მამის ლოცვები

რაც დედა წავიდა, მხოლოდ ავად ყოფნისას მოდის სიზმრებში. მოდის და საკუთარი ხელით მაჭმევს შემწვარ კარტოფილს. ამჯერადაც ასე მოხდა. სიცხიანი ვიწექი. ჩემი და ნინიას შვილს შესაძლოა ყოველ წუთს გადაეწყვიტა დაბადება. თავს ვერ ვპატიობდი, რომ სიცხის გამო შეიძლებოდა  მისი ამქვეყნად მოვლინების სასწაული გამომეტოვებინა. სადღაც, მიღმიერ სამყაროში მყოფს, როცა ცალი ფეხი აქეთ მქონდა, ცალი კი სხვა სამფლობელოში მედგა, მიტკალივით თეთრ კედელზე დედაჩემის სილუეტი წყალში ჩასხმული მელანივით გამოჩნდა. გამოსახულების კონტური ნელ-ნელა გამკვეთრდა, დაიწმინდა და მისი სახის გარჩევა შევძელი. კარტოფილსა და პურს მაჭმევდა. ოღონდ ახალ შემწვარს არა, გაცხელებულს. ეს მნიშვნელოვანი იყო. ხმას არ ვიღებდით. მხოლოდ სახით ვანიშნებდი, კიდევ მინდა-მეთქი. ისიც მიწვდიდა მოზომილ ლუკმებს. მახსოვს, სახეზე ფანჯრიდან შემომავალი, ფარდებს შორის შემომძვრალი სვეტი მეცემოდა. მწყინდა, დედა რომ უბრად იყო. გაბრაზებულია მის საფლავზე რომ არ მივდივარ – მეთქი – ვფიქრობდი. დედაჩემის სახის მკვეთრი კონტური ნელ-ნელა გაფერმკრთალდა, ბოლოს კი მთლად მოირღვა და აიმღვრა, თუმცა დასასრულს კითხვის დასმა მოასწრო: „მზად ხარ?“

 

მზად ხარ? ეს კითხვა ჩამესმოდა სამშობიაროს იმ სტერილურ ოთახში, რომელშიც ორი დღის შემდეგ ვიჯექი და ველოდი, როდის შემიყვანდნენ სამშობიარო ბლოკში. მამების ოთახიაო, მითხრეს. გული ყელში ამომდიოდა და იქ ფეთქავდა. კითხვები ნაწვიმარზე ამოყრილი სოკოებივით მეზრდებოდა თავში და არც ერთზე არ მქონდა პასუხი. მზად ხარ? მზად ხარ? ვერაფრით ამომეხსნა, რატომ მკითხა დედამ. „ნეტავ ახლა დაბლა იდგე სხვებივით. ჩამოვირბენდი, გკითხავდი და ისევ ფეხდაფეხ ამოვივლიდი ამ კიბეებს. ჯანდაბას, რომ ბახილების ჩაცმა ხელახლა მომიწევდა“ – ვფიქრობდი.

 

სამშობიარო ბლოკში რომ შემიყვანეს თავი ცირკის მსახიობი მეგონა, რომელსაც ურთულესი ილეთი უნდა შეესრულებინა – სიმაღლეზე გაბმულ წვრილ თოკზე გავლა. სწორედ ასე მივუყვებოდი იმ გზას, რომელიც ნინიას სასთუმალთან ჩემთვის დადგმულ სკამამდე მიმიყვანდა და რომლის მილიმეტრებში დაცვაც დამავალეს.

 

შვილის დაბადებას მამის ყურებში ისეთივე წუილი მოსდევს, როგორც ძლიერი აფეთქების შემდეგ ხდება ხოლმე. აფეთქება, როგორც მოვლენის მნიშვნელობა და აფეთქება, როგორც მოვლენის ფიზიკური გამოვლინება. წუილს ნაზად ანაცვლებს ტირილის ხმა, რომელსაც თან ახლავს მუსიკა. ჩემს შემთხვევაში ეს „ქარების სერენადა“ იყო და ძეხორციელი ვერ დამაჯერებდა, რომ ის მოცარტმა ამ მომენტის საუნტრეკად არ შექმნა. როგორც სალიერი აღწერს, სადღაც ძალიან მაღლა, ერთი ბუმბულივით მფრინავი ნოტი ეშვებოდა ჩემკენ, რომელსაც ისევ ჰაერში იტაცებდა ინსტრუმენტის ძალა. ამ დროს ფერები სიმკვეთრის ისეთ ხარისხს იძენს, რომელსაც ვერც ერთი, თუნდაც უძლიერესი ჰალუცინოგენით ვერ მიაღწევ. ხვდები, რომ იქამდე ყვითელი არ იყო ყვითელი, ხოლო ლურჯს არ ეთქმოდა ლურჯი. ესაა მომენტი, როცა ცხადად იჯერებ, რომ ორი, შეიძლება იყოს სამი და ამ სამთა შორის უმცირესი ხდება მთავარი. მაღალ სართულზე მყოფს თითქოს წმინდად ჩაგესმის, როგორ მოძრაობენ ბალახებში ჭიანჭველები და როგორ მიცურავს ზღვის ფსკერზე თევზი.

 

ძალიანაც რომ მოვინდომო, გონებიდან ვერასოდეს წავშლი ძალაგამოცლილი, დაღლილი ნინიას ამღვრეულ თვალებს. იმ წამს მისთვის მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა შევძელი. ერთის, მაგრამ ყველაზე გულწრფელის, რაც კი ოდესმე მითქვამს – მადლობა.

 

  • დავარქვათ? – ვკითხე ოდნავ აზრზე მოსულმა.

 

ნინიამ, ყველაზე მამაცმა გოგომ მათ შორის, ვისაც კი ცხოვრებაში შევხვედრივარ, ღიმილისთვის ძალა მოიკრიბა და თავი დამიქნია.

 

კარლოს ფუენტესი წერს, რომ როცა მშობელი შვილს სახელს არქმევს, ამ სახელით მისგან მძიმე ხვედრის განდევნა სურს. „რემედიოსი“ – ამ მომაჯადოებელმა სახელმა იმ წამსვე მიმაჯაჭვა საკუთარ თავს, როცა ეს ჯადოსნური პერსონაჟი „მარტოობის ას წელიწადში“ გამოჩნდა. გოგონა, რომელიც ბედნიერი არ ყოფილა. ის სულაც არ ეკუთვნოდა აქაურობას და იქნებ სწორედ ამიტომ, მისი ბედისა თუ უბედობის არიდება გვინდოდა ჩვენი შვილისთვის?

 

მერე კი იგონებ ლოცვებს. ნაკუწ-ნაკუწ აკოწიწებ ლექსებიდან, ფილმებიდან, შენი თვალით ნანახიდან ან ყურმოკრულიდან. ერთმანეთზე აწებებ და აღავლენ. იგონებ იმიტომ, რომ არც ერთი არსებული ლოცვა არ გაკმაყოფილებს – მეტს ითხოვ, მეტი გემეტება. გინდა, რომ გზამ დაიფაროს მგზავრობისას, მარილმა წყალში მყოფი, მორფეოსმა სიზმრის უღრანებში შესული, ტრაექტორიამ გზაჯვარედინზე მდგომი, ზურგის ქარმა კეთილი მიზნის დასახვისას და ღიმილმა ბრაზის დროს.

 

ვფიქრობ და ვხვდები, რომ არაფერს ნიშნავს სიტყვები „სასახელო გოგო“, „საამაყო მამულისშვილი“. ამის საპირისპიროდ ერთადერთს ითხოვ – იყოს ის, ვინც უნდა, რომ იყოს და ამ სურვილში იყოს ბედნიერი. მთავარია, ამოხსნას ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომლის მიხედვითაც, როგორც ირაკლი ჩარკვიანმა წაიღიღინა, დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს და ყველაზე მეტად ის გამახარებს, თუკი მდინარის იმ ნაპირზე იდგება, სადაც უანგარო სიყვარული შეუძლიათ. და თუ მოუნდება, იყოს საამაყო. მე და ნინიას გვეუბნებოდნენ, ცოდოა, გაიზრდება და კლასელები დასცინებენ სახელის გამოო. შეიძლება ასეც იყოს. მე არ გავბრაზდები მის კლასელებზე, მაგრამ ჩემი ბრაზის მოთოკვაზე მნიშვნელოვანი ის მგონია, თავად შეძლოს ამ ბრაზის ღიმილად გადაქცევა. ისევე, როგორც ალბუს დამბლდორი აქცევს ბნელი ლორდის მიერ წარგზავნილ შუშის ნამსხვრევებს ქვიშად. გაუღიმოს და სიტყვებზე, ეს რა სახელი გქვიაო, უპასუხოს: „მე მქვია რემედიოსი“.

 

ვისურვებდი, რომ მეგობრები აირჩიოს არა ჩაცმულობის, არამედ იმ ნაპერწკლის მიხედვით, კეთილ ადამიანებს რომ უთამაშებთ თვალებში. თუმცა ჯერ იმას ვნატრობ, რომ თავადაც არასდროს ჩაუქრეს ეგ ნაპერწკალი. კარგი იქნება თუ აღმოაჩენს, რომ სიმდიდრე საკრედიტო ბარათის ბრწყინვალებაში ან საფულის სიმძიმეში კი არა, იმ სახლების სურნელში იმალება, სადაც კარგი ადამიანები ცხოვრობენ; რა მადლიერი ვიქნები, თუკი წარმატებად რომელიმე დიდი კომპანიის მაღალი რგოლის მენეჯერობას კი არ ჩათვლის, არამედ იმას, რომ გათენდა და მზე ისევ თავის ადგილზეა; როგორ გამახარებს, თუ აღმოაჩენს, რომ ყველაზე ძლიერი იარაღი ატომური ბომბზე მეტად, გულითადი სალამია, რომლის თქმაც არ დაეზარება.

 

შვილი, სხვა არაფერი რომ არ მოიმოქმედოს, ამქვეყნად მოსვლით უკვე აკეთებს განუმეორებელ რამეს – მშობელს ხელახლა დაბადების შანსს აძლევს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვილი ღამით იმიტომ კი არ ტირის, აქაოდა შემიძლია და ამის პრივილეგია მაქვსო. არამედ იმიტომ, რომ თავისდაუნებურად გაძლევს შანსს, მასთან უფრო მეტი დრო გაატარო.

 

დრო მოვა და რემედიოსი ამ წერილს წაიკითხავს. მოგვიანებით კი მის გააზრებასაც შეძლებს და შემოქმედს მხოლოდ იმას ვთხოვ, რომ ამ მომენტში მის გვერდით ვიყო. მანამდე კი ერთი მოკრძალებული სურვილი მაქვს: მალე გავცივდე, ტემპერატურა თუნდაც 45-ზე ავარდეს, საწოლში ჩავწვე და ძილში ისევ მოვიდეს დედაჩემი კარტოფილით ხელში. ფანჯრიდან შემოვარდნილი სინათლის სვეტი მომიჩრდილოს და მე კმაყოფილი სახით დაველოდო შეკითხვის გამეორებას, რადგანაც პასუხი უკვე ვიცი.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

comments