შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

„აფხაზური ფილოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსდამთავრებულები

წინა სტატიაში ვწერდი, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ 2009 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის ბაზაზე მოქმედებს აფხაზური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, სადაც როგორც ძირითად (major), ისე დამატებით (minor) სპეციალობებზე სტუდენტები უახლეს პროფესიას – აფხაზურ ფილოლოგიას – ეუფლებიან.

აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტისთვის (აეკი) მიმდინარე სასწავლო წლის დასასრული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო – მან გააცილა აფხაზური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტთა პირველი თაობა. აფხაზური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსდამთავრებულები არიან თამარ აბაშიძე, თინათინ ბუხნიკაშვილი და მაგდა ნათაძე, რომელთაც აფხაზური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია მიენიჭათ. თბილისის საუნივერსიტეტო ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა უნივერსიტეტი ამ პროფილის დიპლომირებულ სპეციალისტებს უშვებს. მომავალ წელს ამავე სპეციალობით ბაკალავრიატის საფეხურს დაამთავრებს გვანცა გიგუაშვილი.

აფხაზი ხალხის შესახებ ინფორმაციის უქონლობა იწვევს ახალგაზრდობის გულგრილობას და ინტერესის დაკარგვას ამ ხალხისა და რეგიონის მიმართ. ეს გაუცხოება წლიდან წლამდე უფრო ძლიერდება და აფხაზი და ქართველი საზოგადოებაც უფრო და უფრო შორდება ერთმანეთს, რაც თავისთავად უშლის ხელს ორი მეზობელი ხალხის შერიგებას და მშვიდობიან თანაცხოვრებას. ამდენად, აუცილებელია, ახალგაზრდა თაობამ ობიექტური ინფორმაცია მიიღოს აფხაზების შესახებ, აუცილებელია, მან აფხაზი ხალხი ახლებურად გაიცნოს და არა ნეგატიურ კონტექსტში.

ამგვარ ვითარებაში მისასალმებელია, რომ 2009 წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის ბაზაზე ამოქმედდა აფხაზური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა და სპეციალობის ჯგუფში ჩაეწერა ოთხი სტუდენტი, რომელთაგან მხოლოდ ერთია წარმოშობით აფხაზეთიდან და მასაც ერთი წლისას მოუხდა აფხაზეთის იძულებით დატოვება. დანარჩენი კურსდამთავრებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები არიან. იმის გამო, რომ ამ სპეციალობის პირველი სტუდენტები იყვნენ, ისინი თავს იუმორით „სამუზეუმო ექსპონატებსაც” კი უწოდებდნენ ხოლმე.

აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის პირველ კურსდამთავრებულებს აქვთ კომპლექსური ცოდნა აფხაზური ენის, ფოლკლორის, ლიტერატურის, კულტურის, აფხაზეთის ისტორიის, აფხაზი ხალხის ეთნოლოგიური თავისებურებების, რელიგიის, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი ხელოვნების, თეატრის, სამზარეულოს, მასმედიის, ხალხური თამაშებისა და სხვათა შესახებ. ისინი ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლობდნენ შემდეგ სავალდებულო და არჩევით საგნებს: აფხაზური ენა; აფხაზური ფოლკლორი; აფხაზური ლიტერატურის ისტორია (მოკლე მიმოხილვა); აფხაზი ხალხის ეთნოლოგია; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორია; ქართულ-აფხაზური ლინგვოკულტურული კონტაქტები; აფხაზეთის წერილობითი ძეგლები; ქართულ-აფხაზური ლიტერატურული ურთიერთობანი; ენობრივი სიტუაცია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და სხვა. გარდა ამისა, მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციებში, სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო და კულტურულ ღონისძიებებში, სსუ აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით პროექტებში, სამეცნიერო-სასწავლო ექსპედიციებში… მიღებული ცოდნა მათ აფხაზ თანატოლებთან ურთიერთობას გაუადვილებს. 

2013 წლის 25 ივლისს აფხაზური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის დამამათავრებელმა სტუდენტებმა წარმატებით დაიცვეს საბაკალავრო ნაშრომები შემდეგ თემებზე:

* „აფხაზი ხალხის შეხედულება ზნეობრივ საკითხებზე ანდაზების მიხედვით” – თამარ აბაშიძე; 
* „ქართველური ლექსიკა აფხაზურ ენაში ბაგრატ ჯანაშიას აფხაზურ-ქართული ლექსიკონის მიხედვით” – თინათინ ბუხნიკაშვილი;
* „საყოფაცხოვრებო ლექსიკა აფხაზურ ენაში” – მაგდა ნათაძე.

სასწავლო კურსის დასრულებისას სტუდენტებს ვთხოვეთ, დაეწერათ თავიანთი შთაბეჭდილებები აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტში გატარებული წლების შესახებ. სასიამოვნო იყო მათი გულწრფელი მადლიერების მოსმენა თავიანთი მასწავლებლის, აფხაზური ენის მკვლევრის, პროფ. თეიმურაზ გვანცელაძის მიმართ. კურსდამთავრებულები გულთბილად იხსენებდნენ აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტში გატარებულ წლებს. გვსურს გაგიზიაროთ მათი ჩანაწერები, რომლებიც შთაბეჭდილებების წიგნში დაგვიტოვეს:
თამარ აბაშიძე:

უნივერსტეტში „აფხაზური ენისა და ლიტერატურის” შესწავლა შემომთავაზეს, მეორეულ სპეციალობად ქართული ენისა და ლიტერატურის არჩევის პერსპექტივით. ჩემი ენის ათვისების უნარებიდან გამომდინარე, აფხაზური ენის შესწავლის იმედი არ მქონია. გულახდილად რომ ვთქვა, ცნობისმოყვარეობის გამო გადავწყვიტე ამ სპეციალობაზე გადავსულიყავი, თანაც – აფხაზეთიდან ვარ და – იმ იმედით, ოდესმე ვინმესთან გამომდგომოდა. ამგვარად გავხდი „აფხაზური ფილოლოგიის” საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი.

მგონია, რომ ხშირად მიმართლებს (ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, იმას, რასაც სხვები მიღწევას უწოდებენ, მე გამართლებად მივიჩნევ). ძალიან გამიმართლა, რომ სპეციალობად „აფხაზური ფილოლოგია” ავირჩიე. ეს ოთხი წელიწადი საინტერესო, მრავლისმომცველი და მრავლისმომცემი იყო – შესანიშნავი ლექტორები საინტერესო ლექციებით, მეგობრული ჯგუფითა და უშუალო ურთიერთობებით ფაკულტეტის თითოეულ თანამშრომელთან.
საინტერესო იყო ბატონ თეიმურაზ გვანცელაძის მიერ წაკითხული აფხაზური ენის, ლიტერატურისა და ზეპირსიტყვიერების სალექციო კურსები, ასევე შთამბეჭდავი გახლდათ მისი ზეპირი გადმოცემები აფხაზეთში და აფხაზებთან გატარებულ დროზე. გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ცოცხალ მემატიანესთან ურთიერთობის ბედნიერება მქონდა.

ასევე საინტერესო და მრავლისმომცემი იყო ქ-ნ ლია ახალაძის მიერ წაკითხული „აფხაზეთის წერილობითი ძეგლები” და ბ-ნ ბეჟან ხორავას „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორია”.

თითებზე ჩამოსათვლელია ისეთი დღეები, ჩვენ რომ ლექცია გაგვეცდინოს. ეს, ჩვენს პასუხისმგებლობასთან ერთად, იმ ინტერესის დამსახურებაცაა, რაც საგნების მიმართ გვქონდა. შედეგად ოთხმა სტუდენტმა შევძელით და ოთხგზის სტიპენდიანტები გავხდით.

სწავლება მხოლოდ ლექციების კურსითა და სემინარების მომზადებით არ შემოიფარგლებოდა. მხარში გვედგნენ აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის თანამშრომლები, რომლებსაც არასოდეს ავიწყდებოდათ სხვადასხვა პროექტებსა და კონფერენციებში ჩვენი ჩართვა. ლექციების კურსს მეტად საინტერესოს ხდიდა აფხაზეთთან დაკავშირებულ პრეზენტაციებში, კონფერენციებსა და პროექტში მონაწილეობა. მნიშვნელოვანი იყო ბათუმში აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავლებთან მოწყობილი ექსპედიცია, ასევე დასამახსოვრებელია საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ მოძრაობა „დავითიანნში” სკოლის მოსწავლეებისთვის ჩვენ მიერ მომზადებული და წაკითხული ლექციები აფხაზეთთან დაკავშირებით.

ბაკალავრიატის დასასრულს ის აზრი, რომ აფხაზური ენის შესწავლას ვერ მოვახერხებდი, ნაწილობრივ გამიქარწყლდა, უამრავი რამ ვისწავლე აფხაზეთსა და აფხაზებზე, მათ ეთნოგენეზსა და იდენტობაზე. შემიძლია აფხაზურ ენაზე წერა, კითხვა, ლექსიკონის დახმარებით საშუალო სირთულის ტექსტების თარგმნა და დაინტერესებულ პირებთან აფხაზებსა და აფხაზეთზე საუბარი.

გულახდილად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში სასწავლო კურსიდან იმაზე მეტი ცოდნა და გამოცდილება მივიღე, ვიდრე ველოდი. ეს ინსტიტუტის დირექტორის პროფ. თეიმურაზ გვანცელაძისა და მისი თანამშრომლების დამსახურებაა. მათი ხელშეწყობა მთელი სიცოცხლე მემახსოვრება. ეს იყო მეტად მნიშვნელოვანი, დაუვიწყარი ურთიერთდახმარება, ურთიერთპატივისცემა, მეგობრობა და ყოველივე ის, რაც ადამიანურ ურთიერთობებში მთავარია.

თინათინ ბუხნიკაშვილი

სოხუმის უნივერსიტეტში პირველი კურსიდანვე მქონდა ურთიერთობა პროფ. თეიმურაზ გვანცელაძესთან. ენათმეცნიერების შესავალს მიკითხავდა. გამორჩეულად მიყვარდა ეს კარგი და განათლებული ადამიანი. დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის მის ლექციაზე დასწრება. როდესაც ბატონმა თემურმა გვითხრა, რომ იხსნებოდა აფხაზური ფილოლოგიის ჯგუფი, დიდი სიხარულით დავთანხმდი. სულ ოთხნი ვიყავით მსურველი და ჯგუფიც შედგა. ამ ოთხი წლის განმავლობაში ერთხელაც არ მიგრძნია სინანული ამის გამო. ბევრი რამ ვისწავლეთ აფხაზი ხალხის, მათი ენისა და კულტურის შესახებ. 

ორჯერ ვიყავით ბათუმში სამეცნიერო ექსპედიციაში. იქიდან შთაბეჭდილებებით დატვირთული დავბრუნდით. მოვისმინეთ ცოცხალი აფხაზური მეტყველება და დავუახლოვდით აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს.

გული მწყდება, რომ ასე სწრაფად გავიდა ეს ოთხი წელიწადი. აუცილებლად გავაგრძელებ ამ სფეროში მუშაობას, რადგან ვიცი, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ და, გარდა ამისა, ძალიან მაინტერესებს.

ბაკალავრიატში სწავლის წლები ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი და ნაყოფიერი პერიოდია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ ხნის განმავლობაში ზრუნავდა ჩვენზე. 

გვანცა გიგუაშვილი

„უნივერსიტეტში სპეციალობის არჩევისას ფაკულტეტის დეკანმა გვითხრა, რომ იქმნებოდა აფხაზური ფილოლოგიის ჯგუფი. სიმართლე გითხრათ, აფხაზებზე ბევრი არაფერი ვიცოდი. დაფიქრების შემდეგ, ოჯახის წევრების აზრის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, დეკანთან მივსულიყავი და ამ ჯგუფში ჩავრიცხულიყავი. ვფიქრობ, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება. ამ არჩევანის წყალობით გავიგე ბევრი რამ აფხაზთა იდენტობის, ენის, კულტურის შესახებ. დღემდე, როცა იგებენ, რა სპეციალობაზე ვსწავლობ, აღფრთოვანებული მეუბნებიან, რომ ძალიან კარგი სპეციალობა ამირჩევია, თუმცა პირველად ესმით ამ პროფესიის შესახებ.

ლექტორს დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლის პროცესში. ამ მხრივაც გამიმართლა. ჩვენს სპეციალობასთან დაკავშირებული ყველა საგანი ყოველთვის საინტერესო იყო, რისთვისაც, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს უსაყვარლეს ლექტორს, ბატონ თეიმურაზ გვანცელაძეს. მასთან ურთიერთობის ეს ოთხი წელი ყოველთვის თბილად გამახსენდება. იგი არის ცოცხალი ენციკლოპედია და მინდა ვუსურვო, ამ სპეციალობის სტუდენტები მრავლად აღეზარდოს. მან კარგად იცოდა, როგორ დავეინტერესებინეთ ამა თუ იმ საკითხით, ყოველთვის ხვდებოდა, როგორ უნდა მოგვდგომოდა თითოეულ ,,კალიას” (ეს სახელი ხუმრობით ჩვენ თვითონ დავირქვით). სპეციალობის მიმართ ჩვენი ინტერესის გასაღრმავებლად ბატონი თეიმურაზი ცდილობდა, სხვადასხვა ორგანიზაციაში სცოდნოდათ, რომ ვარსებობთ აფხაზური ენისა და ლიტერატურის სპეციალობის ოთხი სტუდენტი. ამ მიზნით ის ყოველთვის გვრთავდა აფხაზეთთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო აეკის პროექტში მონაწილეობა, რომლის დროსაც ვიკვლევდით ბათუმში მცხოვრებ აფხაზთა იდენტობას. ექსპედიციის დროს შევხვდით აფხაზებს, გავეცანით მათ ადათ-წესებს, ზოგიერთი მათგანისგან მოვისმინეთ ცოცხალი აფხაზური მეტყველება, ვისწავლეთ, როგორ უნდა იმუშაო საველე კვლევისას და ა. შ.

დღეს მე შემიძლია ვუპასუხო ელემენტარულ კითხვებს აფხაზების შესახებ, ჩავერთო დისკუსიაში აფხაზთა წარმომავლობის თაობაზე, წავიკითხო და ვთარგმნო ელემენტარული ტექსტები, ვწერო აფხაზურად. ამ ოთხი წლის განმავლობაში მივიღე იმაზე მეტი ცოდნა და გამოცდილება, ვიდრე მოველოდი. ბედნიერი ვარ, რომ მქონდა სტუდენტობა, რომელიც მხოლოდ ლექცია-სემინარებით არ შემოიფარგლებოდა და ურთიერთობა, აგებული ურთიერთგაგებაზე, მეგობრობასა და პატივისცემაზე.

უნივერსიტეტის თანამშრომლები ისტორიული მნიშვნელობის, დასაფასებელ საქმეს ასრულებენ მონდომებითა და დიდი პასუხისმგებლობით. მინდა, დიდი წარმატება გისურვოთ თქვენც და ჩემს ჯგუფელ „კალიებსაც” ჩვენს პროფესიაში.
მაგდა ნათაძე

ადამიანს უმეტესად ის ემართება, რასაც უარობს… მეც ასე მომივიდა. როდესაც ვავსებდი ეროვნული გამოცდების ანკეტას და ამოვიკითხე სპეციალობა „აფხაზური ენა და ლიტერატურა”, გავიფიქრე, ვის რა ჯანდაბად უნდა აფხაზური, ვინ ისწავლის-მეთქი. პარადოქსია და სწორედ ეს მიმართულება ავირჩიე სწავლის გასაგრძელებლად. სიმართლე გითხრათ, არ ვნანობ და არც არასდროს ვინანებ, რადგან ეს ოთხი წელიწადი არ ყოფილა მხოლოდ სპეციალობის დაუფლების წლები.

ყოველთვის უმნიშვნელოვანესად მიმაჩნდა ადამიანური ურთიერთობა. ბევრი რამ ვისწავლე ინსტიტუტის თანამშრომლებისგან. ეს მხოლოდ ლექტორებისა და სტუდენტების ურთიერთობა არ ყოფილა. იმდენი სითბო, სიყვარული, სილაღე, გულწრფელობა, პატივისცემა სუფევდა ჩვენ შორის, რომ მუდამ მებედნიერებოდა აფხაზური ენის კაბინეტში შესვლა. ბატონი თემური ლექტორიც იყო, მეგობარიც, მზრუნველი მშობელიც. ვიყავით მუდამ თამამები და ბავშვურები, ისეთები, როგორებიც ვართ სინამდვილეში, ჩვენი ღირსებებითა და ნაკლოვანებებით და ამის დამალვას არც ვცდილობდით… ბედნიერი წუთიც ბევრი იყო. ჩვენი ექსპედიციის დღეებს რა დამავიწყებს: რამდენი რამ ვისწავლეთ, როგორ ვერთობოდით, რამდენი კურიოზი გადაგვხდა თავს…

აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტში გატარებულმა თითოეულმა დღემ დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს ცნობიერებაზე. მიმაჩნია, რომ ტყუილად არაფერი ხდება. რადგან აფხაზური ფილოლოგიის სპეციალობის პირველი სტუდენტები ვიყავით, დიდი პოპულარობით ვსარგებლობდით ლექტორებსა და დეკანატში. ჩვენს დანახვაზე ყველა ასე ამბობდა: „ესენი ჩვენი „აფხაზურები” არიან, იშვიათები, გასაფრთხილებელი ბავშვებიო”. სასიამოვნოა, როცა ლექტორებისგან სითბოს, პატივისცემასა და დაფასებას გრძნობ, როცა მათთან ერთად გიწევს საზოგადოებაში ტრიალი. გარდა ამისა, აფხაზური ფილოლოგიის სპეციალობაზე სწავლამ სტიპენდიანტობაც მოგვიტანა.

გაილია ოთხი წელიწადი და დღეს მჯერა, რომ არასდროს ვინანებ ჩემს არჩევანს. აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტი ჩემი მეორე ოჯახი იყო, თითოეული წევრი – ძვირფასი და დასაფასებელი. მათ დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს პიროვნებად ფორმირებაში. გავიცანი შვიდი არაჩვეულებრივი ადამიანი. შევიძინე მეგობრები, რომლებთანაც, ვიცი, მთელი ცხოვრება მექნება უერთიერთობა. ჩემთვის ეს განვლილი წლები ამად ღირდა.
მიყვარხართ გულით და თითოეულს გმადლობთ ყველაფრისთვის, გავა წლები, ჩვენ მერეც ბევრი სტუდენტი ეყოლება ამ ინსტიტუტს, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ჩვენ, პირველი თაობა, მუდამ საყვარელ „კალიებად” დავრჩებით თქვენთვის.
***
აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტი თავის პირველ კურსდამთავრებულებს ულოცავს ცხოვრების ერთი ეტაპის წარმატებით გავლას და უაღრესად დადებით რეკომენდაციას უწევს მათ დამსაქმებლებთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი