რატომ უჩინარდებიან ბავშვები

(ტუვე იანსონის მოთხრობის, ჯოდი ფოსტერის ფილმისა და დომი შის ანიმაციის მიხედვით)

პირველი ამოსუნთქვა, პირველი კლასი, პირველი სიყვარული – ყოველი ახალი ეტაპი შვილებსა და მშობლებს ერთმანეთისგან აშორებს, თუმცა როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს პროცესი, მისი გადალახვა გარდაუვალია. მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რამდენად შენარჩუნდება ურთიერთობაში ყველაზე ძვირფასი განცდები და ემოციები.

ამ წერილში სეპარაციის პროცესზე ვისაუბრებ, ბავშვებთან თავშეკავებულ დამოკიდებულებასა და ჰიპერმზრუნველობას შორის პარალელებს გავავლებ. თვალსაჩინო ნიმუშებს კი ლიტერატურიდან და კინემატოგრაფიიდან შემოგთავაზებთ.

„ბაო“

2018 წლის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების ნომინაციაში „ბაომ“ (https://www.imovies.cc/ka/movies/878369857/Bao/ENG/MEDIUM) ოსკარი დაიმსახურა.

სათაურს ორმაგი დატვირთვა აქვს: ბაო პოპულარული ჩინური კერძია, ერთგვარი ღვეზელი მრავალფეროვანი შიგთავსებით, რომელსაც ორთქლზე ხარშავენ და ძირითადად საუზმეზე მიირთმევენ. ამავდროულად ბაო მთავარი გმირის კნინობით-ალერსობით სახელადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. გმირისა, რომელიც ფარშით გამოტენილ ცომის გუნდასთან გაუიგივებია ანიმატორს. დანახვისთანავე მისი მოფერება, გულში ჩახუტება და ლოყაზე ჩქმეტა გინდება (ანიმაციის პერსონაჟი ქალბატონების მსგავსად). თუმცა… შვიდწუთიანი სიუჟეტის განმავლობაში „ჩვენი გმირი“ იზრდება, ეცვლება გარეგნობა, მისწრაფებები… დედის დამოკიდებულება კი უცვლელი რჩება! უდავოდ ნაცნობი თემაა: მშობლების უმეტესობისთვის შვილები ხომ მარადიულ ბავშევბად რჩებიან, ხუთი წლისანი იქნებიან ისინი თუ ორმოცდაათის, მაინც პატარები იქნებიან.

ბაოს დედიკოს ემოციებით გაჯერებული მიმიკა და ჟესტები ორჯერ, საკმაოდ მკვეთრად არღვევს ჩინური მელოდიის მშვიდ ჟღერადობას: პირველად ბაო დედის სხეულს რომ მოსწყდება („გამოჩნდება“) და მეორედ, როდესაც გულის რჩეულთან ერთად მშობლიური სახლიდან მიდის (ყოველ შემთხვევაში, ცდილობს).

შვილის დაბადება განშორების პირველი ეტაპია, რაც დედებს არც თუ იოლად გადააქვთ. თუმცა სეპარაციის რთული პროცესი ამით როდი სრულდება. ნებისმიერმა მშობელმა სათანადო მომენტში უნდა გაიაზროს, რომ შვილი მისი განუყოფელი ნაწილაკი არ არის და დამოუკიდებელ ცხოვრებას იმსახურებს. ეს ერთმნიშვნელოვნად აქტუალური თემა რეჟისორ-ანიმატორმა დომი შიმ მართლაც  ოსტატურად შეფუთა ზღაპრული ფაბულით (ცომის გუნდისა და დიასახლისი ქალის ყოველღიური ყოფის მაგალითზე). მან მარტივი და მსუბუქი მხატვრული ხერხებით დაგვანახა, რომ მშობლისგან შვილის გამოყოფის პროცესი მხოლოდ ფიზიკურ განცალკევებას არ გულისხმობს და გაცილებით მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ასპექტია. მშობელმა „ბავშვი“ უნდა „გაუშვას“ და არ „შეჭამოს“ ამ სიტყვების პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. ბაოს გადასანსვლა, სხეულში უკან დაბრუნების მცდელობა რთული სიტუაციიდან გამოსვლის მაგალითად ნამდვილად არ გამოდგება – ბაოს გაუჩინარებით პრობლემები არ ქრება!

დედიკო მერი და სარა 

კიდევ ერთი დედა-შვილი მინდა გაგაცნოთ ფილმიდან „არქეინჯელი“ (https://www.imovies.cc/ka/movies/39494/Black-Mirror/S04/E02/GEO/HIGH).

„არქეინჯელი“ გახმაურებული ბრიტანული ტელე-ანთოლოგიის „შავი სარკის“ მეოთხე სეზონის მეორე ეპიზოდია. თითოეული სერია ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მხატვრული ფილმია, რომელშიც სხვადასხვა მსახიობები თამაშობენ, განსხვავებული გარემო და თემებია წარმოჩენილი. სერიალის იდეის ავტორი და რეჟისორი ბრიტანელი მწერალი-სატირიკოსი, ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ჩარლი ბრუკერი გახლავთ. „არქეინჯელის“ გადასაღებად კი მან მსახიობი ჯოდი ფოსტერი მიიწვია.

ARKANGEL ტექნოლოგიური იმპლანტანტის სახელია, რომელიც საშუალებას აძლევს მშობლებს შვილებს თვალყური ადევნონ, უფრო ზუსტად და უხეშად რომ ვთვათ –  უთვალთვალონ. მარტოხელა მერი თავის სამი წლის ქალიშვილ სარას ამ ექსპერიმენტისთვის ყოყმანითა და სიფრთხილით, მაგრამ მაინც იმეტებს – მან ხომ პარკში სეირნობისას ბავშვი დაკარგა და ძალიან ინერვიულა! ამართლებს თუ არა დედის შიში მის საქციელს? შესაძლოა, ფილმის დასაწყისში მზრუნველ მერის გამოუჩნდეს კიდეც მხარდამჭერები, მაგრამ მნიშვნელოვანია რამდენი მომხრე შერჩება მას ფილმის დასასრულამდე!

დრო გადის და მერი სათვალთვალო პლანშეტის დამატებით ოფციებს იყენებს: აკონტროლებს შვილის სასიცოცხლო მონაცემებს, ჰიდროკორტიზონის დონეს სისხლში, ადრენალინის მერყეობას, განავლის სიმკვრივეს, ჰორმონალურ ცვლილებებს და ბლენდერის დახმარებით მომზადებულ კერძებსა თუ წვენებში შესაბამის პრეპარატს თავისი ინიციატივით, შვილისგან მალულად აზავებს. არც ამას სჯერდება და ქალიშვილის მხედველობის არეალიდან ბლოკავს არასასურველ სანახაობებს: ავ ძაღლებს, სისხლს, ჩხუბის, ძალადობის სცენებს და აშ. რვა-ცხრა წლამდე სარასთვის გარემომცველი სამყარო სანახევროდ გაუჩინარებულია. თუმცა რიგი გაუთვალისწინებელი შემთხვევების შემდეგ, მერი პლანშეტს დროებით აძინებს (მაგრამ სამუდამოდ ვერ თმობს).

მერის ჰიპერმზრუნველობას სავალალო შედეგები მოაქვს, თვალთვალით თავმობეზრებული სარა ერთ დღეს პირველივე შემხვედრ ტრაილერს აჩერებს და გარბის -უჩინარდება. უჩინარდება სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ვინაიდან სათვალთვალო პლანშეტი დამსხვეულია (ახლის შეძენას მერი ვეღარ მოახერხებს, იმის გამო, რომ ARKANGEL წარმატებულ პროექტად არ მიიჩნიეს და გაყიდვიდან ამოიღეს).

რეჟისორი ცდილობს დაგვანახოს, როგორი უსიცოცხლო ყოფილა დედა-შვილის ურთიერთობა გოგონას პარკში დაკარგვიდან ტრაილერით გაუჩინარებამდე. დედა კვლავ სასოწარკვეთილი დარბის ქუჩაში, შვილს დაეძებს და არაფერი გააჩნია ხელჩასაჭიდი. მოსწავლეებთან ერთად, სხვადასხვა ჯგუფში არაერთხელ მინახავს და მისაუბრია ამ ფილმის შესახებ. ბავშვები ერთმნიშვნელოვნად ადანაშაულებენ მერის, იმის გამო, რომ ის მხოლოდ ბლენდერისა და სათვალთვალო პლანშეტის დახმარებით ცდილობდა საკუთარი შვილის პრობლემების მოგვარებას.

მისაღებია შვილებზე ტოტალურად თვალყურისდევნება, მათ ცხოვრებაში უხეშად ჩარევა? – ურთულესი კითხვაა და პასუხის გაცემა მხოლოდ მშობლების პრეროგატივა როდია. არც „არქეინჯელი“ იძლევა ამომწურავ პასუხებს. ეს ფილმი შავ სარკეში საკუთარი ანარეკლის დანახვის კიდევ ერთი მცდელობაა. ჩარლ ბრუკერი და ჯოდი ფოსტერი ციფრული ტექნოლოგიებისა და ფენტეზის მცირე ელემენტების დახმარებით გვაიძულებენ კიდევ ერთხელ გავიაზროთ მანქანების გარეშე რამდენად სწორად ვმართავთ ჩვენს უნარ-ჩვევებს. რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ არ გაუჩინარდნენ ბავშვები, თვალთვალის გარეშე როგორ უნდა დავინახოთ, შვიცნოთ და მივიღოთ ისინი.

უჩინარი ნინი და დედა მუმინი

მეოცე საუკუნის ლიტერატურაში ნაკლებად მიოიძებნება ისეთი წიგნები, ერთნაირი ინტერესით რომ კითხულობს დიდი თუ პატარა.  და გაცილებით ცოტაა ისეთი საბავშვო მწერლები მშვენიერ სადიდო ტექსტებსაც რომ ქმნიან. სწორედ ასეთი ავტორების  რიცხვშია ტუვე იანსონი. რა თქმა უნდა ის არ გახლავთ პირველი მეზღაპრე, უცნაური არსებებით დასახლებული სამყარო რომ გამოიგონა. მაგრამ… როგორ მოახერხა უფროსების გულების დაპყრობაც, რაში იმალება მისი საიდუმლო? ლიტერატურათმცოდნეები და ფსიქოლოგები მიზეზს იოლად ხსნიან: მუმინსაგაში სახლი არსი უმნიშვლენელოვანესი, ყველაზე მიმზიდველი ადგილი, ის ტუვეს ზღაპრული სამყაროს ცენტრია, ისეთი ადგილია, სადაც გსურს იცხოვრო, სადაც შესაძლებელია საოცნებო ბავშვობა გაატარო.

მუმინების დედა იდეალური დედაა და ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც გვიყვარდება მუმინების შესახებ დაწეტრილი წიგნები. მის დიდ, შავ ჩანთაში ეტევა ყველაფერი, რაც უსათუოდ საჭირო და აუცილებელია. მას მუდამ მზად აქვს უგემრიელესი კერძები და სასმელები. რაც ყველაზე მთავარია, დედა მუმინს უპირობო სიყვარულით უყვარს თავისი ვაჟი, მუმინტროლი, ყოველთვის ემხრობა მის იდეებს, მხარს უჭერს მის ნებისმიერ სურვილსა და წამოწყებას. არ ზღუდავს და მზადაა ხანგრძლივ და ხიფათიან მოგზაურობაშიც კი გაუშვას. მარტივად რომ ვთქვათ, გვერდში უდგას და უგებს. ალბათ დამეთანხმებით, რომ უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც შენი ესმით!

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო დედა მუმინის სახლი საუკეთესო ადგილია ნებისმიერი ბავშვისთვის. სწორედ ამიტომ, ერთ წვიმიან საღამოს ტუუტიკი სწორედ იქ მიიყვანს პატარა ნინის (ასე იწყება ტუვე იანსონის „უჩინარი ბავშვის“ სევდიანი ამბავი). როგორც ირკვევა, პატარა ნინის ახლობლები არ ჰყავდა, მისი აღმზრდელი დეიდა კი „ყინულივით ცივი იყო და ირონიული.“ მზრუნველობისა და სითბოს გარეშე პატარა გოგონა ნელ-ნელა გაფერმკრთალებულა და უჩინარი გამხდარა. თურმე, „ადამიანს ხშირ-ხშირად თუ შეაშინებ, ადვილი შესაძლებელია გაუჩინარდეს!..“

რა მეთოდებითა და ხერხებით უნდა გადაიჭრას ნინის პრობლემა? პასუხებს ამ ურთულეს კითხვებზე კიდევ ერთი, ზღაპრულად შეფუთული ამბავი იძლევა. ნინის გამოჩენა ფსიქოლოგიური ქვეტექსტებით დატვირთული, აბზაც-აბზაც თვალყურსადევნებელი პროცესია. „უჩინარი ბავშვი“ მიგვანიშნებს, როგორ უნდა მოვექცეთ ნებისმიერ პატარას ჩვენს გარშემო (როგორ აღმოვაჩინოთ, „გამოვაჩინოთ“ მისი შინაგანი სამყარო) და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ტუვე იანსონის ზღაპრები და მოთხრობები ემპათიის ნამდვილი სახელმძღვანელოებია.

კომენტარები

comments