ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

საშინაო დავალების ჯგუფურად გასწორება

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს ყველაზე კარგად მოეხსენებათ, რა რთულია მართლწერისა და გრამატიკული წესების შესწავლა ბავშვებისთვის. საშინაო დავალებების გასწორება კი ნამდვილი კატორღაა, რომელიც თავდაუზოგავი შრომის შედეგად, წლის ბოლოსკენ ოდნავ მსუბუქდება ხოლმე.

მოსწავლეები კი შესწორებულ შეცდომებს კვლავაც იმეორებენ და იმეორებენ და ვტრიალებთ ერთ წრეზე.

ჩემი გამოცდილებით, საშინაო დავალებების გასწორება შეიძლება მომაბეზრებელი საქმიანობიდან სახალისო და ძალიან სწრაფი დადებითი შედეგის მომტან საგაკვეთილო პროცესად ვაქციოთ. ამისათვის, ჯგუფური მუშაობის ის სისტემა გამოგვადგება, რამდენიმე თვის წინ რომ ამავე ჟურნალისთვის ვწერდი (იხ. „უკანა მერხის ბავშვები“).

პირველ რიგში, საშინაო დავალების გასწორება საჯაროდ კითხვით უნდა დავიწყოთ. ამ მეთოდს რამდენიმე დადებითი მხარე აქვს – ერთი ის, რომ მთლიანი ჯგუფის ჩართვა ხერხდება პროცესში, მეორე, რომ ყველაზე დაბალი მოსწრების მქონე ბავშვებსაც უჩნდებათ შანსი თავი გამოიჩნონ და მესამე – ერთი მოსწავლის მიერ დაშვებულ სტილისტურ/გრამატიკულ შეცდომებს, მთლიანი ჯგუფი ითავისებს და ერთი საშინაო დავალების ხმამაღლა გასწორებით, მთელი კლასი იწვრთნება.

უკეთესი თვალსაჩინოებისთვის, წარმოვიდგინოთ, რომ კლასს საშინაო დავალებად ჰქონდა „კაცია-ადამიანის?!“ განხილვა, რევიუს დაწერა, კრიტიკული ანალიზი ან უბრალოდ პერსონაჟთა დახასიათება. ხმამაღალი გასწორების მეთოდი შემდეგშია: – მოსწავლე დინჯად, ხმამაღლა და გამართული მეტყველებით (ასეთი წაკითხვა მეტყველებაშიც ავარჯიშებს ბავშვებს) კითხულობს საკუთარ ტექსტს. ყოველი წინადადების წაკითხვის შემდეგ, ხელის აწევით, მსმენელებს შეუძლიათ დაშვებული შეცდომა იპოვონ, რაც, პირობითად 1 ქულით ფასდება. სტილისტურად გაუმართავი წინადადების ალტერნატიული წინადადებით შეცვლა (ისე, რომ აზრი არ დაიკარგოს), პირობითად 2 ქულით. სხვისი ნაპოვნი შეცდომის უკეთესად დარედაქტირება კიდევ 2 ქულა, ხოლო ისეთი ტექსტის მოტანა, რომელშიც ჯგუფი შეცდომას ვერ მოძებნის, ვთქვათ 5 ქულით, სადაც ქულები შესაბამისობაში მოდის სასკოლო შეფასებასთან (10 ქულა უდრის 10-იანს).

მოსწავლეები, ვინც ზედიზედ 10-ჯერ გაცდენისა და ჩავარდნის გარეშე მოიტანენ დავალებას (თუნდაც შეცდომებით სავსეს), ასევე მიიღებენ 10 ქულას, ხოლო მოსწავლეები, ვინც სახელმძღვანელოში მოძებნიან კორექტურას, კვლავაც 10 ქულას.

შეფასების ეს, ერთი შეხედვით მარტივი ფორმულა ძალიან კარგად მუშაობს. ბავშვებს უჩნდებათ განცდა, რომ მათ ნიშნის მიღება „არაფერში“, განსაკუთრებული შრომის გარეშე შეუძლიათ. ისინი იწყებენ ყურადღებით მოსმენას, ცდილობენ ჩაერთონ ჯგუფურ მეცადინეობაში მაშინაც კი, თუ საგანი ან კონკრეტული ტექსტი არ აინტერესებთ, უჩნდებათ სურვილი მოიტანონ უკეთესი და უკეთესი ნაწერები და რაც მთავარია – ძალიან სწრაფად და ეფექტიანად იმახსოვრებენ გრამატიკული წესების იმ მარტივ ფორმულებს, რომელიც პრაქტიკულ გამოყენებაში მარტივად ისწავლება.

ხმამაღალი რედაქტირება სხვა მხრივაც საინტერესოა – ერთი ტექსტის მრავალმხრივი გადააზრება ასე ბევრად მოსახერხებელია. ამავე დროს, მოსწავლეებს საშუალება აქვთ საკუთარი ნამუშევრის წარდგენა საჯაროდ მოახდინონ. გაკვეთილის ბოლოს კი მოსწავლეებს ევალებათ დაასახელონ საუკეთესო ნაწერი, რომელიც ავტომატურად აგროვებს ასევე 10 ქულას.

მსგავსი სისტემა ბავშვებისთვის გართობასთან ასოცირდება, რადგან ჯგუფურად გასწორების მომენტში, მოსწავლე და მასწავლებელი ერთ რანგში არიან. თუმცა, ცხადია, პედაგოგს მოდერაციის უფლებამოსილება რჩება და ის წარმართავს შესწორების პროცესს, სადაც აქამდე არარსებული გრამატიკული შეცდომების ახსნასაც ახერხებს.

მსგავსი გაკვეთილი ძალიან კარგად მუშაობს თეორიული მასალის ახსნის შემდეგ. თუ ერთ გაკვეთილზე „ზედსართავი სახელის ჯგუფებზე“ ან „მწკრივებსა და სერიებზე“ ილაპარაკებთ, მეორე ჯერზე კონკრეტული ტექსტის ანალიზის დროს, განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ამ ახალნასწავლ წესებზე გაამახვილებთ.

ხმამაღალი განხილვის კიდევ ერთი უპირატესობა აქამდე შესწავლილი მასალის მუდმივ გადამეორებაშია. მაგალითისთვის, თუ წინა გაკვეთილზე შორისდებულები ახსენით, მომდევნოზე, ტექსტის შესწორებისას შეიძლება ასეთი დავალება მიიღონ ბავშვებმა: მოძებნონ და შეცვალონ ერთმანეთის ნაწერებში შორისდებულები და ჩაანაცვლონ ისინი ისე, რომ აზრი არ დაიკარგოს, რაშიც, დამატებით 2 ქულას დაიმსახურებდნენ.

საჯაროდ განხილვის კლასში დანერგვა მას მერე გადავწყვიტე, რაც მივხვდი, რომ რუტინულ დავალებებს ბავშვები სრულიად უხალისოდ აკეთებდნენ. ასევე, დიდ პრობლემად მეჩვენებოდა ყურადღების კონცენტრაცია მეცადინეობისას. თუ კონკრეტულ მოსწავლეს არ ეკითხები, ის დუნდება და იწყებს თანამოსაუბრის ძებნას, ტექსტის ხმამაღალი გასწორების დროს კი მისი ყურადღებაც მობილიზებულია და გვერდით მჯდომისაც.

ასევე უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მორიდებული ბავშვების მეცადინეობის პროცესში სრულად ჩართვა იყო. ეს პრობლემაც „ხმამაღალი რედაქტირების“ მეთოდმა სრულებით გადაჭრა. მორიდებულ ბავშვებს „უხდებოდათ“ საკუთარი ნამუშევრის საჯაროდ წაკითხვა. საჯაროდ კითხვისას, რაც ძალიან კარგი ამბავი ხდება არის ისიც, რომ კლასელები ერთმანეთის შექებას იწყებენ. ამის წახალისებას მოდერატორი პედაგოგი უნდა უწყობდეს ხელს. მე მაგალითად, მორცხვი ბავშვის ტექსტში 3 გამორჩეულად კარგი მონაკვეთის პოვნაში და მათ დასაბუთებაში 3 ქულას ვუწერ ხოლმე მოსწავლეებს. ამ დროს, ერთის მხრივ ხდება დადებითზე ორიენტაცია, მეორეს მხრივ, ქულების დაგროვების მსურველები იწყებენ სწორედ ასეთი ადგილების ძებნას და მათ საჯაროდ თქმას, რაც მორიდებულ ბავშვებს ძალიან დიდ სტიმულს აძლევს მომდევნო გაკვეთილზეც მოიტანონ ნაწერი.

„ – თამარ, მგონი საბას ნაწერში, ლუარსაბის შეფასების ის ერთი ეპიზოდი, ძალიან მაგარია, რას იტყვი?“ – ეტყვი ყველაზე აქტიურს და რომც არ იყოს „ძალიან მაგარი“, ბავშვი სწორედ ამ მიმართულებით ფიქრს იწყებს და გადაგდებულ ბურთს უკან გიბრუნებს და რაც საოცარია – მართლაც პოულობს ისეთ ძლიერ ადგილებს, რაც ჯგუფის მხრიდან მორიდებული ბავშვის საჯაროდ შექებით სრულდება.

ასევე, განსაკუთრებული წახალისება ჭირდებათ ხოლმე იმ მოსწავლეებს, ვისაც წერაც უჭირთ და ანალიზიც, მაგრამ ჰოი, საოცრებავ – საოცარი უნარი აქვთ მოსმენილში უმარტივესი შეცდომები იპოვნონ (ასეთ მარტივ შეცდომებზე, 5 აწეული ხელიდან, მასწავლებელი სწორედ იმ ბავშვებს აძლევს „შეცდომის პოვნის“ საშუალებას, ვისაც სხვა მხრივ თავის გამოჩენა არ გამოსდით ხოლმე). რამდენიმეთვიანი მსგავსი წვრთნა-თამაშობა კი შედეგს აუცილებლად იძლევა. ჩემი, როგორც რიგითი პედაგოგის დაკვირვებით, წლის ბოლოსკენ ყველაზე პასიური მოსწავლეები რადიკალურად იცვლებიან, ემატებათ საკუთარი თავის რწმენა, ახერხებენ ძალების მაქსიმალურად მობილიზებას და ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში სრულად, რაც, ჩემი აზრით, სწავლებისას უმთავრესია.

ტექსტების ხმამაღლა წაკითხვა/რედაქტირება სარიტუალო სწავლების მეთოდს მაგონებს, სადაც საერთო ენერგიის სწორად მობილიზებით, ინდივიდუალური მაქსიმალური შედეგის მიღწევაა შესაძლებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი