ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

განათლება სამხრეთ კორეაში

სტატია შეეხება აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის, სამხრეთ კორეის, საგანმანათლებლო სისტემას. რატომ მაინცდამაინც სამხრეთ კორეა? იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ერთ-ერთი წარმატებული საგანმანათლებლო სისტემა აქვს. 2012 წელს კომპანია `Economist Intelligence Unit~-მა 40 ქვეყანაში ჩაატარა გამოკვლევა. ეს ქვეყნები შეადარეს სამი სხვადასხვა ინდექსით – შეაფასეს ახალგაზრდებისა და მოსწავლეების კოგნიტური შესაძლებლობები, საერთო განათლების დონე, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ აზიის რამდენიმე ქვეყანა პირველ ათეულში შედის. ათეული კი ასე გამოიყურება: ფინეთი, სამხრეთი კორეა, ჰონკონგი, იაპონია, სინგაპური, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, შვეიცარია და კანადა. როგორც ხედავთ, ზემოთ მოყვანილი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოიკვეთა ლიდერი ქვეყნები – ფინეთი და სამხრეთი კორეა. ამ გამოკვლევამ შესაძლოა ერთგვარი დაბნეულობაც კი გამოიწვიოს განათლების სფეროს სპეციალისტებში, რადგან ამ ორ ქვეყანაში დამკვიდრებული საგანმანათლებლო სისტემები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. სამხრეთ კორეაში, ისევე როგორც აზიის ქვეყნების უმეტესობაში, მთავარი აქცენტი დაისმის მოსწავლის მიერ მასალის `დასწავლაზე~, ეს კი მიიღწევა მოსწავლეთა მიერ კლასში მაქსიმალური დროის გატარებით. გარდა ამისა, სამხრეთკორეელი მოსწავლეების უმეტესობა დამატებით დადის კერძო სკოლებში თუ რეპეტიტორებთან. რაც უფრო მაღალ კლასშია მოსწავლე, ასეთი გაკვეთილები უფრო და უფრო მრავლდება. ფინეთში მიდგომა სხვაგვარია. აქ სწავლების მთავარი პრინციპია, დაეხმარონ მოსწავლეს სასწავლო მასალის გაგებაში, რათა შემდეგ მხოლოდ კი არ გაიმეოროს ნასწავლი, არამედ ცხოვრებაში გამოიყენოს საკუთარი ცოდნა.

მიუხედავად ასეთი განსხვავებისა, სამხრეთ კორეისა და ფინეთის საგანმანათლებლო სისტემებს საერთოც აქვთ. ეს არის პროფესიონალი მასწავლებლების მაქსიმალურად მაღალი დონე. ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყნების განათლების სისტემა დგას არა ნიჭიერ მოსწავლეებზე, არამედ ნიჭიერ მასწავლებლებზე. ორივე ქვეყანაში პედაგოგის ადგილზე კონკურსი ძალიან დიდია. ყოველივე ამის გამო თითქმის ყველა მასწავლებელს ან მაგისტრის, ან კიდევ სამეცნიერო ხარისხი აქვს. მასწავლებლის პროფესიის ასეთ პოპულარობას უზრუნველყოფს მათი საქმიანობის მაღალი ანაზღაურება. კერძოდ, ფინეთში მასწავლებლის ხელფასი საშუალო ან საშუალოზე ოდნავ მაღალია, ხოლო სამხრეთ კორეაში – საშუალოზე ორჯერ მეტი.

ახლა უფრო დაწვრილებით შევეხებით სამხრეთკორეულ საგანმანათლებლო მოდელს. მის ჩამოყალიბებაზე გარკვეულწილად მოახდინა გავლენა ისტორიულმა პროცესებმა, რომლებიც ამ ქვეყანაში განვითარდა. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იაპონიის გავლენით აქ დამკვიდრდა განათლების პრუსიული მოდელი, თუმცა კორეული სკოლების მოსწავლეთა 60%-ს იაპონელი ბავშვები შეადგენდნენ. ამავე დროს, ამ ტიპის (პრუსიული მოდელის) სკოლა ახალგაზრდას ძირითადად უმაღლესი სკოლისთვის ამზადებდა ანუ ამზადებდა ელიტის წევრს. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1945 წლიდან, ამერიკული ოკუპაციის პერიოდში სამხრეთ კორეის საგანმანათლებლო სისტემა დასავლურ (ამერიკულ) მოდელზე გადაეწყო, პრუსიული სკოლის გავლენა მაინც ძლიერი დარჩა, თუმცა უფრო მეტი ყურადღება დაეთმო ადამიანის სოციალიზაციას, თვითგამოხატვას. თუ პრუსიული სისტემა ახალგაზრდას ზრდის შემდეგი პრინციპით: `შენ შედგები მომავალში!~ – დასავლური მოდელი მას ეუბნება: `შენ უკვე შედექი!~

1945 წლიდან სამხრეთკორეული სკოლა გადავიდა სწავლების 12-წლიან ციკლზე: 6-წლიანი დაწყებითი განათლება, 3-წლიანი საშუალო სკოლა და 3-წლიანი უმაღლესი სკოლა, ე. წ. ჰაისქული. ამის შემდეგ ახალგაზრდას შეუძლია, ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებელში – უნივერსიტეტში, კოლეჯში. პირველი ცხრა კლასის განათლება კი სავალდებულო გახდა.

ამჟამინდელი სამხრეთკორეული საგანმანათლებლო სისტემა შეიძლება შემდეგ საფეხურებად დავყოთ:
• სკოლამდელი განათლება (საბავშვო ბაღები);
• 6-წლიანი დაწყებითი განათლება;
• 3-წლიანი საშუალო სკოლა;
• 3-წლიანი უმაღლესი საფეხურის საშუალო სკოლა – ჰაისქული;
• 4-წლიანი უმაღლესი განათლება.

საბავშვო ბაღები არ არის კორეული საგანმანათლებლო სისტემის აუცილებელი კომპონენტი, ანუ არ არის აუცილებელი ბავშვის საბავშვო ბაღში მიყვანა. არსებობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საბავშვო ბაღები.

სამხრეთ კორეაში არსებობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო დაწყებითი სკოლები, რომლებშიც ბავშვები 6 წლის ასაკიდან შეჰყავთ. სახელმწიფო სკოლებში სწავლობენ კორეულ და ინგლისურ ენებს, მათემატიკას, საზოგადოებათმცოდეობას, ეთიკას, ხელოვნებასა და მუსიკას. კერძო სკოლების პროგრამულ ნაწილშიც იმავე საგნებს ასწავლიან, ოღოდ მათ ემატება სხვდასხვა დამატებითი საგნებიც.

12-დან 14 წლამდე ბავშვები საშუალო სკოლაში სწავლობენ, ხოლო 15-17 წლის ახალგაზრდები – უმაღლესი საფეხურის საშუალო სკოლაში. სამხრეთკორეულ საშუალო სკოლაში პრიორიტეტი ენიჭება რამდენიმე საგანს: მათემატიკას, კორეულ და ინგლისურ ენებს, ზუსტ მეცნიერებებს. `დამატებითია~ სახელოვნებო საგნები, ისტორია, ფიზიკური კულტურა, ჩინური იეროგლიფიკა, ეთიკა, საოჯახო ეკონომიკის მართვა, კომპიუტერული განათლება. სწავლება მიმდინარეობს თითქმის მთელი დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ასევე – თვის პირველ, მესამე და მეხუთე შაბათს ნახევარი დღე. შაბათობით მოსწავლეები მეცადინეობენ დამატებით წრეებშიც. როგორც დაწყებით, ასევე საშუალო სკოლაში მოსწავლე მოსწრების მიუხედავად გადადის კლასიდან კლასში. ამის გამო ერთსა და იმავე კლასში შესაძლოა აღმოჩნდნენ განათლების სხვადასხვა დონეზე მყოფი მოსწავლეები. ქულებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასში, რადგან გავლენას ახდენს ახალგაზრდის რეიტინგზე უმაღლეს, ჰაისქულში ჩაბარების დროს. უმაღლესი საფეხურის საშუალო სკოლადამთავრებულებს შეუძლიათ გააგრძელონ სწავლა კოლეჯებში ან უნივერსიტეტებში. ამ ტიპის სკოლები ორ კატეგორიად იყოფა: საერთო საგანმანათლებლოდ და პროფესიულად. საერთო საგანმანათლებლო უმაღლესი საფეხურის სკოლებში სწავლობენ ჰუმანიტარულ, საზოგადოებრივ და საბუნებისმეტყველო საგნებს, ხელოვნებას და უცხო ენებს. სკოლები, სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით, იყოფა სპეციალიზებულ განყოფილებებად. მაგალითად, არსებობს `სამეცნიერო~, უცხო ენების შემსწავლელი და ხელოვნებათმცოდნეობითი ჰაისქულები. პროფესიულ ჰაისქულებში ახალგაზრდები ცოდნას იღებენ კომპიუტერულ ტექნიკაში, შეისწავლიან ბიზნესადმინისტრირებას, მანქანათმშენებლობას, სოფლის მეურნეობას და საზღვაო საქმეს. არის არცთუ ისე ბევრი შერეული ტიპის `საერო~ სკოლაც, სადაც ისწავლება როგორც საერთო საგანმანთლებლო, ასევე პროფესიული საგნები.

უმაღლესი საფეხურის სკოლები ახალგაზრდებს არ ძლევენ სპეციალობას, მაგრამ ამზადებენ უნივერსიტეტებისა და კოლეჯებისთვის. სამხრეთკორეულ სკოლებში მოქმედებს რეიტინგული სისტემა. რაც უფრო მაღალი რეიტინგი აქვს მოსწავლეს, მით მეტია უნივერსიტეტში ან კოლეჯში მოხვედრის შანსი. ასევე, ამ სკოლების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია კოლექტივიზმის აღზრდა. ვინც უნივერსიტეტში ან კოლეჯში არ აბარებს, შეუძლია, სწავლა პროფესიულ სასწავლებელში განაგრძოს. 1987 წლის მონაცემებით, თუ უმაღლეს სასწავლებლებში აბარებდა 1 397 359 აბიტურიენტი, იმავე დროს პროფესიულ სასწავლებლებში სწავლობდა 840 265 ახალგაზრდა. ამ სასწავლებლებში ახალგაზრდები სპეციალიზდებიან შემდეგ სფეროებში:

• სამიწათმოქმედო მეურნეობის მართვა;
• თევზჭერა;
• კომერცია;
• ვაჭრობა;
• ზღვაოსნობა;
• საინჟინრო საქმე;
• სახელოვნებო დარგები.

უმაღლესი სასწავლებლებიც, კოლეჯები თუ უნივერსიტეტები, არის სახელმწიფოც და კერძოც. ბაკალავრიატში სწავლება 4 (სამედიცინო ფაკულტეტებზე – 6) წელი გრძელდება, მაგისტრატურაში – 2, ხოლო დოქტორანტურაში – 4 წელი. უნივერსიტეტში სასწავლო წელი ორსემესტრიანია. პირველი იწყება მარტში და ივლისის შუა რიცხვებში სრულდება; მეორე იწყება აგვისტოს ბოლოს და თებერვლის შუა რიცხვებში სრულდება.

სამხრეთ კორეის ეროვნულმა საგანმანათლებლო პროგრამამ უკანასკნელ წლებში უდიდეს წარმატებას მიაღწია, რაც სახელმწიფოს მიერ ფინანსების მობილიზების წყალობით მოხდა: თუ 1945 წლისთვის წერა-კითხვის მცოდნე მოსახლეობის 22% იყო, 1970 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 87,6%-ს მიაღწია, ხოლო 80-იანი წლების ბოლოსთვის – 93%-ს. იმავე 80-იანი წლების დამლევს სტუდენტური ასაკის ახალგაზრდების 1/3 უმაღლეს სასწავლებელში აბარებდა. 1960 წელს სტუდენტების რაოდენობა 100 000-ს აღწევდა, ხოლო 1987 წლისთვის მათი რაოდენობა 1,3 მილიონამდე გაიზარდა, რაც იმ დროისთვის უდიდესი მაჩვენებელი იყო აშშ-ის შემდეგ. თუ 1975 წელს განათლებისთვის გამოყოფილი იყო 220 მლრდ ვონი, რაც შეადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის 2,2%-ს ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის 13,9%-ს, 1986 წლისთვის ის გაუტოლდა 3,76 ტრილიონს, ანუ მშპ-ს 4,5%-ს ან სახელმწიფო ბიუჯეტის 27,3%-ს.

2001 წლიდან სამხრეთ კორეის მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა. განათლების სამინისტრო გადაკეთდა განათლებისა და მართვის სამინისტროდ, გაიზარდა მინისტრის უფლებამოსილებები და ის ვიცე-პრემიერის დონეზე ამაღლდა. აქ უნდა ითქვას, რომ განათლებისა და მართვის მინისტრს, ისევე როგორც სხვა მინისტრებს, პრეზიდენტი ნიშნავს მხოლოდ ერთი წლის ვადით.

სამხრეთ კორეაში სავალდებულო 9-წლიანი განათლებაა და ჰაისქულის დასრულება აუცილებელი არ არის. მიუხედავად ამისა, 2005 წლისთვის ახალგაზრდა სამხრეთკორეელების 97%-მა დაასრულა უმაღლესი სკოლა (ჰაისქული). ამას თავისი მიზეზები აქვს: ვინც ამას ვერ ახერხებს, მას ეკონომიკური და სოციალური წარმატების ნაკლები შანსი რჩება. უმაღლესი განათლების დიპლომი ახალგაზრდა კორეელს სოციალური სტატუსის ამაღლების, მაღალანაზღაურებადი სამუშაოს შოვნის შესაძლებლობას აძლევს. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ როგორც სკოლაში, ისე უმაღლეს სასწავლებლებშიც (უნივერსიტეტში, კოლეჯში) კორეელ ახალგაზრდას საკმაოდ დატვირთული გრაფიკით უწევს სწავლა. საინტერესოა, რომ სამხრეთ კორეაში 5-6 წლამდე ასაკის ბავშვების აღზრდა ძალიან ლიბერალური მეთოდებით მიმდინარეობს, სკოლაში შესვლისთანავე კი ბავშვს უკვე მკაცრი, მომთხოვნი მეთოდებით ზრდიან. სამხრეთკორეული სკოლები გამოირჩევა მკაცრი დისციპლინით. იყენებენ დასჯის ფიზიკურ მეთოდებსაც. საერთოდ, გამოკითხული სამხრეთკორეელი მშობლების 73% აცხადებს, რომ ბავშვებს ფიზიკურად სჯიან.

როგორც საშუალო სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში დატვირთვა იმდენად დიდია, რომ ახალგაზრდებს დასვენებისა და გართობისთვის ძალიან მცირე დრო რჩებათ. უმაღლესი საფეხურის საშუალო სკოლებში ტესტირება სემესტრში ორჯერაა და ის იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც უნივერსიტეტში ან კოლეჯში მისაღები გამოცდები. მიიჩნევა, რომ ასეთი ტესტის დასაძლევად ახალგაზრდებმა 60-დან 100 ფურცლამდე ტექსტი უნდა დაიხსომონ. წარმატებისთვის მათ უწევთ პირად, საზოგადოებრივ თუ ოჯახურ ცხოვრებაზე უარის თქმა. ასევე ძალიან მძიმეა დატვირთვა უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში. ეს `საგამოცდო ჯოჯოხეთი~ და, საერთოდ, სწავლისას მძიმე დატვირთვები მიიჩნევა კორეელ ახალგაზრდებში სუიციდის სიხშირის ერთ-ერთ მიზეზად (სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ახალგაზრდების სიკვდილიანობის მიზეზთაგან პირველ ადგილზეა ავტოავარია, ხოლო სუიციდეი – მეორეზე).

რა შეიძლება გავითვალისწინოთ სამხრეთკორეული გამოცდილებიდან? ჩემი აზრით, უპირველესად, დაფინანსების გაზრდა და მთლიან შიდა პროდუქტზე მიბმა. თუ საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება მშპ-ზეა მიბმული, განათლების ბიუჯეტის მიბმაც სავსებით შესაძლებელია. შესაბამისად, აუცილებელია მასწავლებლებს მკვეთრად გაეზარდოთ ანაზღაურება; მეორე _ დაფინანსების ზრდის პარალელურად აუცილებელია მოქმედი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება და ახალი პროფესიონალი კადრების მომზადება; მესამე – სპეცილაიზებული ჰაისქულების სისტემის შექმნა; მეოთხე – სხვადასხვა პროფილის პროფესიული სასწავლებლების შექმნა. აქ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის მოთხოვნები ამა თუ იმ პროფესიაზე; და მეხუთე _ ჩემი აზრით, საჭიროა 2000 წელს დაწყებული რეფორმის (ის 2007-2008 წლებში ფაქტობრივად შეჩერდა) გარკვეული კორექტივებით, ზომიერად, აუჩქარებლად გაგრძელება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი