ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მაჩვი ხარ თუ ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი?

რეზო ინანიშვილი რომ სიტყვის ჯადოქარია, ამაში არაფერია ახალი, მაგრამ მისი მოთხრობა „ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი“ უმაღლესი ვირტუოზობაა მინიატურულ პროზაში. გაპიროვნებაც არის და გაპიროვნებაც… ერთ პაწია ფოთოლში ჩადო ამდენი გამომსახველობა – არ ვიცი, ამას რა ვუწოდო. სიტყვები უძლურია ტექსტის ასეთი ექსპრესიის შესაფასებლად… მოთხრობა – ურიცხვი მრავალწერტილით წასაკითხი… და ჩემს წერილშიც უთვალავი მრავალწერტილი გაჩნდება ალბათ.

ეს მოთხრობა მეექვსე კლასში ისწავლება. არადა ისეთი ღრმად ფილოსოფიური და ემოციური ტექსტია, ალბათ დიდობაში უნდა ვიკითხოთ ხოლმე, რომ არ დაგვავიწყდეს ჩვენი მისია, ცხოვრების პროზამ არ გაგვინელოს უნარი სიყვარულისა და… თავგანწირვისა. ამ სიტყვას თანამედროვე ადამიანი შავი ჭირივით უფრთხის. თანამედროვეობამ უმაღლეს რეგისტრში აიყვანა სიცოცხლით ტკბობა და ხშირად გვესმის, რომ სიტყვა „თავგანწირვამ“ დაკარგა მნიშვნელობა, ყავლი გაუვიდა. თანამედროვე ადამიანისთვის არა თავგანწირვა, არამედ საკუთარი ბედნიერებისკენ სწრაფვაა ნიშნეული. ყოფის მთელი რიტორიკა აქისკენ გვიბიძგებს, მაგრამ… აბა, დავფიქრდეთ, იქნებ მთლად ასეც არ არის საქმე; იქნებ თავგანწირულ სიყვარულს ჯერაც არ დაუკარგავს ფასი; იქნებ თანამედროვე ადამიანსაც შეუძლია და სჭირდება უანგარო სიყვარული… ვინ იცის… მაშ, როგორ გავაგებინოთ ბავშვებს ამ მოთხრობის სათქმელი? რაც უნდა უცხო იყოს ეს თემები თანამედროვე ადამიანისთვის, გეტყვით, რომ ეს ნაწარმოები ბავშვებზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს, ყველაფერს ცვლის, ყველას სულში გარდატეხა შეაქვს, რაღაც ისეთისკენ მიგვაქცევინებს გულსა და გონებას, რასაც თითქოს დავშორდით…

რამდენიმე წლის წინ ერთ საოცარ კლასში ეს მოთხრობა ვასწავლე. მერე იმ სკოლიდან წამოვედი, მაგრამ ის ბავშვები… რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მათ რა დამავიწყებს? რამდენიმე წლის შემდეგ ერთმა მათგანმა ნეკერჩხლის წითელი ფოთლის ფოტოზე მომნიშნა ფეისბუქზე და სხვებმაც გულები დააყარეს პოსტს. ავთრთოლდი, გამაოგნა ამ ამბავმა და კომენტარში კითხვა დავსვი: „ბავშვებო, კიდევ გახსოვთ ეს მოთხრობა?“ ერთმა მიპასუხა: მაკა მას, მაგ მოთხრობას რა დაგვავიწყებს? თქვენ ხომ ჩვენ ნეკერჩხლის წითელ ფოთლებად გვაქციეთო… მოსწავლეთა ასეთი რეაქცია ჩემთვის დასტურია იმისა,  რომ არსებობს თემები, რომლებიც არ ძველდება, არ ხუნდება და ნებისმიერი ეპოქის ადამიანს აღელვებს.

ამბავი აუხდენელი სიყვარულისა… ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი ელოდა ირემს, როგორც მისტიკას… წითლად ენთო… როცა მას წარმოვიდგენ, ვხედავ დეკორირებულ, გულის ფორმის ფოთოლს, რომელიც წითლად ანათებს ყველასთვის… ინანიშვილის ენაზე ამას გამოხატავს უცნაური ზმნა – „ღუდღუდებს“. ერთს ეძღვნება მისი არსებაც და სიცოცხლეც, მაგრამ ანათებს ყველასთვის, თვალს აუხელს მუხას, წყაროს, წიფელს, თამელს და იქნებ თვით მუცელგაბერილ მაჩვსაც კი, რომელსაც ვერაფერი გაეგო ფოთლის თავგანწირვისა და სძაგდა ის… ერთი სული ჰქონდა, ენახა მისი მოწყვეტა და სიკვდილი და ბრაზობდა ამ ტუტუცზე, რომელსაც თავისიანებთან წასვლა არ სურდა…

არ ვიცი, მაჩვები ოდესმე გამოდიან თუ არა უკუნეთიდან, ოდესმე ავიწყდებათ თუ არა მუცელი და ოდესმე ძლევენ თუ არა მაჩვობას. მაჩვობა ხომ საშიშ ინფექციასავით ფეთქებადია, რადგან ის კომფორტსა და ნეტარებას ნიშნავს, სურვილთა ასრულებას, კეთილდღეობას, ძღომას და ლეშის სილაღით ტკბობას.

ხოლო ნეკერჩხლის ფოთლობა?.. ვის სურს ნეკერჩხლის ფოთლობა? თრთოლა და ცახცახი იმთავითვე განწირული, აუხდენელი სიყვარულისთვის?.. სიცოცხლის გამეტება სხვის სამსხვერპლოზე და ცხოვრება აუტანელი სულიერი ტკივილებით, თმენით, თვითუარყოფით?..

ნეკერჩხლის ფოთოლი ტანჯვით იმაგრებდა თავს ხის ტოტზე, უძლებდა ქარებს, უძლებდა წვიმას, უძლებდა ჭირხლს, უძლებდა თოვლის სიმძიმეს და მერე – დამდნარი თოვლის ლეშხის ჩამოშვავებას… ის გრძნობდა, – უკიდეგანოა შეყვარებული სულის შეუცნობელში ინტუიციური წვდომა, – მთელი არსებით გრძნობდა, რომ ირემი მოვიდოდა და თვალს შეავლებდა, სიყვარულს მოწყურებული, შეიცნობდა მას და მერე… რაღა მნიშვნელობა ექნებოდა ახდენას, სხეულით ტკბობას, ლეშის დაცხრომას? ალბათ, ფოთოლს ირემი იმიტომ შეაყვარა მწერალმა, რომ სხეული გამოერიცხა.

გრიგოლ რობაქიძის მოთხრობა „ენგადი“ გამახსენდა, სადაც წაწლობის ტრადიციით გაოგნებულ მთავარ გმირს ხევსური უხსნის ამ ურთიერთობის არსს: სიყვარულში ახდენა არ ღირს, „უნდა იწვოდ მხოლოდ“…

და აი, მინასავით უძრავ, ლურჯ ჰაერში გამოჩნდა ხარირემიც, მოწყენილი, მაგრამ ზვიადი… ყველა გაიცქაფა, ტყე გაირინდა… გაოცდა ირემი… აჰა, დადგა წამიც, რომელსაც ნეკერჩხლის ფოთოლი ასეთი წამებით ელოდა, რომლისთვისაც ღირდა დაბადებაც, გაძლებაც და სიკვდილიც… და ფოთოლი მოსწყდა ხეს, ფარფატით დაეშვა ირმის ფეხებთან… ირემს სურდა, გადაებრუნებინა ის და გაეგო, უფლის რა სასწაული იყო ეს პაწაწინა, წითელი ფოთოლი, მაგრამ რაღაცნაირმა კრძალვამ ამის უფლება არ მისცა, გარს შემოუარა ფოთოლს და განწირულად აყვირდა.

მაჩვობა ხანგრძლივი ნეტარებაა, მაგრამ, აბა, თუ შეედრება ნეკერჩხლის ფოთლის წამიერ ნეტარებას, რომელიც უფლის შეცნობას და მეცხრე ცაზე ასვლას ჰგავს? Per aspera ad astra (ეკლიანი გზით ვარსკვლავებისკენ)…

მაჩვობა თუ ნეკერჩხლობა???

ნეკერჩხლის ფოთლის ირმის ფერხთა ქვეშ კვდომის სცენამ ტყე შეცვალა… მუხამ იხილა მრავალსაუკუნოვანი სისულელის კიდევ ერთი მაგალითი, მაგრამ განა რამდენია ასეთი სულელი??? საუკუნეთა სიღრმეებშიც კი თითებზე ჩამოსათვლელი… მაშ, სტატისტიკას აქ რა ხელი აქვს? მუხას ირემივით ბღავილი მოუნდა, ისე ბღავილი, რომ ტანი აბურძგლოდათ გაშტერებულ წიფლებსა და რცხილებს, მაგრამ ეს არ შეეძლო და კვირტების უბეები წვეთებით ევსებოდა… მუხის ცრემლები უფლის მადლია, რადგან კურთხეულია ნეკერჩხლის ფოთლის სიყვარული. ის ერთიანად შეგძრავს, აგათრთოლებს, გაგაკეთილშობილებს, ხოლო მაჩვის ქონიანი დინგის დანახვაზე მხოლოდ გულისრევის შეგრძნება გიჩნდება…

მზარავს მაჩვობა. მაგრამ შემიძლია კი ნეკერჩხლის ფოთლობა? აქ მესამე გზა არ არსებობს… ნეკერჩხლის ფოთოლი ან ხარ, ან – ვერა…

გაუმხელელს გაგიმხელ და გამოგიტყდები: ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი ვარ… შენ?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი