პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მოსწავლის ჯანმრთელობა და მასწავლებლის როლი

სტატისტიკის თანახმად, ბოლო წლებში შეიმჩნევა ბავშვების ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება:  ქრონიკული დაავადებების გახშირებამ გამოიწვია ჯანმრთელი მოსწავლეების რიცხვის შემცირება. ეს ფაქტორი არა მარტო შეშფოთების, არამედ განგაშის ატეხის  საბაბიცაა, რადგან სწორედ სკოლის გავლით, სოციალიზაციის ამ ეტაპზე ყალიბდება ბავშვის და მთელი საზოგადოების ჯანმრთელობა. ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, გადატვირთული სასწავლო პროცესი, არაბალანსირებული კვება, მრავალ ოჯახში ცხოვრების ჯანსაღი წესის უგულებელყოფა, არადამაკმაყოფილებელი ეკოლოგიური გარემო ამის მთავარი მიზეზებია.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ქრონიკული დაავადებებით მოავადე ბავშვების რიცხვის მატების პირველი ცვლილებები  7-10 წელზე მოდის. ამ ასაკში უფრო მეტად სასუნთქი სისტემის დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების და ტანდეგობის დარღვევის გამოვლენა ხდება.

ბავშვის ჯანმრთელობაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს: ოჯახური პირობები და აღზრდა, ბიოლოგიური ფაქტორები, მემკვიდრეობითობა, ორსულობის დროს დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჰაერის სისუფთავე, ნიადაგი და ა.შ.

დაწყებითი  კლასების მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა უმეტესად სამედიცინო მომსახურების ხარისხის დონეზეა დამოკიდებული. იმისდა მიხედვით, თუ როგორ ხდება ავადმყოფობის ან მასთან მოსაზღვრე მდგომარეობების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა, დროული, ადეკვატური მკურნალობა, იმატებს ან მცირდება დაავადებების ქრონიზაციის რიცხვი. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება  მიზანმიმართულ ფიზიკურ აღზრდას, გაკაჟებას, რაციონალურ საზოგადოებრივ კვებას(რაც მოსაწესრიგებელია ჩვენს ქვეყანაში). ჯანმრთელი მოსწავლის აღზრდის პრობლემა  ზოგადსახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა და მასში კონკრეტული საკითხები უნდა გამოვყოთ, რომლის გადაწყვეტა, დაინტერესების შემთხვევაში, მასწავლებელს შეუძლია. დადგენილია, რომ  მოსწავლეების არადამაკმაყოფილებელი შეფასებების მიზეზი 85% -ის შემთხვევაში ჯანმრთელობის პრობლემებით აიხსნება.  დაწყებითი კლასების მასწავლებელს იმ ასაკის ბავშვები ყავს მინდობილი, როცა  პიროვნება ჰარმონიულად ვითარდება . წინასასკოლო პერიოდში დაშვებული შეცდომების გამოსწორება ამ ასაკში შესაძლებელია, რასაც ვერ ვიტყვით დაწყებით კლასებში აღზრდაში დაშვებულ შეცდომებზე, რის გამოსწორებაც მაღალ კლასებში თითქმის შეუძლებელია.

მასწავლებლის როლი  განსაკუთრებულია. კონკრეტულად რისი გაკეთება შეუძლია დაწყებითი კლასების პედაგოგს? პირველ რიგში,  პედაგოგიური პროცესის ჰიგიენურად სწორად დაგეგმვა- ეს გულისხმობს სტატიკური დაძაბულობის დროულ ცვლას წერისას და კითხვისას- პაუზა, აქტიური დასვენება შესვენებაზე, თვალების დასვენება. სასწავლო მოქმედებების ცვლა, მისი აქტივიზაცია, თვალსაჩინოებების მოხერხებულად გამოყენება ჰიგიენური მოთხოვნილებების გათვალისწინებით-ეს ყველაფერი მოსწავლეების დადებით ემოციებს განაპირობებს. დადებითი ემოციები აადვილებს მასალის ათვისებას, რაც თავის მხრივ, ამცირებს დაღლილობას, ასტიმულირებს ბავშვის  ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს კლასში ფსიქოლოგიურ კლიმატს, აგვარიდებს ბავშვების ნევროტულ რეაქციებს, განსაკუთრებით პირველკლასელების ადაპტაციის პერიოდში. მასწავლებელი ეყრდნობა რა ფსიქოლოგიის, მედიცინის, ჰიგიენის დარგში თავის ცოდნას, ინდივიდუალურად უდგება ბავშვების აღზრდას.

მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ბუნებრივი და ხელოვნური განათების ჰიგიენურ ნორმებს,ტემპერატურულ რეჟიმს და გარემოს სხვა ფაქტორებს.

მასწავლებელს შეუძლია დროულად აღმოაჩინოს დაავადებების ადრეული ნიშნები(მოთენთილობა ან მომატებული აღგზნებადობა,სახის ფერის შეცვლა,ხშირი ხველა,სმენის ან მხედველობის გაუარესება და ა.შ) და აცნობოს ამის შესახებ სკოლის სამედიცინო მიმართულების მუშაკს, რაც განაპირობებს ბავშვის  ადრეულ და წარმატებულ მკურნალობას.

ასაკის და ჰიგიენური ნორმების შესაბამისად, ბავშვებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ საკლასო ოთახების მოწესრიგებაში, დაიცვან სკოლის ეზოსა თუ სასკოლო მოედნის სისუფთავეს მნიშვნელოვანია აღზრდის თვალსაზრისით და  ხელს უწყობს საკუთარ და სხვების ჯანმრთელობაზე ყურადღების ფორმირებას.

ბავშვები დიდ დროს ატარებენ სახლში ახლობლებთან და რომ არ წარმოიქმნას „აღმზრდელობითი მაკრატლის“ პრობლემა სკოლის მოთხოვნებსა და სახლს შორის, აუცილებელია მშობლებთან მჭიდრო კონტაქტი, მათი „ჰიგიენური აღზრდა.“

კლასგარეშე სამუშაოებზე საჭიროა მშობლებს  მიეცეთ სასარგებლო რეკომენდაციები, თუ როგორ გახადონ ბავშვის აღზრდა უფრო სახალისო  თამაშების მეშვეობით.  თამაში და ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად მოქმედებს ბავშვის ნორმალურ ზრდა-განვითარებაზე, ხოლო თუ  ბავშვები სუფთა ჰაერზე თამაშობენ- ორგანიზმის  გაკაჟებაც.

კლასებში შესაძლებელია მშობლებთან ერთად ჩატარდეს ფიზიკური ვარჯიშები, მოძრავი თამაშები, საუბრები. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მშობლებთან ერთად ერთობლივი თამაშობები სიხარულით ავსებს  ბავშვს, ამდიდრებს და აჯანსაღებს ოჯახურ გარემოს.

ერთობლივი აქტივობების დადებითი შედეგები შემდეგია:

-წაახალისებს მშობლებში ბავშვის ფიზიკური მონაცემებისადმი ინტერესს და განაპირობებს ბავშვებში მათი ასაკის მიხედვით ფიზიკური მონაცემების განვითარებას;

_აღრმავებს მშობლებისა და შვილების ურთიერთობას;

_საშუალებას აძლევს არა მარტო ბავშვებს, არამედ უფროსებსაც მოკლე დროის განმავლობაში დაკავდნენ სპორტით.

_მშობლების და შვილების ერთად გატარებული თავისუფალი დრო ხელს უწყობს ბავშვის ყოველმხრივ განვითარებას.

თავისუფალი დროის ასეთი ფორმით  გატარება ორივე მხარისთვის სასარგებლოა. მშობლებიც ვითარდებიან ფიზიკურად, უფრო ძლიერები და ამტანები ხდებიან. ბავშვი აღფრთოვანებულია მამით, რომელიც ძლიერი, მოხერხებული და სწრაფია! ბაძავს დედას გრაციოზულობასა და კოორდინირებულ მოძრაობებში. ბავშვის ჯანმრთელობაზე სისტემატური ზრუნვა უზრუნველყოფს სასურველ შედეგებს.

 

ნაკლებადმოძრავი თამაშობები

სკამი დგას და ვერ ჯდები

ხუთ სკამს საზურგით შიგნით წრიულად ალაგებენ. სკამების წინ დგება 6 ადამიანი,  ნიშანზე იწყებენ სიარულს სკამების ირგვლივ ერთი მიმართულებით. თამაშის ხელმძღვანელის ნიშანზე ან მუსიკის შეწყვეტის შემდეგ ყველა ცდილობს ადგილის დაკავებას, ერთი მოთამაშე რჩება უადგილოდ და გადის თამაშიდან. მასთან ერთად წრეს  ერთი სკამიც აკლდება და გრძელდება თამაში. ყოველი სიგნალის შემდეგ მოთამაშეების რაოდენობა იკლებს. როცა რჩება ორი მონაწილე და ერთი სკამი, გაიმარჯვებს ის, ვინც  პირველი დაჯდება სკამზე.

სამიდან ორი

იატაკზე დგამენ სამ კეგლს. ორი მოთამაშე ცეკვავს გარშემო, ხელები დოინჯში ან ზურგსუკან აქვთ დაწყობილი, ნიშანზე „შეჩერდი“, ჩერდებიან და ცდილობენ აიღონ ორი კეგლი, ვისაც შეხვდება  ერთი,  ის დამარცხებულია.

გამქრალი სკამი

2-3 მეტრის დაშორებით დგამენ ორ სკამს საზურგეს გარეშე. მასზე სხდებიან მოთამაშეები ახვეული თვალებით. თამაშის ხელმძღვანელის ნიშანზე დგებიან და წინ 6-8 ნაბიჯს დგამენ.  შემდეგ ორივემ უნდა გააკეთოს სამი სრული ბრუნი წრეზე  და დაუბრუნდეს სკამს.

ამ დავალების შესრულება არ არის ადვილი, დასაწყისში მონაწილეები მიმართულებას კარგავენ და დაბრუნებისას სულ სხვა მხარეს მიდიან.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი