სამეცნიერო ფანტასტიკა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

რამ შეიძლება გააერთიანოს ლიტერატურა, სამეცნიერო აღმოჩენები, წარმოსახვითი თუ დისტოპიური სამყარო, ენობრივი ექსპერიმენტები და სულისშემძვრელი თავგადასავალი? რასაკვირველია, სამეცნიერო ფანტასტიკამ. ლიტერატურის ეს ჟანრი განურჩევლად უყვართ გამოცდილ, ინტელექტუალურ მკითხველებსა და მათაც, ვისაც ცოტათი ეზარებათ წიგნის კითხვა.

წიგნიერების ხელშეწყობა და განვითარება, ყველა ტიპის მკითხველთან ურთიერთობას გულისხმობს, ეს განსაკუთრებით აუცილებელი და აქტუალური ხდება მაშინ, როცა  სკოლასა და მოსწავლეებს ვეხებით, სადაც სხვადასხვა უნარების განვითარება, წიგნის კითხვისა და ტექსტის გაგების ხელშეწყობა ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა.

ამიტომაც მგონია, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა, და, ზოგადად ჟანრული ლიტერატურა მასწავლებლის საუკეთესო დამხმარეა.

ქართველი ავტორების ფანტასტიკური ჟანრის წიგნები ალბათ ორ თაროზე მარტივად დაგვეტევა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში უკვე გვქონდა ქართული ფანტასტიკის რამდენიმე ნიმუში, როგორიცაა, ივანე ყიფიანის „ამონი ანუ ათასი წლის შემდეგ“ და ალექსანდრე აბაშელის „ქალი სარკეში“ , ჟანრი მაინც ვერ განვითარდა სათანადოდ, საბჭოთა პერიოდში დაწერილი ქართული ფანტასტიკა ერთგვარად ჰგავს ამავე დროის ფანტასტიურ ფილმებს, ანუ, ძირითადად, კაპიტალისტური მტრის კრიტიკისა და საბჭოთა პროპაგანდისთვის გამოიყენება. თუმცა, თუ პროპაგანდისტულ ნაწილს მოვაშორებთ, მშვენიერ სასწავლო რესურსად შეგვიძლია ვაქციოთ. ასეთია, მაგალითად   თამაზ ჭეიშვილის „სირიუსი ანუ იდუმალი სტუმარი“, რომლის პერსონაჟიც დროში მოგზაურობს , დავით აღმაშენებელს ხვდება და დიდგორის ბრძოლას ესწრება. ისტორიისა და ქართული ლიტერატურის ინტეგრირებული გაკვეთილისთვის შესანიშნავი ტექსტია, არ მეთანხმებით?

რამდენიმე საინტერესო ფანტასტიკური ტექსტი თანამედროვე ლიტერატურაშიც მოიძებნება, ნატო დავითაშვილს ჩვენი მოსწავლეები კარგად იცნობენ, როგორც ქართულ ფენტეზის, ლილე იროელის ქრონიკების ავტორს, თუმცა, მისი ახალი წიგნი „დაბრუნება, ადამიანები და სხვები“ ფანტასტიკის ჟანრისაა.  ამ კრებულის ერთ-ერთი მოთხრობა ავტორისა და წიგნის ურთიერთობაზე მოგვითხობს. „მის წინ შავწინწკლებიანი თეთრი პეპელა იჯდა. წამყვანმა ჰკითხა, სად და რატომ აპირებდა გამგზავრებას. პონტიადრემ უპასუხა, რომ გამომცემლობის „წიგნები აფრიკაში“ დაფინანსებით უცხო გალაქტიკების დათვალიერებას, იგივე ლიტერატურულ მივლინებაში გამგზავრებას აპირებს. შემდეგ ზოგადად ისაუბრა მწერლისთვის მოგზაურობის მნიშვნელობაზე, თუ როგორ ეხმარება მწერალს უცხო გარემო ერთი მხრივ, სტილის ჩამოყალიბებაში, და მეორე მხრივ, ამ სტილის ისეთ მეტამორფოზაში, რომ არც ძველი ხიბლი დაიკარგოს და მკითხველმა ახლის სურნელიც იგრძნოს. სწორედ ეს ახალი სურნელის მუდმივი ძიება და პოვნა აქცევს ამბების რიგით შემთხზველს ნამდვილ მწერლად.”

კიდევ ერთი განსაკუთრებული წიგნი, რომელიც შესანიშნავ მწერალს, თეა თოფურიას ეკუთვნის –  „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“ ერთდროულად ფანტასტიკის ჟანრის და, თანაც ძალიან რეალისტური წიგნია. თანდათან, კითხვისას ხვდები, რომ „სხვა პლანეტა“ სწორედ ჩვენ ვართ, არა მხოლოდ დედამიწა, არამედ უფრო კონკრეტულად, საქართველოც კი. წიგნიერებისა და ეკოლოგიის პრობლემები, ადამიანთა ურთიერთობები და უამრავი ჯადოსნური თავგადასავალი. „გრინკო ერთ რამეში მართალი იყო, ისინი სხვა პლანეტაზე იყვნენ. ეს პლანეტა დედამიწიდან არც კი მოჩანდა. სახელიც არ ერქვა. სახელი ხომ იმისთვისაა, რომ სხვამ დაგიძახოს, კარპასებს კი კარგა ხანს ეგონათ, მთელ სამყაროში მხოლოდ ჩვენ ვარსებობთო. მართალია, ბოლო ორი საუკუნე იყო, ასე აღარ ფიქრობდნენ, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გაიტეხეს და პლანეტას სახელი არ დაარქვეს. სამაგიეროდ, მეზობლები, იქვე, სხვა პლანეტებზე მცხოვრებლები, სრულიად მოურიდებლად ეძახდნენ „გაბრტყელებულ პლანეტას“.

იმ გალაქტიკას, რომელსაც ეს უსახელო, გაბრტყელებული პლანეტა ეკუთვნოდა, გრავიტაციის პრობლემა ჰქონდა. „გრავიტაცია“ უცხო სიტყვაა და როგორც ყველა უცხო სიტყვა, ესეც საკმაოდ რთულ რამეს ნიშნავს – პლანეტის მიზიდულობას. მაგალითად, დედამიწა ჩვენ გვიზიდავს და ამიტომ არ ვლივლივებთ ჰაერში, არც ჩვენი სახლები დაფრინავენ. მაგრამ იქ გრავიტაცია ძალიან სუსტი იყო, ამიტომ სხვადასხვა პლანეტიდან ხალხი ხშირად ცვიოდა და ქვევით მდებარე პლანეტაზე ეცემოდა.“ გაინტერესებთ რა ხდება ამ ბრტყელ პლანეტაზე?  წაიკითხეთ და წააკითხეთ თქვენს მოსწავლეებს, თან საინტერესო გაკვეთილებიც დაგეგმეთ.

 

კომენტარები

comments