათ თამაში, მეტიც, ეტლის გარეშე ვერც კი გადაადგილდება და პერსონაჟად ქცეული, ხსნას კეთილ წიგნებში ეძებს.

ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“, რომელსაც „ნიუ იორკერმა“ აბსოლუტურად გენიალური უწოდა და დღეს პედაგოგიურ რომანად (ჩართულია ამერიკული სკოლების სასწავლო პროგრამაში) არის აღიარებული, კარგა ხნის წაკითხული მქონდა, როცა კეიტლინი („ჯაფარა“, ქეთრინ ერსკინი) გავიცანი. მთხრობელი აქაც პატარა გოგონაა, თუმცა „სასწავლო მასალა“ გართულებულია – სასოწარკვეთილი მამის ამარა დარჩენილი ობლის მონათხრობს მასობრივი მკვლელობა და ასპერგერის სინდრომი ერთიორად ამძაფრებს. თანამედროვე ატიკუსი მარტო ზრდის ორ პატარას, სანამ  „მათი ცხოვრება  ნამსხვრევებად არ იქცევა“. მას შემდეგ ყველა ინერციით ცხოვრობს, კეიტლინის გარდა. გოგონა, რომელსაც ყველაზე მეტად ემოციების წაკითხვა უჭირს, ეძებს და ყველას ნაცვლად პოულობს კათარზისს.

მისის ბრუკი კეიტლინისა და საზოგადოების ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია. იგი გოგონას ემოციების ანბანს ასწავლის, მის თანაკლასელებს კი თანაგანცდის გაკვეთილებს უტარებს. ჩემი აზრით, გაუცხოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი „განსხვავებული“ ადამიანებისთვის თვალის არიდებაა. აქედან გამომდინარე, ცოტა ბავშვს თუ სმენია აუტიზმსა ან ასპერგერის სინდრომზე და რა გასაკვირია, რომ თანაგრძნობის გამოხატვის ნაცვლად შეიძლება დაითრგუნოს, ან გაღიზიანდეს და ზემოაღნიშნული ინდივიდი ახალ სათამაშოდ აქციოს?! ინფორმაციულ ვაკუუმში გამოზრდილი ახალი თაობა ერთხელაც აღმოაჩენს, რომ არსებობენ განსხვავებული ადამიანები, მაგრამ გაუჭირდება ამ განსხვავებულობის ადეკვატურად მიღება. ამიტომაც მიხარია, რომ დღეს ამდენი იწერება „კრავებზე“, რომლებიც თავიანთი დუმილით საუკუნეების განმავლობაში დამალულ სიმართლეს ამზეურებენ.

თუ ჩვენს საუკუნეში მასწავლებლად მუშაობას გადაწყვეტ, ინკლუზიური განათლების საკითხებშიც კარგად უნდა ერკვეოდე. შესაძლოა, კეიტლინის სპორტის მასწავლებლის მსგავსად შენც დაუშვა შეცდომა (ეს სულაც არაა გასაკვირი), თუმცა, თუ შეცდომის აღიარებას ისწავლი, ე.ი. „დახვეწას“ ცდილობ და „შენი კარგი მანერების“ დაფაზე „სტიკერთა“ რიცხვიც მოიმატებს. კეიტლინები, რომლებსაც უსმენენ და არჩევანის საშუალებას აძლევენ, ერთ დღესაც გადალახავენ ბარიერებს საკუთარ თავში, „თვალს გაუსწორებენ ადამიანს“, სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს და ქალაქს სიკეთის დაუვიწყარ გაკვეთილს ჩაუტარებენ.

მიუსაფარი ბავშვები საზოგადოებისგან ტაბუდადებული კიდევ ერთი თემაა. ბოლოდროინდელი მონაცემებით, მსოფლიოში მცხოვრები ბავშვებიდან ყოველი მეოთხე უკიდურესი სიღარიბის ზღვარზეა. ასევე ხშირია სიკვდილიანობა, რომლის გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილებაც შესაძლებელია. ცივილიზებული საზოგადოება დიდი ხანია შეთანხმდა იმაზე, რომ ობლებისა თუ მიუსაფარი ბავშვების აღზრდა ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლებში სჯობს. ამას გარდა, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს პატარების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნებას, გაშვილებას ან აღსაზრდელად მეურვეებისთვის გადაცემას. ბოლო მონაცემებით ჩვენს ქვეყანაში  37 მცირე საოჯახო ტიპის კომფორტული სახლია, სადაც მიუსაფარი ბავშვები დედობილ-მამობილის მფარველობის ქვეშ, ოჯახურ გარემოში იზრდებიან. სახელწიფო დაფინანსების გარდა, ოჯახურ თავშესაფრებს დონორი ორგანიზაციებიც მფარველობენ.

ჩვენს საზოგადოებას, სსსმ ბავშვების მსგავსად, არც ობოლთა ისტორიები უყვარს. ამიტომ შევარჩიე სიკეთის შემდეგი გაკვეთილის თემად „გრძელფეხება მამილო“. აღნიშნული წიგნის ავტორის – ჯინ ვებსტერის სოციალური საკითხებით დაინტერესება კეთილდღეობისა და სასჯელაღსრულების რეფორმის კურსებს გამოუწვევია. ახალბედა მწერალი  მზრუნველობამოკლებულ და უსახლკარო ბავშვთა დაწესებულებებს ხშირად სტუმრობდა და ციხის და ობოლთა თავშესაფრების რეფორმების გატარების პროცესშიც აქტიურად იყო ჩართული. მის წიგნებში სწორედ ამ პერიოდის გამოცდილება აისახა.

კიდევ ერთი კონკიას – ჯერუშა ებოტის და „ოთხმოცდაჩვიდმეტი რეტდასხმული პაწია ობლის“ ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა „წყეული ოთხშაბათისთვის“ (მეურვეების სტუმრობის დღე) მზადება და მიღების წარმატებით დასრულება.

„ჯერუშასთვის რომ გეკითხათ, გეტყოდათ, დღე წარმატებით დასრულდაო. მეურვეებსა და კომისიის წევრებს თავშესაფრისთვის არაფერი დაუკლიათ – კიდეც დაათვალიერეს, მოხსენებებიც წაიკითხეს და არც შეთავაზებულ ჩაიზე უთქვამთ უარი. ახლა კი შინისაკენ მიეშურებოდნენ, მხიარულად მოგიზგიზე ბუხრებთან მოკალათებულებს კიდევ ერთი თვით რომ დაევიწყებინათ მომაბეზრებელი უპატრონო ბავშვების არსებობა“.

პირველი ასოციაცია ალბათ თქვენც ჯეინის (შ. ბრონტე, „ჯეინ ეარი“) პანსიონთან მიგიყვანთ. თუმცა ვებსტერის თავშესაფრის კარი უფრო ადვილად იღება და ჯერუშა ებოტის უპასუხო ბარათებს პირველივე გვერდებიდან ბედნიერი დასასრულის მოლოდინით ფურცლავ. სიყვარულის თემასთან დაკავშირებითაც შეიძლება პარალელების გავლება (ასაკობრივი სხვაობა, დიდგვაროვანი მეურვის/უფროსის უთვისტომო გოგონათი დაინტერესება), თუმცა ამ შემთხვევაში ერთადერთ დაბრკოლებას კეთილი მეურვის ანონიმურობა წარმოადგენს.

ალბათ ყველა მწერალი ბავშვებისთვის ან ბავშვების შესახებ წიგნის დაწერამდე საკუთარ თავს უნდა ეკითხებოდეს: რა სურთ ბავშვებს? რა არის მნიშვნელოვანი მათთვის? მკითხველი ხომ წიგნებშიც საკუთარი თავის, მის გარშემო არსებული რეალური სამყაროს ანარეკლს ეძებს. აგროვებს დამაჯერებელ არგუმენტებს სიტყვებისთვის „ყველაფერი კარგად იქნება“ და შიშს იყუჩებს. ბავშვებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორია ალბათ სასკოლო ცხოვრებას უკავშირდება. მაგალითად ავიღოთ „წრიპა ბიჭის დღიური“.  ჯეფ კინის მთავარ ღირსებად „კარგი სმენა“ შეგვიძლია დავასახელოთ. მწერალი აშკარად ყურადღებით უსმენდა ახალი თაობის ხმას. შედეგად, წიგნის მთავარ გმირად, ე.წ. ლუზერი მოგვევლინა. ბევრი საბავშვო წიგნი გინახავთ, ხელმოცარულ, დაცინვის ობიექტად ქცეულ, თამამი თინეიჯერული ფიქრებით გახმოვანებულ პერსონაჟზე ჰყვებოდეს და ამ გზით მის მიმართ საყოველთაო სიმპათიას იწვევდეს?!

სანამ მსოფლიოში უსამართლობის, შემწყნარებლობის, ჩაგვრის, მიტოვების, ზრუნვის, უმუშევრობისა და უპოვრობის თემები აქტუალური იქნება, ყოველთვის დაგვჭირდება წრიპა ბიჭის, ავგუსტ პულმანის, კეიტლინისა თუ ჯერუშა ებოტის მსგავსი ხმები, რომლებიც ხმამაღლა, ყოველგვარი შეფარვის გარეშე მოგვიყვებიან უსამართლობაზე, მარტოობაზე, დიდი სიყვარულის დაკარგვის ტკივილსა და მასთან გამკლავების გზებზე. მოგვიყვებიან იმ შეცდომებზე, თაობიდან თაობას ჯიუტად რომ გადავცემთ, იმ იმედით, რომ იქნებ ერთხელაც ვისწავლოთ რამე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი