პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როგორ გავაანალიზოთ მხატვრული ტექსტი

(მუხრან მაჭავარიანის ერთი ლექსის მაგალითზე)

როდესაც ჩვენს მოსწავლეებს მხატვრული ტექსტის ანალიზის შესახებ ვესაუბრებით, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება სამ ფაქტორს. ეს სამი ფაქტორია ავტორი, ისტორიული კონტექსტი და ტექსტი. ცხადია, იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ ტექსტებთან, რომლის ავტორის შესახებაც არაფერი არ ვიცით, პირველი ფაქტორი გამოირიცხება; ხანდახან მეორე ფაქტორსაც არანაირი დატვირთვა არა აქვს ტექსტის შესწავლისას. აი, მესამე ფაქტორს კი ვერსად გავექცევით, თუნდაც ცალკე აღებულმა ტექსტმა შეცდომაში შეიყვანოს მკითხველი. უკეთ რომ განვმარტო, თუ რაზე მაქვს საუბარი, შემოგთავაზებთ მუხრან მაჭავარიანის ერთი ლექსის ანალიზს სამივე ფაქტორის გათვალისიწინებით. ეს ლექსია „ჭადარს ეტყვის ჭადარი“.

1.რას გვეუბნება ავტორი?

მუხრან მაჭავარიანი ამ ლექსის შესახებ ასეთ ინფორმაციას გვაწვდის: 1949 წლიდან 1952 წლამდე ჩემს ლექსებს დაბეჭდვა არავინ აღირსა: „ფორმალისტურიაო“, „უიდეოაო“. პირველად მხოლოდ 1952 წელს უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ალმანახ „პირველ სხივში“ დაიბეჭდა ჩემი სამი ლექსი: „ჭადარს ეტყვის ჭადარი“, „საბა“ და „კომუნიზმი“. სამივეს დიდი მოწონება ხვდა წილად. „ჭადარს ეტყვის ჭადარი“ განსაკუთრებით უყვარდა ნიკოს (იგულისხმება ნიკო კეცხოველი). ამ ლექსზე მუსიკა დაწერა ანდრია ბალანჩივაძემ. ამ ლექსს მღეროდნენ დები იშხნელები…

თუკი დავეყრდნობით მხოლოდ ავტორის ჩანაწერებს, სინამდვილეს დავშორდებით და აი, რატომ:

სინამდვილეში ლექსი „ჭადარს ეტყვის ჭადარი“ პირველად დაიბეჭდა 1951 წლის ივლისში გორის „სტალინელში“. რასთან გვაქვს საქმე? რატომ ცრუობს ავტორი? საქმე ისაა, რომ თარიღების განზრახ დამახინჯება ლამის ჩვეულებრივი ამბავია, განსაკუთრებით, ეს ახასიათებთ რეჟიმის პირობებში მოღვაწე მწერლებს. მაგალითად, მკვლევრებმა იციან, რომ გალაკტიონის მიერ მითითებული თარიღები ხშირად არასანდოა. გალაკტიონი შეგნებულად უცვლიდა თარიღებს თავის ლექსებს. მუხრან მაჭავარიანის შემთხვევაშიც აშკარაა, რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ გაყალბებასთან. მიზეზი, თუ რატომ მოიქცა ასე მწერალი, მარტივია. როგორც ჩანს, პოეტს სურდა, ეს ლექსი „პარავოზად“ გამოეყვანა, ანუ მკითხველი დაერწმუნებინა იმაში, რომ თითქოს ეს ლექსი რომ არა, სხვა, მეორე ლექსის დაბეჭდვა გაჭირდებოდა. ეს სხვა მეორე ლექსი კი არის „საბა“. ჩვენ, როგორც მკითხველმა, რა თქმა უნდა, პატივი უნდა ვცეთ ავტორის სურვილს, თუმცა ურიგო არ იქნება, თუკი გვეცოდინება ფაქტებიც.

აქვე განვმარტავ მათთვის, ვინც არ იციან „პარავოზის“ მნიშვნელობა, რა არის ეს სიტყვა. ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ხშირად გადააწყდებთ პოსტებს, რომლებშიც პოსტის ავტორები დებენ ცნობილი პოეტების ლექსებს, რომლებშიც ისინი ხან რომელმე ბელადს, ხანაც გაბატონებულ პოლიტიკურ წყობას ასხამენ ხოტბას, შემდეგ კი ნიშნის მოგებით ასახელებენ მითითებული ლექსის ავტორს. კომენტარებში ატყდება ვაიუშველებელი, იწყება პოეტის გაკიცხვა, შერცხვენა და ცოტა თუ უფიქრდება, რასთან გვაქვს სინამდვილეში საქმე. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალები განმარტავენ ლექსების დაწერის მიზეზს, მსგავსი პოსტები მაინც მეორდება. ალბათ თქვენც ბევრჯერ გტკენიათ გული, როდესაც თქვენი საყვარელი პოეტის შემოქმედებაში აღმოგიჩენიათ ისეთი ლექსები, რომლებიც ხოტბას ასხამდა ბელადებს, ლენინს ან სტალინს, დაწერილი იყო, ერთი შეხედვით, კომუნისტური სულისკვეთებით. ხშირად ამ ლექსების არჩვეულებრივი ავტორები სულაც არ ეთანხმებოდნენ თავისივე ლექსების სულისკვეთებას. ეს ლექსები ერთადერთი მიზნით იწერებოდა – დასხლტომოდა ცენზურის მახვილ მზერას და გამხდარიყო ლოკომოტივი პოეტური კრებულისთვის, რათა დღის სინათლე ეხილათ დანარჩენ ლექსებს. თუ ასე არ მოიქცეოდა მწერალი, მაშინ მისი კრებულის დაბეჭდვა იმ დრომდე გადაიდებოდა, ვიდრე რეჟიმი არ შეიცვლებოდა, პოლიტიკური სიტუაცია არ გამოსწორდებოდა, ანუ მწერალს ნაწარმოებები კარგ დრომდე უჯრაში უნდა გადაენახა. ჩემი აზრით, საბჭოთა ბანაკის ქვეყნებში უჯრის მწერლობა ცალკე შესწავლის საგანს უნდა წარმოადგენდეს, ისევე როგორც, ცალკე შესწავლის საგანი უნდა იყოს ე.წ. ლექსი-პარავოზები.

როგორც ვნახეთ, თუკი ლექსის ანალიზისას გავითვალისწინებთ მხოლოდ პირველ ფაქტორს, ანუ ფაქტორს, რომელიც თითქოს ყველაზე უფრო სანდო უნდა იყოს, შეცდომაში შევალთ.

  1. რას გვეუბნება ისტორიული კონტექსტი?

ომის დამთავრების შემდგომ, საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, ქართულ პერიოდულ გამოცემებში აქტიურად დაიწყეს ჯერ ისტორიკოსებმა და ენათმეცნიერებმა პატრიოტული პათოსით გამსჭვალული შეკვეთილი წერილების ბეჭდვა ქართული ისტორიული ტერიტორიების შესახებ. ეს შეკვეთილი წერილები გამოიწვია სტალინის მარცხმა თურქეთის იურიდიულად აღიარებული ტერიტორიების მისამართით. მას შემდეგ, რაც სტალინს არ დაუჭირა მხარი დასავლეთმა, პერიოდიკაში, ჯერ ქართულში, შემდეგ კი სომხურში, მეცნიერებმა დაიწყეს ისტორიული მიწებისთვის პრეტენზიების გამოცხადება თურქული მხარისთვის. ეს წერილები ითარგმნებოდა თურქულ და სხვა ენებზეც და შუქდებოდა უცხოურ პრესაში. მეცნიერების მიერ ატეხილ აჟიოტაჟს მოჰყვა ასეთივე პათოსით გამსჭვალული ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა. მეცნიერთა წერილების (ნიკო ბეძენიშვილი, სიმონ ჯანაშია, არნოლდ ჩიქობავა, ექვთიმე თაყაიშვილი) კვალდაკვალ პრესაში გაჩნდა ემოციური მხატვრული ტექსტები, რომლებიც დაკარგულ ტერიტორიებზე წუხილს ეძღვნებოდა. სასულიერო ლიდერებიც, აჭარის ყადი რასიხ ბერიძე და პატრიარქი კალისტრატეც კი ჩაერთნენ საკითხის განხილვაში. თურმე კრემლს თანამდებობებიც დარიგებული ჰქონია. ლაშა ბაქრაძე წერს, რომ მას ერთხელ ქუჩაში მამამისმა, აკაკი ბაქრაძემ,  დაანახა ტრაპიზონის რაიკომის მდივანი – ვინმე მერკვილაძე, რომელიც ისე მოიაზრებოდა შემოერთებული ტერიტორიის რაიკომის მდივნად, რომ ტერიტორია ჯერ კიდევ თურქეთის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა. ბუნებრივია, ამგვარმა მითქმა-მოთქმამ, აგორებულმა ჭორებმა, ყველაფერმა ერთად მოამწიფა არასწორი აზრი, თითქოს სტალინი დღედღეზე დაუბრუნებდა „საქართველოს“ იმას, რაც ეკუთვნოდა. გასაგებია, რატომაც ჩავსვი სიტყვა „საქართველო“ ბრჭყალებში. იმ პერიოდში ქვეყანა, სახელწოდებით საქართველოს, რუკაზე არ არსებობდა. იმ დროს რუკაზე იყო ერთი დიდი წითელი ლაქა, რომლის ნაწილიც იყო საქართველო, ამიტომაც, ტერიტორია საქართველოს კი არ დაუბრუნდებოდა, როგორც ეს ემოციურად აღიქვეს ქართველებმა, არამედ ტერიტორია დაემატებოდა ამ დიდ წითელ ლაქას, ანუ ქვეყანას, რომლის სახელიც იყო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი. არასწორ მოლოდინებს წერტილი სტალინის გარდაცვალებამ დაუსვა. ნაწარმოებების ჯგუფი, რომლებიც ამ თემაზე შექმნილ ქმნილებებს აერთიანებდა, ვარლამ ჟურულის, ალიო ადამიას, ნესტორ მალაზონიასთან ლექსების მხარდამხარ და ილო მოსაშვილის პიესასთან ერთად, ახალ სიმაღლეზე აიყვანეს ირაკლი აბაშიძემ, გრიგოლ აბაშიძემ, გიორგი ლეონიძემ. სტალინის მიერ წამოწეულ საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ შეწყდა, რაც 1951 წლის 22 ოქტომბერს ხელი მოეწერა პროტოკოლს, რომლის მიხედვითაც თურქეთი 1952 წლის 18 თებერვლიდან ოფიციალურად ხდებოდა ნატო-ს წევრი ქვეყანა. ამას მოჰყვა სტალინის გარდაცვალებაც და სტალინის პოლიტიკური ოცნება, რომელსაც ქართული და სომხური სანუკვარი ოცნება დაერქვა, კრახით დასრულდა. ქართული საზოგადოება იმედგაცრუებული დარჩა, მოგებული დარჩა მხოლოდ ქართული ლიტერატურა, რომელიც ამ ტალღაზე შექმნილი მრავალი სხვადასხვა ხარისხის ნაწარმოებით გამდიდრდა.

ვინც ისტორიულ კონტექსტს გაეცნობა, შესაძლოა დაუშვას, რომ მუხრან მაჭავარიანის ლექსის „ჭადარს ეტყვის ჭადარი“ წაკითხვა სწორედ ამ ჭრილში უნდა მოხდეს. ეს ლექსი, შესაძლოა, საზოგადოებრივი აზრის მოსამწიფებლად არც არის შექმნილი, მაგრამ ფაქტია, რომ პოეტის სხვა ლექსებისგან განსხვავებით, ლექსის დაწერის თარიღის გათვალისწინებით და ამ ლექსის გვერდით გამოქვეყნებულ მეორე ლექსში („საბა“) გამომკრთალი ალუზიის გამო, ცხადი ხდება, რომ ისინი სწორედაც რომ არასწორად შექმნილი და აზვირთებული საზოგადოებრივი აზრის ტალღაზეა დაწერილი. და თუ ეს ასეა, მაშინ ლექსი „ჭადარს ეტყვის ჭადარი“ ე.წ. ლექსი-პარავოზი კი არაა, როგორც ამას თავად ავტორი გვიმტკიცებს, არამედ ამ ლექსში ჩანს, რომ მუხრან მაჭავარიანი, ისევე როგორც მრავალი სხვა იმ პერიოდში მოღვაწე ავტორი, მზად იყო „ეპატიებინა“ სტალინისთვის ჩადენილი არაერთი დანაშაული, თუკი ის ქართველი ხალხის სანუკვარ ოცნებას აასრულებდა და ქვეყანას დაკარგულ მიწებს დაუბრუნებდა. სამწუხაროდ, ასეც რომ მომხდარიყო, ის ფაქტი, რომ მიწებს საქართველო მხოლოდ ფორმალურად დაიბრუნებდა, არავინ უფიქრდებოდა (ან უფიქრდებოდა და ამას ხმამაღლა ვერ იტყოდა. სხვაგვარად როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ სიმონ ჯანაშიას, ნიკო ბერძენიშვილს, არნოლდ ჩიქობავას ან ექვთიმე თაყაიშვილს ეს ყველაფერი არ ესმოდათ).

როგორც ვნახეთ, მეორე ფაქტორის გათვალისწინებით, ანუ ისტორიული კონტექსტის შესწავლით, ლექსის ანალიზი საკმაოდ საინტერესო სურათს გვაძლევს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ცალკე შესასწავლია, სომხურ და ქართულ ლიტერატურაში ისტორიული ტერიტორიების დაბრუნების მოტივზე შექმნილი ლიტერატურული ქმნილებების ჯერ გამოვლენა და შემდეგ უკვე შესწავლა. საინტერესო იქნება, პასუხი გაეცეს შეკითხვას, რამდენად გულუბრყვილოდ ჩაერთნენ მწერლები ამ ტენდენციაში. ამას უნდა დაემატოს იმავე პერიოდის აზერბაიჯანული ლიტერატურაც, ვინაიდან აზერბაიჯანსაც თავის კუთვნილ ტერიტორიას „უბრუნებდა“ სტალინი, მხოლოდ აზერბაიჯანისთვის დასაბრუნებლად განკუთვნილი ტერიტორია არა თურქული იურისდიქციის, არამედ ირანის სახელმწიფოს შემადგენლობაში იყო.

  1. რას გვეუბნება ლექსი?

მესამე ფაქტორის გათვალისწინებით ლიტერატურული ქმნილების კვლევა ალბათ ყველაზე რთულია, რადგან ამ დროს, მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების გამოვლენა, ქვეტექსტებისა და სტრიქონებს შორის დაფარული აზრის ამოკითხვა, გადაკრულ სიტყვებსა და სიტყვების დენოტაციების მიღმა კონოტაციების აღმოჩენა, სიტვებით თამაშის დადგენა, ალეგორიების დეკოდირება, ალუზიების და ინტერტექსტუალური კავშირების იდენტიფიცირება ხდება, ანუ ხდება ის, რასაც ფილოლოგიური ანალიზი ჰქვია.

სანამ ფილოლოგიურ ანალიზზე გადავალთ, გავიხსენოთ ლექსი „ჭადარს ეტყვის ჭადარი“.

გორის ციხის ახლოს მდგარი

ჭადარს ეტყვის ჭადარი:

-აქ რომ ბიჭი თამაშობდა,

ნეტავ ახლა სად არი?!

-შენც ხომ გახსოვს მისი სახე

და მაყვალა თვალები…

ეჰ, მასუკან სულ აქ ვდგევართ

და არ დავიღალენით!

-გახსოვს? ნუთუ აღარ გახსოვს

მისი შავო მერცხალო?!

ნუთუ ჩვენ მას ვეღარ ვნახავთ

ვერც დღეს, ვერცა ხვალაო?

-როგორ არა… ნახავთ! ნახავთ! –

ამბობს სიო შრიალა.

-ის გეწვევათ, მე მგონია,

მაგრამ სოსოდ კი არა –

ისე როგორც ცისარტყელა

ციდან ჩამოტანილი,

და თქვენს ჩრდილში სოსოობას

მოიგონებს სტალინი.

რომც არ ვიცოდეთ მუხრან მაჭავარიანის მონაყოლიდან, როგორ უყვარდა პოეტის დედას აკაკი წერეთელი და შესაბამისად, რამდენად კარგად იცნობდა ის აკაკის შემოქმედებას, შეუძლებელია, თვალში არ მოგვხვდეს ორი სიტყვა, რომელიც საკვანძო ხდება ლექსისთვის. ეს სიტყვებია „ჭადარი“ და „ცისარტყელა“.

ჭადარი ის ხეა, რომელიც გორის ციხესთან, საკრალურ ადგილას ხარობს და ასაკის გამო ემოწმება სხვადასხვა ისტორიულ ფაქტს. აკაკის შემოქმედებაში არაერთხელ გვხვდება სწორედ ჭადარი, რომელიც ამავე ფუნქციის მატარებელია. გავიხსენოთ ისტორიულ თემატიკაზე შექმნილი ნაწარმოებები „ბაში აჩუკი“ ან „თამარ ცბიერი“. „თამარ ცბიერი“ ასე იწყება: საბურთაო მოედანი. წინ დიდი ჭადრის ხე ქვის ტახტით. იქვე მახლობლად, რიონის პირას, ოქროს ჩარდახის ცალი გვერდი მოჩანს. ხმაურობაა… გარემოს აღწერას მოსდევს უკვე გალექსილი ფორმით ბიჭების თამაშობის აღწერა. ინტერტექსტუალური კავშირი აშკარაა: აკაკისთანაც და მუხრან მაჭავარიანთანაც ჭადარი ემოწმება ბიჭების ბურთაობას, რომელიც საკრალურ ადგილას მიმდინარეობს – ერთგან ეს ქვის ტახტია და ოქროს ჩარდახი, მეორეგან კი ციხე. აკაკის ისტორიულ პოემაში მგოსანი ამბობს სიტყვებს: „თვალწინ მეხატვის მაღალი გორა, ზედ აგებული წმინდა ტაძარი და იმის გვერდით თავმომწონებით შტოებგაშლილი დიდი ჭადარი.“ ამ ჭადრის ქვეშ ოცნებობენ საქართველოს ერთიანობაზე, რომელიც ქვეყანამ თამარის, დავითის და გიორგის დროს მიაღწია. თითქოს ეს სტრიქონები ადასტურებს მუხრან მაჭავარიანის ლექსის წაკითხვას მეორე ფაქტორის გათვალისწინებით, ანუ ისტორიული კონტექსტის აქცენტირებით. მაგრამ საქმე ისაა, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს მეორე საკვანძო სიტყვა, „ციასარტყელა“, რომელიც ასევე აკაკის ნაწარმოებებთან ავლენს ინტერტექსტუალურ კავშირებს. პირველ რიგში ესაა, რა თქმა უნდა, ლექსი „რუსთველის სურათზე“, პოემა „თორნიკე ერისთავი“, რომელიც იწყება ცისარტყელას მიერ მოცემული ნიშნით, თითქოს ერი ისევ გაიღვიძებს, რადგან არ მომკვდარა და ასევეპოემის დასასრულში ისევ ცისარტყელას გამოსახვით. პოემის დასასრული არის სიზმარი, სიზმარში ნინო, ქეთევან, თამარი ლოცულობენ საქართველოსთვის და მათი ლოცვის შესმენის ნიშნად ცაზე ცისარტყელა გამოისახება. თითქოს, მესამე ფატორი – უშუალოდ ლექსის ანალიზი – ისევ მიუთითებს, რომ ისტორიული კონტექსტი, სტალინის მიერ საქართველოსთვის ისტორიული ტერიტორიების დაბრუნება და ამ გზით ქვეყნის გაერთოანება უნდა იყოს მუხრან მაჭავარიანის ლექსის იდეა. მაგრამ, როგორც ვხედავთ, პოემაში ცისარტყელა სიზმარში ნანახი ზმანებაა. სიტყვა „სიზმარზე“ კი წარმოუდგენელია არ გაგვახსენდეს აკაკის ლექსი „სიზმარი“, რომელიც იწყება სიტყვებით „ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში“ და სრულდება სიზმრიდან გამორკვეული მგოსნის მწარე რეალობასთან შეჯახებით, რომელსაც ასევე ცისარტყელას გადმოშვება უძღვის წინ, რომლის შუქსაც თან გაჰყვნენ ლეგენდარული პერსონაჟები. რა არის მწარე რეალობა აკაკისთვის? „მე კი დავრჩი… შემეშინდა! მიმოვავლე გარს თვალები… და რა ვნახე იმათ ნაცვლად? სხვა ხალხი და სხვა ქალები! არც თამარი, არც თინათინ, აღარც ნესტან-დარეჯანი! აღარც ერთს არ ეტყობოდა ქართველობის რამ ნიშანი. გული დამწყდა, გამეღვიძა, ნაღვლიანად გამეცინა… ვთქვი: „ნეტავი არ მენახა, საუკუნოდ დამეძინა!“.

რა დაგვანახა მესამე ფაქტორის მიხედვით ლექსის ანალიზმა: ლექსი „ჭადარს ეტყვის ჭადარი“ მხოლოდ ერთი შეხედვითაა სტალინის სადიდებლად (გადამეტებული სიტყვაა) შექმნილი ნაწარმოები. ამ ლექსში იკითხება იგივე აზრი, რაც მუხრან მაჭავარიანის მთელ პოეზიას ლაიტმოტივად გასდევს: ესაა ტკბილ სიზმრებს აყოლილი ქართველი ერის გამოფხიზლების მცდელობა, რათა მათ დაინახონ მწარე რეალობა. სამწუხაროდ, მწარე რეალობის პირდაპირ თქმა გამორიცხული იყო სტალინის არა მარტო სტალინის ეპოქაში, არამედ სსრკ არსებობის ბოლო დღემდე. პოეტი ირჩევს სხვადასხვა პოეტური ხერხებს და ხან ბიოგრაფიულ მოგონებებში გაფანტული სხვადასხვა მინიშნებით ცდილობს, სათქმელი გასაგები გახდეს მკითხველისთვის.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი