პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სპოილერები და ლიტერატურის გაკვეთილები

ხანდახან მეუხერხულება კიდეც ისეთ საკითხებზე წერა (მაგალითად, ინტერნეტის ავკარგიანობაზე), რომლებიც თითქოს ჩემი გასაშუქებელი არ არის, მაგრამ გამოცდილება მკარნახობს, რომ დროდადრო მეც ვარ  ვალდებული, ადგილი დავუთმო მათ განხილვას. ცხადია, მოსაბოდიშებელი მაქვს იმ მკითხველთან, ვისთვისაც ამ წერილში წამოჭრილი საკითხები პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან პასუხებს დიდი ხანია, მიაგნეს და მათთვის ნაცნობ თემებზე საუბარი არაფრისმომცემია. წერილი საინტერესო ლიტერატურის დამწყები მასწავლებლებისთვის იქნება. თუმცა გამოცდილ მასწავლებლებსაც ვურჩევ მის წაკითხვას, თუნდაც იმის გამო, რომ თავიანთ მოსაზრებებს შეუდარონ აქ გამოთქმული ჩემი ზოგიერთი მოსაზრება.

უამრავ გაკვეთილს დავსწრებივარ, რომლებზეც მოსწავლეები მსჯელობენ ინტერნეტის დადებით და უარყოფით მხარეებზე. გაკვირვებული ვრჩები, როცა მათ უჭირთ ინტერნეტისგან მიღებული სარგებლის ჩამოთვლა და უფრო მნიშვნელოვანი ჰგონიათ იმაზე შეჩერება, რომ ინტერნეტი იწვევს მხედველობის ან გულსისხლძარღვთა დაავადებებს; ასეთ დროს მიკვირს, მასწავლებლები რომ არ აჩერებენ მოსწავლეებს და არ ცდილობენ, გაუმიჯნონ ერთმანეთისგან ორი სიტყვა, ინტერნეტი და კომპიუტერი. შესაძლოა, კომპიუტერში კითხვამ მხედველობა დააზიანოს, მაგრამ მხედველობას ასევე აზიანებს ცუდი განათების ქვეშ წიგნების ხანგრძლივად კითხვა. რა ვქნათ, არ წავიკითხოთ ამ მიზეზით წიგნები? თუ მივყვეთ ოფთალმოლოგების რჩევებს და კითხვის დროს გავითვალისწინოთ, საიდან უნდა გვირტყამდეს შუქი, რა პოზაში უნდა ვიკითხოთ და ა.შ.? თუკი მაინცდამაინც ინტერნეტისგან მოყენებულ ჯანმრთელობის პრობლემებზე გვსურს საუბარი, არ დაგვავიწყდეს შემდეგი: ინტერნეტი ნამდვილად იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს, როცა ადამიანი იმდენად მიეჯაჭვება ინტერნეტში განთავსებულ თამაშებს, სოციალურ ქსელებს, რომ ვეღარ შეძლებს რეალური სამყაროსა და ვირტუალურის ერთმანეთისგან განსხვავებას. ინტერნეტის უარყოფითი მხარე ისიცაა, რომ ზოგიერთ ადამიანს მისი ბოროტად გამოყენება შეუძლია სხვადასხვა პირადი თუ ფინანსური მონაცემების მისაღებად. თუმცა როცა ამგვარი საფრთხეების შესახებ ინფორმირებულები ვართ, რისკი რისკად რჩება, მაგრამ ის საგრძნობლად მცირდება. სამაგიეროდ, ინტერნეტის დადებითი მხარე იმდენად დიდია, დაწყებული სოციალური კავშირების შენარჩუნება-გაფართოებით და დამთავრებული ინფორმაციის სწრაფად მიღება-გადაცემით, რომ უხერხულიცაა, ინტერნეტის ავკარგიანობაზე ვიმსჯელოთ ისე, რომ ვერ შევნიშნოთ, როგორ გადაიხრება სასწორი „კარგი“-ის მხარეს საგრძნობი უპირატესობით.

ცუდია, რომ ინტერნეტის უარყოფით მხარეზე საუბრისას მოსწავლეებს ავიწყდებათ შეეხონ ერთ პრობლემას, რომელიც ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდამ მოუტანა ლიტერატურის შემსწავლელებს. ამ უარყოფით მხარეს სპოილერების არსებობა ჰქვია. “To spoil” ინგლისური სიტყვაა და ის „გაფუჭებას“ ნიშნავს. ამ ზმნიდან წარმოქმნილი სიტყვა „სპოილერის“ შესატყვისი სიტყვის გამოძებნა არც უცდიათ იმ ადამიანებს, ვინც ქართულ ენაში შემოიტანეს ის. სპოილერი არის ან ადამიანი ან მასალა, რომელიც გიფუჭებს სიამოვნებას, რომელიც უნდა მიიღო წიგნის წაკითხვის ან ფილმის ნახვის შემდეგ. რა სიამოვნებას ველით წიგნის წაკითხვის ან ფილმის ნახვის შემდეგ? როგორც წესი, ეს სიამოვნება უკავშირდება სიუჟეტურ ხაზს –  როგორ წარიმართება მოქმედება, რა თანმიმდევრობით განვითარდება მოვლენები, როგორ დაიძაბება ვითარება; განსაკუთრებით კი იმას, თუ როგორ შეიკვრება და გაიხსნება კვანძი და როგორ დასრულდება ნაწარმოები/ფილმი. ბევრისთვის მთავარი სიამოვნება, რომელიც ნაწარმოების/ფილმის ნახვას უკავშირდება, მოლოდინია. საშინელი განცდაა, როცა ვიღაც/რაღაც ამ მოლოდინს გიფუჭებს და წინასწარ გეუბნება/გიწერს, რაზეა ნაწარმოები/ფილმი.

თუმცა არსებბს მეორე მხარეც. ჩვენ ხშირად გვჭირდება იმის ცოდნა, თუ რაზეა ნაწარმოები/ფილმი, რადგან დღევანდელ დღეს, როდესაც უამრავი პროდუქტი  იქმნება, რთულია წინასწარი ცოდნის გარეშე ამოარჩიო ის, რაც შენს ინტერესებს თანხვდება. ამიტომაც, ვერ დავარქმევთ სპოილერს ვერც ანოტაციას და ვერც შეფასებას; სპოილერია ის, რაც კვანძის გახსნის და დასასრულის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, რადგან ხელოვნების ნაწარმოებების მიერ მონიჭებული სიამოვნება (sc. მოლოდინის სიამოვნება) მეტწილად სწორედ ამ მომენტებშია. არ დაგავიწყდეთ, რომ აქ ვიხმარე სიტყვა „მეტწილად“. იმიტომ, რომ ხელოვნების ქმნილებების მიერ მონიჭებული სიამოვნება მხოლოდ სიუჟეტური ხაზის დაბოლოების გაგება არაა.

სპოილერების საცხოვრებელი ადგილი ინტერნეტია, განსაკუთრებით, ვიკიპედია. ინტერნეტის შექმნამდე არც სიტყვა სპოილერი არსებობდა დღევანდელი მნიშვნელობით. ნეტიკეტის (“net” არის ქსელი, „etiquiette“ კი ეტიკეტი. ამ ორი სიტყვის შეერთებით იწარმოება სიტყვა ნეტიკეტი, რომელიც ინტერნეტში ეთიკურად მოქცევის წესებს აერთიანებს. ქართულად ნეტიკეტი ალბათ ქსეტიკეტი უნდა იყოს, თუმცა ეს სიტყვა მე არსად არ შეხვედრია) მიხედვით, ინტერნეტში იკრძალება სპოილერის დადება, თუკი მას სიტყვა „Alert“-ს (განგაში, გაფრთხილება) არ მივუწერთ, თუკი არ ვაცნობებთ მკითხველს, რომ მას საქმე სპოილერთან აქვს. სამწუხაროდ, ვიკიპედია არ ამცნობს მკითხველებს სპოილერის თაობაზე და ამიტომაც, მასწავლებლები მოსწავლეებს უკრძალავენ ვიკიპედიის გამოყენებას. მიუხედავად აკრძალვისა, მოსწავლეები მაინც ხშირად იჭყიტებიან ვიკიპედიაში, რადგან, როცა მასალაა მოსაძიებელი, დაგუგლვის შედეგად ვიკიპედია პირველია, რასაც ინტერნეტი თავისი საინფორმაციო ბაზიდან გიგდებს. ასეთ დროს ძნელია გააკონტროლო მოსწავლე, არ გახსნას ვიკიპედია. ამიტომაც, საჭიროა, ვესაუბროთ მოსწავლეებს სპოილერებზე და ავუხსნათ მათ, რატომაა ცუდი, წინასწარ ვიცოდეთ, რა მოხდება ნაწარმოებში და მერე უკვე მოსწავლეებს მივანდოთ იმის გადაწყვეტა, დაშავდება თუ არა რამე, როცა ნაწარმოების წაკითხვით მიღებულ სიამოვნებას წინასწარ გაიფუჭებენ.

ახლა კი ჩემს აზრს მოგახსენებთ სპოილერებზე. სპოილერებს მე ორ ჯგუფად დავყოფდი. პირველის არსებობა არაა საფრთხის შემცველი. ვინაიდან, ჩემი ღრმა რწმენით, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, თუკი წინასწარ გვეცოდინება ნაწარმოების სიუჟეტი. როდესაც ამა თუ იმ ავტორის ტექსტს ვეცნობით, ამოსავალი კითხვა უნდა იყოს არა „რა?“ ან „რატომ?“, არამედ „როგორ?“. ამიტომაც სრულიად გულგრილი ვარ, თუკი ვინმეს წამოსცდება ან სადმე წავიკითხავ, თუ რაზეა ნაწარმოები და როგორ დასრულდა ის, რა მოვლენამ გადააწყვეტინა მწერალს ნაწარმოების შექმნა, რომელი ისტორიული ფაქტი დაედო ტექსტს საფუძვლად. მაგალითისთვის ავიღოთ დეტექტიური ჟანრი. დეტექტივების კითხვის ერთ-ერთი სიამოვნება სწორედ დამნაშავის ვინაობის დადგენაა, რომელიც, როგორც წესი, ნაწარმოების ბოლომდე გასაიდუმლოებულია. მაგრამ არის დეტექტივები, რომლებიც იმდენად გვიყვარს, რომ მას მეორეჯერაც მივბრუნებივართ. რა გამოდის? თურმე მთავარი არც დამნაშავის ვინაობის დადგენა ყოფილა ამ ნაწარმოებების წაკითხვისას და არც დამნაშავის მიგნების გზა. მე, როგორც სიყმაწვილეში დეტექტივების დიდ მოყვარულს, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ვინ იყვნენ აღმოსავლეთის ექსპრესში ან ენდჰაუზში ჩადენილი მკვლელობის ავტორები, მოცეკვავე კაცუნების ან ბასკერვილების ძაღლის გამომგონებელი, მაინც ისეთივე (NB და არა თითქმის ისეთივე) სიამოვნებით ვკითხულობდი ხოლმე წიგნს მეორედ, ის კი არა, ამ დეტექტივების მიხედვით გადაღებულ ფილმებსაც ერთხელ ნახვას არ ვჯერდებოდი და სიამოვნებით მივდიოდი მეორედ და მესამედაც კინოთეატრში. არა მგონია, მე ვიყო ერთადერთი გამონაკლისი. დარწმუნებული ვარ, ბევრია ჩემნაირი და, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იცის, რა მოხდება, როგორ წარიმართება სიუჟეტური ხაზი, კიდევ და კიდევ უბრუნდება წაკითხულს/ნანახს. რატომ? პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ ჩვენ მოგვწონს არა „რა?“, არამედ „როგორ – როგორ ახერხებს ავტორი, გადმოგვცეს სათქმელი“. თუკი ავტორმა მოახერხა და ეს „როგორ?“ წარმატებით განახორციელა, მაშინ ვერანაირი სპოილერი ვერ გააფუჭებს ესთეტიკურ ტკბობას; აი, თუკი ნაწარმოები მხოლოდ „რა“-ზეა აგებული, ანუ, თუკი ნაწარმოებში ამოსავალი მხოლოდ მისი შინაარსია, მაშინ, რაღა თქმა უნდა, ის სპოილერის მიმართ მგრძნობიარე იქნება.

როგორ ფიქრობთ, რატომ ვკითხულობთ იმას, რაც მანამდეც დაუმუშავებიათ სხვა მწერლებს? მაგალითად, რატომ ვკითხულობ ან რატომ მივდივარ თეატრში ჟან ანუის „ანტიგონეს“ სანახავად, როცა არაერთხელ მაქვს წაკითხული და ნანახი სოფოკლეს „ანტიგონე“? ან როგორ ფიქრობთ, როდესაც ბერძენმა მაყურებელმა ძვ. წ. მეხუთე საუკუნეში სოფოკლეს „ოდიპოს მეფე“ იხილა სცენაზე, განა მან არ იცოდა მითი, რომელიც ოდიპოსის ტრაგედიაზე მოუთხრობდა? რა თქმა უნდა, იცოდა. მაგრამ ჩვენთვისაც, მკითხველი ვართ თუ მაყურებელი, ისევე როგორც ბერძენი მაყურებლისთვის, საინტერესოა ვნახოთ, როგორ გადაწყვიტა ავტორმა ახლებურად, თავისებურად მთავარი და რა სიახლეს, რა ორიგინალურს გვთავაზობს ჩვენ, გამოცდილ მკითხველს/მაყურებელს. სწორედ ამ სიახლის სანახავად ვიღებთ ხელში წიგნს, მივდივართ თეატრში/კინოთეატრში და ველოდებით მრავალჯერ დამუშავებული თემის ახლებურ გადაწყვეტას, საკითხის ახლებურად დანახვის შემოთავაზებას.

იმისდა მიუხედავად, რომ გაცნობიერებული მაქვს, რომ არ უნდა მეშინოდეს სპოილერების, მაინც მაფრთხობს ისინი, ოღონდ განა პირველ, არამედ მეორე ჯგუფში გაერთიანებული სპოილერები. სანამ მათზე გავამახვილებ ჩემს ყურადღებას, ერთ აუცილებელ საკითხზე შევჩერდები, რაც ისედაც იციან ლიტერატურის მასწავლებლებმა, მაგრამ ზედმეტი არ იქნება მისი შეხსენება დამწყებ მასწავლებელთათვის: სანამ არ ვასწავლით მოსწავლეს, ეძებოს ნაწარმოებში პასუხი კითხვაზე „როგორ?“, მანამდე მას ვერ შევაყვარებთ ლიტერატურას. თუკი მოსწავლეს შევაჩვევთ, ეძიოს პასუხი მხოლოდ შეკითხვებზე „რა?“ ან „რატომ?“, ის მალე გვეტყვის უარს ლიტერატურის წაკითხვაზე. იმიტომ, რომ პასუხგასაცემი კითხვები „რა?“ ან „რატომ?“ რეალურ ცხოვრებაშიც უამრავია და ისინიც არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე ლიტერატურულ ნაწარმოებში დასმული „რა?“ და „რატომ?“ კითხვები. მოსწავლე, რომელსაც ინფორმაციაზე წვდომა გაადვილებული აქვს, ადვილად იპოვის სხვა, აღსაქმელად უფრო ადვილ საინტერესო ამბავს და მას აღარ დააინტერესებს წიგნში მოთხრობილი, თუნდაც საინტერესო, ამბავი. მთავარი ის კი არაა, რამდენად საინტერესოა ნაწარმოები, მთავარია, როგორ აქცია მწერალმა, როგორ გახადა მან ნაწარმოები საინტერესო. მოკლედ, კითხვაზე „რა?“ პასუხის მოძიება რეალურ ცხოვრებაშიც შეიძლება, აი, „როგორ?“ (არ ვგულისხმობ სიუჟეტის ხაზის განვითარებას, კითხვაში „როგორ?“ ვგულისხმობ მხატვრულ ენას, მხატვრულ საშუალებებს) კი მხოლოდ ლიტერატურის/ხელოვნების საკუთრებაა. ცხოვრება ისე კომპაქტურად, დალაგებულად და, რაც მთავარია, გამიზნულად არ გვთავაზობს არც ალეგორიებს და მეტაფორებს, ან იგავურ ენას და გადატანით მნიშვნელობებს, ან სიმბოლოებს და ქვეტექსტებს, ან სტრიქონებს შორის წაკითხვას და ჰიპერბოლებს, ირონიას და სარკაზმს, გადაკრულ სიტყვას და ნიუანსს, როგორც ლიტერატურა. ამიტომაც, ლიტერატურის გაკვეთილის მთავარი ამოცანა ამ ყველაფრის შესწავლა უნდა იყოს და არა შინაარსზე ორიენტირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავკარგავთ მკითხველს და დავუკარგავთ ლიტერატურას არსებობის უფლებას (არ ვაჭარბებ). მხოლოდ ამის შემდეგ არ შეგვაშინებს სპოილერები და ვიკიპედია. და ერთიც, თუკი ჩვენი ორიენტირი იქნება მხოლოდ „რა?“ და „რატომ?“ კითხვებზე პასუხების ძიება, მდარე გემოვნების მკითხველებს გავზრდით. სამწუხაროდ, დღეს ბევრი, ვინც იჩემებს ლიტერატურის ცოდნას, ასეთია (მომიტევონ მათ ასეთი პირდაპირობა). თანაც ეს ის კატეგორიაა, რომელთათვისაც ლიტერატურის ცოდნა წაკითხული წიგნების რაოდენობით იზომება. წაკითხული წიგნების დიდი რაოდენობა ცუდი არაა, მაგრამ ის სულაც არაა გადამწყვეტი ლიტერატურული კანონების  გასაგებად. ლიტერატურის მასწავლებლების მიზანი კი სწორედ ლიტერატურული კანონების სწვლება უნდა იყოს და არა მხოლოდ ეპოქა, ბიოგრაფია და სხვა, ნაწარმოების გასაგებად საჭირო დამხმარე მასალა.

ახლა კი დავუბრუნდეთ მეორე ჯგუფის სპოელერებს, რომლებიც ასე ძალიან მაფრთხობს. მათ არ უწოდებენ სპოილერებს, მაგრამ ჩემთვის სპოილერებია ლიტერატორების მიერ დაწერილი კრიტიკული წერილების წაკითხვა იქამდე, სანამ თავად არ შევიქმნი აზრს ამა თუ იმ ნაწარმოებზე. არც ის მიყვარს, როცა მოსწავლეებს წინასწარ შევუქმნი აზრს ლიტერატურულ ქმნილებაზე, თვას მოვახვევ ჩემს შეხედულებას. ამიტომ, არასოდეს არ ვუსახელებ მოსწავლეებს ლიტერატორების წერილებს, სტატიებს, წიგნებს ნაწარმოების დამუშავებამდე – მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიქმნიან საკუთარ აზრს. აი, უკვე მას შემდეგ, რაც წაიკითხავენ განვლილ ნაწარმოებზე დაწერილ კვლევას, თუნდაც ამ კვლევამ დაუნგრიოს მანამდე შექმნილი აზრი, აღარაა საშიში, რადგან ასე მოსწავლე შეეჩვევა კრიტიკულ აზროვნებას. კრიტიკის კითხვა აუცილებელია სხვადასხვა მიზეზის გამო: ჯერ ერთი, მოსწავლე ეჩვევა აკადემიურ ენას, მეორეც ეცნობა არგუმენტების სტრუქტურირების წესებს და, რაც მთავარია, სხვისი აზრის დაფასებას და პატივისცემას. მაგრამ კრიტიკული ნაშრომების კითხვა არამც და არამც არ უნდა უსწრებდეს წინ ნაწარმოებზე საკუთარი აზრის ჩამოყალიბების პროცესს, რადგან ხელს შეუშლის თავისუფალ აზროვნებას და შეზღუდავს მოსწავლეებს – ეს კი უარყოფითად აისახება მოსწავლეთა ცხოვრებაზე მომავალშიც.

გარდა იმისა, რომ ჩემს მოსწავლეებს ვუკრძალავ კრიტიკული წერილების  წინსწრებით წაკითხვას, მე ჩემს მოსწავლეებს იმასაც ვთხოვ ხოლმე, წინასწარ არ უამბონ ჩემს მომავალ მოსწავლეებს თავიანთი და კლასში მიღებული დასკვნების შესახებ. რა თქმა უნდა, ძველ მოსწავლეებს ძალიან უნდათ, თავიანთი მიგნებები გაუზიარონ ხოლმე სხვებსაც, მაგრამ იმავდროულად მათ გადასარევად ესმით, რომ არ უნდა გახდნენ სპოილერები – მათი მიგნება ხომ სპოილერი იქნება სხვებისთვის მაშინ, როცა ამ სხვებს ჯერ არ მიუგნიათ თავიანთი პასუხებისთვის. ჩემმა მოსწავლეებმა ისიც იციან, რომ მათი მიგნებების შესახებ აუცილებლად მოვუყვები ხოლმე ჩემს მომავალ მოსწავლეებს ზუსტად ისევე, როგორც მათ ვაცნობ ხოლმე ცნობილი მკვლევრების აღმოჩენებს. ამისთვის მაქვს ბლოკნოტი, რომელშიც ვიწერ, მოსწავლის სახელის მითითებით, საინტერესო მოსაზრებებს. მომდევნო წლებში ეს ბლოკნოტი ჩემთვისაც საუკეთესო წყაროა, გავიხსენო ხოლმე, რა ხდებოდა წლების წინ გაკვეთილებზე და შევადარო, რა დავაკელი მაშინ გაკვეთილს, რისი გაუმჯობესება შემეძლო ან რა გამომივიდა ახლა უკეთ. მოსწავლეებს კი ამ ბლოკნოტში მოხვედრილ საუკეთესო მოსაზრებებს მას შემდეგ ვაცნობ, რაც თავად შეიქმნიან საკუთარ მოსაზრებას. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ უხარიათ ხოლმე, როცა მათი მოსაზრება ჩემს ბლოკნოტში ხვდება?!

ახლა კი შევაჯამოთ ის, რაზეც ამ წერილში ვისაუბრეთ: ჩემი აზრით, სპოილერი, რომელიც პასუხობს კითხვას „რა?“ ნაკლებად მოსარიდებელია (თუმცა მაინც აჯობებს მოვერიდოთ), ხოლო სპოილერი, რომელიც ჩვენს ნაცვლად გასცემს პასუხს კითხვაზე „როგორ?“, ლიტერატურის მასწავლებლების პირველი მტერია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი