პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ გავხდე კარგი მშობელი (გაგრძელება)

მე–4 თავი. აქტიური მოსმენის უნარის განვითარება

აქტიური მოსმენის შედეგები გასაოცარია, თუმცა ამ მეთოდის გამოყენება განსაზღვრულ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. სირთულის მიუხედავად, სასურველია აქტიური მოსმენის ხშირად გამოყენება. `მეცოდინება როდის უნდა გამოვიყენო ეს მეთოდი? შემეძლება ისე ვისწავლო მისი გამოყენება, რომ საკუთარი შვილების კარგი მრჩეველი გავხდე?~ კითხულობენ მშობლები.

მოწესრიგებული და განათლებული ქალბატონი, სამი შვილის დედა ქ-ნი ტ. სხვა მშობლებს ასე გამოუტყდა: `ეხლაღა ვაცნობიერებ, რაოდენ ძლიერია ჩემი ჩვევა ვურჩიო შვილებს ან მათი პრობლემების მზამზარეული პასუხები შევთავაზო. ეს ჩვევა სხვა ადამიანებთანაც – მეგობრებთან, მეუღლესთან – იჩენს თავს. შეიძლება გადავეჩვიო ყველას მამიდობას და ჭკუის სწავლებას?~
ჩვენი პასუხი ასეთია: `დიახ~. მშობელთა უმრავლესობას შეუძლია შეიცვალოს და ისწავლოს როდის გამოიყენოს შედეგის მომტანი აქტიური მოსმენა. პრაქტიკა მათ გარკვეულ კომპეტენტურობას შესძენს. მერყევ მშობლებს, რომლებიც დასაწისში ამ მეთოდის გამოყენების მცდელობისას უხერხულად გრძნობენ თავს, ვეუბნებით: `ცდა ბედის მონახევრეა~.
ნებისმიერი საქმიანობის შესწავლისას სიძნელეებს ვაწყდებით და ხშირად იმედგაცრუებაც გველის. მიუხედავად ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ის მშობლები, რომლებიც სერიოზულად მოეკიდებიან თავიანთი უნარებისა და ცოდნის განვითარებას, გაიხარებენ შვილების დამოუკიდებლობისა და სიმწიფის თვალსაზრისით პროგრესითა, მათთან ურთიერთობის ახლებური სითბოთი და ინტიმურობით.
როდის `აქვს~ ბავშვს პრობლემა?
აქტიური მოსმენის გამოყენება მიზანშეწონილია მაშინ, როცა ბავშვი აღმოაჩენს, რომ სირთულის პირისპირ აღმოჩნდა, პრობლემა აქვს. ჩვეულებრივ, მშობელი ადვილად ამჩნევს ამ მომენტს შვილის გრძნობების ცვლილების მიხედვით.
ნებისმიერი ბავშვი აწყდება ცხოვრებაში სიტუაციებს, რომლებსაც შედეგად გულგატეხილობა, იმედგაცრუება, ტკივილი ან სტრესი მოსდევს: პრობლემები შეიძლება დაკავშირებული იყოს მეგობრებთან, და-ძმასთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან, გარე სამყაროსთან და საკუთარ თავთან. თუ ამგვარი პრობლემების გადაჭრისას დაეხმარებიან, ბავშვი სულიერ წონასწორობას შეინარჩუნებს და უფრო ძლიერი და თავდაჯერებული გახდება. თუ მხარდაჭერას ვერ იგრძნობს – ემოციური პრობლემები განუვითარდება.
 
იმისათვის, რომ მიხვდეს, როდის გამოიყენოს აქტიური მოსმენა, მშობელი `მომართული~ უნდა იყოს შვილისაგან ამგვარი `პრობლემა მაქვს~ შეტყობინების მიღებაზე. სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა – ვის აქვს პრობლემა?
უნდა გვახსოვდეს, რომ პრობლემა აქვს ბავშვს, როცა ის ვერ იკმაყოფილებს რაღაც მოთხოვნილებას. ეს მშობლის პრობლემა არ არის, ბავშვის პრობლემაა.
აქტიური მოსმენის გამოყენება ყველაზე მეტად სწორედ მაშინ არის სასარგებლო, როცა ბავშვს აქვს პრობლემა; მისი გამოყენება შეიძლება უადგილო იყოს, თუ მშობელს აქვს პრობლემა; ის ეხმარება ბავშვს იპოვოს გამოსავალი საკუთარი პრობლემიდან, მაგრამ ალბათ, ვერ დაეხმარება მშობელს, რომლის პრობლემის მიზეზია შვილის ქცევა. (მომდევნო თავში გაგაცნობთ იმ მეთოდებს, რომელთა დახმარებით მშობლები შეძლებენ საკუთარი პრობლემების გამკლავებას.)
ქვემოთ მოცემულ მაგალითებში ბავშვს აქვს პრობლემა:
ალექსი უარყოფილად გრძნობს თავს ერთ-ერთი მეგობრის მიერ.
ვიქტორი იმედგაცრუებულია, რადგან ვერ შეძლო კალათბურთის გუნდის შეკრება.
ლინდა საშინლად გულნატკენია, რადგან გამოსაშვებ საღამოზე არავინ გაიწვია საცეკვაოდ.
ბონის ვერ გადაუწყვეტია, რისი გაკეთება სურს ცხოვრებაში.
შონი არ არის დარწმუნებული, გააგრძელოს თუ არა სწავლა კოლეჯში.
სტივენი თავს უხერხულად გრძნობს ზედმეტი წონის გამო.
ლიზა შეშინებულია, რადგან თანასკოლელი გოგო ცემით ემუქრება.
როდნი ბრაზდება, როცა ძმა თამაშს აგებს.
სკოლაში ბავშვები ლორენს `გაშეშებულ ფეხებს~ უწოდებენ სიგამხდრის გამო.
ჰეზერი აფორიაქებულია, რადგან შესაძლებელია ორი საგანი ვერ ჩააბაროს.
მაიკს მეგობარი აიძულებს სიგარეტის მოწევას.
ასეთ პრობლემებს ბავშვები აუცილებლად აწყდებიან, როცა ცდილობენ, თავი გაართვან ცხოვრებას – თავიანთ საკუთარ ცხოვრებას. იმედგაცრუება, საგონებელში ჩავარდნა, რაღაცის უკმარობის განცდა, თვით მარცხიც კი, ბავშვების პრობლემებია და არა მათი მშობლების.
ეს ერთ-ერთი საკითხია, რომლის გაგებაც მშობლებს უჭირთ. მშობელთა უმრავლესობა ცდილობს შვილების პრობლემების დიდი ნაწილი თავისად აქციოს. ამით, როგორც ამას მოგვიანებით ვნახავთ, ისინი საკუთარ თავს არასაჭირო საფიქრალს უჩენენ, იუარესებენ შვილებთან ურთიერთობას და ხელიდან უშვებენ შვილებისათვის ეფექტიანი მრჩეველის როლში ყოფნის უთვალავ შესაძლებლობას.
როცა მშობელი აღიარებს იმ ფაქტს, რომ პრობლემა შვილს აქვს, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მშობელი აღარ წუხს, აღარ ზრუნავს ან აღარ სთავაზობს დახმარებას. პროფესიონალი კონსულტანტი გულწრფელად წუხს და ზრუნავს თითოეულ ბავშვზე, რომლის დახმარებასაც ცდილობს. მაგრამ მშობელთა უმრავლესობისაგან განსხვავებით ბავშვის პრობლემის გადაჭრის პასუხისმგებლობას ის ბავშვს უტოვებს. ის საშუალებას აძლევს ბავშვს თავად იყოს საკუთარი პრობლემის პატრონი. მისთვის მისაღებია ის ფაქტი, რომ ბავშვს აქვს პრობლემა. ის ბავშვს მისაგან დამოუკიდებელ ადამიანად განიხილავს. მას სჯერა, რომ ბავშვი თავისი შინაგანი რესურსებით შეძლებს საკუთარი პრობლემის გადაჭრას. აძლევს რა ბავშვს საშუალებას თავად იყოს საკუთარი პრობლემის პატრონი, პროფესიონალ კონსულტანტს შეუძლია ეფექტიანად გამოიყენოს აქტიური მოსმენა.
აქტიური მოსმენა დახმარების მძლავრი მეთოდია, როცა ადამიანს პრობლემა აქვს, მაგრამ იმ პირობით, თუ მსმენელს გააზრებული აქვს, ვისია პრობლემა და საშუალებას მისცემს მოსაუბრეს (პრობლემის მქონეს) პრობლემის გადაჭრის საკუთარი გზები იპოვოს. აქტიურ მოსმენას შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს მშობლების, როგორც დამხმარეების ეფექტიანობა, მაგრამ ეს განსხვავებული, უჩვეულო დახმარებაა.
პარადოქსულია, რომ ეს მეთოდი ზრდის ბავშვზე მშობლის გავლენას, მაგრამ ეს გავლენა განსხვავდება მშობელთათვის ჩვეული თავსმოხვეული გავლენისაგან. აქტიური მოსმენა ბავშვებზე ზეგავლენის ისეთი მეთოდია, როცა ისინი თავად პოულობენ საკუთარი პრობლემების გადაჭრის გზებს. თუმცა, როგორც ქვემოთ ვნახავთ, მშობელთა უმრავლესობა ვერ უძლებს შვილების პრობლემების მისაკუთრების ცდუნებას:
ანტონი: მატეო აღარ მეთამაშება. არაფერს აკეთებს, რაც მე მინდა.
დედა: ისე ითამაშეთ, როგორც მას უნდა. უნდა ისწავლო მეგობრებთან შეგუება. (რჩევა-დარიგება, ჭკუის სწავლება.)
ანტონი: არ მინდა იმის კეთება, რაც მას უნდა და, გარდა მაგისა, სულაც არ მინდა მასთან შეგუება!
დედა: კარგი, მაშინ სხვა ვინმე იპოვნე, ვისთანაც ითამაშებ, რაკი ასეთი აუტანელი ხარ. (გადაწყვეტილების შეთავაზება; დამცირება.)
ანტონი: ის არის აუტანელი, მე კი არა! სხვა არავინ არის და ვის ვეთამაშო!
დედა: დაიღალე და იმიტომ ხარ ცუდ ხასიათზე. ნახავ, ხვალ უკეთ იქნები. (ინტერპრეტაცია, დამშვიდება.)
ანტონი: არ დავღლილვარ და სულაც არ ვიქნები ხვალ უკეთ! არ გესმის როგორ მეჯავრება მატეო.
დედა: ახლავე შეწყვიტე ასე ლაპარაკი! თუ ერთხელ კიდევ გავიგე, რომ ასე ლაპარაკობ შენს მეგობრებზე, ინანებ. . . (ბრძანება, მუქარა.)
ანტონი: (მიდის გაბრაზებული): მეზიზღება აქაურობა! ნეტა აქედან წავიდოდეთ!
აი, როგორ წარიმართებოდა იგივე დიალოგი, თუკი დედა აქტიური მოსმენის მეთოდს გამოიყენებდა:
ანტონი: მატეო აღარ არ მეთამაშება. არაფერს აკეთებს, რაც მე მინდა.
დედა: ალბათ, ძალიან ბრაზობ მასზე! (აქტიური მოსმენა.)
ანტონი: ჰო! აღარასოდეს ვეთამაშები! აღარ არის ჩემი მეგობარი!
დედა: ისეთი გაბრაზებული ხარ, რომ, ალბათ, მისი დანახვაც აღარ გინდა. (აქტიური მოსმენა.)
ანტონი: მართალია, მაგრამ თუ მას აღარ ვემეგობრები, ვიღას ვეთამაშო!
დედა: ჰო, სულაც არ არის სასიამოვნო მარტო დარჩენა. (აქტიური მოსმენა.)
ანტონი: როგორც ჩანს, როგორღაც უნდა შევეგუო მას. მაგრამ ისე მიჭირს თავი შევიკავო და მასზე არ გავბრაზდე.
დედა: მესმის, გინდა შეეწყო მას და თან ბრაზობ. (აქტიური მოსმენა.)
ანტონი: არც ვბრაზდებოდი ხოლმე, რადგან ის ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც მე მინდოდა. ახლა კი აღარ მაძლევს მბრძანებლობის უფლებას.
დედა: ესე იგი, მატეო აღარ ეთანხმება შენს სურვილებს. (აქტიური მოსმენა.)
ანტონი: არა… ისეთი პატარა აღარ არის. თუმცა, ახლა უფრო საინტერესო გახდა.
დედა: ალბათ, ასეთი უფრო მოგწონს? (აქტიური მოსმენა.)
ანტონი: ჰო, მაგრამ ისე მივეჩვიე, რომ ძნელია გადავეჩვიო მბრძანებლობას. იქნებ ასე ხშირად არ გვეჩხუბა, ხანდახან თუ დავუთმობდი. როგორ ფიქრობ ეს გვიშველის?
დედა: ფიქრობ, რომ თუ ხანდახან დაუთმობ, ისევ იმეგობრებთ. (აქტიური მოსმენა.)
ანტონი: შესაძლებელია… უნდა ვცადო!
პირველ ვერსიაში დედამ 12 საკომუნიკაციო გზამკვლევიდან რვა გამოიყენა, მეორეში – მხოლოდ აქტიური მოსმენა. პირველ შემთხვევაში დედამ `თვითონ იკისრა პრობლემა~; მეორეში, აქტიური მოსმენის საშუალებით, პრობლემა ანტონის `დაუტოვა~. პირველ შემთხვევაში ანტონიმ უარყო დედის წინადადება, მისი ბრაზი და იმედგაცრუება არ გაიფანტა, პრობლემა გადაუჭრელი დარჩა და ანტონის ზრდის მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. მეორეში ბრაზი გაქარწყლდა, ანტონიმ პირველი ნაბიჯი გადადგა პრობლემის გადასაჭრელად და უფრო მეტად ჩაუკვირდა საკუთარ თავს. ის საკუთარ გადაწყვეტილებამდე მივიდა და აშკარაა, რომ ერთი ნიშნულით წინ წაიწია პასუხისმგებელ, თვითმიმართულ, პრობლემის გადამჭრელ ადამიანად ჩამოყალიბებაში.
აი, კიდევ ერთი სიტუაცია იმის საჩვენებლად, თუ, ჩვეულებრივ, როგორ ცდილობენ მშობლები შვილების დახმარებას.
ქეისი: დღეს არ ვივახშმებ.
მამა: წავედით. შენი ასაკის ბავშვებმა დღეში სამჯერ უნდა ჭამონ. (ინსტრუქტირება, ლოგიკის საშუალებით დარწმუნება.)
ქეისი: კარგად ვისადილე.
მამა: კარგი, უბრალოდ მაგიდასთან დაჯექი. (შეთავაზება.)
ქეისი: არაფრის ჭამას არ ვაპირებ.
მამა: რა გჭირს? (ზონდირება.)
ქეისი: არაფერი.
მამა: მაშინ წამოდი და დაჯექი მაგიდასთან. (ბრძანება.)
ქეისი: არა ვარ მშიერი და არ მინდა მაგიდასთან ჯდომა.
აი, როგორ დაეხმარებოდნენ იმავე გოგონას აქტიური მოსმენის საშუალებით:
ქეისი: დღეს არ ვივახშმებ.
მამა: ჭამის გუნებაზე არა ხარ? (აქტიური მოსმენა.)
ქეისი: სულ არ მინდა. ძალიან ვნერვიულობ საიმისოდ, რომ ჭამა შევძლო.
მამა: გეტყობა, რომ რაღაც გაწუხებს, ასეა? (აქტიური მოსმენა.)
ქეისი: უფრო უარესი! ძალიან შეშინებული ვარ!
მამა: ჰო, მართლა ჰგავხარ დამფრთხალს. (აქტიური მოსმენა.)
ქეისი: აბა რა იქნება. ლანცმა დამირეკა და მითხრა, რომ საღამოს დალაპარაკება უნდა. ასეთი სერიოუზული ტონი არასდროს ჰქონია.
მამა: გინდა თქვა, რომ რაღაც ხდება? (აქტიური მოსმენა.)
ქეისი: ვშიშობ, რომ ურთიერთობის გაწყვეტა უნდა.
მამა: შენ კი ეს საშინლად არ გინდა. (აქტიური მოსმენა.)
ქეისი: მოვკვდები! განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ვფიქრობ ალექსთან სურს ურთიერთობის დაწყება. რა საშინელებაა!
მამა: აი, თურმე, სინამდვილეში რა გაშინებს – ალექსმა არ წაგართვას. (აქტიური მოსმენა.)
ქეისი: ჰო, ყველა კარგ ბიჭს თავბრუს ასხამს. ისეთი საძაგელია – ყოველთვის ბიჭებს ელაპარაკება და აცინებს. ყველა გიჟდება მასზე. სამი-ოთხი ბიჭი მუდამ დასდევს. არ ვიცი ამას როგორ ახერხებს – ვერც კი ვფიქრობ, რაზე შეიძლება ბიჭებთან ლაპარაკი.
მამა: გინდა ალექსივით ადვილად შეგეძლოს ბიჭებთან ლაპარაკი? (აქტიური მოსმენა.)
ქეისი: ისე მინდა მათ მოვწონდე, რომ მეშინია რაიმე სულელური არ წამოვროშო.
მამა: იმდენად გსურს პოპულარული გახდე, რომ გეშინია შეცდომა არ დაუშვა? (აქტიური მოსმენა.)
ქეისი: ჰო, მაგრამ, ალბათ, იმაზე უარესს ვერ გავაკეთებ, ვიდრე იდიოტივით დგომაა.
მამა: თვლი, რომ ეს მდგომარეობა გაცილებით უარესია, ვიდრე გარისკვა და ლაპარაკის დაწყება? (აქტიური მოსმენა.)
ქეისი: რა თქმა უნდა, უარესია! დავიღალე ჩუმად ყოფნით!
პირველ ვერსიაში ქეისის მამამ დასაწყისშივე ვერ შეძლო შეტყობინების სწორად გაშიფვრა და შედეგად მთელი საუბარი ჭამის პრობლემას ვერ გასცდა. მეორეში, მამას თანაგრძნობით სავსე აქტიური მოსმენა დაეხმარა ძირითადი პრობლემის აღმოჩენაში, წააქეზა ქეისი თავად გადაეჭრა პრობლემა და საბოლოო ჯამში, მიიყვანა ცვლილების აუცილებლობის აზრამდე.
როგორ უნდა ისწავლონ მშობლებმა აქტიური მოსმენა
მკითხველს აქვს საშუალება დააკვირდეს, როგორ იყენებენ მშობლები აქტიური მოსმენის მეთოდს ყოველდღიური ოჯახური პრობლემების გადაწყვეტისას. ყურადღება მიაქციეთ, როგორ იყენებენ მშობლები აქტიურ მოსმენას უმნიშვნელო პრობლემების დროსაც კი.
დენი: ბავშვი, რომელსაც დაძინების ეშინია
მოცემულ სიტუაციაში ჩვენი კურსდამთავრებული დედა რამდენიმე საკომუნიკაციო გზამკვლევსა და აქტიურ მოსმენას იყენებს. რვა წლის ბიჭს ხუთი წლის ასაკიდან მოყოლებული დაძინების პრობლემა აქვს. ქვემოთ მოტანილ სიტუაციამდე დაახლოებით რვა თვით ადრე ბიჭი თავის ოთახში გადააბარგეს. მანამდე მას და ორ უმცროს ძმას საერთო ოთახი ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უნდოდა საკუთარი ოთახის ქონა, დაძინების პრობლემა კიდევ უფრო გაუმწვავდა.
დედა: უკვე გვიანია. შუქი ჩააქრე და დაიძინე.
დენი: არ ვაპირებ ძილს.
დედა: უნდა დაიძინო, გვიანია. ხვალ დაღლილი იქნები.
დენი: არ ვაპირებ ძილს.
დედა (მკაცრად): ახლავე ჩააქრე შუქი!
დენი (კატეგორიულად): არასდროს ვაპირებ დაძინებას.
დედა (მგონი დავაღრჩობ. ისე დავიღალე, ამაღამ ამის ატანა აღარ შემიძლია…
მივდივარ სამზარეულოში, ათამდე ვითვლი, გადავწყვიტე, რომ დავბრუნდე და სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს აქტიური მოსმენის გამოყენება ვცადო. შედის დენის ოთახში): მართალია გვიანია, მაგრამ მოდი, ცოტა ხანს შენს საწოლზე დავჯდები და ფეხებს დავასვენებ, მერე კი ჭურჭელს დავრეცხავ. [შვილს წიგნს ართმევს, შუქს აქრობს, კარებს ხურავს და საწოლზე ჯდება.]
დენი: მომეცი წიგნი! ნუ გამორთე შუქი! წადი აქედან! არ მინდა შენი აქ ყოფნა! არ ვაპირებ ძილს! მეზიზღები!
დედა: ძალიან გაბრაზებული ხარ.
დენი: ჰო, ვერ ვიტან სკოლას და აღარასოდეს წავალ, აღარასოდეს!
დედა (“მას ხომ სკოლა უყვარს”): მესმის, მოგბეზრდა სკოლა.
დენი: საშინელებაა! სკოლაში თავს ცუდად ვგრძნობ. არაფერი ვიცი. ჩემი ადგილი მეორე კლასშია. [მესამეში სწავლობს.] მათემატიკის არაფერი გამეგება. [ძალიან კარგად სწავლობს ამ საგანს.] მასწავლებელი, ალბათ, ფიქრობს, რომ უფროსკლასელები ვართ ან უფრო დიდები.
დედა: ჰო, მათემატიკა შენთვის საკმაოდ რთულია.
დენი: არა! ადვილია! უბრალოდ, არ მომწონს მისი სწავლა.
დედა: ჰოო!
დენი (უცბად იცვლება): ბეისბოლი მიყვარს! სკოლაში სიარულის ნაცვლად ბეისბოლს ვითამაშებდი!
დედა: მესმის, ბეისბოლი გიყვარს.
დენი: კოლეჯში ჩაბარება აუცილებელია? [უფროსი ძმა მალე კოლეჯში აბარებს და ოჯახი მარტო ამაზე ლაპარაკობს.]
დედა: არა.
დენი: რამდენი წელი უნდა ვისწავლო სკოლაში?
დედა: სანამ არ დაამთავრებ.
დენი: კარგი, კოლეჯში არ ჩავაბარებ. აუცილებელი არ არის, ხომ?
დედა: ჰო.
დენი: კარგია, მაშინ ბეისბოლს ვითამაშებ.
დედა: მართლაც საინტერესო თამაშია.
დენი: ჰო. [სრულად მშვიდდება, გატაცებით საუბრობს, ბრაზის გარეშე.] კარგი, ღამე მშვიდობისა.
დედა: ღამე მშვიდობისა.
დენი: ცოტა ხანს კიდევ დარჩები?
დედა: ჰო.
დენი (იწვდის საბანს, რომელიც ფეხებით ჰქონდა გადაგდებული; მზრუნველად აფარებს დედას მუხლებზე და ხელით ეფერება): მოხერხებულად ხარ?
დედა: კი, გმადლობ.
დენი: არაფრის. [რამდენიმე წუთი სიწყნარე მეფდება, შემდეგ დენი ხველას და სრუტუნს იწყებს ცხვირის გაძლიერებული წმენდით. სრუტუნებს, სრუტუნებს, სრუტუნებს. დენის მსუბუქი ალერგია აქვს და ცხვირი ეჭედება ხოლმე, მაგრამ არა ასეთი ძლიერი სიმპტომებით. ამის მსგავსი დედამისს არასდროს უნახავს.]
დედა: შეგაწუხა ცხვირმა?
დენი: ჰო. როგორ ფიქრობ, ჩავიწვეთო?
დედა: ფიქრობ, რომ გიშველის?
დენი: არა. (სრუტუნებს, სრუტუნებს.]
დედა: ცხვირმა მართლა მოგაბეზრა თავი.
დენი: ჰო. [სრუტუნებს. მტკივნეულად ამოიოხრებს.) ნეტა ძილის დროს ცხვირით სუნთქვა არ იყოს საჭირო!
დედა (გაოცებულია, ერთი სული აქვს გაიგოს საიდან მოუვიდა ასეთი აზრი): გგონია, რომ ძილის დროს ცხვირით სუნთქვა აუცილებელია?
დენი: ვიცი, რომ აუცილებელია.
დედა: დარწმუნებული ხარ?
დენი: ვიცი. ტომმა მითხრა დიდი ხნის წინათ. [ორი წლით უფროსი მეგობარი, რომელსაც აღმერთებს.] მან მითხრა, რომ ასეა საჭირო. ადამიანს ძილის დროს არ შეუძლია პირით სუნთქვა.
დედა: გინდა თქვა, რომ არ უნდა ისუნთქოს?
დენი: უბრალოდ არ შეუძლია [სრუტუნებს]. დე, მართალია ჰო, რომ ძილის დროს ადამიანმა ცხვირით უნდა ისუნთქოს? [გრძელი ახსნა-განმარტება – დენი ბევრ კითხვას სვამს მეგობრის შესახებ. “ის არ მომატყუებდა”.]
დედა: (უხსნის, რომ მეგობარს, ალბათ, დახმარება უნდოდა, მაგრამ ბავშვებს ზოგჯერ მცდარი ინფორმაცია აქვთ. განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმას, რომ ძილის დროს ყველა პირით სუნთქავს.)
დენი (შვებით): კარგი, ღამე მშვიდობისა.
დედა: ღამე მშვიდობისა. [დენი თავისუფლად სუნთქავს პირით.]
დენი: (უცებ ისევ სრუტუნებს).
დედა: ისევ გეშინია.
დენი: ჰო. დე, რა მოხდება ძილის დროს პირით ვისუნთქო – მერე ცხვირი გამეჭედოს – და მერე შუაღამისას ძილის დროს – რა მოხდება პირს თუ დავხურავ?
დედა (ხვდება, რომ მის შვილს მთელი ამ წლების განმავლობაში ძილის იმიტომ ეშინოდა, რომ ეგონა დაიღრჩობოდა. “ჩემი საწყალი პატარა”): გეშინია, რომ გაიგუდები?
დენი: რა თქმა უნდა, ადამიანმა ხომ უნდა ისუნთქოს. [ვერ ამბობს, “შეიძლება მოვკვდეო”.]
დედა (უხსნის): ეს უბრალოდ ვერ მოხდება. შენი პირი თავისთავად გაიღება, ისევე როგორც თავისთავად სცემს შენი გული და ახამხამებ თვალებს.
დენი: დარწმუნებული ხარ?
დედა: ჰო, დარწმუნებული ვარ.
დენი: კარგი, ღამე მშვიდობისა.
დედა: ღამე მშვიდობისა, ძვირფასო. [კოცნის. დენი მაშინვე იძინებს.]
დენის შემთხვევა ერთადერთი არ არის, როცა მშობლის აქტიურმა მოსმენამ
ემოციური პრობლემა რადიკალურად გადაჭრა. მშობლების მონათხრობი ადასტურებს ჩვენს რწმენას იმის შესახებ, რომ მათ უმრავლესობას შეუძლია სრულყოფილად ისწავლოს პროფესიონალი კონსულტანტების უნარები, რათა შემდეგ შვილებთან ურთიერთობისას ღრმად ფესვგადგმული პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენოს.
ზოგჯერ ამგვარ თერაპიულ მოსმენას მხოლოდ კათარზისული შვება მოაქვს ბავშვის გრძნობებისათვის; ბავშვს მხოლოდ თანაგრძნობით აღსავსე მსმენელი, ანუ მგრძნობიარე ყური სჭირდება და სხვა არაფერი, როგორც ამას ათი წლის გონიერი გოგონას ნენსის შემთხვევა მოწმობს. ნენსის დედას შევთავაზეთ საუბრის ჩაწერა, რათა შემდეგ მეცადინეობაზე მისი მოსმენა შეგვძლებოდა. ჩვენ ვურჩევთ ხოლმე მშობლებს ამის გაკეთებას და შემდეგ ამ ჩანაწერებს თვით მათი და ასევე სხვების დასახმარებლად ვიყენებთ. როცა სიტყვასიტყვით ჩანაწერს წაიკითხავთ, ეცადეთ წარმოიდგინოთ როგორ უპასუხებდა გამოუცდელ მშობელთა უმრავლესობა მასწავლებლის შესახებ ნენსის გრძნობებს ტიპიური საკომუნიკაციო გზამკვლევების გამოყენებით.
დედა: ნენსი, მგონი ხვალ სკოლაში წასვლა არ გინდა, ჰო?
ნენსი: ჰო, ახალს არაფერს ველოდები.
დედა: ესე იგი, მოსაწყენია…
ნენსი: ჰო, არაფერს ვაკეთებთ მისის სტუპიდის ყურების გარდა – ისეთი მსუქანა და ყეყეჩია, ისე სულელურად გამოიყურება!
დედა: ეტყობა მართლა მოგაბეზრა თავი ყველაფრით…
ნენსი: ჰო, მუდამ ამბობს, “ამას ხვალ მოგიტან”. დადგება ეს ხვალ და იტყვის, “ოჰ, დამავიწყდა. სხვა დროს მოგიტან”.
დედა: ესე იგი გპირდებათ, რომ გააკეთებს და…
ნენსი: და არასდროს აკეთებს…
დედა: დაპირებებს არ ასრულებს და ეს ძალიან გწყინს…
ნენსი: ჰო, დღემდე არ მოუტანია ის რვეული, რომელსაც სექტემბერში შემპირდა.
დედა: ამბობს, რომ რაღაცას გააკეთებს, შენ იმედი გეძლევა და შემდეგ არაფერსაც არ აკეთებს.
ნენსი: ჰო, და კიდევ ექსკურსიები. დაგვპირდება, რომ მალე ექსკურსიაზე წაგვიყვანს… მერე გვეტყვის, რომ არსადაც არ წაგვიყვანს – გვეტყვის და მორჩა – და მერე ისევ ახალ დაპირებებს იძლევა…
დედა: ესე იგი გაიმედებთ, ფიქრობთ, რომ მართლაც რაღაც კარგი და საინტერესო მოხდება და არაფერიც არ ხდება.
ნენსი: მართალია – სრული სიგიჟეა.
დედა: წარმომიდგენია, როგორი იმედგაცრუებული ხარ იმით, რაც ხდება.
ნენსი: ერთადერთი გაკვეთილი, რომელიც მიყვარს ხელოვნებაა, იმიტომ, რომ არ გბურღავს მაინც ნაწერის ან სხვა რამის გამო. ისე კი დგას ხოლმე ჩემს მერხთან და მოსთქვამს: “ო, რა საშინელი ნაწერია! რატომ არ შეგიძლია უკეთ წერა? რატომ არ ცდილობ?”
დედა: ესე იგი, არ გშორდება…
ნენსი: ჰო, და ხატვის დროსაც მკარნახობს რა ფერები გამოვიყენო, მე კი არ ვიყენებ… ისე ვხატავ, რომ ლამაზი იყოს, ის კი ჩრდილების დადებას მასწავლის…
დედა: ესე იგი, გაკვეთილის დანარჩენ დროს მაინც თავს განებებს.
ნენსი: ჰო, კრამიტით გადახურვას თუ არ ჩავთვლით…
დედა: გაიძულებს გადახურვის რაღაც განსაკუთრებული წესით ხატვას…
ნენსი: ჰო, ისე არ ვაკეთებ, როგორც მას უნდა, თუმცა…
დედა: გაღიზიანებს, როცა მუდამ თავის აზრს გეუბნება და გაიძულებს მისდიო…
ნენსი: სულაც არ მინდა – მინდა ყურადღება არ მივაქციო – თუმცა მერე უსიამოვნებები შემხვდება…
დედა: თუ მის რჩევებს ყურადღებას არ მიაქცევ, გეშინია, რომ უსიამოვნებებში გაეხვევი.
ნენსი: ჰო, და თითქმის ყოველთვის ისე ვაკეთებ, როგორც მას უნდა – ჰოდა, ასე მიწერს მათემატიკაში ხან A-ს, ხან B-ს და, უჰ. . .
დედა: გინდა შენებურად გააკეთო, მაგრამ იცი ამას რაც მოჰყვება და არ აკეთებ და ეს გაგიჟებს…
ნენსი: ისე ნელა აკეთებს ყველაფერს – ყველაფერს ხსნის, შემდეგ ერთხელ ან ორჯერ იმეორებს ბავშვებთან ერთად, ეუბნება როგორ გააკეთონ, მეჩვენება, რომ სულ პატარებად გვთვლის – “ეს სრულიად ახალი რამ არის”, ამბობს და ისე გვექცევა, თითქოს საბავშვო ბაღში ვიყოთ.
ხშირად მშობლისათვის ძნელია ასეთი დიალოგის დამთავრება დასკვნების გარეშე. როცა მშობელი იგებს, რომ ასეთი რამ ხშირად პროფესიონალ კონსულტანტებსაც ემართებათ, ის საშუალებას აძლევს შვილს მაშინ გაჩერდეს, როცა საჭიროდ ჩათვლის და მოგვიანებით იპოვოს პრობლემის გადაჭრის გზა. პროფესიონალებმა გამოცდილებით იციან, რომ შეიძლება ბავშვს მივანდოთ საკუთარ პრობლემებთან კონსტრუქციულად გამკლავება. მშობლები სათანადოდ ვერ აფასებენ შვილების ამ შესაძლებლობას.
ქვემოთ მოტანილი ინტერვიუ ერთ მოზარდთან მქონდა. ის გვიჩვენებს, რომ აქტიურ მოსმენას ყოველთვის არ მოსდევს დაუყოვნებელი შედეგები. ხშირად აქტიური მოსმენა არის მოვლენების ჯაჭვის დასაწყისი და, შესაძლებელია, მშობელმა მოგვიანებით ან ვერასოდეს გაიგოს შედეგი. ეს იმიტომ ხდება, რომ ბავშვები ხშირად მოგვიანებით თავად პოულობენ პასუხებს. პროფესიონალმა კონსულტანტებმა ეს იციან. ბავშვმა შეიძლება პრომლემაზე მსჯელობა სადღაც შუაში შეწყვიტოს, რომ ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდეს და გვაცნობოს მისი გადაჭრის შესახებ.
ასე მოუვიდა ნიგელსაც, საკონსულტაციოდ მოსულ თექვსმეტი წლის ბიჭს, რომლის მშობლები შეწუხებულები იყვნენ მისი სკოლისადმი აგდებული დამოკიდებულებით, უფროსების წინააღმდეგ ამბოხით, ნარკოტიკებისადმი მიდრეკილებით და ოჯახისაგან გაუცხოებით.
რამდენიმე კვირის განმავლობაში კონსულტაციებისას ნიგელი იცავდა მარიხუანას მოწევის უფლებას და აკრიტიკებდა უფროსებს ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებისათვის. ის ნარკოტიკების მოხმარებაში ცუდს ვერაფერს ხედავდა. ფიქრობდა, რომ ყველას უნდა გამოეცადა საკუთარ თავზე ის სასიამოვნო გრძნობები, რომელიც მან გამოსცადა. ის ეჭვქვეშ აყენებდა სკოლის მნიშვნელობას და მას სამუშაოს მოძებნისათვის აუცილებელ პირობად თვლიდა _ სკოლადამთავრებულს შეეძლო ფულის შოვნა და საზოგადოების სხვა წევრებივით ცხოვრება. ის დაბალ შეფასებებს იღებდა. ნებისმიერი კონსტრუქციული საქმიანობა ნიგელისათვის უაზრობა იყო. ერთ დღეს კონსულტაციაზე გამომიცხადა, რომ გადაწყვიტა შეწყვიტოს ნარკოტიკების მოწევა, რადგან “ანგრევს საკუთარ ცხოვრებას”. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ იცოდა რისი კეთება სურდა, დანამდვილებით იცოდა, რომ არ უნდოდა საკუთარი ცხოვრების “სანაგვეზე გადაგდება” და დამარცხებულად (უიღბლოდ) ყოფნა. დაამატა, რომ სერიოზულად ემზადება ზაფხულის სკოლაში არჩეულ ორ საგანში, მას შემდეგ, რაც მიმდინარე წელს ერთის გარდა ყველა საგანში ჩაიჭრა. საბოლოოდ ნიგელმა B+ შეფასებებით დაამთავრა ის კურსებიც, უფროსი კლასებიც და კოლეჯში შევიდა. არ ვიცი რამ შეცვალა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქტიურმა მოსმენამ გამოიწვია მისი საკუთარი საღი აზრის მობილიზაცია.
ზოგჯერ აქტიური მოსმენა უბრალოდ ეხმარება ბავშვს მიიღოს ის სიტუაცია, რომლის შეცვლაც იცის, რომ არ შეუძლია. აქტიური მოსმენა ეხმარება ბავშვს სიტუაციასთან დაკავშირებით საკუთარი გრძნობები გამოხატოს, გული მოიფხანოს და ამ გრძნობების გამო ვიღაცის მიერ თავი აღიარებულად იგრძნოს. შესაძლოა ეს ჯარში ამბოხის მსგავსი ფენომენია; ჩვეულებრივ მეამბოხემ იცის, რომ სიტუაციის შეცვლა არ შეუძლია, მაგრამ ეჩვენება, რომ ვიღაცასთან, ვისაც მისი ესმის, გულის მოფხანა და უარყოფითი ემოციებისაგან განმუხტვა შვებას მოუტანს. ამის ნათელი ილუსტრაციაა თორმეტი წლის ალისას და მის დედას შორის დიალოგი:
ალისა: როგორ მეჯავრება მისის ჯონსონი, ინგლისურის ახალი მასწავლებელი! მგონი ბავშვები ეჯავრება.
დედა: ჰო, ეტყობა ცუდი ვინმე გყავს ამ სემესტრში.
ალისა: საშინელი! დგას და მთელი დღე თავის თავზე ლაყბობს, აუტანელია, ლამისაა გავგიჟდე მოწყენილობისაგან. მინდა ვუთხრა ხოლმე, რომ გაჩუმდეს.
დედა: ეტყობა, მართლა გაბრაზებს.
ალისა: ყველა ასე ბრაზობს მასზე. არავის მოსწონს. რატომ იღებენ სამუშაოდ ასეთ მასწავლებლებს? როგორ ინარჩუნებენ ასეთები სამსახურს?
დედა: გიკვირს ხომ ასეთ ცუდებს როგორ აძლევენ მასწავლებლობის უფლებას.
ალისა: ჰო, მაგრამ ის ჩვენი მასწავლებელია და ახლა უკვე გვიანია სხვა კლასში გადასვლა, ისე რომ მომიწევს მისი ატანა. კარგი, წავალ სტეისის დავურეკავ ამ შაბათ-კვირის შესახებ. კარგად!
ცხადია, კონკრეტული გამოსავალი არ მოძებნილა, ვერც ვერაფერს გააკეთებდა ალისა მასწავლებლის გამოსაცვლელად. მიუხედავად ამისა, საკუთარი გრძნობების გამოხატვა, სხვის მიერ ამ გრძნობების გაგება და აღიარება ათავისუფლებს მას და სხვა რამეზე გადართვის საშუალებას აძლევს. ამის გარდა, მშობელმა აგრძნობინა ქალიშვილს, რომ სიძნელეების დროს მას გვერდში ჰყავს ადამიანი, რომელიც გაუგებს და მხარში დაუდგება.
როდის უნდა გამოიყენოს მშობელმა აქტიური მოსმენა?
უნდა დაველოდოთ თუ არა რომელიმე სერიოზული პრობლემის (მაგ., როგორიცაა დაძინების შიში დენის შემთხვევაში) წარმოქმნას, რომ აქტიური მოსმენა გამოვიყენოთ? სულაც არა. შვილები ყოველდღიურად გვიგზავნიან თავიანთი უსიამოვნო გრძნობების შესახებ შეტყობინებებს.
პატარა ნეიტმა თითი დედამისის თმის დასახვევ ხელსაწყოზე დაიწვა.
ნეიტი: ვაიმე, თითი დავიწვი! დედიკო, თითი დავიწვი. ო, მტკივა, მტკივა [ტირის]! თითი დამეწვა. ვაიმე, ვაიმე!
დედა: ოოოჰ, როგორ გტკივა! საშინლად გტკივა!
ნეიტი: ჰო, შეხედე რა საშინლად დავიწვი.
დედა: ეტყობა, მართლაც საშინლად დაიწვი, რადგან ასე ძალიან გტკივა.
ნეიტი: (ტირილს წყვეტს): ახლავე დამადე რა რაიმე.
დედა: კარგი. ახლავე ყინულს მოვიტან, რომ ცოტა გავაგრილოთ, შემდეგ კი რაიმე წავისვათ.
ამ უმნიშვნელო საყოფაცხოვრებო ინციდენტზე რეაგირებისას დედა თავს არიდებს
შემდეგი ფრაზებით ნეიტის დარწმუნებას: “არაფერია საშიში”, “მალე მოგირჩება”, “არც ისე ძალიან დაიწვი”. ის პატივს სცემს ნეიტის გრძნობას, რომელიც ფიქრობს, რომ თითი საშინლად დაეწვა და ძალიან სტკივა. ის ასევე თავს იკავებს ამგვარ სიტუაციებში ტიპიური პასუხებისაგან: “ნეიტ, არც ისე პატარა ხარ. ახლავე შეწყვიტე ტირილი” [შეფასება და ბრძანება].
დედისეული აქტიური მოსმენა ნეიტის მიმართ რამდენიმე მნიშვნელოვანი განწყობის მაჩვენებელია:
მას ცხოვრებაში მტკივნეული მომენტი აქვს – ეს მისი პრობლემაა და უფლება აქვს საკუთარი განუმეორებელი რეაქცია ჰქონდეს მასზე;
არ მინდა მისი გრძნობების უარყოფა – ეს გრძნობები მისთვის რეალურია;
შემიძლია გავიგო რამდენად სერიოზულად მიაჩნია დამწვრობა და როგორ სტკივა;
ვერ გავრისკავ ვაიძულო თავი მცდარად ან დამნაშავედ იგრძნოს საკუთარი გრძნობების გამო.
მშობლები ყვებიან, რომ ტკენის ან ტირილის დროს აქტიურ მოსმენას ხშირად ტირილის დრამატული და მომენტალური შეწყვეტა მოსდევს, როგორც კი ბავშვი რწმუნდება, რომ მშობელმა გაიგო (და აღიარა) მისი ცუდად ყოფნა ან შიში. ბავშვს მისი გრძნობების სწორედ ასეთი გაგება სჭირდება ყველაზე მეტად.
მშობლები განსაკუთრებით ღიზიანდებიან შვილებზე, როცა ეს უკანასკნელნი შეშფოთებულები, შეშინებულები და აფორიაქებულები არიან მათი სამსახურში ან საღამოს სტუმრად წასვლის, საყვარელი სათამაშოს ან ნივთის დაკარგვის ან უცხო საწოლში დაძინების და ა.შ. გამო. დამშვიდებას იშვიათად მოაქვს შედეგი ამგვარ სიტუაციებში და მშობლების გაღიზიანების გაგება ადვილია, როცა შვილი გაუთავებლად წუწუნებს და ითხოვს დაკარგულ ნივთს:
“ჩემი საბანი მინდა, ჩემი საბანი მინდა, ჩემი საბანი მინდა!”
“არ მინდა, რომ წახვიდე. არ წახვიდე!”
“ჩემი დათუნია მინდა. სად არის ჩემი დათუნია? ჩემი დათუნია მინდა!”
ასეთ სიტუაციებში აქტიური მოსმენა სასწაულებს ახდენს. ბავშვს ერთადერთი რამ სჭირდება: მშობელმა აღიაროს მისი გრძნობების სიღრმე.
ბ-მა H-მა მოკლედ გვიამბო ასეთი შემთხვევა:
“სამწლინახევრის მიშელმა გაუთავებელი წუწუნი დაიწყო, როცა დედა სუპერმარკეტში წავიდა საყიდლებზე და ბავშვი ჩემთან დატოვა. “დედა მინდა” უთვალავჯერ გაიმეორა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჯერზე ვამშვიდებდი, დედა რამდენიმე წუთში დაბრუნდება-მეთქი. შემდეგ ხმამაღალ ტირილზე გადავიდა: “ჩემი დათუნია მინდა. ჩემი დათუნია მინდა.” როცა მისი დამშვიდების ყველა ცდა უშედეგოდ დავამთავრე, აქტიური მოსმენის მეთოდი გამახსენდა. “როცა დედა მიდის, გენატრება ხოლმე, ჰო?” ვთქვი სასოწარკვეთილმა. თავი დამიქნია. “არ გიყვარს, როცა დედა უშენოდ მიდის ხოლმე”. თავი ისევ დამიქნია, უსაფრთხოების ქამარი შიშით ჰქონდა ჩაბღუჯული და შეშინებულ, დაკარგულ კნუტს ჰგავდა მანქანის უკანა სკამის კუთხეში მიყუჟული. “როცა დედა გენატრება, გინდა, რომ დათუნია გყავდეს”, გავაგრძელე მე. ენერგიულად დამიქნია თავი. “მაგრამ დათუნია აქ არა გყავს და დედაც გენატრება”. შემდეგ, თითქოს ჯადოქრობით, ის კუთხიდან გამოძვრა, ქამარი გადააგდო, ტირილი შეწყვიტა, ჩემთან წინა სკამზე გადმოცოცდა და მხიარულად დაიწყო საუბარი იმ ხალხზე, რომელსაც მანქანის სადგომზე ხედავდა”.
ამ ამბიდან მშობლებისათვის, ისევე როგორც ბ-ნი H-ისათვის, გაკვეთილი ასეთია: მივიღოთ შვილის გრძნობები ნაცვლად იმისა, რომ ჯიქურ დამშვიდებითა ან დაშინებით ვცადოთ წუწუნისა და გულის გაწვრილების თავიდან აცილება. ბავშვებს სურთ იცოდნენ, რომ თქვენ გესმით, როგორ ცუდად გრძნობენ ისინი თავს.
აქტიური მოსმენის გამოყენების კიდევ ერთი ხელსაყრელი შემთხვევაა, როცა ბავშვები მშობლებს უჩვეულოდ დაშიფრულ შეტყობინებებს უგზავნიან და უძნელებენ იმის გაგებას, რაც მათ თავებში ხდება. ხშირად, თუმცა არა ყოველთვის, მათი შეტყობინებები კოდირებულია კითხვების ფორმით:”როდისმე გავთხოვდები?”
“როგორი გრძნობაა სიკვდილი?”
“რატომ მეძახიან ბავშვები მხდალს?”
“მამ, რა მოგწონდა გოგოებში, როცა ბიჭი იყავი?”
ეს უკანასკნელი კითხვა ერთ დილას სკოლაში წასვლამდე საუზმობისას დამისვა ჩემმა ქალიშვილმა. მამათა უმრავლესობის მსგავსად მეც მზად ვიყავი “ბურთი ხელში ჩამეგდო და გავქცეულიყავი”, რაკი ახალგაზრდობის მოგონებებში ჩაძირვის შანსი მომეცა. საბედნიეროდ, თავი ხელში ავიყვანე და აქტიური მოსმენა დავიწყე:
მამა: ალბათ, გინდა გაიგო რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ბიჭებს მოსწონდე, არა?
ქალიშვილი: ჰო. მგონია, რომ მათ რატომღაც არ მოვწონვარ და არ ვიცი რატომ. . .
მამა: ესე იგი, ვერ იგებ რატომ არ მოსწონხარ ბიჭებს.
ქალიშვილი: დავუშვათ, ცოტას ვლაპარაკობ. მეშინია მათთან ლაპარაკის.
მამა: ესე იგი ბიჭების თანდასწრებით თავს შებოჭილად გრძნობ და გიჭირს თავისუფლად ყოფნა.
ქალიშვილი: ჰო. მეშინია ისეთი რამე არა ვთქვა, რომ მათ ცერცეტა ვეგონო.
მამა: არ გინდა ფიქრობდნენ, რომ სულელი ხარ.
ქალიშვილი: ჰო. თუ ჩუმად ვიქნები, სულაც არ ვრისკავ.
მამა: გეჩვენება, რომ ჩუმად ყოფნა უფრო უსაფრთხოა.
ქალიშვილი: ჰო, მაგრამ ეს არაფერს კარგს არ მომიტანს, რადგან ახლა ფიქრობენ, რომ მუდო ვარ.
მამა: ჩუმად ყოფნა იმას ვერ მოგცემს, რისი მიღწევაც გსურს.
ქალიშვილი: ვერა. ალბათ, უნდა გავრისკო.
წარმოიდგინეთ, როგორ გავუშვებდი ხელიდან შანსს სასარგებლო ვყოფილიყავი, თუკი ცდუნებას დავყვებოდი და ქალიშვილს იმაზე მოვუთხრობდი, თუ ახალგზარდობისას გოგოებში უპირატესობას რას ვანიჭებდი! აქტიური მოსმენის წყალობით ჩემმა ქალიშვილმა წინ პატარა ნაბიჯი გადადგა. მან ახალი უნარი შეიძინა, უნარი, რომელსაც ხშირად ქცევის ცვლილების კონსტრუქციულ თვითსტარტამდე მივყავართ.
უჩვეულოდ დაშიფრული შეტყობინებები, განსაკუთრებით კი კითხვები, რომლებსაც ბავშვები გვისვამენ, ხშირად იმის მაჩვენებელია, რომ ისინი უფრო დიდ პრობლემასთან გამკლავებას ცდილობენ. აქტიური მოსმენა საშუალებას აძლევს მშობელს გაიგოს შვილის მდგომარეობა, დაეხმაროს მას პრობლემის საკუთარი ძალებით განსაზღვრასა და გადაჭრაში. როცა მშობელი მზამზარეულ პასუხს აძლევს ამგვარ კითხვების ფორმით დაშიფრულ განცდებზე, ის, თითქმის ყოველთვის, ხელიდან უშვებს რეალურ პრობლემასთან შეჭიდებული შვილისათვის ეფექტიან მრჩევლად ყოფნის შანსს.
აქტიური მოსმენის გამოყენების პირველი მცდელობისას მშობლებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ეს უნარი უაღრესად ფასეულია, როცა ბავშვებს ინტელექტუალური პრობლემები აქვთ. ბავშვები მუდამ აწყდებიან პრობლემებს, როცა ცდილობენ გარემომცველი სამყაროს შესახებ წაკითხულსა და მოსმენილში გარკვევას – რასიზმი, პოლიციის დაუნდობლობა, ომი, ეთნიკური წმენდა, ოზონის ფენა, განქორწინება, ბანდა და ა.შ.
მშობლები ხშირად ფრთხებიან იმის გამო, რომ შვილები, როგორც წესი, საკუთარ შეხედულებებს უაპელაციოდ გამოხატავენ ან ისე, რომ მშობლებს ეჩოთირებათ მათი მიამიტობა ან უმწიფარობა. დედებისა და მამებისათვის დიდი ცდუნებაა ჩაერიონ და გაუსწორონ ან სცადონ სხვა მხრიდანაც, უფრო ფართოდ დაანახონ საკითხი. ამ შემთხვევაში მშობლების მოტივაცია შეიძლება ალტრუისტული იყოს – ხელი შეუწყონ შვილების ინტელექტუალურ განვითარებას. შეიძლება თავკერძული – მოახდინონ საკუთარი ინტელექტუალური უპირატესობის დემონსტრირება. ორივე შემთხვევაში, მშობელი პროცესში ერთი ან რამდენიმე ტიპიური გზამკვლევით ერთვება, რასაც გარდაუვალ შედეგად მოსდევს ბავშვის დეზორიენტაცია ან სიტყვიერი პაექრობის დაწყება, რომელიც წყენითა და გესლიანი შენიშვნებით მთავრდება.
მეცადინეობებზე მშობლებს საკმაოდ მწვავე კითხვებს ვუსვამთ იმისათვის, რომ აქტიური მოსმენის გამოყენების აუცილებლობა დავანახოთ მაშინ, როცა შვილები ზოგიერთი იდეის “მოხარშვას” ან ყოველდღიურ სირთულეებთან თუ პიროვნულ პრობლემებთან გამკლავებას ცდილობენ. მაგალითად, ვეკითხებით:
“თქვენნაირად უნდა ფიქრობდეს თუ არა თქვენი შვილი?”
“რატომ გაქვთ მოთხოვნილება ასწავლოთ?”
“შეგიძლიათ თუ არა თქვენი აზრისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული მოსაზრების ატანა?”
“შეგიძლიათ თუ არა დაეხმაროთ ამ რთულ სამყაროზე საკუთარი თვალსაზრისის პოვნაში?”
“აძლევთ თუ არა საშუალებას შეჩერდეს ამა თუ იმ საკითხის წვდომისას იმ ადგილზე, სადაც არის?”
“შეგიძლიათ გაიხსენოთ, თქვენც ასევე საკმაოდ არაამქვეყნიური და თავისებური მოსაზრებები გქონდათ თუ არა მსოფლიო პრობლემების შესახებ ბავშვობაში?”
როგორც კი ჩვენი მსმენელები ენაზე კბენას იწყებენ და სმენას ამახვილებენ, მაშინვე სადილის დროს საუბრისას ცვლილებების შესახებ გვამცნობენ ხოლმე. მათი შვილები იმ პრობლემების გაზიარებას იწყებენ, რომლებსაც ადრე არასდროს უზიარებდნენ მშობლებს – ნარკოტიკები, სექსი, აბორტი, ალკოჰოლი, მორალი და ა.შ. აქტიურ მოსმენას სასწაულის მოხდენა შეუძლია, ის სახლს იმ ადგილად აქცევს, სადაც მშობლებსა და შვილებს შორის ღრმა და მწვავე დისკუსიები იმართება შვილების წინაშე მდგარ რთულ და კრიტიკულ პრობლემებზე.
როცა მშობლები ჩივიან იმის გამო, რომ შვილები არასდროს საუბრობენ სახლში სერიოზულ პრობლემებზე, აღმოჩნდება ხოლმე, რომ შვილების მიერ ექსპერიმენტულად და მორიდებით იყო ამ პრობლემებზე მსჯელობის მცდელობა, მაგრამ მშობლებმა ტრადიციული გზით იმოქმედეს: გააფრთხილეს, უქადაგეს, ჭკუა ასწავლეს, დაარიგეს, შეაფასეს, განსაჯეს, დასცინეს ან თავი აარიდეს საუბარს. ასეთი შემთხვევების შემდეგ ბავშვები ნელ-ნელა იწყებენ ფარდის ჩამოფარებას, რომელიც სამუდამოდ აცალკევებს მათ აზროვნებას მშობლების აზროვნებისაგან. აბა რაღა გასაკვირია, მშობლებისა და შვილების ამგვარი გაუცხოება. ის ძალიან ბევრ ოჯახშია გავრცელებული, რადგან მშობლები არ ისმენენ – ისინი ასწავლიან, უსწორებენ, კიცხავენ და დასცინიან შვილების განვითარების პროცესში მყოფი გონების მიერ გაგზავნილ შეტყობინებებს.
აქტიური მოსმენის გამოყენებისას გავრცელებული შეცდომები
მშობლებისათვის, როგორც წესი, ძნელი არ არის აქტიური მოსმენისა და 12 საკომუნიკაციო გზამკვლევის გამიჯვნა. იშვიათია მშობელი, რომელიც არ აღიარებს აქტიური მოსმენის გამოყენების პოტენციურ სარგებელს. თუმცა, ზოგიერთი მშობელი ნაკლები წარმატებით იყენებს ამ უნარს. როცა რაღაც ახალი უნარის დაუფლებას ვცდილობთ, შეცდომები შეიძლება ორი მიზეზით მოგვივიდეს – კომპეტენტურობის ნაკლებობის და უნარის არასწორად გამოყენების გამო. ჩვენ რამდენიმე შეცდომას წარმოგიდგენთ იმ იმედით, რომ მშობლებს მათ თავიდან აცილებაში დავეხმარებით.
ბავშვების მანიპულირება “მართვით”
ზოგიერთი მშობელი აქტიური მოსმენის გამოყენებისას პირველ მარცხს იმ უბრალო მიზეზით განიცდის, რომ მცდარი განზრახვა აქვს. მათ ამ მეთოდის გამოყენება იმიტომ უნდათ, რომ ადვილად შეძლონ შვილების მანიპულირება – აიძულონ მოიქცნენ და იფიქრონ ისე, როგორც მათი აზრით არის სწორი.
ჩვენი კურსების მეოთხე მეცადინეობაზე მისის N-მ აშკარად გამოხატა აქტიური მოსმენის გამოყენების პირველ მცდელობასთან დაკავშირებული იმედგაცრუება და გულისწყრომა. “ჩემი ბიჭი მხოლოდ მომშტერებოდა და არაფერს ამბობდა. თქვენ კი გვითხარით, რომ აქტიური მოსმენა ბავშვებს საუბრის სტიმულს აძლევს. ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა”.
როცა ინსტრუქტორმა ჰკითხა, სურდა თუ არა ჯგუფისათვის მოეთხრო მომხდარის შესახებ, მისის N-მ განაცხადა:
‘სკოლიდან დაბრუნებულმა თექვსმეტი წლის ჯეიმსმა გამოაცხადა, რომ ორ საგანში ნიშანს ვერ მიიღებდა. მაშინვე ვცადე მისი გამხნევება ახლადნასწავლი მეთოდის გამოყენებით. ჯეიმსი ჯერ გაჩუმდა, ხოლო შემდეგ სხვა ოთახში გავიდა”.
ინსტრუქტორმა შესთავაზა მომხდარის გათამაშება. მისის N დათანხმდა, თუმცა წინასწარ გააფრთხილა ჯგუფი, რომ ინსტრუქტორს გაუჭირდებოდა ისეთი არაკომუნიკაბელური ადამიანის განსახიერება, როგორიც მისი შვილი იყო. თავად დარწმუნდით გამოუვიდა თუ არა ინსტრუქტორს როლი. ყურადღება მიაქციეთ დედის პასუხებს.
ჯეიმსი: უჰ, რა საშინელი დღე იყო! მითხრეს, რომ ალბათ ორ საგანში ვერ მივიღებ ნიშანს – ერთი მათემატიკა და ერთიც ინგლისური.
მისის N: [ცივად] ცუდ ხასიათზე ხარ?
ჯეიმსი: რა თქმა უნდა.
მისის N: [ისევ ცივად] იმედგაცრუებული ხარ?
ჯეიმსი: რბილად ნათქვამია. შეიძლება სკოლა ვერ დავამთავრო. ესღა მაკლდა!
მისის N: გგონია, რომ ვეღარაფერს გააწყობ, რადგან აქამდე არ მოინდომე. [დედა თავის შეტყობინებას უგზავნის.]
ჯეიმსი: გინდა, რომ უკეთ ვისწავლო? [ჯეიმსს ესმის შეტყობინება.]
მისის N: ჰო, ალბათ, არც ისე გვიანაა, არა? [დედა თავის გადაწყვეტილებას ახვევს.]
ჯეიმსი: ეს ნაგავი ვისწავლო? რატომ? მაგარი სისულელეა!
და ასე შემდეგ… მისის N-მ აქტიური მოსმენის ნიღბით სცადა ინტენსიური სწავლის იდეის თავს მოხვევა და შედეგად ჯეიმსი კუთხეში მიამწყვდია. ჯეიმსმა დედის მხრიდან საფრთხე იგრძნო თუ არა, თავდაცვა სცადა.
მისის N-მ ბევრი სხვა მშობლის მსგავსად აქტიური მოსმენის გამოყენება მყისიერად სცადა, რადგან მასში შვილების მანიპულირების ახალი მეთოდი დაინახა – დახვეწილი გზა გააკეთებინო შვილს ის, რასაც საჭიროდ თვლი, მართო შვილის ქცევა ან ფიქრები.
უნდა უხელმძღვანელოს თუ არა მშობელმა შვილებს? განა ხელმძღვანელობა მშობლის მთავარი პასუხისმგებლობა არ არის? “მშობლის ხელმძღვანელობა” ერთ-ერთი ყველაზე საყოველთაოდ მიღებული და ამავე დროს ყველაზე მცდარად გაგებული ფუნქციაა. ხელმძღვანელობა მიმართულების მიცემაა. ის გულისხმობს, რომ საჭე მშობლის ხელშია. როცა მშობელს საჭე აქვს ჩაბღუჯული და ცდილობს შვილის გარკვეული მიმართულებით წაძღოლას, ამ უკანასკნელის მხრიდან წინააღმდეგობას აწყდება.
შვილები ადვილად გრძნობენ მშობლის განზრახვას. ისინი მაშინვე ხვდებიან, რომ მშობლის ხელმძღვანელობა, ჩვეულებრივ, იმას ნიშნავს, რომ მას (შვილს) არ იღებენ ისეთს, როგორიც არის. ბავშვი გრძნობს, რომ მშობელი ცდილობს რაღაც მოუხერხოს მას. ასეთი ირიბი კონტროლი აშინებს. მის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება.
აქტიური მოსმენა არ არის მშობლისათვის ხელსაყრელი მიმართულებით ხელმძღვანელობის მეთოდი. როცა მშობელს ეს არ ესმის, ირიბ შეტყობინებებს: გაფრთხილებას, საკუთარ აზრს, ირიბ ზეწოლას – უგზავნის შვილს. აი შვილებთან ურთიერთობისას პასუხებში “გაპარული” მშობლის შეტყობინების რამდენიმე მაგალითი:
ჯინი: ჰოლიმ გამაბრაზა და აღარასდროს ვეთამაშები.
მშობელი: დღეს მასთან თამაში არ გინდა, რადგან გაწყენინა, არა?
ჯინი: არასდროს ვითამაშებ მასთან, არასდროს!
ყურადღება მიაქციეთ, როგორ შეაპარა მშობელმა საკუთარი შეტყობინება: “იმედი მაქვს, ეს დროებითია და ხვალ ბრაზი გაგივლის”. ჯინიმ იგრძნო მშობლის სურვილი შეეცვლევინებინა მისთვის აზრი და მეორე შეტყობინებაში გადაჭრით შეატყობინა საკუთარი აზრი.
აი, მეორე მაგალითი:
ბობი: რატომ არის ცუდი მარიხუანას მოწევა? სიგარეტისა და ალკოჰოლისაგან განსხვავებით ის მავნე არ არის. ვფიქრობ, სწორი არ არის მისი აკრძალვა. კანონი უნდა შეცვალონ.
მშობელი: შენი აზრით, კანონი უნდა შეიცვალოს, რომ უფრო და უფრო მეტმა ბავშვმა იზარალოს!
აშკარაა, რომ მშობელი ცდილობს შვილს მარიხუანაზე აზრი შეაცვლევინოს. გასაკვირი არ არის, რომ შედეგს ვერ აღწევს, რადგან მის პასუხში საკუთარი შეტყობინება ჩანს, იმის ნაცვლად, რომ ეცადოს მხოლოდ შვილის შეტყობინება გაიგოს ზუსტად. სწორი რეაქცია დაახლოებით ასეთი იქნებოდა: “შენი აზრით, აუცილებელია მარიხუანას დაკანონება?”
კარის ჯერ გაღება და შემდეგ მიჯახუნება
თავდაპირველად აქტიური მოსმენის გამოყენებით ზოგი მშობელი შვილს ურთიერთობისათვის კარს უღებს, ხოლო შემდეგ უჯახუნებს, რადგან დიდხანს არ შეუძლია აქტიური მსმენელის როლში ყოფნა და შვილის ბოლომდე მოსმენა. “მოდი, მითხარი რა გაწუხებს, გავიგებ”, ეუბნება მშობელი შვილს, მოსმენის შემდეგ კი სწრაფად ხურავს კარებს, რადგან არ მოსწონს ის, რაც ესმის.
ექვსი წლის კელი მოწყენილია, დედა მზადაა უშველოს:
დედა: მოწყენილი ხარ? [აქტიური მოსმენა.]
კელი: ფრენკმა ხელი მკრა.
დედა: ალბათ, გეწყინა. [აქტიური მოსმენა.]
კელი: არა. წავალ და პირდაპირ სიფათში დავაკერებ.
დედა: კარგი საქციელი არ იქნება. [შეფასება.]
კელი: არ მადარდებს. აი ასე დავარტყამ [ხელით აჩვენებს.]
დედა: კელი, ჩხუბი არ არის მეგობრებთან კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო გზა. [ჭკუის სწავლება.] იქნებ წახვიდე და უთხრა, რომ შერიგება გინდა? [რჩევის მიცემა, გადაწყვეტილების შეთავაზება.]
კელი: ხუმრობ? [სიჩუმე.]
კელის კარი მიუჯახუნეს, ურთიერთობა შეწყდა. შეფასებით, ჭკუის სწავლებით და რჩევით მშობელმა ხელიდან გაუშვა შანსი დახმარებოდა შვილს საკუთარ გრძნობებში გარკვევაში და საკუთარი ძალებით პრობლემის კონსტრუქციული გადაჭრის გზების მოძებნაში. გარდა ამისა, კელი მიხვდა, დედას არ სჯერა, რომ შვილს შეუძლია ამგვარი პრობლემების გადაჭრა, არ იზიარებს მის ბრაზს, კარგ ბიჭად არ მიაჩნია და, უბრალოდ, ვერ უგებს.
აქტიური მოსმენა წარუმატებელია თუკი ბავშვს ჯერ გამოვიწვევთ საკუთარი გრძნობების გამოსახატავად, ხოლო შემდეგ შეფასებას, განსჯას, ჭკუის სწავლებას და რჩევებს მოვახვევთ. ის მშობელი, რომელიც ასე იქცევა, მალე აღმოაჩენს, რომ შვილი მისდამი ნდობას კარგავს და სწავლობს, რომ მშობელი მხოლოდ იმიტომ იწვევს გულახდილად სასაუბროდ, რომ შემდეგ მოსმენილი მისივე შეფასებისა და კრიტიკისათვის გამოიყენოს.
უაზრო გამეორება
მორიგ მეცადინეობაზე ბ-ნი თ. აქტიური მოსმენის პირველი წარუმატებელი ცდის შემდეგ აღელვებული მოდის. “ჩემმა ბიჭმა დამცინავად შემომხედა და მითხრა, რომ მოვეშვა მისი ნათქვამის გამეორებას”. ბ-ნ თ-ს ის დაემართა, რაც ბევრ სხვა მშობელს, რომლებიც უბრალოდ “უკან აბრუნებენ” ან უაზროდ იმეორებენ შიშველ ფაქტებს და არ ცდილობენ შვილების გრძნობებში გარკვევას. მათ ავიწყდებათ, რომ ბავშვის სიტყვა გრძნობების გამომხატველი შიფრია. შიფრი არ არის შეტყობინება; მისი გაშიფვრა მშობელმა უნდა შეძლოს.
“ჭუჭყიანი, აყროლებული სკუნსი ხარ”, გაბრაზებული ეუბნება ბავშვი მამას.
რა თქმა უნდა, ბავშვმა იცის განსხვავება მის მამასა და სკუნსს შორის, ამიტომ მისი ნათქვამი არ უნდა მივიღოთ “მამა, შენ სკუნსი ხარ”. ეს კონკრეტული შიფრი მხოლოდ ორიგინალური გამოხატვაა ბავშვის უკმაყოფილებისა.
მამა თუ ასე უპასუხებდა: “შენ სკუნსად მთვლი”, – ბავშვი ჩათვლიდა, რომ მშობელმა ვერ გაიგო მისი სიტყვების ჭეშმარიტი აზრი. თუ მამა ჰკითხავდა: “ბრაზობ ჩემზე?” ბავშვი დაუდასტურებდა და მიხვდებოდა, რომ მამას მისი ესმის.
ქვემოთ მოტანილ მაგალითებში ჩანს განსხვავება მექანიკურად ასახულ შიფრსა და იმ შემთხვევას შორის, როცა მშობელი ჯერ გაშიფრავს და შემდეგ ატყობინებს ბავშვს, რომ გაიგო მისი ჭეშმარიტი გრძნობები.
1. ბილი: ჩემამდე არასოდეს აღწევს ბურთი, როცა თამაშში დიდები ერთვებიან.
მშობელი: შენამდე ვერ აღწევს ბურთი, როცა დიდი ბავშვები თამაშობენ [შიფრის უაზრო გამეორება].
მშობელი: შენც გინდა თამაში და გგონია უსამართლოდ გექცევიან ბურთს რომ არ გაქოდებენ გრძნობების გარკვევა/აღდგენა].
2. ბეტი: ზოგჯერ კარგად გამომდიოდა საქმე, ახლა ცუდად ვსწავლობ. რამდენს ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის არაფერი. რა აზრი აქვს მცდელობას?
მშობელი: შენი საქმე უფრო ცუდადაა, ვიდრე უწინ და რამდენიც არ უნდა ეცადო, არაფერი გშველის [შიფრის უაზრო გამეორება].
მშობელი: ეჭვი შეგეპარა საკუთარ შესაძლებლობებში და გინდა ხელი ჩაიქნიო გრძნობების გარკვევა/აღდგენა].
3. სემი: შეხედე მამა, ჩემი ახალი კონსტრუქტორით თვითმფრინავი გავაკეთე.
მშობელი: ახალი კონსტრუქტორით თვითმფრინავი გააკეთე [შიფრის უაზრო გამეორება].
მშობელი: ალბათ, ამაყობ ამ თვითმფრინავით არა [გრძნობების გარკვევა/აღდგენა].
აქტიური მოსმენის დასაუფლებლად საჭიროა პრაქტიკა. გამოცდილება გვიჩვენებს: მშობელთა უმრავლესობამ, რომლებმაც ისწავლეს და შეასრულეს სპეციალური საწვრთნელი ვარჯიშები, გასაოცარ ოსტატობას მიაღწიეს აქტიური მოსმენის ხელოვნებაში.
ემპათიის გარეშე მოსმენა
სითბოსა და ემპათიის გარეშე მოსმენა რეალური საფრთხეა იმ მშობლისთვის, რომელიც მხოლოდ თეორიულ დონეზე ცდილობს აქტიური მოსმენის უნარების დაუფლებას. ემპათია კომუნიკაციის ხარისხის მაჩვენებელია, რომელიც მსმენელს (ბავშვს) აგრძნობინებს, რომ მას უთანაგრძნობენ, მის ადგილზე შეუძლიათ თავის წარმოდგენა.
ყოველ ჩვენგანს გვსურს, სხვებს ესმოდეთ არა მხოლოდ ის, რასაც ვამბობთ, არამედ ამ ნათქვამში ჩადებული გრძნობაც. ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. შესაბამისად, მათ კომუნიკაციას მუდამ ახლავს გრძნობები: სიხარული, სიძულვილი, გულგატეხილობა, შიში, სიყვარული, წუხილი, ბრაზი, სიამაყე, ფრუსტრაცია. როცა მშობელი არ გამოხატავს ემპათიას, ბუნებრივია ბავშვი გრძნობს, რომ ყველაზე არსებითი რამ, მისი გრძნობები ვერ გაიგეს.
შესაძლოა აქტიური მოსმენის პირველი მცდელობებისას ყველაზე გავრცელებული შეცდომა სწორედ ბავშვისეულ შეტყობინებაში ემოციური კომპონენტის უგულებელყოფაა.
თერთმეტი წლის რებეკა დედასთან შერბის სამზარეულოში:
რებეკა: სკოტი [მისი 9 წლის ძმა] მავნებელია. ისეთი უნამუსოა! კარადიდან მთელი ჩემი ტანსაცმელი გადმომიყარა. მეზიზღება. მზად ვარ მოვკლა, როცა ასე იქცევა!
დედა: არ მოგეწონა ასე რომ მოიქცა, ხო!
რებეკა: არ მომეწონა?! მეზიზღება! მეზიზღება!
რებეკას დედას შვილის სიტყვები ესმის, გრძნობები არა. რებეკა გაბრაზებული და სიძულვილით სავსე. პასუხით “სკოტმა მართლაც გაწყენინა”, რებეკა მიხვდებოდა, რომ დედას ესმის მისი გრძნობების. როცა დედა მხოლოდ რებეკას წყენას აღნიშნავს გადმოყრილი ტანსაცმლის გამო, შვილი ხვდება, რომ ვერ გაუგეს და მომდევნო შეტყობინებით ცდილობს “შეუსწოროს” დედას, “არ მომეწონა?! [თავაზიანი ნათქვამია]”, “მეჯავრება [სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი]”.
ექვსი წლის კერი ეწინააღმდეგება მამას, რომელიც წყალში შესვლას სთხოვს. ოჯახი სანაპიროზე ისვენებს და მამას სურს ეს შესაძლებლობა გამოიყენოს.
კერი: არ მინდა წყალში. ძალზე ღრმაა და ტალღების მეშინია!
მამა: ჰო, წყალი შენთვის ძალიან ღრმაა.
კერი: მეშინია! გთხოვ, ნუ მაძალებ!
მამა ვერ იგებს შვილის შეტყობინებას და ეს ნათლად ჩანს მის პასუხში. კერი წყლის სიღრმის შეფასებას კი არ ამცნობს, ის ევედრება: “ნუ დამაძალებ წყალში შესვლას, ძალიან მეშინია!” მამას შეეძლო მისი განცდისათვის ასე ეპასუხა: “გეშინია და არ გინდა დაგაძალო წყალში შესვლა”.
ზოგიერთ მშობელს ერიდება ან ეშინია როგორც საკუთარი, ისე სხვისი გრძნობის. ისინი თითქოს უგულებელყოფენ შვილის გრძნობებს, რადგან ვერ ეგუებიან მათ (გრძნობების) არსებობას. ზოგჯერ ცდილობენ ეს გრძნობები უკანა პლანზე გადაიტანონ და განზრახ გაურბიან მათ აღიარებას. არიან ისეთებიც, რომლებსაც ისე ეშინიათ გრძნობების, რომ არ შეუძლიათ მათი “დანახვა” შვილის შეტყობინებებში.
ჩვენს მეცადინეობებზე ისინი რწმუნდებიან, რომ ბავშვებს (და უფროსებსაც) აქვთ გრძნობები. გრძნობები ცხოვრების განუყრელი ნაწილია და არა რაღაც პათოლოგიური ან საშიში. იმასაც სწავლობენ, რომ გრძნობა წარმავალია და ხანგრძლივად არ რჩება ბავშვთან. მისი წარმავლობის გასაღები მშობლის მიერ აღიარება და გაგებაა, რომელიც ბავშვს ემპათიური აქტიური მოსმენით გადაეცემა. მისი საშუალებით მშობელი შეძლებს სწრაფად გაათავისუფლოს შვილი თვით ყველაზე მძლავრი უარყოფითი ემოციისგანაც კი.
ორი გოგონას ახალგაზრდა მშობლებმა ჰენრიმ და ემიმ კურსების გავლის შემდეგ აღიარეს აქტიური მოსმენის პოტენციალი. ისინი რელიგიურ ოჯახებში გაიზარდნენ. მშობლები ასწავლიდნენ, რომ გრძნობების გამოხატვა სისუსტის ნიშანი იყო და არ შეეფერებოდა ქრისტიანს. ჰენრი და ემი ემოციებს ცოდვად მიიჩნევდნენ, მოყვასი უნდა ჰყვარებოდათ, ენისათვის კბილი უნდა დაეჭირათ, სადილის უფლება მხოლოდ მაშინ ჰქონდათ, თუ დედას თავაზიანად უპასუხებდნენ.
ასეთი რწმენით გაზრდილებს გაუჭირდათ საკუთარი შვილების გრძნობების გაგება. თავდაპირველად მათ შვილებთან ურთიერთობაში ემოციების არსებობა აღიარეს. შემდეგ საკუთარი გრძნობების გადაცემაც დაიწყეს აქტიური მოსმენის წყალობით.
როცა დარწმუნდნენ ამ ახლებური გულახდილობისა და სიახლოვის სიკეთეში, ჰენრიმ და ემიმ თავდაჯერებულად დაიწყეს საკუთარი მოზარდი შვილების მოსმენა. რამდენიმე თვის განმავლობაში წყნარი, ინტროვერტული და რეპრესირებული გოგონები ექსპრესიულ, სპონტანურ, ეხტრავერტულ, კომუნიკაბელურ და მხიარულ ადამიანებად იქცნენ. ემოციები ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა ამ გათავისუფლებულ ოჯახურ გარემოში.
“ახლა გაცილებით იოლია ცხოვრება, გრძნობების გამო თავს დამნაშავედ არ ვგრძნობთ. ბავშვები უფრო გულახდილები გახდნენ”, აღიარა ჰენრიმ.
აქტიური მოსმენა შეუფერებელ დროს
აქტიური მოსმენის პირველი მცდელობისას წარუმატებლობა განპირობებულია იმით, რომ მშობლები ამ მეთოდს შეუფერებელ დროს მიმართავენ. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია აქტიური მოსმენით გადაამლაშონ.
ზოგჯერ ბავშვებს არ სურთ საკუთარ გრძნობებზე საუბარი ემპათიურ მსმენელთანაც კი, მათ საკუთარ თავთან ყოფნა ურჩევნიათ. ამ დროს საუბარი მათთვის მტკივნეულია. არ აქვთ მშობელთან ხანგრძლივი კათარსისის მომტანი საუბრის დრო. მშობელმა პატივი უნდა სცეს ბავშვის განმარტოების უფლებას. ერთ–ერთი დედა ასე აღწერს მისი გოგონას მიერ გამოყენებულ ხერხზე: “მოდი, არ გვინდა რა! ვიცი, რომ სასარგებლოა შენთან ლაპარაკი, მაგრამ ახლა არ მინდა. მოდი, დედა, შემდეგისთვის გადავდოთ აქტიური მოსმენა”.
ზოგჯერ მშობელს ისეთ სიტუაციაში სურს აქტიური მოსმენის მეთოდის გამოყენება, როცა საამისოდ საკმარისი დროს არა აქვს. მოქმედების ასეთი ელვისებური ტაქტიკა არა მხოლოდ უსამართლობაა შვილის მიმართ, არამედ ურთიერთობასაც ღრმა კვალს უტოვებს. ბავშვი იგრძნობს, რომ მშობელს დიდად არ ადარდებს მისი მოსმენა. ნუ წამოიწყებთ აქტიურ მოსმენას, თუკი საკმარისი დრო არ გაქვთ იმისათვის, რომ შვილის ყველა გრძნობას მოუსმინოთ და გაიგოთ.
ზოგიერთი მშობელი ბავშვის მხრიდან წინააღმდეგობას აწყდება აქტიური მოსმენის მეთოდის გამოყენებისას. ეს მაშინ ხდება, როცა ბავშვს უბრალოდ ინფორმაცია, დახმარება ან სხვა სპეციფიკური რჩევა სჭირდება და არა ხანგრძლივი საუბარი და გულის გადაშლა.
ზოგჯერ მშობელი იმდენად იხიბლება აქტიური მოსმენის მეთოდით, რომ მაშინაც ცდილობს მის გამოყენებას, როცა საჭირო არ არის. ქვემოთ მოცემულია მეთოდის უადგილო გამოყენების რამდენიმე მაგალითი:
1. ბავშვი: დედა, შეგიძლია შაბათს ცენტრში წამიყანო? რაღაც მინდა ვიყიდო.
მშობელი: შაბათს ცენტრში წასვლა გსურს.
2. ბავშვი: რა დროს დაბრუნდებით შენ და დედა სახლში?
მშობელი: ნამდვილად გაინტერესებს, როდის ვბრუნდებით?
3. ბავშვი: თუ საკუთარ მანქანას ვიყიდი, რამდენის გადახდა მომიწევს დაზღვევისთვის?
მშობელი: შენ დაზღვევის საფასური გაწუხებს.
როგორც ვხედავთ, ბავშვებს ხანგრძლივი საუბარი და გულის გადაშლა არ სჭირდებათ. მათ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხი აინტერესებთ. ასეთ კითხვებზე აქტიური მოსმენით რეაგირება ბავშვს არა მხოლოდ საგონებელში ჩააგდებს, არამედ იმედგაცრუებასა და გაღიზიანებას გამოიწვევს. ეს კითხვები პირდაპირ პასუხს მოითხოვს.
ბავშვისთვის კონკრეტული ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, თუკი მშობელი კვლავაც ცდილობს აქტიური მოსმენის გამოყენებას, ბავშვი ბრაზდება. როგორც წესი, ბავშვის გამომეტყველება, წასასვლელად მომზადება, დუმილი, ცქმუტვა, საათზე ყურება და სხვა ის ნიშნებია, რომლითაც ბავშვი გვაგებინებს, რომ თავი უნდა დავანებოთ. შესაძლოა მისგან ასეთი ფრაზებიც მოვისმინოთ:
“ჰო, ალბათ, ასეა”.
“კარგი, მეჩქარება”.
“ჰო, ახლა სხვაგვარად ვფიქრობ”.
“უკვე გვეყოფა”.
“დღეისთვის ბევრი დავალება მოგვცეს”.
“კარგი, ბევრ დროს გართმევ”.
გამჭრიახი მშობელი ამ შეტყობინებების მიღებისთანავე უკან იხევს, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თვლის, რომ ბავშვს პრობლემის გასაღები ჯერ კიდევ არ აქვს მოძებნილი. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ აქტიური მოსმენა პრობლემის გადაჭრის დასაწყისია – საშუალებას აძლევს ბავშვს გამოხატოს გრძნობები და განსაზღვროს პრობლემა. შემდგომ ბავშვი საკუთარი ძალებით ახერხებს პრობლემის გადაჭრას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი