შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

სინგაპურული მეთოდის სტრუქტურები

როგორც წინა სტატიაში გითხარით, სინგაპურის მეთოდი არის სტრუქტურების (თეზისებისა და ფორმულების) ერთობლიობა (დაახლოებით 250 სტრუქტურა). ზოგადად, სინგაპურის მეთოდოლოგია ჩვეულებრივი სასწავლო პროცესის მართვის მეთოდიკაა. ის არ იძლევა კონკრეტული საგნის მეთოდოლოგიურ ცოდნას. მასწავლებელმა სწავლისას უნდა გამოიყენოს მხოლოდ ინგლისურენოვანი სტრუქტურების სახელები. არავითარი გაკვეთილის გეგმა, მხოლოდ სტრუქტურები, რომლებიც ასახავს მასწავლებლის მუშაობის არსს.

ყველაზე მეტად რაც მომწონს, ის არის, რომ სტრუქტურები ასწავლის მასწავლებელს მუშაობის პრინციპებს. მას აღარ სჭირდება, ეძებოს ინფორმაციის გადაცემის გზები. მასწავლებელი ამ სტრუქტურებით შეზღუდული არ არის, რადგან იგი ჰგავს შენობას შიშველი კედლებით. მასწავლებელმა თავად უნდა შეარჩიოს გაკვეთილის შესაბამისი მოდული, გამოიყენოს იგი სხვადასხვა კომბინაციით და ინდივიდუალურად შეავსოს შინაარსით. იმავდროულად, მასწავლებელი არ არის კლასში ცოდნის ერთადერთი წყარო, რომელიც ყველას კარნახობს, რა უნდა აკეთონ – ის მხოლოდ ეხმარება ბავშვებს განვითარებასა და სწავლაში.

სტრუქტურები მიმართულია მოდელზე „მოსწავლე-მოსწავლე“ და „მოსწავლე-მოსწავლე-რესურსი“, მაგრამ არა „მასწავლებელი-მოსწავლე“. ახალ მასალას ბავშვები დამოუკიდებლად სწავლობენ, ისინი რიგრიგობით ირგებენ მასწავლებლის როლს. მერე კი მასწავლებელი აჯამებს შედეგებს – ითვლება, რომ ასეთი მუშაობა აყალიბებს გუნდურობას და დამოუკიდებლობას.

არ მომწონს, რომ გაკვეთილზე მოსწავლეებს სახელების ნაცვლად მინიჭებული ნომრებით მიმართავენ.

გავეცნოთ რამდენიმე სტრუქტურას.

High five! ეს სტრუქტურა გამოიყენება გაკვეთილის დასაწყისში: მასწავლებელი ასწევს ხელს და ამბობს: „High five!“. მე პირადად გამომიყენებია ხელის აწევა და მისალმება: „გამარჯობა! მზად ხართ? დავიწყოთ?“ პასუხად მოსწავლეებმა ასევე უნდა ასწიონ ხელი და შეხედონ მასწავლებელს. ეს სტრუქტურა გვასწავლის გაკვეთილზე ფოკუსირებას და მუშაობის მომდევნო ეტაპისთვის მომზადებას.

Manage Mat (კლასის მართვის ინსტრუმენტი). მოსწავლეები ნაწილდებიან 4-კაციან გუნდებად. ისინი სხედან შეერთებულ მაგიდებთან, რომელთა შუაგულში მოთავსებულია ცხრილი „Manage Mat“ 1, 2, 3, 4 ნომრებით და A, B, A, B ასოებით. ამგვარად, ყველა მოსწავლეს აქვს განსაზღვრული საკუთარი ადგილი გუნდსა და წყვილებში მუშაობისას. ეს ტექნიკა საშუალებას გვაძლევს, მოხერხებულად და მარტივად გავანაწილოთ მოსწავლეები და განვსაზღვროთ მათი საქმიანობა და როლი გუნდში ეფექტური სასწავლო პროცესის ორგანიზების მიზნით.

სასწავლო სტრუქტურა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: თანაბარი შესაძლებლობები ინდივიდუალურად და ჯგუფებში მუშაობის დროს. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია: ჯგუფებად გადანაწილების შემდეგ აუცილებელია ერთმანეთთან მისალმება და გაღიმება.

Clock buddys (“მეგობრობის საათი” ან “დროის მეგობარი”) – ეს არის სტრუქტურა, რომელშიც მოსწავლეები ხვდებიან თანაკლასელებს “მასწავლებლის მიერ გამოყოფილ” დროს ეფექტური ურთიერთქმედებისთვის.

გაკვეთილის თემა: საშინაო დავალების შემოწმება

წინასწარ მოამზადეთ საათის სურათი. დადექით მაგიდასთან. ბავშვებმა უნდა მონიშნონ საათზე დრო, მაგალითად, 3 საათი და 9 საათი. ჩამოწერონ, ვისთან ისურვებდნენ შეხვედრას ამ დროის განმავლობაში. მასწავლებელი გვთავაზობს შეხვედრას მეგობართან, რომელიც შეირჩევა 9 საათისთვის და საშინაო დავალების განხილვას. მადლობა გადაუხადეთ ერთმანეთს. შემდეგ მასწავლებელი გვთავაზობს მომდევნო დავალების განხილვას 3 საათზე არჩეულ მეგობართან ერთად. დავალებების რაოდენობიდან გამომდინარე, შეხვედრა შეიძლება დაინიშნოს, მაგალითად, 12, 3, 6 და 9 საათზე. განხილვა შესაძლებელია 30 წამის განმავლობაში.

Jot thoughts („ჩამოწერეთ აზრები“) – ეს გახლავათ საგანმანათლებლო სტრუქტურა, რომლის მონაწილეებიც ხმამაღლა ჩამოთვლიან თემის შესაბამის გამოგონილ სიტყვებს, ჩამოწერენ ქაღალდზე და ათავსებენ მაგიდის შუაგულში. თითოეულმა მონაწილემ უნდა შეავსოს 4 ფურცელი, ამიტომ მაგიდის შუაგულში 16 ფურცელი იქნება. ამისთვის შეიძლება მიეცეთ 3 წუთი. დროის ამოიწურვის შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ თთავიანთ მოსაზრებებს.

Tic-Tac-Toe – სტრუქტურაა, რომელიც გამოიყენება კრიტიკული და კრეატიული აზროვნების გამოსამუშავებლად, ტერმინებისა და ცნებების დასამუშავებლად. მონაწილეებმა უნდა შეადგინონ წინადადებები საჭირო სიტყვების (ტერმინების) გამოყენებით. მასწავლებელი თავდაპირველად იყენებს Jot thoughts სტრუქტურას. მოსწავლეები 16 ფურცლისგან ამზადებენ ცხრილს, რომელშიც ჩაწერილია 9 სიტყვა (ტერმინი-ცნება), მოსწავლეები ირჩევენ ნებისმიერი (ვერტიკალური, ჰორიზონტალური და დიაგონალური) მწკრივიდან სამ საჭირო სიტყვას (ტერმინს-ცნებას) და ადგენენ სამ წინადადებას.

Inside-Outside Circle („შიდა და გარე წრე“) – სტრუქტურაა, რომელშიც მოსწავლეები ქმნიან შიდა და გარე წრეებს და ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს.

წრეში მყოფი მოსწავლეები ერთმანეთის პირისპირ დგანან. მასწავლებელი ასახელებს რიცხვს, მაგალითად, 3-ს. ეს რიცხვი მიუთითებს იმ ნაბიჯების რაოდენობაზე, რომლებიც შიდა წრეში მდგომმა მოსწავლეებმა უნდა გაიარონ საათის ისრის მიმართულებით.

თუ კლასიკურ ჯგუფში მუშაობის დროს ბავშვები ყოველთვის მუშაობენ ერთსა და იმავე პარტნიორთან, ამ სტრუქტურის წყალობით შესაძლებელია სხვადასხვა ადამიანთან მოსაზრების გაზიარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური უნარების განვითარებისთვის. მოსწავლეები სწავლობენ სხვადასხვა ადამიანთან კონტაქტს.

მოსწავლემ ახალ თანამოსაუბრესთან შეხვედრისას უნდა თქვას: „გამარჯობა, მოხარული ვარ თქვენი ნახვით. მე ველოდები თქვენს მოსაზრებებს“. შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვას და აძლევს ფიქრის დროს. თითოეულ წრეს ერთი წუთი აქვს პასუხის მოსაფიქრებლად. მოსწავლეები, მას შემდეგ, რაც მოსაზრებებს გაცვლიან, მადლობას უხდიან ერთმანეთს.

ამის შემდეგ მასწავლებლის სიგნალზე ისინი კვლავ გადაადგილებიან. ყოველ ჯერზე -ახალ მეწყვილესთან ერთად უნდა განიხილონ საკითხი. წინასწარი შეთანხმებით შიდა წრეში მდგომი პასუხობს, ხოლო გარე წრეში მდგომი უსმენს. შემდეგ როლებს ცვლიან და გარე წრეში მდგომი მოსწავლე პასუხობს, შიდა წრეში მდგომი კი უსმენს.

Connect-Extend-Challenge (“დაკავშირება, გაფართოება, გამოწვევა”). ეს სტრუქტურა ხელს უწყობს გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნის გაღრმავებას და შესაძლო საფრთხეების განსაზღვრას თემის შესახებ.

Think-Write-Round Robin (“იფიქრეთ-დაწერეთ-განიხილეთ”). ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი სტრუქტურა, რომლის გამოყენებისას მონაწილეები პასუხობენ ნებისმიერ კითხვას, ჩაწერენ და რიგრიგობით განიხილავენ გუნდში. მაგალითად, მასწავლებელი გაკვეთილის დასაწყისში აძლევს მოსწავლეებს თემის შესაბამისს კითხვას. ისინი ფიქრობენ, ჩამოწერენ პასუხებს და რიგრიგობით მსჯელობენ თავიანთ ვარიანტებზე. ყველა მოსწავლე ჩართულია და გამოთქვამს საკუთარ აზრს. ამ სტრუქტურის რამდენიმე ვარიაცია არსებობს, რადგან მისი გამოყენება გაკვეთილის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება.

Stir the class (”აურიეთ კლასი”). ეს არის სტრუქტურა, რომელშიც მოსწავლეები ჩუმად მოძრაობენ საკლასო ოთახში, რათა რაც შეიძლება მეტი იდეა დაამატონ თავიანთ მოსაზრებებს:

– მასწავლებელი სვამს კითხვას ან წამოჭრის თემას და აძლევს ბავშვებს ფიქრის დროს.

– მოსწავლეები ჩამოწერენ რაც შეიძლება მეტ პასუხს მოცემულ დროში და შემდეგ ხმამაღლა კითხულობენ.

– მოსწავლეები დგებიან, ხელს იწევენ და პოულობენ მეწყვლეს.

– მოსწავლეები ერთმანეთს უკითხავენ პასუხებს, აკრიტიკებენ და შემდეგ ჩამოწერენ ახალ იდეებს.

Corners (“კუთხეები”). ეს არის სტრუქტურა, რომელშიც მოსწავლეები სხვადასხვა კუთხეში გადანაწილდებიან პასუხის არჩეული ვარიანტის მიხედვით. მაგალითად:

– მასწავლებელი გაკვეთილის თემიდან გამომდინარე სვამს კითხვას ან აძლევს დებულებას. მაგალითად, “ხელოვანი რომ ყოფილიყავი, ამ ოთხი პროფესიიდან რომელს აირჩევდი: ფოტოგრაფი, მხატვარი, მოქანდაკე ან გრაფიკული დიზაინერი?” მოსწავლეებმა ერთმანეთს უნდა გაუზიარონ თავიანთი მოსაზრებები (დრო – 30 წმ). მასწავლებელს წინასწარ აქვს გაკრული სხვადასხვა კუთხეში სავარაუდო პასუხები. ის აკონტროლებს დროს ტაიმერის გამოყენებით. შემდეგ სთხოვს რამდენიმე მოსწავლეს, გაუზიარონ თავიანთი მოსაზრება და განიხილონ პარტნიორის აზრი.

Quiz-Quiz-Trade (“კვლევა-გამოკითხვა-გაცვლითი ბარათები”). მოსწავლეები ამოწმებენ და ასწავლიან ერთმანეთს განვლილ მასალას, იყენებენ კითხვისა და პასუხის ბარათებს თემის შესახებ.

Mix-Freeze  ჯგუფები. ეს არის სტრუქტურა, რომელშიც მონაწილეები მუსიკის თანხლებით ირევიან. როდესაც მუსიკა შეწყდება, ერთიანდებიან ჯგუფებად და შეთავაზებულ თემას განიხილავენ. ჯგუფები ერთიანდებიან პასუხების მიხედვით: Reble Robin (მოკლე პასუხებისთვის) და Timed-Pea-Shea (დეტალური პასუხებისთვის).

Freierer (Frayer Model). ეს სტრუქტურა ეხმარება მოსწავლეებს ცნებებისა და კონცეფციების ღრმად წვდომაში. მონაწილეები განიხილავენ კონცეფციას სხვადასხვა კუთხით, ჩამოწერენ მის ყველა მახასიათებელს, მაგალითებს და ანტიმაგალითებს (რაც არ შეიძლება იყოს მაგალითი).

Zoom In. ეს ეხმარება ბავშვებს, უფრო კონკრეტულად და დეტალურად განიხილონ ტექსტური ან ვიდეომასალა, უპასუხონ კითხვებს კონკრეტულ თემაზე.

 

რამდენიმე ამ სტრუქტურათაგანი, სავარაუდოდ, გეცნოთ – მათი სხვადასხვა ვარიანტი ჩვენც გამოგვიყენებია, მაგრამ ოდნავ განსხვავებულ კონტექსტში. პირადად მე ვაპირებ პრაქტიკაში მცირედი ინტერპრეტაციით ზოგიერთი მათგანის გამოყენებას. ამაზე მოგვიანებით მოგიყვებით.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

https://docplayer.ru;

https://infourok.ru;

https://eduinspector.ru;

https://ped-kopilka.ru ; https://laughteachlove.com/kagan-inspired-fan-n-pick-manage-mats-free-printable-classroomtips-funinfirstgrade/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი