პარალელები იაკობ გოგებაშვილის ნოვატორულ იდეებსა და სწავლების თანამედროვე მეთოდებს შორის

იაკობ გოგებაშვილი XIX საუკუნის პედაგოგიური აზროვნების ნოვატორია. მისი პედაგოგიკური კონცეფცია მთლიანად განმავითარებელი სწავლების  იდეაზეა დაფუძნებული. მის მიერ შედგენილი შეუდარებელი სახელმძღვანელოები  დიდაქტიკური შინაარსითა  და აგების მეთოდიკური ორიგინალური სტრუქტურით გამოირჩევა.

ქართული წერა-კითხვის სწავლების ისტორიაში იაკობ გოგებაშვილმა პირველმა გამოიყენა ბგერითი ანალიზური მეთოდი. ,,წერა-კითხვისა და, საერთოდ, ქართული ენის სწავლება დაეფუძნა შეგნებულობის, მისაწვდომობის, თვალსაჩინოების, აქტიურობისა და სისტემატურობის დიდაქტიკურ პრინციპებს; ნაცნობიდან უცნობზე, ადვილიდან ძნელზე, მარტივიდან რთულზე თანდათანობითი გადასვლის წესებს. ამგვარი სწავლების სისტემის შემოღება იმ დროისათვის დიდი ნოვატორობა იყო და ქართული პედაგოგიკური აზროვნების განვითარების ისტორიაში რევოლუციას უდრიდა’’ (ვ. რამიშვილი).

იაკობ გოგებაშვილი თავისი ნოვატორული იდეებით დროს ბევრად უსწრებდა. ფაქტია,  XXI საუკუნის სწავლების თანამედროვე ინტერაქტიური მეთოდები მის მიერ შემუშავებულ მეთოდიკაში გამოიყენებოდა. მაგალითისთვის საკმარისია ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლი კომპეტენციებიდან განვმარტოთ წიგნიერების ცნების შინაარსი: ,,თანამედროვე გაგებით, წიგნიერება არის ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს”.

იაკობის ყოველდღიური ზრუნვის საგანს წარმოადგენდა წიგნიერების დონის ამაღლება. ამ მიზნით ,,დედა ენაში’’ მრავლად იყო წარმოდგენილი  ესთეტიკური თვალსაზრისით საგანგებოდ შერჩეული მოთხრობები, ხალხური ზეპირსიტყვიერების არაჩვეულებრივი ნიმუშები, სასაუბროები, სურათები, სავარჯიშოები, რომლებიც ავითარებდნენ მოსწავლეთა შემეცნებით, შემოქმედებით  და ლოგიკურ აზროვნებას, ლექსიკურ მარაგს, მეტყველებას. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი სწავლების მარტივი კომპლექსური მეთოდებით იყო გაჯერებული. ,,მარტივი საგნებისა და სურათების სინჯვა და აღწერა კითხვა-პასუხის შუამავლობით, ელემენტარული თვალსაჩინო სწავლა უნდა შეადგენდეს ყოველდღიურს სავარჯიშოს. ეს ვარჯიშობა ბავშვს შესძენს რეალურ ცოდნასაც, დაკვირვების ნიჭსაც გაუფურჩქვნის და ენასაც თანდათან გაუმდიდრებს რეალური ლექსიკონით”, – წერდა დიდი პედაგოგი.

ახლა ხშირად ვსაუბრობთ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე. ამ შემთხვევაში მართლაც ნოვატორულია იაკობ გოგებაშვილის მიდგომა.  ,,დედა ენაში’’ შეტანილი ნახატით გათვალსაჩინოებული პირველი წინადადება ,,აი ია’’,  საოცრად დადებით ემოციას იწვევს და მოსწავლეს განაწყობს სწავლისთვის. დადებითი განწყობა კი სხვა არაფერია, თუ არა მოტივაცია. ,,ყველაფერი გენიალური მარტივია!’’ თუმცა, ერთი შეხედვით მარტივი ნახატის მიღმა, რეალურად, ანბანის სწავლებას მეცნიერულად დამუშავებული კომპლექსურად შერჩეული მეთოდიკის სამი ძირითადი პრინციპი: ფონეტიკური, გრაფიკული და სემანტიკური უდევს საფუძვლად. სასკოლო ასაკის დასაწყისში მოსწავლეს აქვს ხატოვანი აზროვნება. სწორედ ამიტომ მას ჯერ ნახატის სახით ეძლეოდა  საგანი, შემდეგ ახდენდა მის წარმოთქმას, გააზრებას და  გრაფიკულად გამოსახვას.

ამ ნოვატორულმა მიგნებამ XXI საუკუნის სწავლების თანამედროვე აქტივობებშიც ჰპოვა ასახვა. გავიხსენოთ კომპლექსური სახის აქტივობა ,,დავხატოთ, აღვწეროთ, დავწეროთ’’. მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, დახატონ რომელიმე ეპიზოდი ტექსტიდან, შემდეგ ხდება ნახატის აღწერა და ბოლოს წერილობით გადმოცემა. მასში გაერთიანებულია სამი ეტაპი და ემსახურება ვიზუალური წიგნიერების – წერითი, ზეპირმეტყველებისა და კითხვის უნარების გამომუშავებას.

იაკობ გოგებაშვილმა გაითვალისწინა, ქართულის, როგორც ფონეტიკური ენის, თავისებურებები და ანბანის სწავლების წერა-კითხვის ხერხის ნაცვლად კითხვა-წერის ხერხი გამოიყენა. ,,ასოები ცალ ცალკე არა საგანს არა აჩვენებენ, არა ჰაზრს არა ხატავენ. ამიტომ სწავლის დაწყება ასოებიდგან ყმაწვილისათვის არის მავნებელი. აი მისცეს ყმაწვილს ხელში ანბანი და ეუბნებიან: ეს ასო არის ა, ეს ბ და სხვანი. ყმაწვილის თავში, რასაკვირველია, არა ჰაზრი არ იხატება. ამიტომ პირველ შეხვედრაზედ ყმაწვილს სწავლა ეჩვენება, როგორც ერთი უაზრო საგანი. ამ მეთოდს, მაშასადამე, შეუძლიან პირველათვე შეაძულოს სწავლა ყმაწვილსა და წაართვას მას წადილი სწავლისა!’’ კითხვის დაწყებით მოსწავლეებს უადვილდებოდათ ანბანის სწავლება, რადგან ნაცნობი, ნახატებით გათვალსაჩინოებული სიტყვების წაკითხვა დადებითი ემოციებით ავსებდა მათ.

ანალიზურ-სინთეზურ მეთოდიკურ პრინციპზე აგებული ,,დედა ენა’’   ბავშვის ლექსიკური მარაგის გამდიდრების, ფრაზის აგებისა და თხრობის, ფანტაზიის, წარმოსახვის, ლოგიკური აზროვნების უნარების განვითარების კომპლექსურ მთლიანობას წარმოადგენს, რომელიც სასარგებლო ინფორმაციის მიღებასთან ერთად, ავითარებს ბავშვის დამოუკიდებელ აზროვნებასა და მეტყევლებას.

ცნობილია, რომ ინტერაქტიური მეთოდებით სწავლება ავითარებს კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარებს. ამ თვალსაზრისითაც პროგრესულია იაკობ გოგებაშვილის ნოვატორული იდეები.  ,,დედა ენაში’’ მოცემული სასაუბროები სასარგებლო ინფორმაციის მიღებასთან ერთად ავითარებდნენ მოსწავლეთა დამოუკიდებელ და შემეცნებით აზროვნებას, მეტყველებას, ლოგიკური მსჯელობის უნარს. აქედან შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ  განმავითარებელი სწავლების იდეაზე აგებული ,,დედა ენა’’ უზრუნველყოფდა მოსწავლეთა ყოველმხრივ აღზრდა-განათლებასა და უწყვეტ განვითარებას. მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის მიერ დიდაქტიკური პრინციპით დალაგებული  სხვადასხვა ჟანრის მასალა ემსახურებოდა მოსწავლეთა ზნეობრივი, ესთეტიკური, შემეცნებითი, ჰუმანური აღზრდის ერთიანი საგანმანათლებლო იდეის განხორციელებას.

დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ინტერკულტურული ასპექტების კვლევა, ანუ ინტერაქცია განსხვავებული კულტურის მქონე ხალხებს შორის. იაკობ გოგებაშვილისთვის, როგორც პროგრესულად მოაზროვნე დემოკრატიული პრინციპების დამცველი ადამიანისთვის მიუღებელი იყო ეროვნებათა შორის კონფლიქტი. ,,ყოველი კაცი ყველა ადამიანს უნდა უყურებდეს განურჩევლად წარმოშობისა და ეროვნებისა, როგორც თანასწორ ძმებს და უღირსად თვლიდეს და ზიზღით ეპყრობოდეს მდაბიო ინსტინქტებით შეპყრობილ იმ ადამიანებს, რომლებიც სარგებლობენ ადამიანთა ეროვნული განსხვავებით და შუღლსა და მტრობას სთესენ მათ შორის”.

გავიხსენოთ  ,,იავნანამ რა ჰქმნა’’.  ნაწარმოებში ასახული ლეკებისა და ქართველების ურთიერთობა ნოვატორი პედაგოგის თვალით დანახული კულტურათშორისი ურთიერთობების კლასიკური მაგალითია. ,,ქეთოს თავისიანად მიაჩნდა ქართველებიცა  და ლეკებიც, საქართველოც და დაღესტანიც. და რადგან სიყვარული შობს სიყვარულსა, ამიტომ ქართველები და ლეკები თითქოს ეჯიბრებოდნენ ერთმანეთსა, ვინ უფრო მეტს პატივისცემას, მეტს ხათრსა და მეტს სიყვარულს უჩვენებდა ქეთოს“.

იაკობ გოგებაშვილი ძალიან კარგად იცნობდა მსოფლიო პედაგოგიკის კლასიკოსთა თეორიებს. ის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა  სწავლების სხვა ენაზე დაწყებას, რადგან მიაჩნდა, თუ მოსწავლე განათლების მიღებას უცხო ენაზე დაიწყებდა, ამით კავშირს გაწყვეტდა სამშობლოსთან. დიდი პედაგოგი თეორიებზე დაყრდნობით ასაბუთებდა: ,,როცა ქართველს ბავშვს გადაახტუნებენ ქართულს წიგნსა და პირდაპირ მიაჩეჩებენ ხელში უცხო ენის ანბანს, იგი დიდ დაბრკოლებას ხედავს და ხეირიანად ვერ ერევა ამ სიძნელეს. თუ პირველშივე ბავშვს გაუჭირდა შეგნება და შეთვისება უცხო სიტყვათა და გამოთქმათა, მალე შიშიც შეიპყრობს და ბავშვი ადვილად გააზვიადებს უცხო ენის შესწავლის სიძნელეს”.  იაკობ გოგებაშვილს არგუმენტად მოაქვს შედარების მეთოდი, რომლის თანახმად მოსწავლეს უნდა შეძლებოდა მშობლიური ენის აგებულების და თვისებების შედარება უცხო ენის აგებულებასთან და თვისებებთან. ამიტომ იგი აუცილებლად მიიჩნევდა 2 წლის განმავლობაში მხოლოდ მშობლიური ენის სწავლებას. ხოლო შემდგომ  – უცხო ენის. ამასთანავე,  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იაკობი ყოველთვის მოუწოდებდა ახალგაზრდებს ევროპული ენის შესწავლისა და მეცნიერული ცოდნის მიღებისკენ.

შეუფასებელია იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი. დღესაც არ კარგავს აქტუალობას მისი მეცნიერულ-პედაგოგიკური და ნოვატორული იდეები. ეს არის საგანძური, რომელსაც გაფრთხილება და გონივრულად გამოყენება სჭირდება.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ვ.რამიშვილი-იაკობგოგებაშვილი http://www.webmix.ge/vvi/doc.php?doc=1963#s3
  2. ინტერნეტგაზეთი ,,მასწავლებელი’’

http://mastsavlebeli.ge/?action=news&npid=186

  1. იაკობის სამრეკლო. თბილისი1990

(შემდგენლები: თითმერია, ჯ. //ჩილაჩავა, ზ.)

  1. იაკობ გოგებაშვილი

https://burusi.wordpress.com/2009/09/16/iakob-gogebashvili/

 

 

 

 

კომენტარები

comments