სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

შესავალი კლიმატის ცვლილებაში – პირველი ნაწილი

ახლახან გამოქვეყნდა სტატია „რატომ ცვლის გარდიანი ენას, რომელსაც იყენებს გარემოს საკითხების გაშუქებისას“ (https://www.theguardian.com/environment/2019/may/17/why-the-guardian-is-changing-the-language-it-uses-about-the-environment). გარდიანის აღნიშნულ სტატიაში გამოთქმულია წუხილი, რომ ვერ მოხერხდა ადამიანების და პოლიტიკოსების მხრიდან ყურადღების სათანადოდ მიქცევა კლიმატის ცვლილებისადმი. ამიტომ ის გვათავაზობს რეალობის უკეთესად ასახვისთვის კლიმატის ცვლილების ნაცვლად კლიმატის კრიზისს, ან კლიმატის საგანგებო მდგომარეობის გამოყენებას ანიჭებს უპირატესობას, ხოლო გლობალური დათბობის ნაცვლად გლობალური გაცხელების. ახალი ტერმინები დაიმკვიდრებს თუ არა ადგილს ჯერ არ ვიცით, თუმცა მათ მიზანშეწონილობაზე მსჯელობა ნამდვილად დროულია.
კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საფრთხეა, რაც კაცობრიობის წინაშე დგას. თუკი გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების დროულად აღმოფხვრა არ მოხდება ლოკალურ თუ ეროვნულ დონეზე, ის გლობალურში გადაიზრდება და ადამიანების ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად აისახება. მსოფლიო ეკონომიკა ძირითადად საწვავებით იმართება, რის გამოც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობა იზრდება. ეს კი კლიმატის ცვლილების გამომწვევი ძირითადი ფაქტორია.

ცნობილ ექსპერიმენტს „ბაყაყის სინდრომს“ თუ გავიხსენებთ, ბაყაყი, როდესაც მდუღარე წყალში ჩავარდება, იმ წუთას შეიგრძნობს საფრთხეს და უკან ამოხტება. თუკი იგივე ბაყაყი თბილ წყალში აღმოჩნდება, რომელიც ნელ-ნელა თბება, ვერ ამჩნევს ცვლილებას და წყლის ადუღებასთან ერთად ამ წყალში მოიხარშება. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანზეც, გარემოში მიმდინარე ამ უარყოფით ცვლილებებს ჩვენ დროულად ვერ შევიგრძნობთ. ჩვენ ირგვლივ ცვლილებები ნელა მიმდინარეობს, რაც არასწორი ქმედებებისგან არ გვიცავს.

ყველა ქვეყანა, მდიდარი თუ ღარიბი, მონაწილეობას იღებს გარემოს უარყოფით ტრანსფორმაციაში ეკონომიკით, სოფლის მეურნეობით, ენერგოგენერაციით, თუ ტრანსპორტით. განსაკუთრებული წვლილი კი შეაქვთ განვითარებულ და სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყნებს.

კლიმატის ცვლილების საფუძვლები
კლიმატის ცვილებისადმი ბევრი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანი აღნიშნავს ხოლმე, რომ თუ კლიმატი იცვლება, რატომ არის ამა თუ იმ ადგილას კვლავ სიცივე. ამინდსა და კლიმატს შორის არის სხვაობა, რისი უკეთ გაცნობიერებაც გვეხმარება რეალობის ობიექტურად აღქმაში.

ამინდი ეს არის მეტეოროლოგიურ ელემენტთა (ტემპერატურა, ნალექი, ქარი) ერთობლიობა დროის გარკვეულ მომენტსა თუ შუალედში. ამინდს უწოდებენ ატმოსფეროს ქვედა ფენების მდგომარეობას მოცემულ ადგილზე დროის შედარებით ხანმოკლე შუალედში.

კლიმატი/ჰავა გარკვეულ ადგილებზე წლიდან წლამდე განმეორებადი ამინდის ტიპია, მას საფუძვლად მრავალწლიანი დაკვირვება უდევს. განედი, მზის რადიაცია, კონტინენტის განფენილობა, ოროგრაფია, ოკეანისპირა მდებარეობა გავლენას ახდენს კლიმატის ფორმირებაზე.

ამინდის და კლიმატის ანალოგიად შეგვიძლია განვიხილოთ ადამიანის ყოველდღიური განწობისა და მისი ხასიათის ურთიერთდამოკიდებულება. ადამიანის ხასიათი ჩამოყალიბებული და მდგრადია, ხოლო ყოველდღიურ განწყობაზე შეიძლება ბევრმა გარე ფაქტორმა იმოქმედოს, როგორებიცაა ჯანმრთელობა, რამდენად დასვენებულია ან გამოძინებული, სად იმყოფება, რამდენად კომფორტულია აღნიშნული გარემო მისთვის და სხვა. სწორედ ასეა ამინდისა და კლიმატის შემთხვევაშიც, არ შეიძლება ერთი დღის, თვის ან თუნდაც, სეზონის ამინდით ვიმსჯელოთ კლიმატის ცვლილებაზე.

კლიმატის ცვლილების უკეთ გააზრებაში ასევე დაგვეხმარება რამდენიმე ტერმინის გააზრება.

ალბედო დედამიწის ზედაპირიდან არეკლილი მზის სხივური ნაკადია. მზიდან ატმოსფეროში შემოდის მოკლეტალღიანი ინფრაწითელი რადიაცია, რომელიც უკან აირეკლება. თუმცა არეკვლა ერთნაირად არ ხდება სხვადასხვა ზედაპირიდან, დამოკიდებულია მის ფერზე. მაგალითისთვის, ახალი მოსული თოვლიდან არეკლილი რადიაცია 95%-ია, შესაბამისად თოვლის ალბედო 95-ია. მუქი ფერი ნაკლებს აირეკლავს, მაგალითისთვის წყლის ზედაპირი მხოლოდ 10%-ს აირეკლავს, შესაბამისად, მისი ალბედო 10-ია. ღია ფერის ზედაპირის ალბედო, ზოგადად, მეტია, მუქის ნაკლები. მთლიანად დედამიწის ალბედო 30-ია.

სათბურის ეფექტი ასევე მნიშვნელოვანია კლიმატცვლილების გააზრებისთვის, ის ხელს უწყობს დედამიწაზე სიცოცხლეს და მისი ტემპერატურული ბალანსის შენარჩუნებას. ატმოსფეროში გამოვლის შემდეგ მზის სხივები ზედაპირთან შეხებისას მის მიერ შთაინთქმება, ან გარდაიქმნება გრძელ ტლღებად და ათბობს ატმოსფეროს ქვედა ფენებს. რაც უფრო მუქია ზედაპირი, ის მეტად თბება, ხოლო გრძელი ტალღების ატმოსფეროში მოხვედრისას შთაინთქმება სხვადასხვა აირის მიერ, როგორებიცაა ნახშირორჟანგი, მეთანი, წყლის ორთქლი, აზოტის ორჟანგი, ქლოროფტორონახშირბადი. სათბური ეფექტი 1824 წელს პირველად ჟოზეფ ფურიეს მიერ იყო აღმოჩენილი. მინაში ატანდა მზის სხივი, რომელიც მიწას ათბობდა, ხოლო სითბო მინის სახით დაბრკოლების არსებობის გამო უკან აღარ აღწევდა. სწორედ მსგავს პროცესს აქვს ადგილი ატმოსფეროშიც.

დედამიწაზე ენერგიის ბალანსი გამარტივებულად შემდეგნირად გამოიყენება – 100% მზისგან წამოსული ენერგიიდან 50% შთაინთქმება დედამიწის ზედაპირის მიერ, 30% უკან აირეკლება ატმოსფეროში, 20% კი შთაინთქმება ღრუბლების მიერ.

ერთი მხრივ, რომ არა სათბური ეფექტი, დედამიწაზე ტემპერატურა მთვარის მსგავსი და უსიცოცხლო იქნებოდა, მეორე მხრივ, მათი სიჭარბე იწვევს ტემპერატურის მატებას, რაც სხვა უარყოფითი გამოვლინებების საფუძველი ხდება.

ნახ. 1 ქალაქის სითბური ბალანსი, EPA

ქალაქების ტემპერატურა არის გარეუბნების ტემპერატურაზე მაღალი, რაც განპირობებულია ე.წ. სითბური გუმბათით ქალაქების თავზე. ეს კი ქალაქებში უფრო მუქი შეფერილობის ზედაპირების (ასფალტი, აგურის შენობები), ტრანსპორტის ხშირი ქსელის, მოსახლეობის სიმჭიდროვის გამოა, ეს კი თავისთავად ელექტროენეგიის გამოყენებას ზრდის.

ხშირად, მედია საშუალებები კლიმატის ცვლილებას აიგივებენ გლობალურ დათბობასთან, რაც არასწორია. დათბობა ყველგან ერთნაირი ხარისხით არ მიმდინარეობს. ის დამოკიდებულია ქვეფენილი ზედაპირის ხასიათზე, ეკვატორთან სიახლოვეზე, ადგილის სიმაღლეზე, თუ წყალთან სიახლოვეზე. გაზრდილ ტემპერატურას რიგ ადგილებში მეტი აორთქლება მოჰყვება, რაც ზრდის ნალექიანობას და საბოლოო ჯამში, რთული სათქმელია, ასეთ ადგილას ტემპერტურის მატება თუ კლება მოხდება. რიგ ადგილებში, სადაც ყინული დნება, თოვლისგან და ყინულისგან თავისუფალი ზედაპირი მეტ სითბოს შთანთქავს და ტემპერატურის უფრო სწრაფ მატებას იწვევს. გლობალურად კი ტემპერატურა აიწევს და კლიმატის ცვლილების მთავრობათშორისი პანელის მეცნიერების ვარაუდით ტემპერატურა 2-4 გრადუსით მოიმატებს. თუმცა ეს მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ როგორ შეიცვლება გამონაბოლქვი, რომლითაც ჩვენ ატმოსფერულ ჰაერს ვაბინძურებთ.

გლობალური ნაკვალევის ქსელი ყოველწლიურად ზომავს თითოეული ქვეყნის ნაკვალევს და დედამიწის ეკოლოგიური დავალიანების დღეს (Earth Overshoot Day) ითვლის. წელს ეს დღე 29 ივლისს დადგა. შარშან ეს დღე სამი დღით გვიან იყო, ვიდრე წელს, ამ თარიღმა ბოლო 20 წლის განმავლობში 2 თვით გადამოიწია, რაც ნიშნავს, რომ უკვე 2 თვით ადრე დგება ის დღე, როცა დედამიწას ამოწურული აქვს ერთი წლის რესურსი და იწყებს რესურსების გამოყენებას, რომლებსაც თვითაღდგენის უნარი აღარ აქვთ. ამ მონაცემით კაცობრიობას საარსებოდ 1 დედამიწა აღარ ყოფნის და მას 1,75 სჭირდება. სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებულ დროს უდგება ეს დღე იმის მიხედვით, თუ რამდენ რესურსს მოიხმარს, რამდენ ემისიას და ნარჩენებს წარმოქმნის და ასევე, როგორია მისი ბიოპროდუქტიულობა (https://www.overshootday.org/).

მაგალითისთვის, აშშ საკუთარი რესურსები 15 მარტისთვის უკვე ამოწურული აქვს, ავსტრალიას – 31 მარტისთვის, ყატარს – 11 თებერვლისთვის, ეკვადორს კი 14 დეკემბერს, ანუ მისი ნაკვალევი ქვეყნებს შორის საუკეთესოა.

კლიმატის ცვლილების ანთროპოგენული წანამძღვრები
ადამიანის გავლენა გარემოზე დიდია, მისი საქმიანობა მოითხოვს რესურსებს და ენერგიას, რაც ვნებს გარემოს. ჩვენ ირგვლივ დაგროვდა ბევრი მტკიცებულება იმისა, რომ კლიმატი გარემოს უარყოფითად ცვლის. სატელიტებიდან თუ სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით მიღებული მონაცემები ზუსტი აღრიცხვის საშუალებას იძლევა გარემოზე, ტემპერატურის მატება, ნალექებში ცვლილება, ზღვის დონის მატება, ყინულისა და თოვლის საფარის შემცირება, ექსტრემალური ხასიათის მეტეოროლოგიური მოვლენების გახშირება ესაა ის ძირითადი ცვლილებები, რისი თვითმხილველებიც ჩვენ ვხდებით. ასეთი ცვლილებები უკვე ათწლეულებს ითვლის და გვაძლევს სიგნალს, რომ იგივე მასშტაბის უარყოფითი ხასიათის ქმედებებით გარემო გაუდაბურდება.

ინდუსტრიული პროცესები – სითბოს მშთანთქავი სათბურის ეფექტის მქონე აირების მატება ატმოსფეროში მომდინარეობს გლობალური ეკონომიკის ზრდიდან, განსაკუთრებით, როცა ეს პროცესები მიმდინარეობს წიაღისეული საწვავის მოხმარების ფონზე, რაც, ერთი მხრივ, ქვეყნების ეკონომიკას ზრდის, მეორე მხრივ კი, იწვევს გარემოს დაბინძურებას. მთლიან შიდა პროდუქტსა და ნახშირორჟანგის რაოდენობას შორის პირდაპირი კორელაციაა, რაც გულისხმობს – რაც უფრო მაღალია მშპ, მაღალია ნახშირორჟანგი და პირიქით. ბმულზე მოცემულ გრაფიკზე (https://ourworldindata.org/grapher/co-emissions-per-capita-vs-gdp-per-capita-international-?time=2014) მარცხენა ქვედა კუთხეში განთავსებული ქვეყნები დაბალი შემოსავლის მქონეებია, რომელთა მიერ გამოწვეული ატმოსფერული დაბინძურება დაბალია, მარჯვენა ზედა კუთხეში კი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებია, ასევე ნავთობის მომპოვებელი ქვეყნები, რომელთა მიერ ატმოსფეროს დაბინძურება მაღალია.

ჩვეულებრივი ბიზნესი (Business as usual), რომელიც ორიენტირებულია მოგებაზე, ნაკლებად ითვალისწინებს სოციალურ და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას. მედოუზების წიგნში „ზრდის ლიმიტი“ სწორედ ბიზნესი იყო მიჩნეული მთავარ დამნაშავედ, თუკი არ მოხდება მისი სრულად ტრანსფორმაცია და არ დაინერგება ალტერნატიული ენერგიის წყაროები, ჭკვიანი, დამზოგი ეფექტური ტექნოლოგიები, ჩვენი მომავალი გაურკვეველი იქნება.

ენერგიის გენერაცია – ინდუსტრიული პროცესების გავლენა ეკოსისტემებზე დიდია, მისი ფუნქციონირებისთვის ელექტროგენერაციაა საჭირო. მასზე მზარდი მოთხოვნა განაპირობებს ატმოსფერული დაბინძურების ზრდას. ადრე მიიჩნეოდა, რომ ენერგოგენერაციას ზიანის მოტანა არ შეეძლო, დღეს კი დადგენილია, რომ 25% დაბინძურების სწორედ მასზე მოდის. მისი მოხმარება მოსახლეობის ზრდასთან ერთად, ტექნოლოგიების განვითარებასთან და ადამიანების ცხოვრებში მასობრივად შემოჭრასთან ერთად, საჭირო ხდება ენერგიის ალტერნტიულ წყაროებზე გადასვლა. თუკი ენერგია ბირთვული სადგურიდან, ან კიდევ უკეთესი, მზის, ქარის, გეოთერმული ან ჰიდროელექტრო სადგურებიდან მიიღება, გამონაბოლქვი არ გვაქვს, ატმოსფეროზე ზემოქმედება ნულოვანია, გარემოზე გავლენა კი მხოლოდ მშენებლობის პროცეში თუ გვხვდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეულ ამ თუნდაც სუფთა ენერგიის წყაროს აქვს თავისი უარყოფითი გამოვლინებები, თუმცა ამას ატმოსფერულ დაბინძურებასთან კავშირი არ აქვთ.

შენობების გათბობა/გაგრილება თანამედროვე კომფორტული ცხოვრების მიღწევაა, თუმცა ყოველ ჯერზე, როცა გათბობას ან კონდიცირებას ვიყენებთ, გარემო ცოტათი უფრო თბება, თუკი ეს ენერგია ალტერნატიული წყაროებიდან არ არის მიღებული. იქ სადაც ელექტროენერგია არ არის ხელმისაწვდომი, ყოფაში და გათბობისთვის შეშა გამოიყენება, რაც გაუდაბურებას და ატმოსფეროს ნახშირორჟანგით „გამდიდრებას“ იწვევს. ჭკვიანი, დამზოგი ტექნოლოგიები შეამცირებს გარემოზე მოსახლეობის ზრდით გამოწვეულ მავნე ზემოქმედებას.

ნაგავსაყრელები – ნახშირორჟანგის გარდა მეთანიც მნიშვნელოვანი სათბური აირია. ის ატმოსფერულ ჰაერში ნაგავსაყრელებიდან და მეცხოველეობიდან ხვდება. ორგანული ნარჩენები როდესაც სიმძიმის ქვეშ იტკეპნებიან, გამოიდევნება ჟანგბადი და უჟანგბადოდ, ბაქტერიების ცხოველქმედებით იწყებს დაშლას, რაც მეთანის გამოყოფის წყაროა. მეთანი ვნებს გარშემო მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას, სხვადასხვა დაავადების გავრცელების წყაროა. ის მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნაგავსაყრელები ამავდროულად არის პოტენციური ეკონომიკური შესაძლებლობებიც, გამოიმუშავო ბიოსაწვავი და სხვადასხვა ნარჩენის გადამუშავებით მიიღო ახალი ნედლეული. მეცნიერები ბევრს მუშაობენ ამ მიმართულებით და მიღწევებიც უკვე ფეხს იკიდებს.

გაუდაბურება და ტყის ხანძრები – მხოლოდ საწვავის წვა არ იწვევს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას, ტყეების გაჩეხვა და ხანძარი, ასევე დამაზიანებელია ჩვენი გარემოსთვის, რადგან 1,6 მილიარდ ტონაზე მეტი ნახშირორჟანგი, რომელიც მცენარეებში არის რესპირაციის და ფოტოსინთეზის შედეგად მოხვედრილი, ხელახლა აღმოჩნდება ჭრის და წვის შედეგად ჰაერში. 25-30% სათბური აირები სწორედ ამ გზით ხვდება ჰაერში. ნაანგარიშევია, რომ ტყეების 13 მილიონი ჰექტარი ყოველწლიურად იკარგება. განსაკუთრებული მასშტაბები მას აქვს სარეწაოდ ღირებულ ტროპიკულ ტყეებში.

მიწის გამოყენებაში ცვლილებები ასევე ცუდად აისახება გარემოზე, რადგან ძირითადად ტყეები სასოფლო-სამეურნეო სავრგულებად გარდაიქმნება. ინტენსიური მეცხოველეობა და მემცენარეობა, თავის მხრივ, გარემოზე უარყოფით გავლენას ახდენს. 24% დაბინძურების სწორედ გაუდაბურებასა და მიწის გარდაქმნაზე მოდის.

სოფლის მეურნეობა არის გარემოს მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი (14%), ვიდრე საკვები ჩვენს თეფშამდე მოაღწევს, მას სჭირდება წარმოება, შეფუთვა, შენახვა, ტრანსპორტირება და მომზადება. ყველა ეტაპი ვნებს გარემოს. განსაკუთრებული დამაბინძურებელია მეცხოველეობა, რადგან საქონელი საკვების მონელებისას, ასევე ნაკელისგან გამოყოფს მეთანს, ნაგავსაყრელების გარდა, მეცხოველეობა არის მეთანით მეორე დამაბინძურებელი წყარო.

ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება, ნაკელიდან და მეცხოველეობიდან მეთანის დაჭერა, სასუქების გონივრული გამოყენება, მეცხოველეობის პროდუქტების შემცირება ჩვენს დიეტაში, ადგილზე წარმოებული პროდუქტების პრიორიტიზება ყიდვისას მნიშვნელოვანია.

ტრანსპორტი – ტრანსპორტის გამოყენების ინტენსივობა და მასშტაბები გლობალიზაციასთან ერთად იზრდება, გარდა იმისა, რომ ტრანსპორტირება არის მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი, ის ქალაქების დაბინძურებაში წამყვან როლს თამაშობს. განვითარებულ ქვეყნებში ქალაქის დაბინძურებაში 30%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც განვითარებად ქვეყნებში ქალაქების დაბინძურებაში ტრანსპორტის წილი 70%-მდე იზრდება. აღნიშნული გამოწვეულია მეორეული ტრანსპორტით, დიზელზე მომუშავე მოძველებული ავტოპარკით, გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

საკვების მილები – ეს არის საინტერესო საზომი, რომელიც შემუშავებულია იმიტომ, რომ ადამიანი დააფიქროს გარემოზე საკვების უარყოფით გავლენაზე. საზომი უჩვენებს, თუ რა გზას გაივლის საკვები ჩვენს თეფშზე მოსახვედრად, ან ნარჩენი, ვიდრე ნაგავსაყრელზე მოხვდება.

მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიანგარიშონ დღის განმავლობაში მოხმარებული საკვების მიერ გავლილი გზა და შეადარონ ერთმანეთისას, ეს შეიძლება მოხდეს სპეციალური აპლიკაციის დახმარებით https://www.foodmiles.com/, ან გაიზომოს Google Maps-ის მეშვეობით. შემდეგ ეს მაჩვენებლები შედარდება და მსჯელობა გაიმართება, თუ როგორ შეიძლება შევამციროთ გარემოზე უარყოფითი გავლენა, მაგ. ლოკალურად მოყვანილი საკვების მიღები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი