ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ვარდოს ქიმია

კახეთში, სვანეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩეხეთში და ტაილანდშიც კი, ამობუცული მიწის მასის შემხედვარეს, ფშავის მთები მაგონდება. შეხედვაც არ მჭირდება – სიტყვა „მთებს“ რომ მოვკრავ ყურს, სულ მგონია, ფშავზე, შუაფხოზე ლაპარაკობენ. კოპლებიანი კაბის დანახვაც გულს მიხარებს – ახალგაზრდა დედაჩემს მაგონებს, ახალდაბადებული ჩემი ძმით ხელში.

ყველას გვაქვს მსგავსი ასოციაციები, მაგრამ არსებობს ისეთი ასოციაციებიც, რომლებიც საერთოა არათუ რამდენიმე ადამიანისთვის, არამედ მთელი კუთხის, ქვეყნისა და კონტინენტისთვისაც კი. მტრედი მხოლოდ რავენაში როდია თავისუფლების სიმბოლო; შრომის იარაღებს, ნამგალს და უროს, უკვე მთელი მსოფლიო იცნობს არა მათი პირდაპირი დანიშნულებით. სიტყვა „ვარდო“ მთლად ასეთ მასშტაბს ვერ სწვდება, მაგრამ ჩვენში ის რეცხვასა და სისუფთავესთან ასოცირდება, რაც, რა თქმა უნდა, ცნობილი ქართული მიუზიკლის დამსახურებაა. დიახ, „რომ არ იყოს ბუნტი“, თითოეულ ჩვენგანში უნდა ცხოვრობდეს პატარა ვარდო. ჭუჭყმა და ანტისანიტარიამ ხომ ისტორიის განმავლობაში მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა.

რაღა დროს ეგ არისო, იკითხავთ – დღეს ხომ სარეცხი საშუალებები საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, უმეტესობას კი ელექტრონული „ვარდოც“ „ჰყავს“ შინ.

არც ასე მარტივადაა საქმე.

საზოგადოდ, ადამიანი უფრთხის ტექნოლოგიურ სიახლეებს. არადა, „ჩვენი მამა–პაპა ასე ცხოვრობდა“ პრინციპი დღეს არც ერთ საკითხთან მიმართებით აღარ მუშაობს.

სამომხმარებლო ბაზარზე საპონი დიდი ხანია შეცვალა სინთეზურმა საშუალებებმა, რომლებიც მყარი (ფხვნილი) და თხევადი (გელები) სახით გამოდის. თითოეულ მათგანს თავისი ღირსებები და ნაკლოვანებები აქვს. უფრო მეტიც – თითოეულ კატეგორიაშიც საკმაოდ ფართო არჩევანია თავ–თავისი პლუს–მინუსებით. ამიტომ, ბუნებრივია, პირველი კითხვა, რომელიც გვიჩნდება, ასეთია: როგორ ავარჩიოთ სწორად სარეცხი საშუალება? დღეს ჩვენი არჩევანი მეტისმეტად ზედაპირულია –  „ხელით სარეცხი“ და „ავტომატი“, „ფერადი“ და „თეთრი“. ამა თუ იმ ბრენდის მიმართ ნდობის საკითხს, ცხადია, აქ არ განვიხილავ.

„ხელით სარეცხ“ და „ავტომატურ“ ფხვნილებს შორის რამდენიმე არსებითი განსხვავებაა. რეცხვის შედეგი გამრეცხ საშუალებასთან ერთად მექანიკურ დამუშავებაზეცაა დამოკიდებული. მიჩნეულია, რომ საუკეთესო მრეცხავი მაინც ვარდოა. მის მოქნილ ხელებს ვერც ერთი სარეცხი მანქანა ვერ შეედრება. ამიტომ ხელით რეცხვისთვის განკუთვნილ საშუალებებში აქტიური კომპონენტი შედარებით ნაკლებია. ეს მათ აიაფებს და უფრო ხელმისაწვდომს ხდის. გარდა ამისა, ასეთი საშუალებები არ შეიცავს ქაფის ჩამქრობ კომპონენტს და ძლიერ ქაფდება. თუმცა ქაფის ოდენობას რეცხვასთან უშუალო კავშირი არ აქვს. მცდარია წარმოდგენა, თითქოს რაც უფრო კარგად ქაფდება სარეცხი საშუალება, მით უფრო კარგად რეცხავს. ქაფს ერთადერთი დანიშნულება აქვს – მიიკრას ქსოვილს მოცილებული მტვრის ნაწილაკი და ქსოვილზე მის დაბრუნებას ხელი შეუშალოს.

შეიძლება ხელით რეცხვისას „ავტომატის“ გამოყენება? შეიძლება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მასში აქტიური კომპონენტი მეტია, ქაფი კი შედარებით ნაკლები აქვს. ხელით რეცხვისთვის განკუთვნილ ფხვნილებს მიჩვეულები, ვიწყებთ სარეცხი საშუალების დამატებას, რომ როგორმე აქაფდეს, ამას კი ზედოზირებამდე მივყავართ, რაც, თავის მხრივ, კანის გაღიზიანებას იწვევს. განსაკუთებით სახიფათოა ცხელ წყალში ხელით რეცხვისას „თეთრი“ „ავტომატის“ გამოყენება. ის აქტიური ჟანგბადის გენერატორ ნაერთს შეიცავს და ჩვენი კანის უჯრედები რადიკალების თავდასხმის ობიექტად იქცევა. ამიტომ ხელით რეცხვისას აუცილებელია „ავტომატური“ ფხვნილის ზუსტი დოზირება და ხელთათმანების გამოყენება.

აი, „ხელით რეცხვის“ ფხვნილის სარეცხ მანქანაში ჩაყრა კი არაფრით არ შეიძლება – სარეცხი მანქანის სივრცე ქაფს ვერ დაიტევს და გარეთ გამოვა.

ასევე მცდარია მოსაზრება, რომ თუ გასარეცხი ქსოვილი მეტისმეტად ჭუჭყიანია, პრობლემა ზედმეტი ფხვნილის დამატებით მოგვარდება. რეცხვა ქიმიურ-ფიზიკური პროცესია და ზუსტ დოზირებას (კონცენტრაციას) დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასთანავე, სარეცხ მანქანაში ფხვნილის ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს მწარმოებლის მიერ მითითებულ დოზას, რომ გავლების რეჟიმის დაწყების წინ კონტეინერი ცარიელი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფხვნილი გავლების დროსაც შეერევა წყალს და ქსოვილზე დარჩება. ქიმიკოსები გირჩევენ, ყოველთვის შეამოწმოთ სარეცხი მანქანის კონტეინერი რეცხვის პირველი ციკლის წყლის გაშვების შემდეგ. თუ იქ ჯერ კიდევ არის ფხვნილი, მაშინ ჭარბ რაოდენობას ან უხარისხო საშუალებას იყენებთ.

თუ სარეცხი ფხვნილის არჩევისას შემადგენლობასაც დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ზოგი ნატრიუმის ტრიპოლიფოსფატს შეიცავს, ზოგი კი ცეოლიტს. მიუხედავად იმისა, რომ პირველ მათგანს დღეს არსებულ მასალებს შორის საუკეთესო გამრეცხი თვისებები ახასიათებს, რაც დრო გავა, მისი პოვნა სულ უფრო გაჭირდება – ეკოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ წყალსატევებში მისი მოხვედრა წყალმცენარეების ჭარბ ზრდას და ეკოსისტემის რღვევას იწვევს, ევროპა კი, როგორც სჩვევია, უმალვე შეშფოთდა და მარტივი გამოსავალი იპოვა – აკრძალა მისი გამოყენება. ის ცეოლიტმა ჩაანაცვლა, მაგრამ ის წყალში არ იხსნება და ქსოვილზე მტვრის სახით რჩება.

ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება თხევადი სარეცხი საშუალებები, თუმცა მრავალკომპონენტიანი სისტემის მდგრადობის შენარჩუნება ტექნოლოგიურად არ არის ადვილი, ამიტომ მათ შემადგენლობაში შედარებით „ძვირი“ ნივთიერებები შედის. და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მათი გამრეცხი უნარი მყარი ანალოგებისას ჩამოუვარდება, თუმცა შეუცვლელია შავი ქსოვილების რეცხვსითვის.

მნიშვნელოვანი სხვაობაა „თეთრი“ და „ფერადი“ ქსოვილების სარეცხ საშუალებებს შორისაც. პირველი ჯგუფი, მეორისგან განსხვავებით, აქტიური ჟანგბადის გენერატორ ნაერთებსაც შეიცავს. როდესაც ზედაპირულად აქტიური ნაერთი დალაქავებულ ქსოვილთან უძლურია, ბრძოლაში სწორედ აქტიური ჟანგბადის გენერატორები ერთვებიან. ოღონდ მათი დანიშნულება ლაქის ამოყვანა კი არა, აქტიური ჟანგბადის რადიკალებით მისი დაბომბვა და განადგურებაა. აქედან გამომდინარე, თეთრი ქსოვილი ყოველთვის შეგიძლიათ გარეცხოთ „ფერადი“ სარეცხი ფხვნილით, პირიქით კი არ შეიძლება – ჟანგბადის რადიკალები საღებრის მოლეკულებსაც ებრძვიან და ქსოვილს ახუნებენ.

ტექნოლოგებისათვის დიდი თავის ტკივილია შალის სარეცხი საშუალებების ფორმულების შემუშავება, რადგან კომპონენტი, რომელიც სხვა ფხვნილების გამრეცხ თვისებებს უზრუნველყოფს, თვით შალის ბოჭკოს მიმართაც ზედმეტ ყურადღებას იჩენს. ფორმულაციიდან მისი ამოღება ფხვნილის რეცხვისუნარიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს. დილემის გადაჭრა ოქროს შუალედის პოვნას ნიშნავს. ამიტომ შალის ქსოვილის რეცხვა მხოლოდ მისთვის განკუთვნილი საშუალებებით არის რეკომენდებული.

დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის ტემპერატურასა და რეცხვის ხანგრძლივობას. მაღალ ტემპერატურაზე რეცხვის პროცესი საგრძნობლად ჩქარდება, მეტადრე – „თეთრი“ ფხვნილის გამოყენებისას, რადგან ინტენსიურად იწყება ჟანგბადის რადიკალების გენერირება. ზოგიერთი ფხვნილი სხვადასხვა წარმოშობის ლაქების ადვილად მოსაცილებლად ენზიმებსაც შეიცავს, მათ გასაქტიურებლად კი ტემპერატურის ზუსტი შერჩევა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომ ყოველთვის დააკვირდით შეფუთვაზე მოყვანილ რეკომენდაციებს. სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა ნივთიერებების ნაკრებს იყენებს, მათი ქცევის წესები კი ყველაზე კარგად, ცხადია, მწარმოებელმა იცის.

კიდევ ერთი უნივერსალური წესი: რაც უფრო მგრძნობიარეა ბოჭკო, მით უფრო დაბალი ტემპერატურისა უნდა იყოს წყალი და ხანგრძლივი – რეცხვის რეჟიმი.

ჩვენ დიდი და საინტერესო ტექნოლოგიური გამოწევების ეპოქაში გვიწევს ცხოვრება და „სწავლა სიბერემდეო“ არასოდეს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორიც დღეს. რამდენიმე წლის წინ თავად მიწევდა ასეთი ფორმულაციების შემუშავება და წარმოების მართვა, მაგრამ ბლოგის დაწერამდე კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი დარგის სიახლეებს და აღმოვაჩინე, რომ კიდევ „რაღაც შეცვლილა“… ასეა საკლასო ოთახსა თუ სალექციო აუდიტორიაშიც – თუ გვინდა, კარგად ვასწავლოთ, მასწავლებელი უფრო მეტს უნდა სწავლობდეს, ვიდრე მოსწავლე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

გმირი თუ დამნაშავე

ენა, რიტუალი, კერძი

 ესკიზები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი