ანათემა

1933 წლის 27 მარტს მოევლინა ქვეყნიერებას შემთხვევით, არასასურველი ბავშვივით. მის შემქმნელებს გიბსონსა და ფოსეტს ძალიან უნდოდათ, მათი პირმშო წითური ყოფილიყო, მაგრამ ავტოკლავმა უმტყუნა – გახვრეტილი აღმოჩნდა და მთავარი კომპონენტი გარეთ გამოიფრქვა, ამიტომ ორშაბათს დილით ძირითად აპარატს თავი რომ ახადეს, წითლის ნაცვლად თეთრი, ფერმკრთალი, რბილი, უსახური მასა დახვდათ. მართალია, ერთი წლის შემდეგ დაბადების მოწმობაც აუღეს, მაგრამ წელის მოსამაგრებლად და ფეხზე დასადგომად მთელი ოცი წელი დასჭირდა.  ნატა-ციგლერის წამალმა უშველა. თავიანთი გამოგონებისთვის მათ ნობელის პრემიასაც კი გამოჰკრეს ხელი, ხოლო პირველ შემქმნელებს შინაურებშიც არ იცნობს ბევრი.

დღეს ის უკვე ოთხმოცდაექვსი წლისაა, თუმცა ასაკი მისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. მასზე ბევრად უხუცესებიც არიან, ჯერ კიდევ მუხლჩაუხრელად რომ იღვწიან ერისა და ბერის სასიკეთოდ. მასაც შეეძლო, მაგრამ მისმა უკვდავებამ დააშინა მავანნი და ანათემას გადასცეს.

იცანით? ვერა? ეს პოლიეთილენია.

მისი ცხოვრება ერთობ საინტერესოა და ფათერაკებით სავსე. ორი წლისა სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. მეორე მსოფლიო ომმა იქ მოუსწრო. უნიკალური თვისებების – სიმსუბუქის, გამძლეობისა და ტენგაუმტარობის გამო მკაცრად გაასაიდუმლოეს. ჯერ წყალქვეშა ნავების „შესაფუთად“ იყენებდნენ. მერე აღმოჩნდა, რომ ავიაციაშიც დიდი მომავალი ჰქონდა…

ომიდან დემობილიზებულმა, საერო ცხოვრებას მიჰყო ხელი. ნატასა და ციგლერის კატალიზატორმა სულზე მიუსწრო. წელში გაიმართა – გაჩნდა ე.წ. მაღალი წნევის პოლიეთილენი, უფრო მტკიცე და უფრო მედეგი.

მას შემდეგ სად აღარ ნახავდით მას. მარტივი და ერთგვაროვანი აღნაგობის გამო ვერც ტენი აშინებდა, ვერც აგრესიული ქიმიური ნივთიერებები და დენის მიმართაც საკმაოდ ინდიფერენტული იყო, ამიტომ მისი წყალობით შევძელით, ყუთების დასამზადებელ ხის მასალაზე უარი გვეთქვა, საკვები თუ აგრესიული ნივთიერებები უსაფრთხოდ გადაგვეზიდა და შეგვენახა პოლიეთილენის ავზებით, წყლისა და ბუნებრივი აირის გაყვანილობაში ტლანქი, ძნელად დასამორჩილებელი და კოროზიისადმი მიდრეკილი რკინის მილები პლასტმასით შეგვეცვალა, ხოლო იქ, სადაც რკინაზე უარი ვერ ვთქვით, გარედან დამცავ აპკად შემოვაკარით სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. დღევანდელ ელექტრულ-ციფრულ ეპოქაში როგორი წარმოსადგენია ელექტროსადენები თუ ელექტრომოწყობილობები ელექტროიზოლაციის გარეშე? აქაც პოლიეთილენმა გვიშველა და საშუალება მოგვცა, ტექნოლოგიური პროგრესის გზაზე სწრაფი ნაბიჯებით გვევლო წინ. რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო იხვეწებოდა მისი წარმოება. ბოლოს ისე გაიაფდა, ერთჯერადი პარკების უფასოდ დარიგება დავიწყეთ. და მოხდა ის, რაზეც რუსთაველი იტყოდა: „ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს არცა ჩირადო“. ადვილად დავივიწყეთ მისი დამსახურება. უფრო მეტიც – გავუწყერით პოლიეთილენის პარკს და მთელი მისი საგვარეულო ანათემას გადავეცით. სად არის ლოგიკა? ოჯახში ერთი შვილი რომ ავაზაკი იყოს, ამისთვის მთელ გვარს უნდა ავუმძრახდეთ? პოლიეთილენისგან მარტო პარკები ხომ არ მზადდება, ან ქარიანი ამინდის შემდეგ ხეებზე რომ პარკები კიდია, პოლიეთილენის ბრალია? ჩვენი დანაშაულის აღიარება გაგვიჭირდა და დაბალი ღობე ვიპოვეთ…

დღეს უკვე მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცის, რომ პოლიეთილენი ეკოლოგიურ კატასტროფას იწვევს. ამაზე გაჰკივის არა მარტო მასმედია, უკვე სამთავრობო (საერთაშორისო მასშტაბით) ტრიბუნებიდანაც ისმის გამოძახილი. სკოლებშიც აქტიურად დავიწყეთ ამის სწავლება. მოკლედ, ყველას, დიდსა თუ პატარას, ჩინიანს თუ უჩინოს, პოლიეთილენი აკერია პირზე. მაგრამ, ამავე ლოგიკით, რატომ არაფერს ვამბობთ პოლიპროპილენზე ან თუნდაც მინაზე? მათაც ასეთივე დიდი რაოდენობით აწარმოებენ და ისინიც ისეთივე იხტიბარგაუტეხელნი არიან ჟამთასვლის მიმართ.

ეკოლოგია წონასწორული პროცესია და მისი ცალმხრივი შეფასება უაღრესად არასწორია. მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო, ჯერ კიდევ როდის უთქვამთ… მარტივი არითმეტიკა მოვიშველიოთ. 1 ტონას ხე საშუალოდ 10-15-წლიანი ზრდის შემდეგ აღწევს. მისგან 430-450 კგ ქაღალდის დამზადება შეიძლება. ერთი ქაღალდის პარკის წონა 4.5 გრამია. აქედან გამომდინარე, ერთი ტონა ხისგან შეიძლება 100 000 პარკი დამზადდეს. შთამბეჭდავი რიცხვია? დადექით რომელიმე დიდი მაღაზიის სალაროსთან და დათვალეთ, რამდენი 10 წლის ხე იყიდება დღის განმავლობაში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: პოლიეთილენის მასალასთან შედარებით ქაღალდის პარკების ეკოლოგიურობა მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილმა არასწორად აღიქვა. ბევრს ჰგონია, რომ ქაღალდის პარკი ჯანმრთელობისთვის ნაკლებსაზიანოა, რადგან ხე ბუნებრივი მასალაა. სინამდვილეში პარკი ხისგან კი არა, ქაღალდისაგან მზადდება, ხოლო ქაღალდი მარტო ხე არ არის. ის გაცილებით მეტ ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე პოლიეთილენი. პოლიეთილენი ანათემას სწორედ მისი მდგრადობისა და ინერტულობის გამო გადავეცით.

 

…დღეს ქალაქში აქ-იქ უკვე შეხვდებით სხვადასხვა ნედლეულისთვის განკუთვნილ ნაგვის ურნებს. მერე რა, რომ ჩვენ მიერ დიდი რუდუნებით დახარისხებულ ნაგავს ისევ ერთ დიდ ნაგავსაყრელზე ყრიან… ნაგავი ჩვენს ცნობიერებაში ჯერ კიდევ უსარგებლო მყრალი მასაა. დროა, მისი პატივისცემა ვისწავლოთ. მასში უამრავი მოლეკულა და ენერგიაა, რომლებიც შეიძლება უკან დავიბრუნოთ. კონსტანტინე კაპანელი ერთგან ამბობს: „ის, რაც დღეს სანაგვეზე ყარს, ხვალ თეთრ ზამბახად გაიშლებაო“. რაც უფრო მალე დავაფასებთ მას, მით უფრო მალე აყვავდება ზამბახი.

კომენტარები

comments