შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

უსმინეთ ხეებსანუ ცხოვრება სიმართლის ტყეში

ადამიანებმა რატომღაც დავივიწყეთ, რომ ჩვენც იმ ბუნების ნაწილი ვართ, რომელშიც ვცხოვრობთ. აბა, სცადეთ, გააჩერეთ ვინმე ქუჩაში და ჰკითხეთ: „უსმენთ ხეებს?” გამვლელთა უმეტესობა გიჟად მოგნათლავთ. თუმცა ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომელთაც სჯერათ, რომ ყველა ცოცხალ არსებას შეუძლია, ხმა მიაწვდინოს თუნდაც მისგან განსხვავებულ ქმნილებას. სიტყვები ხომ კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება არ არის, ხომ არსებობს სხეულის ენაც?! ჩემი აზრით, ამ „საგნის” შესასწავლად საჭიროა მახვილი სმენა, რწმენა და მოთმინება.
ხეების ენას მათზე უკეთ ალბათ ვერავინ გასწავლით – ისინი ხომ გამჭრიახი მასწავლებლები არიან, თქვენ მხოლოდ მათი გულისყურით მოსმენა გმართებთ.

აღარც კი მახსოვს, რამდენჯერ წავიკითხე ჰერმან ჰესეს შესანიშნავი ესე „უსმინეთ ხეებს”. პირველი წაკითხვისას სათქმელის „შეფუთვის” მანერა მომეწონა, მეორე წაკითხვისას – სიღრმე. იმ დღეს კი, როცა პირველად ვიგრძენი ხეების მოჭრით გამოწვეული ტკივილი, მივხვდი, რომ ტყე მართლა ჰგავს ტაძარს და „ვინც იცის, როგორ მოუსმინოს მას, მხოლოდ ის სწავლობს სიმართლეს”.
 
ბოლო დროს ქალაქის ხმაურსა და უჟანგბადობას ვეღარ ვუძლებ. ალბათ ყველას გახსოვთ ჩვენს ქალაქში ხეების თავს დატრიალებული „ბართლომეს ღამე”. ამ საყოველთაო ჩეხვას რამდენიმე მიზეზი უპოვეს: ხანდაზმული ხეები ძლიერ ქარში შესაძლოა გადატყდეს და შენობა ან ადამიანი იმსხვერპლოსო, ალერგიის გამომწვევიც მოვაცილეთო მოსახლეობას… ასეა თუ ისე, თბილისი თითქმის უჟანგბადოდ და ზაფხულის ხვატში სულის მოსათქმელი ჩრდილის გარეშე დარჩა. დიდხანს ველოდი, რომ ძველ ხეებს ახალი ნარგავებით შეცვლიდნენ, კუნძების გვერდით ჩავლისას თითქოს ფილტვები მიხმებოდა. ხეების ნაცვლად კი ქალაქში პატარა, უსუსური ბუჩქები მომრავლდა.

„როდესაც ხეს ჭრიან და მისი სასიკვდილო ჭრილობა მზის სინათლეზე იკვეთება, მის ნათელ ტანზე მთელი მისი ისტორია იკითხება: წლოვანების რგოლები, ჭრილობები, ბრძოლა, ტკივილი და ტანჯვა – ყოველი ბედნიერება და კეთილდღეობა, რომლებიც მოვარდნილ ქარიშხლებს ებრძვიან”. სოფლებში ასეთ „წიგნებს” ბევრი მკითხველი ჰყავს – კომპასად იყენებენ, ასაკს უთვლიან. აქ კი, ქალაქში, ცხოვრების ტემპის თავბრუდამხვევი აჩქარების წყალობით არავის სცალია, რამეზე უფრო მეტხანს შეაჩეროს ყურადღება, ვიდრე მის დასავიწყებლადაა საჭირო. მობილურ ტელეფონებში ჩატვირთული ელექტრონული კომპასების წყალობით უცხო ქალაქის კორპუსების ტყეშიც არ დაიკარგები.
 
ალბათ გაგიგონიათ დადიანების სახელგანთქმული ბაღის შესახებ. შარშან მივლინებით მოვხვდი ზუგდიდში და მეგობრის დედას ვესტუმრე. სწორედ მან წამიყვანა ამ გამრჯე ხელებისგან მიტოვებულ, მაგრამ მაინც ულამაზეს ოაზისში. მისივე თხოვნით ამოვარჩიე ერთი მხცოვანი, ხავსით დაფარული ხე და ჩავეხუტე. უცებ მომეჩვენა, რომ მისი ფოთლები ყველასგან განსხვავებულად შრიალებდნენ. მწვანე ენერგიას თვალებით, ხელებით, მთელი ტანით ვიწოვდი.

ბავშვობაში ზაფხულის უმეტეს ნაწილს ხეებზე ვატარებდი, იქ ვკითხულობდი, ვსადილობდი, ვოცნებობდი… მერე გავიზარდე და რაღაცნაირად შემრცხვა ხეებთან მეგობრობის, მხოლოდ დიდი ქარების დროს ვუსმენდი შორიდან, მაგრამ ისინი აღარ მელაპარაკებოდნენ. 

როგორ გგონიათ, ოცდამეერთე საუკუნის წარმტაცი ტექნოლოგიური გასართობების ფონზე ბავშვებს ასე ძალიან რატომ უყვართ ხეზე აშენებული სახლები? სახლობანას თამაში ხომ მიწასთან ახლოს, ფარდულებშიც შეიძლება. ნუთუ ერთხელ მაინც არ გიფიქრიათ, როგორ ჰგავხართ თქვენივე ხეებს, რომლებიც ყოველ დილით დაუნანებლად გიწილადებენ „პურს თქვენი არსობისას”?! 

ხეებისა და ადამიანების მსგავსების შესახებ არაერთ წიგნში ამომიკითხავს. ჰენრი დევიდ თოროს ნამდვილი ადამიანი ხისთვის დამახასიათებელი თვისებებით შეუმკია: „ადამიანისგან მე მისი ყვავილი, მისი ნაყოფი მჭირდება. მისი სურნელის შეგრძნება მინდა, მასთან ურთიერთობას კი მწიფე ნაყოფის საამური გემო უნდა დაჰყვებოდეს”. 

ადამიან-ხეებს ქართულ მწერლობაშიც შეხვდებით. საკმარისია, გავიხსენოთ გოდერძი ჩოხელის აყვავებული ადამიანი-მოთხრობები და, რაც მთავარია, ნაძვად ქცეული ბერის ბუნებასთან შერწყმის, მის ნაწილად ქცევის დაუოკებელი სურვილი. მაგრამ როგორც არ უნდა შეგვივსოს ცარიელი არსებობა ჩვენში აღმოცენებულმა მცენარემ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ვინც კი ისწავლა, როგორ უსმინოს ხეებს, მას აღარ სურს იყოს ხე. მას აღარ სურს იყოს ვინმე სხვა, გარდა საკუთარი თავისა”.

ამას წინათ გუდამაყრელი ბერის ტყუპისცალს იუთუბზე გადავაწყდი და დიდხანს არ მჯეროდა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. ადამიანი-ხე – სწორედ ასე უწოდებენ ინდონეზიელ მეთევზეს დედე კოსვარას, რომელიც ტოტებად ქცეულმა ხელებმა იძულებული გახადა, საყვარელ საქმიანობას შელეოდა. მას მერე თავისი იშვიათი უბედურების სახალხოდ დემონსტრირებით ირჩენდა თავს. 2007 წელს ადამიანი-ხის შესახებ ბრიტანეთის პრესა ალაპარაკდა, ტელეარხმა „დისქავერიმ” დოკუმენტური ფილმი გადაიღო დედეს შესახებ. პრესას არც მედიკოსები ჩამორჩნენ და მალე ინდონეზიაში ჩავიდა ცნობილი ამერიკელი ექიმი გასპარი, რომელმაც მოგვიანებით ადამიან-ხეს რამდენიმე ოპერაცია გაუკეთა.

ექიმები ამ უცნაურ შემთხვევას დერმატოლოგიურ დაავადებას უწოდებენ, ცდილობენ, მეცნიერული ახსნა უპოვონ „ინფექციას”, რომელმაც ადამიანში ხედ გაიღვიძა. თუ ამ მოვლენას გუდამაყრელი მწერლის თვალით შევხედავთ, შეიძლება, ეს, ერთი შეხედვით, შემზარავი შემთხვევა ორი სულის ერთ სხეულში ჩასახლების ხილულ მაგალითადაც მივიჩნიოთ:

ის, რაც ვერ შეძლო ინდონეზიელმა მეთევზემ, კანადელ ფერმერს, აქსელ ერლანდსონს გამოუვიდა, მას „ცოცხალი ქანდაკებების ცირკში” ხეების მომთვინიერებლის როლი ერგო. ერლანდსონმა 1947 წელს კალიფორნიაში შეიძინა მოზრდილი მიწის ნაკვეთი, სადაც „ცოცხალი ქანდაკებების” საუკეთესო ნიმუშები „გამოფინა”. ყველაზე აქტუალურ კითხვას, როგორ მოახერხა უბრალო ფერმერმა ხეებისთვის ასეთი საოცარი ფორმების მიცემა, ერლანდსონი ღიმილით პასუხობდა: „უბრალოდ, ვთხოვე”. 
 
,,ცხოვრება ტყეში”

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საუკეთესო მეზობლებად ხეები მიაჩნიათ. არ არის აუცილებელი, ტყე მხოლოდ მარტოსულების თავშესაფრად მივიჩნიოთ. საზოგადოებრივ მოვალეობათაგან თავის დაღწევა საკუთარი მეს საძებნელად წასვლას უფრო მაგონებს, ვიდრე ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევას. ან როგორ შეიძლება, ჰენრი დევიდ თოროს და მის მსგავს ადამიანებს მარტოსულები უწოდო? მერე რა, რომ ტყეში დასახლებული მწერალი მხოლოდ ქარის გრამოფონით აჟღერებულ მიწის მუსიკას უსმენს.

დევიდ თოროს აზრით, ადამიანმა, უპირველესად, გარე სამყაროსა და საკუთარი თავის მოსმენა უნდა ისწავლოს, რადგან, ყოველდღიურობის ფერხულში ჩაბმულს, საამისო დრო თითქმის აღარ რჩება: „ფილოსოფოსობა მხოლოდ ნატიფი აზრების ქონას არ ნიშნავს, არც სკოლის დამაარსებლობა კმარა – ასეთ კაცს სიბრძნე ისე უნდა უყვარდეს, რომ მისი კარნახით იცხოვროს – სადა, დამოუკიდებელი, ფართო ცხოვრებითა და სამყაროსადმი ნდობით”.

ამრიგად, მეცხრამეტე საუკუნის ამერიკელი მწერლისა და მასწავლებლის მთავარი საფიქრალი ფუჭი შრომის უსარგებლო ნაყოფი და ხელოვნურად დაჩქარებული ცხოვრების ტემპი იყო. შორს რომ არ წავიდეთ, ბავშვობიდან, თუნდაც სკოლაში, ყველაზე მეტად რუტინული შრომა, ასე ვთქვათ, ზრდისკენ თავდაუზოგავი სწრაფვა გვიფასდება. ე.წ. საზოგადოებრივი ცხოვრება – საერთო მიზნების, სტერეოტიპებისა თუ ტრადიციების მსახურება, თითქმის მთელ სიცოცხლეს მოითხოვს ჩვენგან. მეტი ძალაუფლებისა თუ სიმდიდრის ხელში ჩაგდების იმედით ვფლანგავთ ყველაზე ძვირფასს – დროს. მხოლოდ ერთეულებს ძალუძთ, „უსარგებლო ქანდაკებების” შექმნაზე არ მოცდნენ და საკუთარი ქცევისა და აზროვნების „გაშალაშინებას” მიჰყონ ხელი, თავად ცხოვრებისგან ისწავლონ გააზრებით ცხოვრება.

სანამ A-დან B წერტილამდე უმოკლესი გზები გაგვყავდა, ერთმანეთთან და საკუთარ თავთან მისასვლელი ბილიკიც დავკარგეთ. იქნებ მართლა ჯობდა, გენიალური გამოგონებებით თავის მოწონების ნაცვლად მოსმენა გვესწავლა? „ვჩქარობთ, მენიდან ტექსასამდე მაგნიტური ტელეგრაფის მოწყობა გვინდა; ოღონდ მეინს და ტექსასს შესაძლოა ერთმანეთისთვის ბევრი არც არაფერი ჰქონდეთ სათქმელი”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი