შაბათი, თებერვალი 4, 2023
4 თებერვალი, შაბათი, 2023

განათლების მეცნიერების სათავეებთან

აღზრდისა და განათლების საკითხებზე კაცობრიობამ უხსოვარი დროიდან დაიწყო ფიქრი, მაგრამ მეცნიერებად იგი უფრო გვიან ჩამოყალიბდა. დღემდე დავობენ იმის შესახებ, როდის იღებს სათავეს პედაგოგიკა როგორც მეცნიერება. ზოგი ამას იან ამოს კომენიუსის ეპოქას მიაწერს, ზოგი კი განმანათლებლობას. ერთი რამ უდავოა: იან ამოს კომენიუსი პედაგოგიური აზროვნების ისტორიაში ნიშნადი სახელია, მრავალი მისეული იდეა ოცდამეერთე საუკუნის პედაგოგიკაშიც განაგრძობს არსებობას.

იან ამოს კომენიუსი, იგივე კომენსკი, ჩეხი იყო. იგი მეჩვიდმეტე საუკუნეში მოღვაწეობდა. ოცდაათწლიანმა ომმა ჩეხეთის სამეფოს განსაკუთრებული სისასტიკით გადაუარა. კომენიუსმა საკუთარ თავზე იწვნია ომის მთელი საშინელება: სახლ-კარის გადაბუგვა, ცოლ-შვილის ამოწყვეტა, – მაგრამ სულით არ დაცემულა, ძალა მოიკრიბა, დათრგუნა საკუთარი ტკივილი და ხელი მოჰკიდა საქმეს, რომლის განხორცილება ჯერ კიდევ ლათინურ სკოლაში გადაწყვიტა, იქ, სადაც თავად იხილა და განიცადა სასწავლო სისტემის უვარგისობა. კომენიუსმა პირველმა ჩაუყარა მეცნიერული საფუძველი ახალ მეთოდიკასა და დიდაქტიკას, პირველმა წამოაყენა ყოვლისმომცველი, საფუძვლიანი, საყოველთაო განათლების იდეა, ჩამოაყალიბა სწავლების პრინციპები, წარმოადგინა ერთიანი სკოლის სტრუქტურა, დაამუშავა სწავლების სასკოლო- საგაკვეთილო სისტემა და სახელმძღვანელოების შედგენის პრინციპები.

კომენიუსის მოძღვრების ძირითადი იდეა შეიძლება გამოხატულ იქნეს შემდეგი ფორმულით: სრულყოფილი ადამიანის აღზრდა. მან სცადა, ბერძნული “პაიდეა”-ს იდეა, რომელიც ბერძნის (პოლისის მოქალაქის) აღზრდას ისახავდა მიზნად, ჩაენაცვლებინა “პამპაედია”-თი, რაც “სრულყოფილი ადამიანის” აღზრდა-განათლებას გულისხმობდა, ამრიგად, იგი განათლებისა (ისიც – ყოველმხრივი განათლების) და აღზრდის განუყოფელი ბინარული სისტემის შექმნას ესწრაფოდა. 

სრულყოფილება კომენიუსს ესმოდა, როგორც:
1. განათლება (საგანთა ცოდნა);
2. სიკეთე (ზნეობრიობა);
3. ღვთისმოსაობა.

კომენიუსის თანახმად, ადამიანი როგორც უმაღლესი სულიერი ქმნილება მოვლენილია ამქვეყნად “საგანთა შემეცნებისთვის, ზნეობრივი ჰარმონიისა და ღვთის უსაზღვრო სიყვარულისთვის”. ამის მიღწევა კი ადამიანს მხოლოდ განათლების (სწავლისა) და აღზრდის ბინარული სისტემით შეუძლია: “ნურავინ იფიქრებს, რომ ჭეშმარიტი ადამიანი შეუძლია იყოს იმას, ვისაც არ უსწავლია ადამიანის მოწოდებათა შესრულება… ვისთვისაც არ უსწავლებიათ, რა ჰქმნის ადამიანობას”.

კომენიუსს შემოაქვს ადამიანის ცხოვრების დაყოფა ე.წ. ასაკობრივ ჯგუფებად არა ისე, როგორც იყო მიღებული ანტიკური თუ კიდევ უფრო უწინარესი ეპოქებიდან, სადაც ადამიანის ცხოვრება სიჩვილედ, ბავშვობად, სიჭაბუკედ და ზრდასრულობად იყო დაყოფილი და თითოეული ეს პერიოდი გარკვეულ სოციალურ საფეხურს შეესაბამებოდა, არამედ ახლებური, წმინდა აღმზრდელობით-პედაგოგიური თვალსაზრისით და თითოეულ მათგანს თავისი შესატყვისი სასკოლო პერიოდი მიაკუთვნა. კომენსკის მიხედვით, ადამიანის ფორმირება, მისი ადამიანად (პიროვნებად) ქმნა შესაძლებელია მხოლოდ სკოლაში, რომელიც ასაკობრივი ნიშნით ასე უნდა დაიყოს.

 

1. ბავშვობა (1-დან 6 წლამდე) – დედობრივი სკოლა;
2. ყრმობა (6-დან 12 წლამდე) – დედაენოვანი (მშობლიური ენის) სკოლა;
3. სიჭაბუკე (12-დან 18 წლამდე) – ლათინური სკოლა;
4. მოწიფულობა (18-დან 22 წლამდე) -აკადემია.

კომენიუსს შესანიშნავად ესმოდა არა მარტო ის, რომ სკოლა უწყვეტი უნდა იყოს, ანუ დედობრივი სკოლა ბუნებრივად უნდა გადაიზარდოს ოფიციალურში (დედაენოვანი და ლათინური სკოლები, აკადემია), არამედ ისიც, რომ უნდა მოხდეს ამ ინდივიდუალური, დედობრივი სკოლის ერთგვარი “სტანდარტიზაცია”, რათა ოფიციალურ სკოლაში მისმა გადაზრდამ ბუნებრივად და ადვილად ჩაიაროს. ამიტომ კომენიუსს საჭიროდ მიაჩნდა, შექმნილიყო სპეციალური, უნიფიცირებული სახელმძღვანელო დედებისა და ძიძებისთვის, რათა მათ მიერ გაზრდილი ბავშვების უნარ-ჩვევები ერთმანეთისგან დიდად განსხვავებული არ ყოფილიყო. 

თავის კლასიკურ ნაშრომში “დიდი დიდაქტიკა” კომენიუსი ერთმნიშვნელოვნად აყალიბებს მოთხოვნებს მის მიერ დასახელებული სკოლების მიმართ, კერძოდ, რა უნდა შეიძინოს აღსაზრდელმა აღზრდის თითეულ საფეხურზე:

დედობრივი სკოლა: ზომიერება, სისუფთავე, უფროსისადმი პატივისცემა, გულწრფელობა, სამართლიანობა, შრომისმოყვარეობა, მოთმინება, თავაზიანობა, სხვათა თანადგომისა და თანალმობის უნარი და სიყვარულის გრძნობა;

მშობლიური ენის სკოლა: ზნეობრივი მოძღვრება, რომელიც გამოხატული იქნება წესებით და განმტკიცებული სათანადო მაგალითებით;

ლათინური სკოლა: უნარი, ზუსტად გაარჩიოს ერთმანეთისგან სათნოება და ბიწიერება, ზოგადი იდეები და უნარი ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საეკლესიო ცხოვრებაში მათი პრაქტიკული გამოყენებისა. 

კომენიუსამდე დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში სწავლება ინდივიდუალური ფორმით მიმდინარეობდა და ბავშვს შეეძლო, წლის ნებისმიერ დროს შესულიყო სკოლაში. კომენიუსმა შექმნა ცნება “სასწავლო წელი”, განსაზღვრა მისი დასაწყისი _ ბავშვები სკოლაში უნდა მიეღოთ წელიწადში ერთხელ, შემოდგომაზე, გაკვეთილი უნდა ყოფილიყო კოლექტიური, მთელ კლასთან (რომელიც აერთიანებდა რამდენიმე მოსწავლეს), ბავშვები სასწავლო წლის დასასრულს ერთად უნდა გადასულიყვნენ მომდევნო, უფრო მაღალ კლასში, სასწავლო წლებს შორის უნდა ყოფილიყო არდადეგები, თავად გაკვეთილი უნდა დაყოფილიყო რამდენიმე მონაკვეთად: ახალი მასალის ახსნა, მოსწავლეთა გამოკითხვა, სავარჯიშოებისთვის განკუთვნილი დრო და ა. შ. კომენიუსი წერდა: “დრო ისე ზედმიწევნით უნდა იქნეს განაწილებული, რომ ყველა წელზე, თვეზე, დღესა და საათზე მოდიოდეს თავისი განსაკუთრებული ამოცანა”.

ეს ამოცანები კი, კომენიუსის მიხედვით, შემდეგი დიდაქტიკური პრინციპით უნდა განაწილებულიყო:

“კონკრეტულიდან ზოგადისკენ”, “ადვილიდან ძნელისკენ”, “უფრო ცნობილიდან ნაკლებ ცნობილისკენ”, “უფრო ახლოდან უფრო შორეულისკენ” და ა.შ.

სწორედ კომენიუსის მიერ შემუშავებული ეს დიდაქტიკური პრინციპები დაედო საფუძვლად ევროპულ სკოლას და ამ ტიპის სკოლამ დღემდე მოაღწია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი