შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ჩვენი გოგონების დაცვის ძალა

ახალი კვლევა გვეხმარება, დავიცვათ გოგონების უსაფრთხოება სოციალურ მედიაში.

ამ სტატიის სახელწოდება განზრახ არის დამაფიქრებელი და გულისხმობს, რომ მშობლებს, მასწავლებლებსა და მოქალაქეებს შესაძლოა, არ შესწევდეთ ძალა, გააკეთონ ერთი შეხედვით მარტივი რამ: დაიცვან თავიანთი შვილები. გვაქვს თუ არა ეს ძალა? ვიცავთ თუ არა უფლებას – კოლექტიურად და ინდივიდუალურად შევცვალოთ ის, რაც ჩვენი გოგონების თავს ხდება?

ეს შეკითხვა დღის წესრიგში იმიტომ დადგა, რომ ადამიანები მსგავსი პრობლემით ხშირად მოდიან ჩემთან კონფერენციებზე ან მწერენ ელექტრონულ ფოსტაზე: „მსურს, შევამცირო მის მიერ სოციალური მედიის გამოყენება, მაგრამ არ ვიცი, შემიძლია თუ არა – ის უკვე ისე ჩართულია მასში. ვაცნობიერებ, რომ სოციალური მედიის მუდმივად გამოყენება საზიანოა მისივე ტვინის განვითარებისთვის, და ვხედავ, რომ სტანჯავს შფოთვა, დეპრესია, მარტოობა, თუმცა არ მსურს, თავი იგრძნოს გარიყულად – ეს მისი დიდი შიშიც არის – და მე ვნებდები. უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ ის კარგად იქნება”.

მე, როგორც ორი ქალიშვილის მამამ, კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს ბრძოლა. გოგონები საკუთარი თავის განვითარებას დიდწილად თავიანთი ურთიერთობების მიხედვით ზომავენ, და სოციალური მედიაც ხომ მთლიანად ურთიერთობებია. მაგრამ ამერიკის პედიატრიული ასოციაცია, ამერიკის სამედიცინო ასოციაცია და ბევრი მკვლევარი ამტკიცებენ, რომ „დროა, დავიბრუნოთ ჩვენი ძალა ბავშვის განვითარების ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრისას”.

კარგი და ცუდი ამბები

 

უმეტეს შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ჩვენი გოგონები უკეთ არიან, ვიდრე ოდესმე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2015 წელს მთელ მსოფლიოში აღიარა, რომ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის სფეროში ქალების შედეგმა მამაკაცებისას გადააჭარბა (ნეგატიური სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ტრეფიკინგის მონაცემების გათვალისწინებითაც კი). კარგი ამბავი ბევრია, მაგრამ რაც ცუდია – ცუდია.

 

კვლევითი ცენტრის პიუსის (Pew)2019 წლის გამოკითხვამ გამოავლინა, რომ გოგონების 36% უჩივის ყოველდღიურ  შფოთვას. ეს სულ რამდენიმე წელიწადში საბაზო რიცხვების  თვალშისაცემი ცვლილებაა. ჩვენი შვილების ტვინი იზრდება, ვითარდება; თუკი ზრდის პროცესში ტვინი იკეტება შფოთვის პასუხებში, ის ნელ-ნელა ცვლის თავის აქტივობას ამ შფოთვასთან მიმართებაში.

 

 

ქალების გაზრდილ შფოთვას სხვადასხვა მიზეზი აქვს – ზეწოლა საზოგადოების, სკოლის, ოჯახის მხრიდან – მაგრამ ერთი რამ, რაც დღეს თითქმის ყველასთვის საერთოა, არის ის, რის მიმართაც მშობლებმა დათმეს თავიანთი ძალა(უფლება).

 

კვლევითმა ცენტრმა პიუსმა 2018 წელს გვიჩვენა, რომ თინეიჯერი გოგონების 95 პროცენტს ხელი მიუწვდებათ „სმარტფონებზე”. Common Sense Media-მ ამავე წელს გამოავლინა, რომ თინეიჯერები ონლაინ დღეში 6-9 საათს ატარებენ. მათი უმრავლესობა აცნობიერებს, რომ სოციალურ მედიაზე „დამოკიდებული” ხდება.

 

ამ სიტყვის გამოყენება არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ბავშვი ერგება სახელმძღვანელოთი განსაზღვრული „დამოკიდებულების” დიაგნოზს, მაგრამ პიუსის მიხედვით, თინეიჯერების 72 პროცენტი თავს გრძნობს ტექნიკური კომპანიების მიერ მართულად, და ხშირად ისინი იმგვარად დამოკიდებული ხდებიან მასზე, რომ ეს ხელს უშლის სხვა სფეროში  წარმატების მიღწევას.

 

„დამოკიდებულებად” მონათვლა შესაძლოა არასწორი იყოს ბევრ ასეთ გოგონასთან მიმართებაში, მაგრამ „არაჯანსაღი დამოკიდებულება” საკმაოდ ზუსტი ტერმინია. იცვლება ტვინის სტრუქტურა, როდესაც თანდათანობით მცირდება დამოკიდებულება მის ნერვულ განვითარებაზე.

 

არაჯანსაღი დამოკიდებულება საკმაოდ ცუდია

 

აღნიშნული მიზეზების გამო ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენი, როგორც მშობლების იდეებს ბავშვის დაცვასთან დაკავშირებით. არ არის აუცილებელი რაიმეს დამოკიდებულება ერქვას, რომ ის „საკმაოდ ცუდი” იყოს. როგორც მშობელი და პროფესიონალი, ვფიქრობ, დროა მივცეთ ტერმინ „არაჯანსაღ დამოკიდებულებას” არსებობის უფლება.

 

როგორ მივხვდეთ, საჭიროა თუ არა ჩვენი ძალაუფლების გამოყენება?

 

იმის შესაფასებლად რამდენად დამოკიდებულია თქვენი ქალიშვილი მოწყობილობებსა და სოციალურ მედიაზე, პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას: საშინაო დავალების ან სხვა მსგავსი მნიშვნელოვანი საქმიანობისას, უთმობს თუ არა თქვენი ქალიშვილი დროს ტექსტინგს, ონლაინსტიმულს, იუთუბვიდეოებს, ინსტაგრამს, სნაპჩატს და ა.შ.? თუ ასეა, თქვენი ქალიშვილი შესაძლოა ხვდებოდეს დღეში 6-9 საათამდე ონლაინკოეფიციენტში და დიდი ალბათობით მისი დამოკიდებულება სოციალურ მედიაზე საკმაოდ მაღალია.

 

მაგრამ ყველა გოგო (და ბიჭიც), ვინც დროს უთმობს სოციალურ მედიას, არ განიცდის შფოთვას. ეს სიმართლეა. თუკი თქვენს ქალიშვილებს შორის ერთ-ერთი უფრო მშფოთვარე  ხდება (განსაკუთრებით მოზარდობისას), მას ალბათ  შფოთვის გენეტიკური მარკერები აქვს. მისი დნმ მის მოზარდ ჰორმონებთან  შფოთვის მიმართ არის განწყობილი და შესაძლოა გამოიწვიოს პოტენციალი დეპრესიის, შფოთვის და/ან გარეგანი ფაქტორებისათვის.

 

ნებისმიერი ბავშვის ტვინისთვის სოციალური მედიის გადაჭარბებული მოხმარება შეიძლება საზიანო იყოს, მაგრამ თუ მისი დნმ უკვე ადრეული, შუა ან გვიანი მოზარდობისას განწყობილია შფოთვისა და დეპრესიისთვის, სოციალური მედია კიდევ უფრო საშიშია. ის ზემოქმედებს დოფამინსა და პარალიმბურ სისტემებზე ისე, რომ შეუძლია მენტალურ ჯანმრთელობაზეც იქონიოს ზეგავლენა.

 

ჩავუღრმავდეთ საკითხს

 

ტვინის ეფექტი არ არის მხოლოდ პირდაპირი ეფექტი, როდესაც ბავშვი სოციალურ მედიას იყენებს, ის ხასიათისა და ცხოვრების სტილის განმსაზღვრელი ეფექტიცაა. ყოველ მათგანს ზეგავლენა აქვს სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე და შესაძლოა გავლენა იქონიოს მენტალურ ჯანმრთელობაზეც.

 

მას შემდეგ, რაც ჩვენი ბავშვების ცხოვრებაში სმარტფონი შემოვიდა, 2007 წელს მიჩიგანის უნივერსიტეტის მომავლის მონიტორინგის პროექტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ გოგონებმა „თვალშისაცემად შეამცირეს” მოლებში, მეგობრებთან, მათთან ერთად კინოში, ვარჯიშებზე და ბუნების წიაღში გატარებული დროის ხანგრძლივობა. ფიზიკური, კოგნიტური და ურთიერთობის აქტივობების ყოველი ასეთი შემცირება გავლენას ახდენს ტვინზე. ციგნას (Cigna) 2018 წლის კვლევებმა გვიჩვენა, რომ თანამედროვე გოგონების მარტოსულობის დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა ისტორიის მანძილზე. გამოკვლეული გოგონების უმეტესობა სოციალური მედიით იყო დაკავებული.

 

გოგონები, რომლებიც განიცდიან შფოთვას, ხშირად ხაზგასმულად განმარტოებული აქტივობებით არიან დაკავებული, როგორიცაა – საძინებელში ფილმის ყურება და თან სხვა გოგონასთან მიმოწერა; მეტი დროის გატარება ონლაინ და იუთუბზე, ვიდრე მეგობრებთან ერთად; სოციალურ მედიისთვის მეტი დროის დათმობა, ვიდრე მეგობრების ვარცხნილობაზე ზრუნვა, ერთმანეთის ტანსაცმლის მორგება ან მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაში.

 

ჩვენი გოგონების ახალი ყაიდის მარტოობამ შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მშობლები: ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი გოგონები მარტონი არ არიან, რადგან მათ ტელეფონებისა თუ მოწყობილობების მეშვეობით „უკავშირდებიან”, თუმცა ეს „კავშირები” უმეტეს შემთხვევაში ძალიან სუსტია.

 

იმისდა მიუხედავად, თქვენი ქალიშვილი მშფოთვარე გახდება თუ არა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადამიანური კონტაქტების დაბალ დონეს (ყალბი ან სუსტი ურთიერთობები სოციალური მედიის მეშვეობით) შეუძლია, შეამციროს მოქნილობა  და თვითშეფასება. კავშირის გარეშე დაკავშირებულები, არასრულფასოვან ურთიერთობებზე დამოკიდებული ჩვენი გოგონები ვერ ააშენებენ საზღვრებს, ვერ გადაჭრიან პრობლემებს, ვერ განივითარებენ მოქნილობას  და, ზოგადად, ვერ გაიზრდებიან.

 

ამერიკის კოლეჯის ჯანმრთელობის ასოციაციის კვლევის მიხედვით 2011 წელს პირველკურსელი გოგონების 31% განიცდიდა ძლიერ პანიკურ/შფოთვით შეტევებს, ხოლო 2016 წლისთვის ეს რიცხვი 62%-მდე გაიზარდა. ერთადერთი რამ, რაც ამ წლებში გავლენას ახდენდა ქალების განვითარებაზე, სოციალური მედიის გამოყენება იყო.

 

განა ჩვენ გვსურს, სქესობრივ მომწიფებამდე და გვიან მოზარდობამდე ჩვენი გოგონებს მეტი შფოთვა და დეპრესია?

 

მომდევნო ნაწილში – ხუთი ქმედება, რომელიც შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი ქალიშვილების გადასარჩენად.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/intl/blog/the-minds-boys-and-girls/201909/the-power-protect-our-daughters?fbclid=IwAR0Z6phi-tJ8CnnJ9FFCHbXN3aLFGP1LuxcYWpJCu68I4bfYX3zWVMc8ZIM

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი