შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

კლასის ხელმძღვანელის მშობლებთან  მუშაობის ძირითადი ფორმები დაწყებით კლასებში

ბავშვის განათლების და აღზრდის ეფექტიანობა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ახერხებს სკოლა და ოჯახი ერთმანეთთან თანამშრომლობას. იმ შემთხვევაში, როცა მათ შორის ურთიერთობა სასურველი მიმართულებით არ ვითარდება – არ ენდობიან, არ უსმენენ ერთმანეთს, მუდმივად კონფლიქტში იმყოფებიან ერთმანეთთან, დიდი ალბათობით, სკოლა ვერ შეძლებს დასახული მიზნის სასურველ დონეზე მიღწევას  – სასკოლო ცხოვრების დასასრულისთვის აღსაზრდელს არ ექნება ის ცოდნა, უნარ-ჩვევები და განწყობა-დამოკიდებულებები, რაც სკოლას და ოჯახს მოზარდით სიამაყის და კმაყოფილების საშუალებას მისცემდა. ასეთ დროს, როგორც წესი, ისინი ერთმანეთს ადანაშაულებენ – მშობლები უკმაყოფილებას გამოხატავენ სკოლის მიმართ და ბრალს სდებენ მას იმაში, რომ მათი შვილის მიმართ ყურადღებიანები, გულისხმიერები არ იყვნენ და მასზე სათანადოთ არ იზრუნეს, სკოლა კი, თავის მხრივ, ადანაშაულებს მშობლებს იმის გამო, რომ საჭირო ყურადღებას არ აქცევდნენ შვილს და არ ინტერესდებოდნენ მისი ცხოვრებით. ყველაფერი კი შეიძლებოდა სულ სხვაგვარად განვითარებულიყო მათ, რომ თავის დროზე ეთანამშრომლათ ერთმანეთთან საერთო მიზნის მისაღწევად.

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ წამყვანი როლი ოჯახისა და სკოლის თანამშრომლობის ორგანიზებაში კლასის ხელმძღვანელს ეკუთვნის. ის მათი დამაკავშირებელი და ერთგვარი შუამავალიც არის მათ შორის. კლასის ხელმძღვანელის როლი და მნიშვნელობა მშობლებთან თანამშრომლობის პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია სასკოლო ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. თუმცა, მისი როლი განსაკუთრებით ძლიერია დაწყებით კლასებში, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ამ ასაკის ბავშვებისთვის უფროსები, როგორც მშობლები, ასევე მასწავლებლები, ჯერ კიდევ სერიოზულ ავტორიტეტებს წარმოადგენენ და თუ ისინი მოახერხებენ  შეთანხმებულად მოქმედებას, შედეგის მიღწევა ბევრად უფრო ადვილი იქნება. გარდა ამისა, დაწყებით კლასებში ბავშვი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იმყოფება; ამდენად, სწორი აღზრდისა და თანამშრომლობის პირობებში, შესაძლებელია მასში ისეთი თვისებების ჩამოყალიბება, უნარების გამომუშავება და განწყობა-დამოკიდებულებების ფორმირება, რომელიც მოსაწონი იქნებოდა, როგორც სკოლისთვის, ასევე ოჯახისთვის. მოგვიანებით, მეორე სასკოლო ასაკიდან, მთელ რიგ შემთხვევებში ჩვენ მოზარდში უკვე ჩამოყალიბებული და სასკოლო წარმატების მისაღწევად არცთუ ისე სასურველი თვისებების, უნარების და განწყობა-დამოკიდებულებების შეცვლა, კორექცია გვიწევს, რაც ნამდვილად არ არის ადვილი და რიგ შემთხვევებში სასურველ შედეგსაც არ იძლევა. ყოველივე აღნიშნულის გარდა, სასკოლო ცხოვრების საწყის ეტაპზე, კლასის ხელმძღვანელისა და მშობლის თანამშრომლობის როლი მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ სწორედ ამ პერიოდში უყალიბდება მშობელს პირველი შთაბეჭდილება სკოლაზე და იმ მასწავლებლებზე, რომელთაც მისთვის ყველაზე საყვარელი და ძვირფასი არსება, საკუთარი შვილი ანდო. ის, თუ როგორი იქნება ეს შთაბეჭდილება, მომავალში ან შედგება სკოლისა და ოჯახის თანამშრომლობა, ან მათ შორის მუდმივ ორთაბრძოლას ექნება ადგილი საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.

რა შეიძლება გააკეთოს კლასის ხელმძღვანელმა, როგორ წარმართოს მშობლებთან ურთიერთობა იმისათვის, რომ ისინი თანამოაზრეებად გაიხადოს და მათ შორის თანამშრომლობა შედგეს:

  • პირველ რიგში, გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი საზრუნავი, გვყავს ერთი ზრუნვის ობიექტი, რომელსაც შესაძლოა მშობლისთვის შეუმჩნეველი, თუმცა ჩვენთვის ძალიან თვალსაჩინო უამრავი „ნაკლი“ აქვს, მაგრამ მშობლებს ის ძალიან უყვართ და უნდათ, რომ ჩვენც ისეთივე გრძნობა გვქონდეს მის მიმართ, როგორიც მათ აქვთ. თუ ჩვენ ბავშვის მხოლოდ ისეთ თვისებებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელიც, ჩვენი აზრით, სასკოლო სწავლებისთვის ხელისშემშლელი იქნება და საყვედურებს არ დავიშურებთ ოჯახის მიმართ, სადაც არ იზრუნეს, რომ ბავშვი სათანადოთ მოემზადებინათ სკოლაში სწავლის დასაწყებად, მშობელს ჩამოუყალიბდება უნდობლობა, როგორც კლასის ხელმძღვანელის, ასევე სკოლისა და პედაგოგების მიმართ. მომავალში ის ყოველთვის თავდაცვით პოზიციაში იქნება და ძალიან გაუჭირდება მოსმენა და თანამშრომლობა, როგორც კლასის ხელმძღვანელთან, ისე მთლიანად სკოლასთან. ნდობისა და კეთილგანწყობის გარეშე თანამშრომლობა ნამდვილად ვერ შედგება და პირიქით, თუ მშობელს ექნება ჩვენი ნდობა, ამასთან იგრძნობს ჩვენს კეთილგანწყობას მისი შვილის მიმართ, ის ბევრად უფრო გახსნილი, გულწრფელი იქნება ურთიერთობაში და უფრო ობიექტურ და ზუსტ ინფორმაციას მოგვაწვდის შვილის ქცევის და ურთიერთობების შესახებ სკოლის გარეთ და ოჯახურ სიტუაციაში, რაც ბუნებრივია დიდ დახმარებას გაგვიწევს ბავშვთან ეფექტიანი სამოქმედო პროგრამის შემუშავებაში;
  • გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერ მშობელს სურს სანაქებო, სანიმუშო და საამაყო შვილი ჰყავდეს. მაგრამ, თუ ბავშვი ასეთი არ არის იმის გამო, რომ ოჯახურ აღზრდაში, თავის დროზე გარკვეული შეცდომები იქნა დაშვებული, უკმაყოფილების გამოხატვის და საყვედურების თქმის ნაცვლად, უმჯობესი იქნება მშობელს დახმარება გავუწიოთ ინდივიდუალური კონსულტაციებით, ბავშვის აღზრდის ფსიქოლოგიურ საკითხებზე სემინარების ჩატარებით, დიკუსიების მოწყობით და საჭირო ლიტერატურის შეთავაზებით. ამ პროცესში კლასის ხელმძღვანელის როლი უმნიშვნელოვანესია, რადგან მასთან იყრის თავს ბავშვთან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაცია და ის დროულად უნდა უკეთებდეს ორგანიზებას ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მშობელს სკოლისა და პედაგოგებისადმი ნდობას და კეთილგანწყობას გაუღვიძებდა;
  • სასკოლო ცხოვრების საწყის ეტაპზე ბავშვს სერიოზული დახმარება ჭირდება სკოლასთან ადაპტაციის პროცესის უმტკივნეულოდ გასავლელად, როგორც კლასის ხელმძღვანელის, ასევე პედაგოგების და მშობლების მხრიდან. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ მათ შორის დამყარდეს თანამშრომლობითი დამოკიდებულება, რათა ბავშვმა გართულებების გარეშე გაიაროს სკოლასთან ადაპტაციის პროცესი და მოსწავლის როლი ადვილად მიიღოს. ამისათვის საჭირო იქნება, რომ მშობელი და კლასის ხელმძღვანელი სისტემატურად აწვდიდნენ ერთმანეთს ინფორმაციას ბავშვის ქცევასთან, ემოციურ ცხოვრებასთან, სკოლისა და სწავლისადმი მის დამოკიდებულებასთან, ასევე თანატოლებთან მის ურთიერთობასთან დაკავშირებით, რათა საჭირო შემთხვევაში დროულად მოხდეს ყურადღების გამახვილება ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტა მომავალში ბევრ გართულებას ააცილებს თავიდან, როგორც მშობელს, ასევე სკოლას.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ არსებობს ორი აუცილებელი პირობა, რომლის შესრულება ნებისმიერი სირთულის დაძლევაში დაგვეხმარება, ეს არის სიყვარული და მოთმინება. თუ მშობელი დაინახავს, რომ კლასის ხელმძღვანელი, პედაგოგი კეთილგანწყობილია მისი შვილის მიმართ, უყვარს და ზრუნავს მასზე, ის ადრე თუ გვიან თავადაც გამოხატავს კეთილგანწყობას, მადლიერებას და წამოვა თანამშრომლობაზე მისივე შვილის სასიკეთოდ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი