პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

გამომცემელი პოეტი – ნიკოლო მიწიშვილი

შემახის გზაზე ვიღაც შავმა, შავნაბდიანმა,

შუაღამისას დაძრა შავი ყარაბახული“.

ნიკოლო მიწიშვილი

 

ამ ადამიანის ბიოგრაფიას თარიღების გარეშე უნდა მოვყვე. თარიღებს მიღმა და მათ მაგივრად შევეცდები გადმოვცე ნიკოლო მიწიშვილის პირადი ტრაგედია, რომელიც სულ არ იყო მხოლოდ პირადი – ათასების ამბავია. ნიკოლო მიწიშვილის ცხოვრება – ლექსები, ცისფერყანწელური სიგიჟე, პარალელურად – საოცრად ნაყოფიერი საგამომცემლო საქმიანობა, ბოლოს კი – დახვრეტა…

დიახ, არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოში იდგა ეპოქა, როდესაც ადამიანებს იმისთვის ხოცავდნენ, რომ თამამი ლექსი დაწერეს ან ბელადის სადღეგრძელო არ შესვეს. ამ ადამიანების ისტორიები ერთმანეთის მსგავსია, ერთნაირად ტრაგიკული და ერთნაირად აღმაშფოთებელიც.

ნიკოლო მიწიშვილი (ნამდვილი სახელი – ნიკოლოზ სირბილაძე) დაიბადა ქუთაისის სოფელ ჯვარისაში. ჯერ ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელი დაუსრულებია, მერე – ქუთაისის რეალური სასწავლებელი. დაამთავრა ორწლიანი სამასწავლებლო კურსებიც. მასწავლებლობდა ვანის რაიონის სოფლებში – ტობანიერსა და საჩინოში. 16 წლისამ გამოაქვეყნა ლექსი ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებაში“.

მერე იყო რედაქტორობა, ჟურნალები, პუბლიცისტიკა, „ცისფერყანწელთა ორდენი“ და მისი აქტიური წევრობა.

რედაქტორობდა თბილისში დაარსებულ ჟურნალ „ფიგაროს“. გამოსცა კრებული „წმინდანიანი“.

ამის შემდეგ ნიკოლო საზღვარგარეთ მიემგზავრება. პარიზში აპატიმრებენ – არ ენდობიან კომუნისტური საქართველოდან გამომგზავრებულს. გასაბჭოების პირველ წლებში განსხვავებულად ხედავდნენ საქართველოს მომავალს. ნიკოლო მიწიშვილიც მოუწოდებდა ემიგრანტებს საქართველოში დაბრუნებისკენ – საბჭოთა ხელისუფლების ამნისტიის სჯეროდათ. თუმცა იმედი სულ მალე გაუცრუვდათ და საბჭოეთის მთელი სისასტიკე, დაუნდობლობა და უსამართლობა საკუთარ თავზე გამოსცადეს.

სწორედ საზღვარგარეთ ყოფნისას დაწერა წერილი „ფიქრები საქართველოზე“. ამ წერილს გამოეხმაურნენ და ავტორის მოსაზრებები გააკრიტიკეს მიხეილ ჯავახიშვილმა, გრიგოლ რობაქიძემ: „საქართველო პასიური მოვლენაა. მისი ენერგია გამოწვეული იყო სხვა, მის გარეშე მყოფ მოვლენისაგან (ენერგია ჭიის, როცა მას ფეხს აჭირებენ). საკუთარ შინაგან აქტივობას მოკლებული იყო საქართველო და მოკლებული იყო, მაშასადამე, შემოქმედების გენიასაც. ამის შედეგია, ჩემის ფიქრით, სიმჩატე ქართველი არსებისა, ქართული ჭკუისა, განწირვა ქართული ხელოვნების, პოეზიის. მე მგონია, ესაა მიზეზი იმისა, რომ ყველაფერი ქართული უდღეოა, რომ ქართული ბედი სწყდება და ტყდება ყოველთვის შუა გზაზე, დაუმთავრებელი, მიუღწეველი…“

როცა ამას წერდა, ნიკოლო მეტისმეტად ახალგაზრდა იყო. შესაძლებელია, ეს განწყობა სწორედ იმ თაობის პესიმიზმით და უიმედობით იყოს გამოწვეული, ან იქნებ ამ შეფასებით საპირისპიროს თქმა სურდა. მისმა შვილმა, ილამაზ მიწიშვილმა, უკვე ახლა, ამდენი წლის შემდეგ, გამოსცა „ფიქრები საქართველოზე“ და შიგ შეიტანა მამის მოსაზრებებზე უამრავი კრიტიკული, ნეგატიური გამოხმაურება – თანამედროვე თუ წინა საუკუნის.

უცხოეთში მიღებულ შთაბეჭდილებებს ნიკოლო „ეპოპეაში“ აღწერს. ის წერს, რომ მისი ახალგაზრდობა უხეიროდ წავიდა და რომ ახალგაზრდობაში ახალგაზრდა არ ყოფილა: „ძნელია, როცა ოცდაშვიდი წლის მანძილზე ერთ მეტრ პირდაპირ გზას ვერ პოულობ: სულ ნამტვრევები, სულ დაჩეჩქვილი ძარღვები. მოტეხილი ვარ“. მიუხედავად ამ განწყობილებისა, პარიზში მან ჩამოაყალიბა „ქართველ ხელოვანთა კავშირი“ და თანამშრომლობდა გრ. ვეშაპელის რედაქტორობით გამომავალ გაზეთ „ახალ საქართველოსთან“.

საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ნიკოლო აქტიურად ჩაება ლიტერატურულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში. რედაქტორობდა ჟურნალ „ქართულ მწერლობას“, სხვებთან ერთად დააფუძნა ლიტფონდი, ხელმძღვანელობდა სახელგამს.

როგორც მისი თანამედროვეები იხსენებენ, ნიკოლოს ჰქონდა დიდი ორგანიზატორული და პრაქტიკული მოღვაწეობის უნარი და ნიჭი. იყო თავისი საქმის მცოდნე გამომცემელი. საგამომცემლო საქმიანობისთვის გუნდში შემოიკრიბა საუკეთესო მხატვრები, მწერლები, სტილისტები, კორექტორები: ლ. გუდიაშვილი, ლ. ქუთათელაძე, ალ. ლორდელი, ძველი სტამბის მუშა -ასოთამწყობი, ალექსანდრე ყაზბეგის მეგობარი ლუარსაბ ხელაძე. მისი ინიციატივით შეიქმნა სახელგამთან არსებული სემინარი სტილისტებისთვის, რედაქტორებისა და კორექტორებისთვის, სადაც ლექციებს კითხულობდნენ არნოლდ ჩიქობავა, ვარლამ თოფურია და სხვები. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იმდროინდელი ქართული გამომცემლობების და, შეიძლება ითქვას, წიგნიერების განვითარების საქმეში.

კონსტანტინე გამსახურდიას „გოტიეს ცხოვრების რომანი“ სწორედ ნიკოლო მიწიშვილის თხოვნით მოუმზადებია, თედო სახოკიას უთარგმნია „დეკამერონი“, ბოროზდინის „სამეგრელო“, მოპასანის „ფუნთუშა“ და სხვ. ნიკოლო მიწიშვილი დაეხმარა ვახტანგ კოტეტიშვილს „ქართული ხალხური პოეზიის“ პირველი ტომის დაბეჭდვაში. როდესაც თბილისში ვერ მოხერხებულა წიგნის აწყობა, ქუთაისში გაუგზავნია.

კომუნისტური ხელისუფლება ყველანაირი ხერხით ცდილობდა ქართველი მწერლობის მორალურ დათრგუნვას და გატეხვას. კომუნისტებთან ზოგი ანგარებით, ზოგი შიშით, ზოგიც ნებაყოფლობით თანამშრომლობდა. არ არსებობდა მწერალი თუ პოეტი, რომელსაც „დიდი ბელადისთვის“ ოდა არ მიეძღვნა. ზოგი ამას ნებით აკეთებდა, ზოგიც – მოვალეობის მოხდის მიზნით, შიშით. მტერი იყო ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა, ვინც ინდივიდუალურობას მალულად მაინც ინარჩუნებდა, ვინც ეჭვს შეიტანდა კოლექტიურ ფიქრებსა და დასკვნებში.

ნიკოლო მიწიშვილიც ერთი მათგანი იყო, ვინც „მტრად“ მიიჩნიეს და გაანადგურეს. ერთი თარიღი უნდა ვახსენო – 1937 წელი. სწორედ ამ წელს დაიწყო მწერლობის ფიზიკური განადგურება. სტალინი ქვეყნის მტრებისგან გაწმენდას შეუდგა. აი, ნიკოლოს მეორე მითი/რეალობაც: მისი დაპატიმრება ბერიას პირადი მოთხოვნა ყოფილა. რეპრესიებამდე ერთი წლით ადრე დრამატურგ სანდრო შანშიაშვილთან წვეულება გამართულა. სუფრასთან ტიციან ტაბიძე, ნიკოლო მიწიშვილი, გიორგი ლეონიძე, შალვა აფხაიძე, აკაკი ვასაძე და სხვები იმყოფებოდნენ. საღამო დასასრულს უახლოვდებოდა, მასპინძელს, სანდრო შანშიაშვილს, ბერიას სადღეგრძელო უთქვამს. მიწიშვილს სადღეგრძელო გაუპროტესტებია. შალვა აფხაიძე იგონებს: „მიწიშვილმა ბერიას გინება დაიწყო. სხვისი წიგნის მიმთვისებელიო, ქურდების მფარველიო, თავისი დამქაშების, დიდი გაიძვერების მიერ დაწინაურებული ატამანიო… მე და ტაბიძე ვაწყნარებდით. ორი დღის შემდეგ ბერიამ ყველაფერი იცოდა. დღესაც მაწვალებს კითხვა – ახლო მეგობრებიდან ვინ იყო ენის მიმტანი? იმ სუფრის ყველა მონაწილე გამოიძახა ბერიამ. მე და შანშიაშვილი იმ დროს ქალაქში არ ვიყავით“.

დრო იყო ასეთი – ვერავის ენდობოდი. გიორგი ლეონიძე იხსენებს: „მე და ტიციან ტაბიძე ბერიამ ცეკაში გამოგვიძახა, გაგვლანძღა და ბოლო გაფრთხილება მოგვცა. მიწიშვილზე თქვა, რომ გინებას არ შეარჩენდა და ციხეში დაალპობდა“. თქვა და აასრულა კიდეც. 1937 წლის 2 ივნისს დააპატიმრეს. ოფიციალურად მას კონტრრევოლუციური ტროცკისტული ცენტრის ხელმძღვანელობა დაბრალდა. დახვრიტეს 1937 წლის 13 ივლისს.

მისი წიგნები გარდაცვალების შემდეგ სულ ორჯერ გამოიცა, ხოლო 2006 წელს გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა ნიკოლო მიწიშვილის „თებერვალი“, „ქართული ქრონიკა რევოლუციის დროიდან. ახალგაზრდობა“, ხოლო გამომცემლობა „ინტელექტმა“ – „ფიქრები საქართველოზე“ და „წმინდანიანი“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი