ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მასწავლებელი მნიშვნელოვანია!

ჟურნალმასწავლებლისსტუმარია უკრაინის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, მელიტოპოლის 23-ე სპეციალიზებული სკოლის პედაგოგი, ინგლისური ენისა და უკრაინული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნატალია კიდალოვა.

 

– თქვენ საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე ბრძანდებით. კონფერენციადემოკრატია სკოლაში“ მიზნად ისახავს საერთაშორისო გამოცდილების ურთიერთგაზიარებას და სამომავლო ერთობლივი პროექტების ინიცირებას. მცირე ხნის წინ თქვენ უკრაინის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო მოგანიჭეს. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოშიც ძალიან საამაყოა. გილოცავთ! საინტერესოა, როგორ ხდება უკრაინაში საუკეთესო მასწავლებლის არჩევა და როგორ ფიქრობთ, რისთვის დაგაჯილდოეს თქვენ?

– დიდი მადლობა მოლოცვისთვის. უკვე მესამე წელია, ჩვენთან Global Teacher Prize Ukraine და ეს არ არის კონკურსი, ეს არის პრემია, რაც მისი გაცემისადმი მიდგომაშიც იგრძნობა.

Global Teacher Prize Ukraine-ის ორგანიზატორი და დამფუძნებელი განათლების საკითხებით დაკავებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „Освіторія“ გახლავთ. სწორედ მან დაამკვიდრა პრემიის გაცემის ფორმატი.

საუკეთესო მასწავლებლის არჩევა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. 2019 წელს უკრაინის მასშტაბით პრემიაზე განაცხადი 2972-მა პედაგოგმა შეიტანა. განაცხადს ჰქონდა ანკეტის სახე. მისი შევსება პრემიის მიღების მსურველს თავადაც შეეძლო, თუმცა ნომინაციაზე მასწავლებლის წარდგენის უფლება ასევე ჰქონდათ სკოლას, მოსწავლეებს, სხვადასხვა ორგანიზაციას, ცალკეულ პირებს.

თითოეულ ანკეტას 4-დან 20-მდე ადამიანი კითხულობდა და განსაზღვრული კრიტერიუმებითა და ქულებით აფასებდა. შეფასებაში ჩართული იყო არაერთი განათლების ექსპერტი, პრაქტიკოსი პედაგოგი, უმაღლესი სკოლის მასწავლებელი.

თავდაპირველად შეირჩა 50 მასწავლებელი, რომელთა ვინაობა ღია ეთერში გამოცხადდა. შემდეგ ჩატარდა მათთან ვიდეოინტერვიუები, დააწერინეს ესეებიც თემაზე „7 შეკითხვა საკუთარ თავს, რომლებზეც პასუხი არ მაქვს“. ეს საკუთარ თავში ჩაღრმავება ძალიან საინტერესო იყო. ჩემი კითხვები უფრო პირადული ხასიათისა გახლდათ.

ამის საფუძველზე საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ექსპერტებით დაკომპლექტებულმა კომპეტენტურმა ჟიურიმ მასწავლებელთა ტოპათეული შეარჩია, რომელშიც მეც მოვხვდი.

ათივე მასწავლებელი სამი დღით ქალაქ ხარკოვში შეგვკრიბეს. შეკრების მიზანი ჩვენი გაცნობა და დამეგობრება იყო. გაიმართა თვითპრეზენტაციები და მასტერკლასებიც წყვილებად (სხვადასხვა საგნების მასწავლებლებს გვაწყვილებდნენ). მე ინფორმატიკის მასწავლებელთან ერთად მომიწია წყვილში ყოფნა და ერთად ვიმუშავეთ თემაზე „აზროვნების დიზაინი განათლებაში“. ჩავატარეთ ღია გაკვეთილები.

ეს მართლაც საინტერესო გამოწვევა იყო – ჩავსხედით ავტობუსში და ხარკოვის უცნობ სკოლაში გავემგზავრეთ. ავტობუსში, შემთხვევითი შერჩევის წესით, ავირჩიეთ, ვინ რომელ კლასს ჩავუტარებდით გაკვეთილს, რა თემას გავშლიდით და ვისთან ერთად.

მე სამ მასწავლებელთან ერთად 25 წუთში მომიწია გაკვეთილის დაგეგმვა. ეს უნდა ყოფილიყო ინტეგრირებული გაკვეთილი, რათა ყველას ჩვენ-ჩვენი საგნის საუკეთესო მხარეები წარმოგვეჩინა.

ეს გახლდათ ჯგუფური მუშაობის ბრწყინვალე მაგალითი: ერთი მხრივ, შეგეძლო, განსაზღვრულ მომენტში კოლეგის მხარდაჭერის იმედი გქონოდა, მეორე მხრივ კი დომინირების უფლება არ გქონდა. ბალანსი უნდა დაგეცვა.

როდესაც გაკვეთილს მარტო, დამოუკიდებლად ატარებ, შეგიძლია, საჭიროების შემთხვევაში რამე შეცვალო, მაგრამ ჯგუფურად მუშაობის დროს სხვაზეც ხარ დამოკიდებული და უნდა აღვნიშნო, რომ თანადამოკიდებულება უკეთესი ყოფილა, ვიდრე გაკვეთილის დამოუკიდებლად ჩატარება. მაგონდება ერთი აფრიკული ანდაზა: „თუ გინდა, სწრაფად იარო, იარე მარტო. თუ გინდა, შორს წახვიდე, ვინმესთან ერთად იარე“. იმავეს თქმა შეიძლება განათლებაზე. ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობა, ერთობლივი ძალისხმევა და ერთობლივი პროექტები.

იმასაც გეტყვით, რომ ფინალში გასულ დანარჩენ ცხრა მასწავლებელს კონკურენტებად არ მივიჩნევ. ისინი ჩემი არაჩვეულებრივი თანამოაზრეები, პარტნიორები და მეგობრები არიან, ვაგრძელებთ დაწყებულ ურთიერთობას, ვგეგმავთ ახალ პროექტებს.

– რა გამოწვევები და სირთულეები აქვს დღეს უკრაინაში მასწავლებლებელს და როგორია ამ პროფესიის ადამიანებისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულება?

Global Teacher Prize Ukraine-ის დევიზი სწორედ ეს გახლავთ – „მასწავლებელი მნიშვნელოვანია“. ამ პრემიის ერთ-ერთი მთავარი მისიაა, ვაჩვენოთ საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროფესია. ყველა ადამიანს ჰყოლია მასწავლებელი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მასზე. ყველამ ვიცით, რა ბედნიერებაა, როდესაც მოსწავლე ხვდება მასწავლებელს, რომელიც დროულად აამოქმედებს მის პოტენციალს.

თუმცა სტატისტიკური მონაცემები სამწუხაროა – მასწავლებელთა 82% საზოგადოების მხრიდან არასაკმარის პატივისცემას გრძნობს. ეს კომპლექსური პრობლემაა – ღირებულებითიც და, ცხადია, ფინანსურიც. მასწავლებლის შრომა დატვირთვის შესაბამისად უნდა ფასდებოდეს. ვიტყოდი, რომ მასწავლებლობა არა მარტო პროფესია, არამედ მისიაც არის.

უკრაინაში ბევრი რამ იცვლება უკეთესობისკენ და ეს იგრძნობა, თუმცა სიტუაცია იდეალური როდია. პრობლემებიც გვაქვს.

უნივერსიტეტებში მასწავლებლის პროფესიის ასათვისებლად სტუდენტები არცთუ მაღალი ქულებით აბარებენ. მჯერა, რომ პირიქით უნდა იყოს – მომავალი მასწავლებლები საუკეთესო სტუდენტები უნდა იყვნენ. სამწუხაროდ, სკოლაში არასათანადოდ მომზადებული ახალგაზრდა მასწავლებლები მოდიან. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით უმაღლესი განათლების ხარისხი გადახედვას მოითხოვს.

კანონში არის ნორმა მასწავლებლის ანაზღაურების ზრდის შესახებ, მაგრამ გაყინულია, ქაღალდზეა დარჩენილი.

– როგორ ზრუნავს სახელმწიფო თქვენს პროფესიულ წინსვლაზე და რა რესურსები აქვს მასწავლებელს თავისი პროფესიული უნარების გასაუმჯობესებლად?

– ჩვენ გვაქვს დიპლომის შემდგომი განათლების ინსტიტუტი ყველა საგნის მასწავლებლებისთვის, სადაც ისინი ხუთ წელიწადში ერთხელ გადიან კურსებს, აგროვებენ განსაზღვრული რაოდენობის საათებს და შეუძლიათ, გააგრძელონ სწავლება. კანონში შესული ახალი ცვლილებების თანახმად, შეგიძლია ისარგებლო ალტერნატიული საშუალებებით და დააგროვო საათები იმ ორგანიზაციებში, რომლებიც ამ მომსახურებას გთავაზობენ. ეს ცვლილებები ახლა იწყებს მოქმედებას. საზოგადოდ, ბოლო ხანეს უკრაინაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, კვალიფიკაციის ამაღლების ბევრი საშუალება გაჩნდა, თუნდაც არაფორმალური ტიპის თემატური ტრენინგების სახით მედიაწიგნიერებაში, კრიტიკლი აზროვნების განვითარების, დებატების ტექნოლოგიების გამოყენებით.

არსებობს როგორც ფასიანი, ისე კონკურსის წესით გასავლელი უფასო კურსები მასწავლებლებისთვის.

ბევრია განათლების საკითხებით დაინტერესებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციაც, მათ შორის – ამერიკული ფორმატის ინიციატივა EdCamp-ი, რომელიც უკრაინაში ძალიან კარგად არის განვითარებული. მისი არასაკონფერენციო ფორმატის ფარგლებში შეგიძლია ჩამოხვიდე, იპოვო თანამოააზრეები, გაუცვალო გამოცდილება, გამოთქვა ახალი იდეები, ააწყო პარტნიორული ურთიერთობა.

ასე რომ, მასწავლებლებს, რომლებსაც კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, საამისოდ ბევრი საშუალება აქვთ.

– რა შთაბეჭდილება დაგრჩათ კონფერენციაზე? რითია ასეთი ფორუმები მნიშვნელოვანი?

– როდესაც შენს გარემოში, შენს სკოლაში იმყოფები, თითქოს საკუთარ წვენში იხარშები, ბევრ რამეს ვერ ამჩნევ, ხოლო როდესაც ერთი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის ან, როგორც აქ, სამი ქვეყნის – საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის – მასწავლებლები ვხვდებით ერთმანეთს, გვაქვს პრაქტიკის გაზიარების შანსი. ასეთ ფორუმებზე იკრიბებიან როგორც საკანონმდებლო პრაქტიკოსები, ისე ისინი, ვინც სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახდენს ამ კანონების იმპლემენტაციას. ეს ძალიან ჰგავს საათზე დროის ერთმანეთთან გადამოწმებას ან კომპასს, რომელიც გვიჩვენებს, საით მივდივართ, რა გზას უნდა დავადგეთ.

ამ კონფერენციაზე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მომენტები, რომლებზეც საუბრობდნენ ჩემი კოლეგები, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები, მოსწავლეები – ისინი ყველაზე მეტად გვმატებენ შემართებას. ჩვენ ხომ სამოქალაქო, დემოკრატიის კულტურის განმავითარებელ კომპეტენციებზე ვსაუბრობთ. ბავშვებში ამ კომპეტენციების განვითარება კი შეუძლია მხოლოდ იმ მასწავლებელს, რომელსაც თავად აქვს ისინი. ძნელია იმის სწავლება, რასაც თვითონ ვერ ფლობ, რისიც არ გჯერა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მესიჯი ის არის, რომ სამოქალაქო კომპეტენციების სწავლება არ ნიშნავს ცოდნის სწავლებას. ეს არის უნარების, ურთიერთობებისა და ღირებულებების გადაცემა, ეს არის მოქმედებით სწავლება. გამოცდილება, რომელსაც ბავშვები იღებენ, იმაზე მნიშვნელოვანია, რასაც უფროსები დეკლარირებენ.

ჩვენ ვუყურეთ სხვადასხვა სკოლის შესანიშნავ პრეზენტაციებს, რაც მშობლების ჩართულობის, ერთობლივი გადაწყვეტილებების შედეგია.

სკოლის ცხოვრებისთვის ეს მნიშვნელოვანია. არ შეიძლება მოსწავლეების ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება. მოსწავლეები ჩვენი სრულფასოვანი პარტნიორები უნდა იყვნენ. მაშინ ისინი ისწავლიან არა მხოლოდ არჩევანის გაკეთებას, არამედ პასუხისმგებლობასაც ამ არჩევანზე.

ასეთი კონფერენციებიდან შთაგონებული, ფრთაშესხმული და ახალი იდეებით სავსე ვბრუნდები. ვიძენ ახალ ნაცნობებს და, რაც მთავარია, შენს ენაზე მოსაუბრე თანამოაზრეებს. ეს არის დემოკრატიული ღირებულებების – ნდობის, პასუხისმგებლობის, თავისუფლების, ადამიანთა თანაბარი უფლებების – ენა.

– თქვენ ბრძანეთ, რომ უკრაინაში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი გზავნილია „მასწავლებელი მნიშვნელოვანია!“ თქვენი აზრით, რა სჭირდება პედაგოგს, რომ ეს პროფესია მართლაც მნიშვნელოვანი იყოს?

– მასწავლებლობა უნდა გინდოდეს და თუ ასეთი სურვილი გაგიჩნდა, უნდა მიჰყვე შინაგან ხმას. უნდა ენდო ბავშვებს, მეტი თავისუფლება მისცე, გაუნაწილო პასუხისმგებლობა, ჩართო მასალის დაგეგმვაში, მათთან ერთად გაარჩიო დამუშავებული თემები. უნდა ვიმეგობროთ მოსწავლეებთან. ვუსმინოთ იმ მუსიკას, რომელსაც ისინი უსმენენ, გავეცნოთ მათ ცხოვრებას სოციალურ ქსელებში. როდესაც მასწავლებელს მოსწავლეების ენაზე შეუძლია საუბარი, ისინი ენდობიან მას.

ახალგაზრდა სპეციალისტებს ვურჩევდი, არ შეუშინდნენ მეთოდურ ექსპერიმენტებს, მოიძიონ ახალი სამუშაო მეთოდები, არ იმუშაონ მხოლოდ ქულებისთვის, მეტი ყურადღება მიაქციონ ბავშვის განვითარებას. არ შეადარონ ბავშვები ერთმანეთს.

მასწავლებელმა თავისი პროფესიისგან სიამოვნება უნდა მიიღოს და ახსოვდეს, რომ მასწავლებელი მნიშვნელოვანია. როდესაც ეს გვახსოვს და ამას ვგრძნობთ, ეს ჩვენს  ღიმილში, ჩვენს გამოხედვაში იკითხება. დაბოლოს, ბავშვებისგან მადლიერებას არ უნდა ველოდეთ.

 

ფოტო: გელა ბედიანაშვილის

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი