ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მოსწავლეთა “ცუდი ქცევის” ფსიქოლოგიური მოტივები, პრევენცია, მართვა

პირველი ნაწილი

ფსიქოლოგები მოსწავლეთა ქცევითი დარღვევების სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ: ბავშვის ფსიქიკური სამყაროს სენსიტიურობას, არაცნობიერ მოტივებს, მემკვიდრეობას, გარემოს, აღზრდის დეფიციტს და სხვა, – მაგრამ მხოლოდ ეს მეცნიერული ახსნა ვერ დაეხმარება მასწავლებელს, კლასში კარგი დისციპლინა უზრუნველყოს. მასწავლებელს არ შეუძლია დააბრუნოს მოსწავლე წარსულში, შეცვალოს მისი გენეტიკა, ცხოვრება სკოლის გარეთ და ა.შ.

უპირველესად, უნდა გავარკვიოთ, რატომ იქცევიან მოსწავლეები ცუდად და რა განაპირობებს ამგვარი ქცევის ნაირგვარობას. ზოგადი პასუხი ასეთია: ისინი იმ ქცევას ირჩევენ, რომელიც კონკრეტულ სიტუაციას “შეეფერება”.
მოსწავლის ნებისმიერი ქცევა ერთ ზოგად მიზანს ემსახურება – იპოვოს თავისი ადგილი სკოლაში, იგრძნოს სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობა, თავისი მნიშვნელოვნება და საჭიროება. ეს ნებისმიერი ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა – ადამიანი ხომ სოციალური არსებაა. ცნობილი ამერიკელი მეცნიერი უ. გლასერი წერს: თუ ბავშვის პიროვნული მოთხოვნილებები სახლში არ რეალიზდება, მისი რეალიზება სკოლაში უნდა მოხდეს. წარმატებისკენ მიმავალი გზა გულისხმობს მათთვის იმის მიცემას, რაც აკლიათ – თანატოლებსა და უფროსებთან თბილი ურთიერთობისას. ზოგჯერ მათთვის უკანასკნელ იმედად სკოლა რჩება. სწორედ სკოლამ უნდა გაუხსნას რეალიზების გზა მის მთავარ ცხოვრებისეულ მოთხოვნილებას – გააცნობიეროს საკუთარი თავი როგორც სრულფასოვანმა პიროვნებამ.

სასკოლო ცხოვრებაში ამ მოთხოვნილების რეალიზაცია 3 სფეროში უნდა განხორციელდეს: მოსწავლემ უნდა მიაღწიოს ინტელექტუალურ, კომუნიკაციურ და სოციალურ კომპეტენტურობას. ამას ის მისთვის მისაწვდომი ხერხებით ცდილობს და თუ ეს ხერხები არასწორია, შედეგად ვიღებთ დისციპლინის დარღვევას ანუ “ცუდ ქცევას”.
თვითდამკვიდრების რა ხერხებს მიმართავს მოსწავლე, ეს დამოკიდებულია მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობის ხარისხსა და კლასის ატმოსფეროზე – წარმატებისკენაა ის მიმართული თუ პირიქით, დესტრუქციულია. აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება, რატომ არის, რომ მოსწავლე ზოგ მასწავლებელთან კარგად იქცევა, ზოგს კი ხელს უშლის, ან სახლში პრობლემებს არ ქმნის, სკოლაში კი აგრესიულად იქცევა ან პირიქით.

დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში მოსწავლე შესაძლოა ხვდებოდეს, რომ არასწორად იქცევა, მაგრამ ვერ აცნობიერებდეს, რა განაპირობებს მის ამგვარ ქცევას: ყურადღების მიპყრობის, ძალაუფლების, შურისძიების თუ წარუმატებლობისგან გაქცევის სურვილი. ეს მოტივები გამოყო ამერიკელმა პედაგოგმა რუდოლფ დრეიკურსმა. მას მიაჩნია, რომ ქცევითი დარღვევის ათიდან ცხრა შემთხვევაში მიზეზი ამ ოთხიდან ერთია. მისი სწორი განსაზღვრა კი ეფექტიანი მუშაობის აუცილებელი წინა პირობაა, მასზეა დამოკიდებული ჩარევის ხერხების სწორად შერჩევა, არასასურველი ქცევის აღკვეთა და პროსოციალური ქცევების ფორმირება.

როგორ უნდა მოახდინოს მასწავლებელმა ცუდი ქცევის მოტივის იდენტიფიცირება? ეს არც ისე იოლია, რადგან თითოეული ბავშვის ქცევის უკან მიზეზებისა და მოტივების უნიკალური კომბინაცია დგას. რა შემთხვევასთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, აუცილებელია რამდენიმე მომენტის გათვალისწინება: არ არსებობს ქცევის გამოსწორების უნივერსალური ხერხი, ამიტომ დისციპლინის გასაუმჯობესებლად მუშაობა ინდივიდუალურ მიდგომას უნდა ეყრდნობოდეს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მივაგნოთ მოსწავლის ქცევის მიზეზებს, ვიმოქმედოთ არა სპონტანურად, არამედ მეცნიერულად დასაბუთებული ეფექტიანი მეთოდებით. ეს მუშაობა 5 ნაბიჯს მოიცავს:

ნაბიჯი 1. შევკრიბოთ და სწორად აღვწეროთ კონკრეტული ფაქტები, მოვერიდოთ სუბიექტურ შეფასებას: სად, როდის, რა. არ გამოვიყენოთ სიტყვები: “არასოდეს”, “ყოველთვის”, “არაფერი” და ა.შ. ვიყოთ ზედმიწევნით ობიექტური და აკურატული.

ნაბიჯი 2. ზუსტად განვსაზღვროთ დისციპლინის დარღვევის მიზეზი. ეს მიზეზი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეიძლება იყოს: ყურადღების მიპყრობის, ძალაუფლების, შურისძიების ან წარუმატებლობისგან თავის დაღწევის სურვილი. ქცევის მოტივის ცოდნა საჭიროა არა მხოლოდ იმისთვის, რომ სწორად განვსაზღვროთ საპასუხო ქცევა, არამედ იმისთვისაც, რომ გამოვიცნოთ მოსწავლის რეაქცია ჩვენს პედაგოგიურ ზემოქმედებაზე.

ნაბიჯი 3. ავირჩიოთ დასციპლინის დარღვევის მომენტში გადაუდებელი ჩარევის ხერხები. გვახსოვდეს, ჩარევა არ გულისხმობს დასჯას; მას ორი მიზანი აქვს: შეაჩეროს არასასურველი ქცევა და იმოქმედოს მოსწავლეზე იმგვარად, რომ მისი შემდგომი ქცევა უფრო მისაღები იყოს.

ჩარევა ეფექტიანი რომ იყოს, საჭიროა, ის მოხდეს დაუყოვნებლივ (“აქ და ამჟამად”) და სწორად. სისწრაფე არ გულისხმობს იმპულსურობას, სპონტანურობას, აგრესიულობას. სისწორე კი ეფუძნება ტექნიკის სწორ შერჩევას (მაგ., ძალაუფლებისმოყვარე და წარუმატებლობის მოშიში ბავშვები სხვადასხვანაირ ზემოქმედებას მოითხოვენ).

ნაბიჯი 4. შევიმუშაოთ თვითპატივისცემის ფორმირების ხელშემწყობი სტრატეგიები. მოსწავლეში ეს გრძნობა ფორმირდება მაშინ, როცა ის:

1. გრძნობს რომ აქვს სათანადო ინტელექტუალური შესაძლებლობები, უკიდურეს შემთხვევაში, თავს არ გრძნობს არაკომპეტენტურად. ეს გახლავთ ე.წ. ინტელექტუალური კომპეტენცია.

2. აგებს მისაღები ფორმის სოციალურ ურთიერთობებს თანატოლებსა და მასწავლებელთან. ეს არის ე.წ. კომუნიკაციური კომპეტენცია.

3. შეაქვს პირადი წვლილი კლასისა და სკოლის ცხოვრებაში (ჩართულია საქმიანობაში), რასაც გულისხმობს ე.წ. სოციალური კომპეტენცია.

ნაბიჯი 4. ეფექტიანად ვიმუშაოთ მშობლებთან: მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი მუშაობის შესახებ, მოვამზადოთ მათთვის ბავშვთან მუშაობის პროგრამის მოკლე ვარიანტი (აუცილებლად წერილობითი ფორმით), ვაქციოთ ის ამ პროცესის თანამონაწილედ და ხელშემწყობად.

მასწავლებლებს ძალიან უჭირთ პირველი ნაბიჯის გადადგმა, რადგან იგი დიდი მოთმინებით ჩასატარებელ ერთგვარ რუტინულ სამუშაოს მოითხოვს. ამავე დროს, წარმატებით გადადგმული სწორედ ეს ნაბიჯი უზრუნველყოფს მეტწილად შედეგს. შეკრიბეთ ფაქტები და ზუსტი ფორმულირება გაუკეთეთ მათ. ხარისხიანი აღწერა მოიცავს: რას აკეთებს მოსწავლე, როცა ცუდად იქცევა, ჩვეულებრივ, როდის იქცევა ასე და რა სიხშირით. მოსწავლის ქცევა ფორმულირებული უნდა იყოს შეულამაზებლად, “უემოციოდ”, ფაქტის აღწერით. რასაკვირველია მასწავლებელს თავისი ხედვა აქვს, მაგრამ შეეცადეთ, აღწეროთ მხოლოდ ფაქტები. არასწორია: “გიგა აუტანლად იქცევა”, “ნინო დაბნეულია”, “ზურაბი ინფანტილურია”, “რუსუდანი არაკომუნიკაბელურია”, “გაგა მოუთოკავია” და სხვა. ეს ნაწყენი მასწავლებლის სიტყვებია, რომლებიც მასწავლებლის პრობლემებზე უფრო მიუთითებს, ვიდრე მოსწავლისაზე. ისიც ცნობილია, რომ იარლიყი ადვილად ეწებება ადამიანს და ძნელად შორდება. აღწერა ასეთი უნდა იყოს: “ნიკამ ფეხები გასასვლელში დააწყო და სხვა მოსწავლეებმა ფეხი წამოჰკრეს”, “ნატამ ერთხელ აიწია ხელი ინგლისურის გაკვეთილზე”, “დათო სკამს არწევს და უკანა მერხს ეჯახება”, “როცა ნინოს ვთხოვ, უფრო სრული პასუხი გამცეს, ის მეუბნება: “არ ვარ ვალდებული”. ეს დებულებები მოსწავლის საქციელს გვამცნობს და არა მასწავლებლის ემოციებს.

უნდა აღირიცხოს ქცევის სიხშირე. ბევრი მასწავლებლისგან გაიგონებთ, მაგალითად, ასეთ ფრაზას: “ნინო მთელი გაკვეთილი აკაკუნებს ფანქარს”. ერთხელაც ადექით და დათვალეთ – დაინახავთ, რომ ასე არ არის. ხშირად მასწავლებელი ერთი ან ორი შემთხვევის შემდეგ აწებებს მოსწავლეს იარლიყს, რაც არასწორია. საჭიროა დაკვირვება არანაკლებ ერთი თვე და არასასურველი ქცევის მოტივების სისტემატური ანალიზი. ხომ შესაძლოა, მოსწავლის ასეთი ქცევა გარკვეული ემოციური მდგომარეობის დროებითი გამოვლენა ან ერთჯერადი რეაქცია იყოს მასწავლებლის ან თანატოლის “უსამართლო” საქციელზე?

პრობლემას ქმნის ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა: იშვიათად, ჩვეულებრივ, ხშირად, დროდადრო, მუდმივად, ყოველთვის, არასოდეს და სხვა. საქმე ის არის, რომ ეს სიტყვები გაუგებრობას იწვევს თავისი განუსაზღვრელობით. როგორ გამოასწორებინებ მოსწავლეს “აუტანელ” საქციელს, თუ სათქმელი არ დააკონკრეტე?
გააორმაგეთ ობიექტურობა, მაგალითად, ასეთი ხერხით: თუ თქვენი ჩანაწერი იმავეს აღწერს, რასაც სხვა მასწავლებლისა, ანდა მას ვიდეოჩანაწერი ადასტურებს, ეს უკვე სანდოობაზე მიუთითებს.

ამჯერად ყურადღების მისაპყრობად მიმართული ცუდი ქცევის მახასიათებლებს განვიხილავთ, მომდევნო სტატიებში კი დანარჩენ მოტივებსაც შევეხებით.

ამ ტიპის ბავშვები ნამდვილი მსახიობები არიან. მათ აუდიტორია სჭირდებათ. დაწყებით კლასებში მასწავლებლის ყურადღებას მოითხოვენ, უფროს კლასებში კი ასეთი მცირე აუდიტორია აღარ ჰყოფნით… ყურადღება, მეტ-ნაკლებად, ყველას სჭირდება, მაგრამ ზოგიერთი მოსწავლე “გაუმაძღარია” – სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს. ამისთვის ისინი ათასგვარ ხრიკს იგონებენ, რომელთა მიზანი ერთი რამაა: მოახდინონ საკუთარი თავის დემონსტრირება.

გამოყოფენ ყურადღების მისაპყრობად მიმართული პრობლემური ქცევის ორ ფორმას: აქტიურს და პასიურს.
აქტიური ფორმა. მოსწავლის ხრიკებს შეიძლება “ყურადღების მიპყრობის მექანიზმები” ვუწოდოთ. ეს შეიძლება იყოს ფანქრის კაკუნი, წრიალი, გაუჩერებლად ლაპარაკი, ფეხის გამოდება, სხვადასხვა მიმიკა, სისტემატური დაგვიანება, კითხვების დასმა, განმარტოებით დაჯდომა და ათასი სხვა რამ. ასეთი ქცევა კლასის ყურადღებას იპყრობს და თუ რეაგირება დროულად არ მოხდა, შესაძლოა, მასწავლებელმა კლასზე კონტროლი დაკარგოს. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ მოსწავლის ყოველი ასეთი ხრიკი მასწავლებლის მხრიდან განსაკუთრებულ საპასუხო რეაქციას არ მოითხოვს.

პასიური ფორმა. ხრიკები აქაც მრავალფეროვანია, თუმცა, წინა ფორმისგან განსხვავებით, ისინი ვერ “ქოქავენ” კლასს. მათი გამოვლენა თვალსაჩინო არ არის და ამით უფრო საშიშია. “მადლობა ღმერთს, ყველაფერი რიგზეა”, – ფიქრობს მასწავლებელი და სულ რამდენიმე წუთში ხვდება, რომ კლასში ჩუმი საბოტაჟის მომწყობი მოსწავლე ზის. ის უარს არ ამბობს თქვენი მოთხოვნების შესრულებაზე, მაგრამ ყველაფერს აკეთებს ნელა და ტემპს თანდათან უფრო ანელებს. ამ ხრიკს შეიძლება ეწოდოს “წვეთ-წვეთად”. ის რვეულს მაშინ გადაშლის, როცა სხვებს უკვე სამი ამოცანა აქვთ ამოხსნილი. თქვენ ისეთი განცდა გეუფლებათ, თითქოს ჭაობიდან ბეჰემოთის ამოთრევას ცდილობდეთ, თანაც იცით, რომ გაკვეთილის გარეთ იგი საკმაოდ სწრაფად რეაგირებს და მოქმედებს. მისი გამოსწორება გაცილებით რთული საქმეა. “რას მერჩით, რას ვაკეთებ ცუდს?” – გეკითხებათ გაოცებული სახით. დისციპლინის აქტიურ დამრღვევებს კი თავის მართლება არ შეუძლიათ, რადგან მათი გამოხტომები საკმაოდ თვალსაჩინოა

რისი ბრალია ამგვარი ქცევა?

1. როგორ ისწავლა ბავშვმა ცუდი ქცევით უფროსის ყურადღების მიპყრობა? ჯერ კიდევ პატარაობისას ატირებულ ბავშვთან მშობელმა მიირბინა, მოზრდილმა რაღაც გატეხა და უფრო მეტი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, ვიდრე მაშინ, როცა კარგად მოიქცა. ბავშვი ასკვნის: რაიმე ცუდი უნდა გავაკეთო, რომ ყურადღება მომაქციონ; უყურადღებობას ისევ ასეთი ყურადღება სჯობია. ეს მოდელი მას თანდათან კლასშიც გადააქვს. აი ჩვეული სიტუაცია: ნინო მშვიდად და ყურადღებით მუშაობს ამოცანის ამოხსნაზე, ქეთევანი კი მეგობარს ხმამაღლა ელაპარაკება მერხის უკან, რითაც მასწავლებელს აღიზიანებს. როგორ ფიქრობთ, უპირველესად ვის მიაქცევს მასწავლებელი ყურადღებას? რასაკვირველია, ქეთევანს.

2. არავინ ასწავლის ბავშვს, როგორ მოითხოვოს ყურადღება მისაღები ფორმით. ყურადღების მოთხოვნილება საბაზო ფსიქოლოგიური მოთხოვნილებაა, ისეთივე, როგორიც ჭამისა ფიზიოლოგიური თვალსაზრისით. თუ ბავშვს ასწავლიან, საჭიროების შემთხვევაში როგორ მოითხოვოს საჭმელი მისაღები ფორმით, მაშ, რა დააშავა “ფსიქოლოგიურმა შიმშილმა?”

3. რაც ნაკლები ყურადღება ექცევა ბავშვს სახლში, მით მეტია ალბათობა, ყურადღება მოითხოვოს სკოლაში. ტელევიზორთან გატარებული საათები, მშობელთა ფორმალური შეკითხვები: “რა ხდება სკოლაში?”, “ჭამე?”, ” რა ნიშანი მიიღე?”, ურთიერთობის ვიწრო წრე, მარტოობა და შედეგიც სახეზეა – სკოლაში პრობლემები თითქმის გარანტირებულია.

ამ ტიპის დარღვევებს ერთი დადებითი მხარეც აქვს, რაც ასევე კარგად უნდა გააცნობიეროს მასწავლებელმა: მოსწავლეები, რომლებიც ყურადღებას მოითხოვენ, უბრალოდ გვაჩვენებენ, რომ მასწავლებელთან ურთიერთობა სურთ, მაგრამ არ იცნობენ ამ სურვილის გამოხატვის სწორ ფორმას. თუ ეს გავაცნობიერეთ მათი საქციელი ნაკლებად გაგვაღიზიანებს. ისიც უნდა ითქვას, რომ მასწავლებელთა უმეტესობას ასეთი მოსწავლე ურჩევნია მათ, ვისაც არავინ და არაფერი სურს.

პროფილაქტიკის პრინციპები. როგორ მოვიქცეთ, რომ ქცევითი დარღვევები არ გამეორდეს? უნდა დავიცვათ ორი მთავარი პრინციპი: 1. ყურადღება მივაქციოთ იმათ, ვინც კარგად იქცევა. მეტი ყურადღება კარგ ქცევას! 2. ვასწავლოთ მოსწავლეებს, მარტივად და ღიად მოითხოვონ მასწავლებლის ან კლასის ყურადღება, როცა ეს განსაკუთრებით სჭირდებათ.

მეცნიერები გვთავაზობენ გადაუდებელი პედაგოგიური ზემოქმედების სტრატეგიებს. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

1. ყურადღების მინიმალიზაცია. ხდება პარადოქსული რამ: მოსწავლის გამოხტომებისადმი ყურადღებით მის ასეთ ქცევას განვამტკიცებთ – მაშინ, როდესაც მოზარდი ცუდად იქცევა და შენიშვნას იმსახურებს, ის ყურადღების ცენტრში ექცევა და მასწავლებლის “ლექციებს” მისდამი გამოვლენილ განსაკუთრებულ ყურადღებად აღიქვამს. მაშ, როგორ მოიქცეს მასწავლებელი? მინიმუმამდე დაიყვანოს ყურადღება. ეს შეიძლება ასე განხორციელდეს:
უგულებელყავით მოწაფის ქცევა. დაუსვით შეკითხვა საკუთარ თავს: “რა მოხდება, თუ არაფერს შევიმჩნევ?” თუ თქვენი პასუხია, რომ არაფერიც არ მოხდება (გარდა იმისა, რომ მოსწავლე ყურადღებას ვერ მიიღებს), თამამად მოახდინეთ მისი ქცევის იგნორირება. შანსია, რამდენიმე მცდელობის შემდეგ მოსწავლემ თავი დაანებოს ასეთ ქცევას.

თვალით კონტაქტი. შეაჩერეთ მზერა მასზე, – გვირჩევენ გამოცდილი პედაგოგები. მოსწავლეებმა იციან, რას აკეთებენ. მათ ისიც იციან, რომ ეს ჩვენც ვიცით. მათ იციან, რომ ეს მზერა ნიშნავს: “საკმარისია!” დაჟინებული მზერა ის არის, რაც ამ მომენტში ჩვენგან მიიღეს, გამოგვტყუეს. არავითარი სიტყვები, მხოლოდ მზერა.

მოსწავლის გვერდით. ფიზიკური მიახლოება კიდევ ერთი ხერხია, რითაც ყურადღების მინიმალიზაციას მოვახდენთ. გაკვეთილი გრძელდება, დგახართ მოსწავლის გვერდით, თვალით კონტაქტის გარეშე, უსიტყვოდ. მოსწავლე ხვდება რომ რაღაც არასასურველს აკეთებს, რადგან მასწავლებელი გვერდით უდგას.

გამოიყენეთ მოსწავლის სახელი. ამ ხერხით მოსწავლე ყურადღების მინიმუმსაც იღებს და რეკომენდაციასაც, ჩაერთოს გაკვეთილში. მაგალითად, ასე: “ამგვარად, ჰიპოტენუზის კვადრატი, გაგა, ტოლია..”

გაგზავნეთ “საიდუმლო სიგნალი”. შეიძლება გამოიყენოთ რაიმე ჟესტი, რომლის მნიშვნელობაც მოსწავლეებმა იციან. მაგ., თითის ტუჩთან მიდებით ანიშნეთ, შეწყვიტოს საუბარი.

გააკეთეთ წერილობითი შენიშვნები. თუ ხვალ გაკვეთილს ატარებთ კლასში, სადაც ქცევითი დარღვევის მქონე რამდენიმე მოსწავლეა, წინასწარ მოამზადეთ პატარა ფურცელი ერთგვაროვანი წარწერით: “თუ შეიძლება შეწყვიტე იმის კეთება, რასაც აკეთებ”. საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეს ფურცელი უსიტყვოდ დაუდეთ მერხზე.

ჩამოაყალიბეთ “მე-შეტყობინება”. ეს ხერხი გამოგადგებათ მაშინ, როცა გრძნობთ, რომ ნერვებმა გიმტყუნათ და ერთი სული გაქვთ, როდის დაიყვირებთ: სასწრაფოდ შეწყვიტე!” ფსიქოლოგები გვირჩევენ, ასეთ დროს”მე-შეტყობინება” გამოვიყენოთ. ამ სპეციფიკური ფორმით მოსწავლეს ვაძლევთ ინფორმაციას ქცევითი დარღვევისა და ჩვენი შთაბეჭდილებების შესახებ. მაგ.: “კატო, როდესაც გაკვეთილის ახსნის დროს ლენას ელაპარაკები, ვგრძნობ, რომ ძალიან ვღიზიანდები, რადგან აზრი მეფანტება. თუ შეიძლება, შეწყვიტე საუბარი”.
მე-შეტყობინება 4 ნაწილისგან შედგება:

. პირველი – ცუდი ქცევის ობიექტური აღწერა, რომელიც „აქ და ამჟამად” ხდება: “როდესაც გაკვეთილის ახსნის დროს ლენას ელაპარაკები…”

. მეორე – მასწავლებლის გრძნობის დასახელება: “ვგრძნობ, რომ ძალიან ვღიზიანდები…”

. მესამე – ცუდი ქცევის შედეგის აღწერა: “რადგან აზრი მეფანტება…”

. მეოთხე – თხოვნა: “თუ შეიძლება, შეწყვიტე საუბარი”.

ამ ფორმით მიწოდებული ინფორმაცია ცუდი ქცევის განმტკიცების საშიშროებას არ ქმნის. საჭიროა, ინტონაციაშიც იგრძნობოდეს კეთილგანწყობა.

2. ნების დამრთველი ქცევა. აკრძალული ხილი ტკბილია, ამიტომ ზოგჯერ მოსწავლეს უნდა მისცეთ “ვაშლის ჭამის უფლება”, მაგალითად, ასეთი ხერხით:

ააგეთ გაკვეთილი დაუშვებელი ქცევის საფუძველზე.

მაგალითად, არალიტერატურული ენის გამოყენების მოყვარულთათვის დაგეგმეთ გაკვეთილი თემაზე “ჟარგონი”. განიხილეთ ქართული, რუსული, ინგლისური და სხვა ენის ჟარგონები, რომლებიც ასახულია სიმღერებში, როკჯგუფების სახელწოდებებში, ახალგაზრდულ ლოზუნგებში და ჩამოწერილი ტერმინები განიხილეთ ორთოგრაფიის, პრაქტიკული სტილისტიკის, პუნქტუაციისა და სხვა თვალსაზრისით.

ზღვრამდე მიიყვანეთ დემონსტრატიული გამოხტომა. მაგალითად, მოსწავლე არ ჯდება მერხზე – დააყენეთ მთელი გაკვეთილი ფეხზე ან მთელს კლასს სთხოვეთ, იგივე გააკეთოს. ანდა, მაგალითად, ირინე ფანქრით მერხზე აკაკუნებს. მასწავლებელი კლასს მიმართავს: “მაშ ასე… ახლა მთელი კლასი იღებთ ფანქარს და 2 წუთი განუწყვეტლივ აკაკუნებთ. დაიწყეთ!” ირინე ვეღარ გრძნობს განსაკუთრებულობას და კაკუნის მიმართ ინტერესი უქრება.

გამოიყენეთ “ნებართვის კვოტა”. მისი არსი ასეთია: მოსწავლეს უწესო ქცევის ნება ეძლევა, მაგრამ იმ პირობით, რომ მას თანდათან შეამცირებს. “თუ მაინც გააგრძელა, რა ვქნათ?” – იკითხავს ზოგი. შეცვალეთ ტექნიკა. ამასთანავე, კიდევ ერთხელ გააანალიზეთ მოსწავლის ქცევის მიზეზი – სხვა მოტივთან ხომ არ გვაქვს საქმე, მართლა ყურადღების მიპყრობა სურს? გახსოვდეთ, ეს ტექნიკა მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოდგება! თქვენი ღიმილი და მისთვის მიძღვნილი დრო ასეთ მოსწავლეზე მუშაობს – მას ხომ ყურადღება სჭირდება და არა ძალაუფლება ან შურისძიება.

3. ჩაიდინეთ მოულოდნელი საქციელი. მოსწავლის არასასურველი ქცევის შეწყვეტა ხშირად უფროსის მოულოდნელ საქციელსაც შეუძლია. ამით ვამბობთ: “ყველაფერს ვხედავ, ვიცი, რასაც აკეთებ, მაგრამ არ ვაპირებ, შენი თამაშის წესები მოვიღო”. თამაშს ორი მონაწილე მაინც ხომ უნდა ჰყავდეს, რომ ის შედგეს. მოულოდნელი ქცევა შეიძლება უჩვეულო ხერხით გამოხატოთ, მაგალითად, იუმორით – გემრიელად გაიცინეთ. აი, რამდენიმე სხვა ხერხიც: აანთეთ (ან ჩააქრეთ) სინათლე და გაჩუმდით, ილაპარაკეთ ხმადაბლა, მონოტონურად. ვოკალიზაციის ეს ხერხები მოსწავლის ყურადღებას მიიპყრობს და შესაძლოა თავისი უსაქციელობა შეწყვიტოს. დაელაპარაკეთ კედელს ანდა, მაგალითად, ილიას პორტრეტს, რომელიც საკლასო ოთახის კედელზე კიდია. ეს ხერხი კარგად მუშაობს დაწყებით კლასელებში. მიმართეთ სურათს: “ძვირფასო ილია, შენ ვერ წარმოიდგენ რა ხდება ახლა ჩემს კლასში. ბავშვები კითხვებზე პასუხებს წამოიყვირებენ, არ იწევენ ხელს, ზოგი ჩემკენ ზურგშექცევით ზის. ხედავთ იმ ბავშვს, თვითმფრინავს რომ აფრენს? აი, ჩვენი ახალი თაობა”. ან კიდევ დროებით შეწყვიტეთ გაკვეთილი. ეს მოსწავლისთვის სიგნალია, რომ დროა, გაჩერდეს. ეს შეიძლება გააკეთოთ დაფის გვერდით მდგომმა ან თქვენს მაგიდას მიუჯდეთ. თქვით მხოლოდ ეს: “მითხარით, როდის იქნებით მზად გაკვეთილის გასაგრძელებლად”.

4. მოსწავლის ყურადღება სხვა შინაარსზე გადაიტანეთ. დიდხანს ორი საქმის ერთდროულად კეთება შეუძლებელია. სწორედ ასეა, როცა მოსწავლე წესრიგს არღვევს, თქვენ კი მისი ყურადღება სხვა რამეზე გადაგაქვბთ. მაგალითად, დაუსვით პირდაპირი შეკითხვა წესრიგის დარღვევის მომენტში: “ლილიკო, რა დავალება მოგეცით?” “ზურა, რას ფიქრობ ამ საკითხზე?” ეს ხერხი კარგად ჭრის ყურადღების მინიმალიზაციის სტრატეგიებთან ერთად.

სთხოვეთ დახმარება: “გიორგი, გთხოვ, რვეულები შემიგროვო”. ოღონდ ამ ხერხს დისციპლინის დამრღვევთან ხშირად ნუ გამოიყენებთ, რათა არ იფიქროს, რომ ცუდი საქციელისთვის ჯილდო მიიღო.
შეცვალეთ საქმიანობა: თუ ერთდროულად ბევრი მოსწავლე “გაგიჟდა” და ამ ხერხით ცდილობენ თქვენი ყურადღების მიპყრობას, სთხოვეთ, ყველაფერი შეინახონ და ახალი დავალებისთვის მოემზადონ, ახალი ამოცანა მოისმინონ და ა.შ.

5. კლასის ყურადღება მიაპყარით კარგი ქცევის მაგალითებს. სასარგებლო იქნება, თუ ბევრს არ ვისაუბრებთ უდისციპლინო მოსწავლეზე, სამაგიეროდ, ყურადღებას გავამახვილებთ მათზე, ვინც კარგი ქცევით გამოირჩევა. მოსწავლე უნდა მიხვდეს, რომ კარგი ქცევა იმსახურებს ყურადღებას.

მადლობა გადაუხადეთ მათ, ვინც თქვენი თხოვნა შეასრულა. შეიძლება, ეს იუმორნარევი ელფერითაც გამოხატოთ, მაგალითად, ასე: ”გმადლობ, ნიკა, ხელები მაგიდაზე რომ გიწყვია და ფეხები – მაგიდის ქვეშ”. ეს ხერხი ეფექტიანია, თუ ქცევა აღიწერება ობიექტურად და არა ზოგადი ფრაზებით: “გმადლობ, რომ კარგი ხარ”, – ეს სიტყვები არაფრის მთქმელია. იყავით ფრთხილად, ნუ გადაუხდით მადლობას ერთსა და იმავე მოსწავლეს, რათა ის “ფავორიტად” არ ჩათვალონ და კლასის დაცინვის ობიექტად არ იქცეს. დაფაზე დაწერეთ სამაგალითო მოსწავლის სახელი. ეს კარგად მუშაობს დაწყებით კლასებში და სიგნალია მათთვის, ვინც წესრიგს არ იცავს.

6. უცვალეთ მოსწავლეებს ადგილები. ხშირად ეს ხერხი სასურველ შედეგს იძლევა. გაადგილებისთვის საჭირო ხნის განმავლობაში მოსწავლე ყურადღების ცენტრშია და მეტი არც არაფერი უნდა. თქვენ მიერ ამ სახით გამოხატული ყურადღება ზოგჯერ სავსებით საკმარისია მოსწავლისთვის, მას ის ჯილდოდ აღიქვამს.

“ფიქრის სკამი”. ეს სკამი განცალკევებით დგას, მაგალითად, კარადის, ფარდის ან ინსტრუმენტის უკან. ასე რომ, კლასი მას ვერ ხედავს. მას განსხვავებული ფორმა ან ფერი აქვს. მასზე მჯდომმა მოსწავლემ უნდა იფიქროს იმაზე, როგორ მოიქცევა თავის ადგილზე დაბრუნების შემდეგ. ამისთვის საკმარისია 5 წუთი. შესაძლოა, მოსწავლე არ დათანხმდეს ამ სკამზე დაჯდომას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხერხი უვარგისია; უბრალოდ, მოსწავლის ქცევის მიზეზი შესაძლოა სხვა რამ იყოს და არა ყურადღების მიპყრობის სურვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი